კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ქართლის მეფე ფარსმანმა თავისი ვაჟი უფლისწული რადამისტი და რა მოუტანა მამა-შვილს შორის არსებულმა დაპირისპირებამ ქართლის სამეფოს


პირველი საუკუნის დასაწყისში ქართლის სახელმწიფოში ფარსმან პირველი მეფობს. ამ პერიოდში სომხეთის სამეფოსაც ქართველი მეფე – ფარსმანის ძმა, მირდატი მართავს. ძმებს შორის კარგი დამოკიდებულება სუფევდა მანამ, სანამ ასპარეზზე არ გამოჩნდა ფარსმანის ვაჟი, უფლისწული რადამისტი. თუ როგორ ამოჟლიტა რადამისტმა სომხეთის მეფის ოჯახი, რატომ გამოფატრა ფეხმძიმე მეუღლე და საბოლოოდ რა მოუტანა ამ ანტიგმირის უსაზღვრო ამბიციებმა ქართლის სამეფოს, ამაზე ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვესაუბრება.



ჯაბა სამუშია: ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში, სამხრეთ კავკასია, ორი დიდი სახელმწიფოს, რომსა და პართიას შორის დაპირისპირების არეალად იყო ქცეული. ძირითადად, ეს ორი სახელმწიფო სომხეთში გაბატონებას ცდილობდა. ასეთ ვითარებაში, ქართლის სამეფოს პოზიციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც რომისთვის, ასევე პართიისთვის. ამ ბრძოლაში გარკვეული უპირატესობა რომაელებმა მოიპოვეს, ისევ და ისევ ქართლის მეფის, ფარსმანის დახმარებით. ფარსმანმა შეძლო, ერთ-ერთ ბრძოლაში პართიის უფლისწულ ოროდის დამარცხება, რის შემდგომ რომაელების პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდა. ფაქტობრივად, ქართლის სამეფოს მესვეურთა შემწეობით გავრცელდა რომის გავლენა სომხეთზე. სწორედ ამ პერიოდში სომხეთში მეფდება ქართველი უფლისწული მირდატი, ანუ იგივე მითრიდატე, რომელიც იყო ქართლის მეფის ფარსმანის ძმა.

– როგორი დამოკიდებულება იყო ამ დროისთვის ძმებს შორის?

– დასაწყისში ძმებს შორის დამოკიდებულება საკმაოდ კარგი იყო, სანამ მათ ურთიერთობაში ფარსმანის უფროსი შვილი რადამისტი არ ჩაერია. ჩვენი დღევანდელი საუბრის გმირიც სწორედ ეს უკანასკნელი და მის მიერ ჩადენილი საქციელია. შესაძლოა, ვინმემ რადამისტის ქმედება გარკვეულ პოლიტიკურ ნაბიჯებად შეაფასოს. მაგრამ, თუ ამ უფლისწულის ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, მას ისეთი რამეები აქვს ჩადენილი, რომ ის ზნეობისგან ძალიან შორსაა. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ მთლიანობაში, რადამისტის მოღვაწეობა უარყოფითი შედეგებით დასრულდა, როგორც ქართლისთვის, ასევე სომხეთისთვის და ქართლის სამეფოს გავლენის თვალსაზრისით კავკასიაში.

– რას გულისხმობთ?

– საქმე ის გახლავთ, რომ, როდესაც ფარსმანი ქართლში მეფობს და მისი ძმა – მირდატი სომხეთში, გარკვეული ბალანსი უკვე დაცულია. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, რომიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან სომხეთი რომის გავლენის სფეროშია, ამასთანავე, ქართლის სახით რომმა სამხედრო მოკავშირე შეინარჩუნა.

