კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ქართველი ბრმა დირიჟორი და რა გზაზე დააყენა ვალერიან მიზანდარმა ევგენი მიქელაძე


მიზანდარების საგვარეულოს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში. ამ გვარში იყვნენ ადამიანები, თავისი ნიჭით რომ აღაფრთოვანებდნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ ევროპას. ლისტის, ჩაიკოვსკის, როსინისა და სხვათა მეგობარი, ალოიზ მიზანდარი, არის ის ადამიანი, ვისი ხსენებითაც იწყებს მისი შვილიშვილი, ლევან მიზანდარი, ბუმბერაზ წინაპრებზე საუბარს.


ლევან მიზანდარი: ალოიზ მიზანდარი 1838 წელს დაიბადა. ის იყო პირველი ქართველი კომპოზიტორი, საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, დამსახურებული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 1874 წელს მან თბილისში ხარლამპ სავანელთან და კონსტანტინე ალიხანოვთან ერთად დააარსა სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 წელს – სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა. ალოიზის მეგობრები იყვნენ პეტრე ჩაიკოვსკი, ანტონ რუბინშტეინი, მილი ბალაკირევი, ფერენც ლისტი, ჯოაკინო როსინი, იოჰანეს ბრამსი და სხვები. ისინი მიზანდარს „ევროპის დიდ პიანისტს“ უწოდებდნენ. საქართველოში კი მას „თბილისის საყვარელი პიანისტი“ შეარქვეს.

პეტერბურგში სწავლისას, 1862 წელს, ანტონ რუბინშტეინის თხოვნით, ალოიზმა მონაწილეობა მიიღო კონცერტში, რომლის შემოსავალიც მოსკოვის კონსერვატორიის გახსნას მოხმარდა. სტუდენტურ კონცერტებზე მან შეასრულა ასევე ჰუმელის საფორტეპიანო კონცერტი და შოპენის „კრაკოვიაკ“, რის გამოც მილი ბალაკირევმა მას „ბრწყინვალე პიანისტ-ვირტუოზი“ უწოდა. პარიზში ის როსინის სალონის ხშირი სტუმარი იყო, სადაც იმდროინდელი მუსიკის კორიფეები იყრიდნენ თავს. ფერენც ლისტი და ალოიზ მიზანდარი ხშირად უკრავდნენ ერთად ოთხ ხელში და ასეთი ფანდი ჰქონდათ – იწყებდა ლისტი დაკვრას, ჩააქრობდნენ დარბაზში სანთლებს და განათებისას ალოიზი იჯდა ფორტეპიანოსთან. პუბლიკა აღტაცებული რჩებოდა! ძალიან საინტერესოა როგორ აფასებდა 1867 წელს ვენის პრესა მის გასტროლებს: „იშვიათი მოხდენილობითა და გენიალური შესრულებით ბატონმა მიზანდარმა მსმენელები განაცვიფრა;“ „უკანასკნელ კონცერტებში, საღამოს ყველაზე საინტერესო ნაწილს უდავოდ წარმოადგენდა თბილისელი ახალგაზრდა ვირტუოზის ბატონ ალოიზ მიზანდარის დაკვრა, რომელიც მხატვრული სრულყოფის მიზნით, ევროპაში მოგზაურობს და ვენაზე გავლით, ჩვენს მუსიკალურ საზოგადოება „ჰილარიას“ ესტუმრა. უაღრესად ნატიფი და გენიალური შესრულებით მან იშვიათი ოსტატობა გამოამჟღავნა და მსმენელთა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა“. ალოიზმა შეასრულა ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტი საკუთარი კადენციით, რომელიც სამწუხაროდ, არ ჩაუწერია. პარიზში ალოიზი ფრანგ ასულს სახელად ჟანას ეტრფოდა, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების წინ, 1867 წელს, ასეთი წერილი მისწერა: „მე ვერ გავითვალისწინე, რომ ჩვენს შორის სამუდამო მეგობრობა შეუძლებელი იქნებოდა. შენ პარიზს არ დატოვებდი, ხოლო მე სამშობლოს ძახილი დარჩენის უფლებას არ მომცემდა. სიცოცხლე მისგან მიმიღია და მასვე ეკუთვნის, მით უმეტეს ახლა, როცა თითოეული განათლებული ადამიანი მთელი საუნჯეა საქართველოსთვის... ღმერთმა იცის, რომ ეს სიყვარული შენთვის პირველია, ჩემთვის კი პირველი და უკანასკნელი...“

