კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაპატიოსნდნენ ქართველი კაცები, გურამ ფირცხალავას აზრით და რატომ არიან მშვიდად ქართველი ცოლები



გურამ ფირცხალავასთან ინტერვიუ უჩვეულო სიტუაციაში ჩავწერე. მას შესანიშნავი ქალბატონის და მსახიობის, მედეა ჩახავას დაკრძალვაზე აგვიანდებოდა და ჩვენი საუბარი, ბატონი გურამის ავტომობილში შედგა. ბატონმა გურამმა გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ ქალბატონი მედეა იმ ქალბატონების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ახერხებენ ყველა საქმეში იბრწყინონ, დარჩნენ ბოლომდე ქალებად და ამასთან, არაჩვეულებრივი დედები, ბებიები და დიასახლისებიც იყვნენ.



გურამ ფირცხალავა: შეიძლებოდა, თუ არა, რომ მეც ქალად დავბადებულიყავი?! – სასაცილოა, თუმცა ალბათობა ყოველთვის ყველაფრის არსებობს, მაგრამ ჩემთვის, მგონი, გვიანია უკვე მაგაზე ფიქრი. (იცინის) მერე კიდევ, რატომ უნდა დავბადებულიყავი ქალბატონად, როცა ვაჟბატონად ყოფნაც ძალიან კარგია. არ იფიქროთ, ამით ქალებს ვაკნინებდე, მაგრამ ყველანაირად სჯობს, კაცად დაიბადო.

– გამოდის, აღიარებთ, რომ რთულია ქალობა.

– რთულია და არ სჭირდება ამას ჩემი აღიარება. ქალს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, რატომღაც, ყველაფრისადმი. ასეა ეს და არ არის ჩემი მოგონილი. ძალიან დიდ ძალისხმევას, ნერვებს და ადამიანურ ენერგიას მოითხოვს ქალობა. სერიოზულად ვამბობ. კაცი, რა... ნაკლებად მიაქვს გულთან დარდი. სადმე წაიქეიფებს, იხეტიალებს.

– ანუ, კაცი ოხერია, წავა, არც დაიდარდებს – არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს...

– (იცინის) ყოჩაღ. ზუსტად მიხვდი. მას არ აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ქალს. ქალს თითქოს მეტადაც სთხოვენ ამ პასუხისმგებლობას. მე ამას ვერ შევძლებდი. ვფიქრობ, პირნათლად ვერ გავართმევდი თავს, დაკისრებულ მოვალეობას.

– ამბობთ, რომ ქალი არის ნაზი არსებაო. ეს უკვე ფუჭი სიტყვებია, თუკი მას ამხელა პასუხისმგებლობა აჰკიდეთ კაცებმა.

– ჩვენ არა. ბუნებამ და ღმერთმა აჰკიდა. კაცმა ხომ წააშველა ხელი ქალის გაჩენას. თავისი ნეკნი ამოიღო და მისცა. ღმერთმაც უთხრა ქალს, კეთილი ინებე და მეტი ტვირთი შენ აიკიდეო. მე ასე მესმის, ეს ამბავი.

– რადგან ჩვენ ერთი ნეკნით მეტი გვაქვს?

– მართლა ასეა? მე არ ვიცოდი. (იცინის).

– ლოგიკურად ასე გამოდის.

– ჰოო, ლოგიკურად ერთი ნეკნით ნაკლები გვქონია კაცებს. უნდა დავთვალო. ყველაფერში ნეკნი ყოფილა დამნაშავე, თორემ, კაცებს კი არ გვინდა, თქვენ მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გქონდეთ აკიდებული.

– მერე, კიდევ გიკვირთ, რომ ქალი ავდება. მას ცხოვრება აავებს.