სწორედ ამ დროისთვის ქართლის უფლისწულ რადამისტს უსიამოვნება მოსდის საკუთარ მშობელთან. უნდა აღინიშნოს, რომ წყაროებში რადამისტი საკმაოდ კარგადაა დახასიათებული, როგორც კარგი მეომარი, კარგი მონადირე და საკმაოდ წარმოსადეგი პიროვნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმავდროულად, ის საკმაოდ ამბიციურიც იყო, მე ვიტყოდი, გადაჭარბებულად ამბიციური. ის წუხდა, რომ მამამისს დიდხანს ეკავა ტახტი და ამიტომ უფლისწულის სტატუსს ვერ გასცდა. რადამისტი რამდენჯერმე შეეცადა მამის ტახტიდან ჩამოგდებას. სწორედ ამიტომ, აშკარაა, რომ მამა-შვილს შორის მთლად კარგი ურთიერთობა არ სუფევს. ამ ვითარებაში ფარსმანმა საკმაოდ ვერაგული გეგმა შეიმუშავა. მან საკუთარ შვილს განუმარტა: ბიძაშენს, მირდატს, სომხეთის ტახტი ჩვენი წყალობით უკავიაო. სინამდვილეში ეს მართლაც ასე იყო. ფარსმანი გახლდათ ინიციატორი, იმის, რომ რომაელებისთვის ლაშქარი მიეშველებინათ და, ფაქტობრივად, ამის შემდეგ შეძლეს პართიელების გაგდება სომხეთიდან. რომაელებმა კი სომხეთის ტახტზე ქართველი უფლისწული მირდატი დასვეს. ასე რომ, ფარსმანმა მიანიშნა შვილს, აგერ არის სომხეთის ტახტი და თუ მეფობის ასეთი წადილი გაქვს, ადექი და ბიძაშენს წაართვი, მით უმეტეს, რომ ჩემს შემდეგ ქართლის ტახტსაც შენ დაიკავებო. ასეთ სიტუაციაში რადამისტი ხდებოდა ორი ტახტის მემკვიდრე და მფლობელი.

– როგორ მოიქცა რადამისტი?

– რადამისტმა საკმაოდ ვერაგული გეგმა შეიმუშავა. ის გაიქცა სომხეთში, თითქოსდა მამამისისგან დევნილმა ბიძას „შეაფარა” თავი. სინამდვილეში ეს მისი მხრიდან გარკვეული ტაქტიკური სვლა იყო.

– რა ჩანაფიქრი ჰქონდა რადამისტს?

– მას სურდა, რეალურად გაეგო და შეეფასებინა მირდატის ძალები, რომ მოგვიანებით, თუ სამხედრო კონფრონტაციაზე მიდგებოდა საქმე, რაც ასეც მოხდა, მას უკვე შიგნიდან ჰქონოდა ინფორმაცია. მას ასევე სურდა, მოესყიდა მირდატის ჯარისკაცები და ის ადამიანები, რომლებიც სომხეთის მეფის გარშემო ტრიალებდნენ, რათა შემდგომში საკუთარი ბიძის წინააღმდეგ გამოეყენებინა. რადამისტმა მიზანს მიაღწია და საკმაოდ ადვილად მოახერხა სომხეთში დამკვიდრება, თუმცა, ეს დროებითი იყო. ამის შემდეგ ის გარკვეული მიზეზის გამო ქართლში გამორბის და უკვე ამას მოჰყვება რადამისტისა და საერთოდ, ქართლის ჯარის ლაშქრობა სომხეთში მირდატის წინააღმდეგ. ეს ძალიან ტრაგიკული ისტორიაა, რომელიც გათამაშდა ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის შუა ხანებში. ბრძოლისთვის მოუმზადებელი მირდატი გარნის ციხესიმაგრეში ჩაიკეტა. ჯარმა ციხეს ალყა შემოარტყა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. თანდათანობით მირდატის მომხრეებმა მიატოვეს მეფე და რადამისტის მხარეს გადავიდნენ. მას შემდეგ, კი, რაც გარნის ციხის კედლების ნგრევას შეუდგნენ, უკვე დაზავებაზე წამოვიდა თვითონ მირდატი. ამ დროს, რადამისტმა კიდევ ერთი ვერაგული ნაბიჯი გადადგა. მან, ფაქტობრივად, ციხიდან გამოიტყუა ბიძამისი, იმით, რომ მის წინაშე ფიცი დადო: მე შენ არც ხმლით და არც საწამლავით ზიანს არ მოგაყენებო. ისეთი პირობა იყო, რომ მეფეს ვერ წარმოედგინა, სხვანაირად, როგორ უნდა მოეკლა იგი. მირდატი ენდო რადამისტს. ყველაფერი ამით უნდა დასრულებულიყო, და შეფიცვის რიტუალისთვისაც ემზადებოდნენ. თუმცა, სწორედ ამ დროს რადამისტის ბრძანებით, მისი ბიძა – სომხეთის მეფე მირდატი ოჯახთან ერთად შეიპყრეს და ურმებზე დააკრეს. ამის შემდეგ ძმისშვილმა ბიძა მოკლა, ოღონდ ისე, რომ ფიცი არ გაუტეხავს, რადამისტს არ დაურღვევია მირდატის წინაშე დადებული ფიცი, მან არც ხმლით და არც საწამლავით მოუკლავს სომხეთის მეფე. ქვეშაგები და ათასი ჭინჭი დააყარეს ურემზე და ბიძაც და მისი ოჯახიც რადამისტმა ასე ამოწყვიტა. ისინი გაიგუდნენ.