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მთელი სიცოცხლე, სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელს შესწირა. მრავალი მოსწავლე აღზარდა, მათ შორის ქართული საფორტეპიანო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი, პროფესორი ანა თულაშვილი. თავად ამბობდა, ოჯახი რომ ვიყოლიო, მთელი ჩემი ფიქრი ბავშვზე გადავა, მე კი ჩემს მოსწავლეებს ვჭირდებიო... ალოიზს ცოლი არ მოუყვანია. 1966 წელს მკვლევარმა ზინაიდა კოლხიდაშვილმა ლენინგრადის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მიაკვლია 1863 წლის 23 იანვარს პეტერბურგში დაბეჭდილ ალოიზ მიზანდარის რომანსს „ჩვენ დავშორდით“, – ქართველი ავტორის პირველ დაბეჭდილ ნაწარმოებს! 2009 წლის 13 მარტს, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ალოიზ მიზანდარის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, სადაც მიზანდარის საფორტეპიანო სკოლის ღირსეულმა გამგრძელებელმა, მსოფლიო რანგის პიანისტმა, თამარ ლიჩელმა შეასრულა მისი საფორტეპიანო პიესები. „თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმ ნაწარმოებს, რომლებიც მაშინ დაიწერა და გამოიცა, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა პროფესიული მუსიკა, დავინახავთ მიზანდარის – პირველი განათლებული ქართველი კომპოზიტორის მოღვაწეობის დიდ მნიშვნელობას“. ეს არის ნაწყვეტი ვაჩნაძის წიგნიდან – „ნარკვევები ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიიდან“.

– რამდენადაც ვიცი, ალოიზის უმცროსი ძმა არაჩვეულებრივი პიანისტი იყო.

– დიახ. მას ჰყავდა უმცროსი ძმა ფელიქსი, რომელიც ქუთაისში დასახლდა. ის მშვენივრად ფლობდა ფორტეპიანოს, ხოლო კათოლიკურ ეკლესიაში ორგანზე უკრავდა. ფელიქსის მოსწავლეები იყვნენ ივანე და ზაქარია ფალიაშვილები. მათ მამას – პეტრეს, საშუალება არ ჰქონდა შვილებისთვის მუსიკალური განათლება მიეცა. ეს საკითხი თავად ბავშვებს გადაუწყვეტიათ, მისულან ფელიქსთან და უთხოვიათ, გვამეცადინეთ და რომ გავიზრდებით ფულს მერე გადაგიხდითო. გაოცებულა ფელიქსი პატარების საქციელითა და გამბედაობით, გაუსინჯავს მათთვის სმენა და იმ დღიდან, როგორც „პატარა კოლეგებს“, ისე მოიხსენიებდა. ერთხელ, ფელიქსი, კერძო გაკვეთილებიდან შინ დაღლილი დაბრუნებულა და უკმაყოფილოდ ხმამაღლა უთქვამს, თავი მომაბეზრეს ამ ქორ-ვაჭრების უნიჭო ბავშვებმაო. ვანო და ზაქარია მეორე ოთახში მსხდარან, ფელიქსის ნათქვამი საკუთარ თავზე მიუღიათ და გაპარულან. ფელიქსს რომ შეუტყვია, უკან დადევნებია, ბავშვებს შეშინებიათ – მასწავლებელი ისე გავაბრაზეთ, გამოგვეკიდაო. ფელიქსს გულში ჩაუკრავს პატარები და უსაყვედურებია, ჩემი სიტყვები საკუთარ თავზე რამ მიგაღებინათ, თქვენ ხომ ჩემი კოლეგები ხართო. მაშინ ქუთაისში სამიოდე პიანინო თუ მოიძებნებოდა. ფელიქსს როიალიც ჰქონდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, შეძლებული ოჯახები მას ხშირად აწუხებდნენ. მალე ეკონომიური პირობებიც გაუუმჯობესდა, მაგრამ 1896 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა... ძმებმა ფალიაშვილებმა, მართლაც, გადაუხადეს „ვალი“, ოღონდ არა ფულით, არამედ მათი ფასდაუდებელი ღვაწლით. ფელიქსს 2 წლის ვაჟი – ვალერიანი დარჩა, შემდგომში ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორი, სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრის დამაარსებელი, ევგენი მიქელაძის მასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო ოპერის ბრმა დირიჟორი.