– მთლად ასე არ არის საქმე. კოდირებულია ეს ყველაფერი. ზოგი გენეტიკურად არის ავი. იმის ბებია, ბებიის ბებია, კიდევ იმისი ბებია შეიძლება, იყო ავი და გამოჩნდა ეს სიავე მეხუთე თაობაში. როგორც კეთილ და ბოროტ ადამიანებად იბადებიან, ასეა ესეც. მაგრამ მე სულ მგონია, რომ კეთილი ადამიანები მეტია დედამიწაზე.

– მე კი მგონია, თუ ქალს მოეფერები, ის აღარ იქნება ავი.

– ზოგს არ შველის მოფერება. მოფერება კი არა, საერთოდ არაფერი შველის. ფულიც კი. რაც გინდა კარგი გაუკეთო, ვერაფერს დაანახვებ. ღორივით ჭამს, ჭამს და ბოლოს მაინც დინგს აგიკრავს. საწყალი ღორი, რა დამიშავა, დაბუჩუნობს თავისთვის, მაგრამ უმადური ადამიანი საშინელებაა. არ მინდა რამე საერთო მქონდეს უმადურ ქალთან, ან უმადურ კაცთან. კაცებიც არიან უმადურები.

– როდის ვაგებთ ქალები, კაცთან ურთიერთობაში?

– როცა ქალი მამაკაცის ფუნქციებს და თვისებებს ითავსებს, აი, მაშინ აგებს. არ უხდება ქალს კაცობა. ისევე, როგორც კაცს არ უხდება ქალობა.

– თუ ქალს სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ იძულებულია კაცის მაგივრობა გასწიოს?

– მე გამოუვალ სიტუაციებს არ ვგულისხმობ. როცა სჭირდება საქმეს, შეიძლება ბევრი ისეთი რამ გააკეთოს, რაც წესით არ არის ქალის საქმე. ახლა ისეთი დრო მოვიდა, ქალმა უკეთ შეძლო გამოსავლის პოვნა. მაგალითად, კაცი ვერ დადგა და ვერ დაიწყო ვაჭრობა. ვერ აკადრა საკუთარ თავმოყვარეობას.

– და მამაკაცი გამოვიდა ეგოისტი.

– გეთანხმები. ამ მხრივ ეგოისტია მამაკაცი. ხომ გითხარი, ქალს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია-მეთქი, მაგრამ ცოლის ხარჯზე ცხოვრებაც არ არის საკადრისი. ბეჩავდება მამაკაცი. დღეს ძალიან ბევრი დაბეჩავებული მამაკაცია, სამწუხაროდ.

– როგორი ქალია მამაკაცისთვის გამაღიზიანებელი და აუტანელი?

– ხომ ვთქვი უკვე – მამაკაცური. რომ უხეშობს, იგინება, ბილწსიტყვაობს. დაინახავ და მაშინვე იმის სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება შორს იყოს შენგან. არ ვარგა ასეთი ქალი.

– მგონი, თქვენ არ უნდა იყოთ, გენდერული თანასწორობის მომხრე?!

– ჯერ მითხარი, გამარკვიე, ეგ რა არის. (იცინის) თანასწორობა უნდა იყოს ოჯახში, აუცილებლად, რათა არ მოხდეს უთანხმოება. მე კაცი ვარ და ამის გამო, უსიტყვოდ უნდა დამემორჩილოო, ამას მარტო სულელი თუ იტყვის. ის კი არა, ოჯახური მეურნეობა, ქალმა აწარმოოს სჯობია და კაცმა ხელი არ შეუშალოს. ფინანსებიც მან უნდა განკარგოს. თორემ კაცების უმრავლესობა მფლანგველია. მე მაგალითად, მთელ ფულს, რაც მაქვს, ისე დავხარჯავ, უკან არ მოვიხედები. (იცინის) კიდევ, ქალს აქვს ინტუიცია, რომელიც არა აქვს მამაკაცს. ამიტომ ქალის რჩევა ზოგჯერ მაინც, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო კაცმა, მაგრამ დისციპლინა ოჯახში, კაცის დასამყარებელია. თუ შვილები ცოტას მაინც აიშვებენ, კაცმა უნდა თქვას თავისი მაგარი სიტყვა: შვილებო! დედას ნუ აწვალებთ!

