ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, რომ ძაღლს ის საკვები ვაჭამოთ, რასაც ოჯახის სხვა წევრები მივირთმევთ ყოველდღიურად.
პასუხი: საერთოდ არ არის რეკომენდებული ძაღლს საერთო კერძი აჭამოთ, რადგან თითქმის ყველა ოჯახში კერძს სანელებლით აზავებენ. სანელებელს კი ძაღლის ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება შეუძლია – ნაღვლის ბუშტის ანთება და ღვიძლის გადაგვარება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ თქვენს ძაღლს ხშირად გამოკვებავთ სანელებლებით გაჯერებული კერძით, გავა დრო და ვეტერინარის მუდმივი კლიენტი გახდებით, რომელიც ქათმის ხორცსა და ბრინჯის ნახარშზე კარგა ხნით დასვამს თქვენს ძაღლს, ორგანიზმი რომ გაეწმინდოს. ამიტომ, თუ პროფესიონალი არ ხართ, სახლის პირობებში ძაღლის კვებას ვერ დაარეგულირებთ ისე, როგორც საჭიროა. ყველაფერს ცოდნა უნდა. გირჩევთ ძაღლი თავისი სპეციალური საკვებით გამოკვებოთ.
კითხვა: რა ტემპერატურაა მაქსიმუმ დასაშვები ძაღლის გარეთ სეირნობის დროს?
პასუხი: ძაღლებს მაღალი ტემპერატურა არ უყვართ. მათთვის საერთოდ მიღებულია +15-დან + 25 გრადუსამდე. ამ ტემპერატურაზე, რომ იტყვიან, ძაღლი თავს კარგად გრძნობს. ამაზე მეტ სიცხეში კი დისკომფორტს განიცდის. ამიტომაც არის, რომ სიცხეში ქუჩაში ძაღლს ვერ ნახავთ. თუ ნახავთ, ის აუცილებლად ჩრდილში წევს, ან მიწა აქვს ამოთხრილი და იქ გრილდება. გამომდინარე აქედან, თავი უნდა აარიდოთ ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს ძაღლის გარეთ გაყვანას. თორემ, ისიც არ არის გამორიცხული, მზის დაკვრა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს მაღალი ტემპერატურის დროს მცირე დროით, მაგრამ მაინც მანქანაში დატოვებთ, ავტომობილი აუცილებლად ჩრდილში უნდა იდგეს ღია ფანჯრებით.
კითხვა: მინდა, ჩემს ძაღლს ყურები დავაჭრა, ცოტა რომ გაავდეს. რა პერიოშია ეს უმჯობესი?
პასუხი: ეს ცრუ რწმენაა, ძაღლი ყურის მოჭრით არ გაავდება. მეცხვარე ძაღლს ყურებს 5 დღის ასაკში აჭრის, რადგან ამ ასაკში ეს ნაკლებად მტკივნეულია. მოგვიანებით, ძაღლის ყურებისა და კუდის მოჭრა ნარკოზის ქვეშ ხდება, რაც ნაკლებ მტკივნეულია. დღეს კი ძაღლებს, პრაქტიკულად, კუდებსა და ყურებს საერთოდ აღარ აჭრიან. ასე რომ, მხოლოდ იმ მიზნით, ნუ მოაჭრით ძაღლს ყურს, რომ ის გაავდეს. როგორც მოგახსენეთ, ეს მცდარად დამკვიდრებული აზრია.
კითხვა: სასურველია თუ არა ზაფხულში ძაღლის განაყოფიერება?
პასუხი: თუ ლეკვები გასაყიდად გინდათ, ზაფხული გამრავლებისთვის იდეალური პერიოდი არ არის. მაგრამ, ვინმეს თუ ძაღლის აყვანა სურს, მას წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია, ამის გაკეთება. გახსოვდეთ, ძაღლი მარტოსულობის უებარი წამალია.