– რატომ – ბრმა დირიჟორი?

– ვალერიანის სადირიჟორო კარიერა შემთხვევით დაიწყო: 1912 წელს გიმნაზიაში ტარდებოდა ნეკრასოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ორკესტრის კაპელმეისტერი – გონელი ისე დამთვრალა, ფეხზე ვეღარ დგებოდა. გიმნაზიის დირექტორს ვალიკოსთვის უთხოვია, შენ უნდა იდირიჟოროო. 17 წლის ყმაწვილს მშვენივრად ჩაუტარებია მთელი საღამო და იმ დღიდან გიმნაზიის ორკესტრის დირიჟორად დაუნიშნავთ. 1917 წელს მან ჩამოაყალიბა 65 კაცისგან შემდგარი სამხედრო-სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც თბილისში არ ყოფილა. 1918 წლიდან, მას „სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი“ ეწოდა. ამ ორკესტრში ბარიტონზე უკრავდა ევგენი მიქელაძე, რომელსაც დირიჟორობა ვალერიანმა ასწავლა და როცა მის ნიჭში დარწმუნდა, 17 წლის ყმაწვილი უფროს მუსიკოსად დააწინაურა და კონცერტებზე დირიჟორობის უფლებაც მისცა. ვალერიან მიზანდარმა დიდი როლი შეასრულა ევგენი მიქელაძის ცხოვრებაში. „კაცმა რომ თქვას, პრაქტიკულად, სწორედ მან უბიძგა მიქელაძეს დირიჟორობისკენ. მიზანდარი ერთ-ერთი წინამორბედია მიქელაძისა ოპერის თეატრში, და, საერთოდ, იგი ერთ-ერთ პირველ ქართველ დირიჟორად გვევლინება...“ – წერდა გიორგი თაქთაქიშვილი თავის ნაშრომში – „ევგენი მიქელაძე“. ასევე სპონტანურად დაიწყო მისი, როგორც საოპერო დირიჟორის კარიერაც: 1920 წელს ოპერის თეატრში იდგმებოდა ბიზეს „მარგალიტის მაძიებლები“. იმ დღეს იტალიასა და რუსეთში ხანგრძლივი გასტროლების შემდეგ, თბილისის საზოგადოების წინაშე პირველად უნდა ემღერა ვანო სარაჯიშვილს. დარბაზი გავსებული იყო, დირიჟორი პავლოვ-არბენინი კი რატომღაც ვერ ჩამოვიდა. ეს ფრიად საპასუხისმგებლო საქმე ვალერიანს მიანდეს. ვანოს რომ მოახსენეს, განრისხდა, – ეს ტუჩებზე რძეშეუმშრალი მიზანდარი თუ იდირიჟორებს, მე უარს ვაცხადებ სპექტაკლში მონაწილეობაზეო. როგორც იქნა, დააწყნარეს და დაითანხმეს. ის ჩოხა-ახალუხით პირველად დადგა ოპერის სადირიჟორო პულტთან და მას შემდეგ სულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დირიჟორობდა. ფენომენალური მეხსიერების პატრონს, საკმარისი იყო, ერთხელ ჩაეკითხა პარტიტურა და ნაწარმოები უკვე ზეპირად იცოდა. პირველმა მოქმედებამ მშვიდობიანად ჩაიარა. მოსასვენებელში შეიჭრა ვანო და გულში ჩაიკრა: ვალიკო, გენაცვალე, მაპატიე, ჩემი მღელვარებით ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალი ტალანტი რომ შეურაცხვყავიო. 1922 წელს ვალერიანმა მხედველობა დაკარგა და 3 წლის განმავლობაში უსინათლოდ დირიჟორობდა. ასეთმა გამოსვლებმა სენსაცია გამოიწვია საქართველოში. ყველას პირზე ეს ამბავი ეკერა. ოპერის თეატრის სალაროსთან გაჩნდა რიგები, ადამიანები ღამეებს ათენებდნენ ბილეთის მოლოდინში, ბრმა დირიჟორის დანახვა ყველას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. ოპერაში მოღვაწეობისას, მან უდირიჟორა „მარგალიტის მაძიებლებს“, „კარმენს“, „ტრავიატას“, „ტრუბადურს“, „პიკის ქალს“ და სხვა ოპერებს. მხედველობადაკარგულს, ისედაც მახვილი სმენა კიდევ უფრო გაუმახვილდა, მცირე შეცდომასაც არ აპატიებდა ორკესტრის წევრებს, ამან ძლიერ იმოქმედა მის ნერვულ სისტემაზე. ზოგი ვერ ითმენდა მის მკაცრ მოთხოვნებს და ყველაფერს აკეთებდნენ, როგორმე თავიდან მოეცილებინათ. ასეც მოხდა „პიკის ქალის“ დირიჟორობისას. ორკესტრის ზოგიერთი ჯგუფი ერთი-ორი ტაქტით განგებ ჩამორჩა რიტმს, წარმოუდგენელი ქაოსი შეიქმნა, ყოველი ცდა დირიჟორისა, რომ წესრიგი აღედგინა, ამაო გამოდგა. ჯოხი პულტზე დადო და დარბაზიდან გონწასული გაასვენეს... ამ შემთხვევამ ისე იმოქმედა მასზე, რომ სამუდამოდ ლოგინს მიაჯაჭვა. პირველ ხანებში მნახველიც ბევრი ჰყავდა და გულშემატკივარიც. ევგენი მიქელაძე, სანამ ლენინგრადის კონსერვატორიაში გაემგზავრებოდა, ხშირად აკითხავდა. ის იყო იმ მცირერიცხოვანთაგანი, რომელსაც ვალერიანი ხალისით ესაუბრებოდა. გავიდა დრო და ყველამ დაივიწყა, აღარავის აინტერესებდა ბრმა დირიჟორი... 1926 წელს ვალერიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– მაგრამ ამ გვარის ხსენებაზე ყველას „მიმინო“ ახსენდება.

