კმაყოფილი ღარიბები
რეიტინგების მოკრძალებული ხიბლი
მართალია, სხვადასხვა მსოფლიო რეიტინგებში საქართველო წინ მიიწევს, რაც იმის საფუძველსაც გვაძლევს, რომ ყელი ამაყად მოვიღეროთ, თუმცა, თუ რეგიონში ჩვენი წონის სახელმწიფოების საპენსიო-სახელფასო მაჩვენებლებს გადავხედავთ, თურმე, მაინცდამაინც, ყელმოსაღერებლადაც ვერ გვქონია საქმე.
პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აზერბაიჯანში ყოფილა; ყველაზე დაბალი – სომხეთში. სახელდობრ: სომხეთში საშუალო ხელფასად 195,6 აშშ დოლარი დასახელდა, საქართველოში – 318, აზერბაიჯანში – 396, რუსეთში კი, არც მეტი, არც ნაკლები, 480 აშშ დოლარი. სამწუხაროდ, ამ მონაცემებთან ერთად არ გამოქვეყნებულა ამ ქვეყნებში უმუშევართა რაოდენობაც, რადგან, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, სავარაუდოა, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებლით მოპოვებული მეორე ადგილი (რუსეთთან ერთად კი, მესამე) არც მთლად დამაიმედებელია.
რაც შეეხება საშუალო პენსიას: ამ მაჩვენებლით, საქართველო ყველაზე სავალალო მდგომრეობაშია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთან საშუალო პენსია 49 აშშ დოლარია, სომხეთში – 60, აზერბაიჯანში – 110, რუსეთში კი – 230 აშშ დოლარი. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რეიტინგებში, ჩვეულებისამებრ, საპატიო წინა ადგილები გვიჭირავს (რაც, ბუნებრივია, უშრეტი სიხარულის წყაროა) და იმასაც დავამატებთ, რომ დადებითი ემოციები ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია, გამოდის, რომ თეორიულად მდიდრები, რეალურად ღარიბები, მაგრამ, სამაგიეროდ, მაინც კმაყოფილები ვყოფილვართ.