ვამბობთ ტურისტს, ვგულისხმობთ სამშობლოს!
„ღმერთო, ტურისტი მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ“
ის, რომ ჩვენმა ცოდვილმა თუ უცოდველმა ფიქრებმა მხოლოდ ინვესტორისა და ტურისტის გარშემო უნდა იტრიალოს, ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირების დონალდ ტრამპთან შეხვედრამაც დაადასტურა. ოღონდ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამან: ცნობილია, რომ ქართული ბაზარი (მიუხედავად იმისა, რომელ ეკონომიკურ რეიტინგში რამდენი ადგილით წავიწიეთ წინ) კონკურენტუნარიანობით, მაინცდამაინც, არ გამოირჩევა, ამიტომაც ფასებიც სტაბილურია (მეტწილად სტაბილურად მაღალი) და, შესაბამისად, არც ამა თუ იმ სფეროში მოსაქმიანე ფირმები იკლავენ თავს მომსახურებისა და ხარისხის გაუმჯობესებით (ამიტომაც ფასებს შეთანხმებულად და შეუქცევადად წევენ მაღლა. დაახლოებით, ასე: წასული ბევრი გვინახავს, მობრუნებული არავინო). გასულ კვირას მეტად საზეიმოდ გვამცნეს, რომ ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის; ზედაც დასძინეს, რომ ეს ფაქტი კონკურენციას გაააქტიურებს და ბაზარზე უკვე მოქმედ ავიაკომპანიებს ტარიფების დაწევასაც აიძულებსო. ბუნებრივია, მასებმა ახალი ამბავი სიხარულით მიიღეს (იმ იმედით, რომ მგზავრობის ხარჯი შეუმცირდებოდათ), თუმცა მათი სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან განგვიმარტეს, რომ, თუკი ავიაბილეთები გაიაფდება, საქართველოსკენ მომავალ ტურისტებს ტურისტული სურვილები გაუცხოველდებათო. ამ ლოგიკით, აშკარაა, რომ ჩვენი თითოეული შეგნებული მოქალაქის ცხოვრების დევიზად უნდა იქცეს: „ღმერთო, ტურისტი მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ“!