– მუსიკალური საზოგადოების გარდა, თითქმის ყველას კინოფილმი „მიმინო“ ახსენდება. ზოგს კი უკვირს, რომ სინამდვილეში მართლაც ვარსებობთ ამ გვარის წარმომადგენლები. მეფის კარზე თანამდებობა მიზანდარი სამეფო გადასახადების ამკრეფს ნიშნავდა და მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედიოდა. მეფე ერეკლე მეორემ ჩემს წინაპარს უბოძა „ტფილისის მიზანდარობა“, რომელიც შემდგომ გვარად იქცა. მიზანდარები კათოლიკეები იყვნენ და აზნაურის წოდება ჰქონდათ. დღეს საგვარეულო 19 წევრისგან შედგება, ყველანი მართლმადიდებლობას ვაღიარებთ და ალოიზის უფროსი ძმის ვალერიან იოსების ძე მიზანდარის შთამომავლები ვართ.

– და მაინც საიდან გაჩნდა კინოფილმ „მიმინოში“ ვალიკო მიზანდარი?

– სახელგანთქმულმა სცენარისტმა და რეჟისორმა რევაზ გაბრიაძემ, თავის მასწავლებელს და უფროს მეგობარს – საქართველოს სახალხო მხატვარს, ქუთაისის მხატვართა კავშირის დამაარსებელს, ვალერიან ლევანის ძე მიზანდარს სთხოვა და მისი სახელი და გვარი გამოიყენა გიორგი დანელიას ცნობილ ფილმში „მიმონო“, ვალერიანის მოთხრობებისა და მონაყოლის მიხედვით კი ელდარ შენგელაიამ და რევაზ გაბრიაძემ გადაიღეს „არაჩვეულებრივი გამოფენა“. მამის გზის გამგრძელებელი იყო მოქანდაკე, მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი გივი მიზანდარი – პირველი მოქანდაკე საბჭოეთიდან, რომელიც უცხოეთში, კერძოდ, 1960-1970 წლებში ვიეტნამსა და კამბოჯაში პედაგოგად მიავლინეს. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ჯომარდობის დამკვიდრება და განვითარება. ხელოვანთა საგვარეულოს ერთი ექიმი გამოგვერია და ყველანი მის იმედად ვართ – მალხაზ გივის ძე მიზანდარი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი ნოვაციის ავტორი საქართველოსა და ამერიკის სამედიცინო სივრცეში!

