როგორ ადგილას უნდა დავდგათ ლიმონიკი და რისი მანიშნებელია ჯუჯა პალმაზე ყავისფერი წვეროები
– ბატონო ამირან, შესაძლებელია თუ არა ლიმონიკის გახარება ბინაში და მისთვის შესაფერისი პირობების შექმნა? – ეს მცენარე საკმაოდ ამწვანებს ბინას, რადგან, ნაყოფთან ერთად, მას აქვს ლამაზი ფოთლები და მისი საბოლოო ვიზუალურობა ყველას ყურადღებას იპყრობს. ლიმონიკი ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, სჭირდება ძალზე მცირე ყურადღება და, ამასთან, გაგანებივრებთ უგემრიელესი ნაყოფით. – როდის უვითარდება ამ მცენარეს ნაყოფი და იოლია თუ არა მისი მსხმოიარობა? – ეს მცენარე ძალიან უპრეტენზიოდ იზრდება, 3 წლის ასაკში უკვე უვითარდება ყვავილედები, რომლის 60 პროცენტი ნაყოფია, ანუ ერთი ხე 15-მდე ნაყოფს გამოისხამს. – რა ზომის იზრდება მცენარე? – მისი სიმაღლე არ აღემატება 90 სანტიმეტრს, ამიტომ, მისი მოთავსება შესაძლებელია პატარა ბინაშიც კი. ლიმონიკის ფორმირებაც შეგიძლიათ, არსებობს მისი ჯუჯა სახეობებიც. – როგორ პირობებში ხარობს ლიმონიკი კარგად? – მცენარეს უყვარს მზიანი და ტენიანი ადგილი, ამიტომ, ეცადეთ, დადგათ ის ნათელ და თბილ ადგილას. ასევე, სასურველია, თუ ნოტიო ნიადაგში ამყოფებთ. ნიადაგის გამოშრობამ, შეიძლება, მცენარის ფოთლისა და ყვავილის დაცვენა გამოიწვიოს. – რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყათ, რომ ნიადაგი არ გამოშრეს? – ზაფხულში მცენარე მზეზე უნდა დადგათ, ამ დროს მას ყოველ საღამოს დასჭირდება წყლის დასხმა, ხოლო ზამთარში საკმარისია თვეში ერთხელ მორწყვა. სილამაზესთან ერთად, მისი დადებითი თვისება ისაა, რომ გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც. – რით მრავლდება ლიმონიკი? – ლიმონიკი მრავლდება თესლით და, ასევე, დამყნობით. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ უკეთესი იქნება მისი შეძენა ყვავილების მაღაზიაში. შემდეგ უკვე თვითონ გაზრდით და იოლად მოუვლით. – რას გვირჩევთ, რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ლიმონიკი? – ზამთრის პერიოდში მცენარე ამყოფეთ სითბოში, დაახლოებით 20-27 გრადუსზე. თუ თქვენ ასეთ ტემპერატურაზე ამყოფებთ, შესაძლებელია, მან ზამთრის სეზონზეც იყვავილოს. რაც შეეხება ზაფხულს, ამ დროს შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ და მზეზე დადგათ – მასზე მაღალი ტემპერატურა უარყოფითად არ იმოქმედებს. – როგორ ნიადაგში ჩავრგათ ლიმონიკი? – ამ მცენარეს ყოველ წელს სჭირდება განაყოფიერებული ნიადაგის შეტანა. მისი ნიადაგი განაყოფიერდება ნაკელის შეტანით, ასევე, აზოტისა და კალიუმის ნიტრატის დამატებით. – ემუქრება თუ არა მას მავნებლები? – ლიმონიკს საკმაოდ ხშირად ეხვევა მავნებელი, ძირითადად, შემოდგომასა და ზაფხულში. ამიტომ, ყურადღებით იყავით და მაშინვე შეწამლეთ. – ვარგისია თუ არა, ბინაში გაზრდილი ლიმონიკის ნაყოფი? – მისი ნაყოფი საჭმელად ვარგისია და, როგორც კი მოისხამს და დამწიფდება, მისი მირთმევა მაშინვე შეგიძლიათ. – შესაძლებელია თუ არა ჯუჯა პალმის ბინაში გახარება? – ჯუჯა პალმა ძალიან კომპაქტური ზომისაა და ამიტომ ძალიან კარგია ბინაში გასაზრდელად. ეს მცენარე დაახლოებით 85 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება. ის რამდენიმე გრადუს ყინვასაც კი უძლებს, ასე რომ, ზამთრის სეზონზე სიცივის შიში არ გექნებათ, თქვენი პალმა იოლად გადაიტანს დაბალ ტემპერატურასაც. – მაინც, რა ტემპერატურას გვირჩევთ მისთვის? – მისთვის ზამთარში იდეალურია პლუს 9-10 გრადუსი, ზაფხულში კი თავს მშვენივრად იგრძნობს 15-24 გრადუს ტემპერატურაზე. – სხვა რა დამატებითი პირობები სჭირდება მას გასახარებლად? – საერთოდ, ჯუჯა პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. ის ზაფხულის მწველ მზეშიც კარგად გრძნობს თავს. აქვს ერთი ან რამდენიმე მოკლე ღერო და მაგარი ჩხვლეტია, მაგრამ მიმზიდველი ფოთლები, რომლებიც იშლება და მარაოს ემსგავსება. თანდათან მარაოები ერთმანეთში იხლართება და ერთმანეთს ფარავს. ჯუჯა პალმა ნელა იზრდება, თუმცა, დროთა განმავლობაში შესაძლებელია, დიდი ზომისაც გახდეს. – რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ეს პალმა და როგორ მოქმედებს მასზე უწყლობა? – გახსოვდეთ, რომ ყავისფერი წვეროები იმის მანიშნებელია, რომ მცენარეს ძალიან დასცხა ან დიდხანს იყო უწყლოდ. ასეთ შემთხვევაში დაზიანებული წვეროები მოაჭერით და მცენარე წინანდელ ჯანსაღ იერს დაიბრუნებს. მას არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა ზაფხულში რეგულარულად უნდა მორწყათ. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა გამოშრება. – რაც შეეხება განათებას? – წელიწადის ნებისმიერ დროს მას მაქსიმალური სინათლე სჭირდება. როგორც უკვე გითხარით, ის ძალიან იოლი მოსავლელია და კარგად იტანს ოთახის პირობებს. ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარეს სჭირდება კარგი დრენაჟი და ნოყიერი ნიადაგი. – რა ადგილას გვირჩევთ ჯუჯა პალმის დადგმას ბინაში? – სასურველია, გედგათ ნათელ ჰოლში ან ზამთრის ბაღში.