– ღალატზე თუ უნდა მოეთხოვოთ თანაბრად პასუხი, ქალს და მამაკაცს?

– (იცინის) რატომღაც, რაც თავი მახსოვს, ისეა მიღებული, რომ კაცის ღალატი ნაკლებ დანაშაულად აღიქმება. სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვარ ამის მომხრე. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო ქართული სინამდვილის ნაწილია, იმიტომ რომ, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ასეა.

– კავკასიური სენი ყოფილა.

– ალბათ. ევროპას ცოტა სხვანაირად მიაჩნია. რუსეთშიც არავინ აპატიებს ქმარს ღალატს. გაუჩეჩქვავენ თავს. (იცინის) მერე, ეტყვის: აა, შენ მიღალატეო?! წავა და უღალატებს თვითონაც. საქართველოში, რატომღაც მიღებულია, რომ ქმარმა უნდა უღალატოს ცოლს და ზოგიერთს, თავიც კი მოაქვს ამით. ძალიან მიკვირს, რატომ არის სახელი, გმირობა და ვაჟკაცობა ღალატი. არ დაიჯეროთ ეს, სისულელეა. მაგრამ სხვა ქვეყანაში თუ წავა კაცი და ერთხელ წაუცდება, ეს არ არის დიდი ტრაგედია. მით უმეტეს, თუ დიდი ხნით ხარ წასული, შეიძლება შეგაცდინონ „ცუდმა“ ქალებმა. (იცინის).

– ბატონო გურამ, ისევ ქალებს აბრალებთ კაცების დანაშაულს?!

– აჰ, როგორ გეკადრებათ. მაგრამ დიდი მუსუსები არიან ის რუსები. (იცინის) ისე, დაისვენეს ქართველმა ქალებმა, რაც ქართველი კაცები რუსეთში ვეღარ მიდიან. ვეღარც იქიდან ჩამოდიან ის „ცუდი“ ქალები და ხართ მშვიდად, ქართველი ცოლები.

– ანუ, ის დრო სჯობდა ქართველი კაცებისთვის, როცა რუსეთი „ცუდი” ქალებით გვიტევდა?!

– (იცინის) კარგი კითხვაა. მაგრამ რაც რუსეთთან ურთიერთობა გაფუჭდა, ქართველი კაცები უფრო გაპატიოსნდნენ. არა?! რუსეთში რომ მიდიოდა ქმარი, ხომ ნერვიულობდა ქალი. ახლა ვეღარ მიდიან.

– სამაგიეროდ, უკრაინული „ბაზარი“ გაეხსნათ.

– შეხედე, შენ?! მაინც ვერ დაგამშვიდე. ისე, მართალი ხარ. თუ კაცმა ცუდ საქმეზე გაიწია, ყველგან მოძებნის საცუღლუტოს და ვერ შეაჩერებ.

– აპატიებდით საყვარელ მამაკაცს ღალატს ქალი რომ ყოფილიყავით?

– ოო, არ ვიცი, რა გიპასუხო. ვერ ჩავიყენებ თავს უხერხულ მდგომარეობაში. მოდი, ასე გეტყვი, მე უფრო დიდ პატივს ვცემ იმ ქალბატონებს, რომლებიც ქმრებს ასეთ შეცდომებს პატიობენ. იმიტომ, რომ ასე ვარ გაზრდილი. ის კი არა, ქლინთონმაც კი აპატია თავის ქმარს ღალატი და მესიამოვნა. გაიზარდა ეგ ქალბატონი ჩემს თვალში.

– რამდენჯერ ვაპატიოთ, ბატონო გურამ?

– ერთხელ. მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ. მეტჯერ არ შეიძლება. (იცინის).

ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3