– შენზეც გვიამბე, აგრძელებ წინაპრების გზას?

– მეტ-ნაკლებად. დავიბადე თბილისში 1979 წელს. 1994 წელს დავამთავრე ვირსალაძის სახელობის სამუსიკო სკოლა ვიოლინოს კლასით, 1997 წელს – თბილისის მე-6 გიმნაზია, 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 2007 წელს – უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლების სპეციალობით. ათი წლის განმავლობაში ვმუშაობდი პედაგოგად და ორგანიზატორად მე-6 გიმნაზიასა და საერო სკოლა „ოლიმპში“. ამჟამად ვარ საჯარო სკოლების მუსიკის სახელმძღვანელოების სარედაქციო ჯგუფის წევრი – მაია ოთიაშვილის ავტორობით. სიყმაწვილეში გატაცებული ვიყავი როკ-მუსიკით, ჯგუფიც გვქონდა „ორთოდოქსი“. მე სოლო-გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი, ჩემი ძმა – დასარტყამზე. მოკლედ, ჩვენი სიმღერები რადიოთი ხშირად გადაიცემოდა. კონცერტები და გასტროლებიც გვქონდა, კარგად მახსოვს 1999 წელს კონცერტი წინანდალში. დარბაზი კინაღამ დაინგრა, როდესაც ჩვენი ცნობილი ჰიტი „აპოკალიფსი“ შევასრულეთ. შემდეგ დავწერე მუსიკა რეჟისორ ნინო ხარატიშვილის გერმანულენოვანი სპექტაკლებისთვის, რომლებიც თბილისის თეატრების გარდა, დაიდგა ბრემენსა და ჰამბურგში. 2005 წლიდან სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს – დავიწყე მეცადინეობა კომპოზიციასა და ორკესტრობაში, აწ უკვე ჩემს უფროს მეგობართან, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესთან, კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძესთან და 2009 წლის 13 მარტს, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში შედგა ჩემი საკომპოზიტორო დებიუტი. ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და საგუნდო კაპელამ ირაკლი ჭიაურელის დირიჟორობითა და სოლისტების მონაწილეობით, შეასრულეს ჩემი „ფანტაზია“ – სიმფონიური ორკესტრისთვის; „ორნი“ – ვიოლინოს, ალტისა და ორკესტრისთვის; „აველუმ-ფლენგი“ – სიმფონიური პორტრეტი; „მოგონებები“ – შერეული გუნდისა და სიმებიანი ორკესტრისთვის და სიმფონია „2008 წელი“.

ეს კონცერტი ხშირად გადის საპატრიარქოს ტელევიზიით. მანამდე, 2006 წელს, თბილისის სახელმწიფო ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩავწერე ჩემი სიმღერა „სიმშვენიერე სულის“ – სოლისტი დავით არჩვაძე, დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი. დავწერე წიგნი, რომელიც ეძღვნება ჩემი გვარისა და სამუსიკო განათლების ისტორიას. წიგნი გაფორმებულია უნიკალური ფოტოდოკუმენტური მასალით, რომლის პრეზენტაციასაც შემოდგომაზე ვგეგმავ. წიგნის მიხედვით ვაპირებთ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებას, რის შესახებაც შემდგომ შეგატყობინებთ. ჩემი შემოქმედების ავკარგიანობაზე ვერაფერს გეტყვით. ვცდილობ, განვაგრძო წინაპართა საქმე და, თუ ჩემი ნაწარმოებები შემორჩება მუსიკალურ სამყაროს, დაე, სხვებმა დაწერონ მათზე. დაბოლოს, ყველაზე მთავარი: 2009 წელს, როდესაც მე და ნინო ჩოლოყაშვილმა ჯვარი დავიწერეთ, მივხვდი, რომ ჩვენი გვარების შეერთებით სიმბოლური რამ მოხდა: პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ავტორი ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი იყო (1629 წელი), ხოლო, პირველი ქართული ნაბეჭდი ნოტის ავტორი – მიზანდარი (1863 წელი). ამ სიმბოლიზმის შედეგი კი სამი თვის თორნიკეა!


скачать dle 11.3