ამის შემდეგ რადამისტი ზეიმობდა, მან მიზანს მიაღწია და სომხეთის მეფე გახდა. თუმცა, ვერ მოახერხა სომხეთში შემოჭრილი პართიელების შეჩერება, რის გამოც სომხეთი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ჩავარდა.

– ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

– ამის შემდეგ მძიმედ წარიმართა რადამისტის ცხოვრება. უპირველესად, როგორც კი პართიელებმა მირდატის სიკვდილისა და რადამისტის გამეფების ამბავი შეიტყვეს, გაახშირეს ლაშქრობები სომხეთზე. მეორე, ის იყო, რომ თვითონ რადამისტი არაპოპულარული მეფე იყო სომხეთში მირდატთან შედარებით. ამის გამო დღითიდღე მატულობდა უკმაყოფილება სომეხ დიდებულთა შორის. მესამე – თვითონ რადამისტი, როგორც მმართველი, ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. ის საკმაოდ მკაცრად ექცეოდა ქვეშევრდომებს, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევდა და ბოლოს და ბოლოს ეს უკმაყოფილება იქამდე მივიდა, დიდებულთა გარკვეული წრე საერთოდ პართიელთა მხარეზე გადავიდა. მეოთხე და ყველაზე მთავარი მომენტი ის იყო, რომ ამ მოვლენებს თვალს ადევნებდა რომი, რომელსაც ბუნებრივია, არანაირად არ აწყობდა რადამისტისნაირი მმართველის ჯდომა სომხეთის ტახტზე. ამიტომაც, რომის იმპერატორს არ გამოუდია თავი, მისთვის ეს ადგილი შეენარჩუნებინა. რეალურად, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ რადამისტის წინააღმდეგ სერიოზული გამოსვლა უნდა მოწყობილიყო. ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ საგარეო თავდასხმის შედეგი, ეს გამოსვლა თვით სომეხ დიდებულებს შორის მზადდებოდა. რადამისტის ავტორიტეტი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ეცემოდა. მართლაც, ძალიან მალე სომხები აჯანყდნენ და რადამისტის ციხეს ალყა შემოარტყეს. რადამისტმა შემთხვევით გამოასწრო. მხოლოდ რამდენიმე ცხენოსანის თანხლებით მოემართებოდა იგი ორსულ მეუღლესთან, ზენობიასთან ერთად ქართლისკენ. მდევარი ფეხდაფეხ მისდევდა და ამ სიტუაციაში კიდევ უფრო ვერაგული საქციელი ჩაიდინა რადამისტმა.

– ამჯერად რა ვერაგობას ჰქონდა ადგილი რადამისტის მხრიდან?

– იმის გამო, რომ ორსულ ზენობიას თავის მეუღლე რადამისტივით არ შეეძლო ევლო, იძულებული შეიქმნა დარჩენილიყო. რადამისტს არ სურდა მისი მეუღლე მდევარს რომ ჩავარდნოდა ხელში, ამიტომ გამოფატრა ქალი და მდინარეში გადააგდო. ლეგენდის თანახმად წყალში გადაგდებული ზენობია და მისი პირმშო გადარჩნენ, თუმცა ეს ლეგენდაა. ფაქტი კი ერთია, რადამისტმა ორსული მეუღლე სასიკვდილოდ გაწირა. ამის შემდგომ რადამისტი ქართლში დაბრუნდა.

– ძველებურად დაძაბული ურთიერთობა იყო ქართლში დაბრუნებულ რადამისტსა და მამამისს შორის, თუ ამჯერად მათი დამოკიდებულება შეიცვალა?

– ქართლში დაბრუნებული რადამისტი მცირე ხანს ეპუებოდა მამის მმართველობას და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავინდებურად დაიწყო ფარსმანის წინააღმდეგ ხრიკების გაბმა. ამ ყველაფერმა იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ ფარსმანი იძულებული გახდა საკუთარი შვილი შეეპყრო და მოეკლა. ასე დასრულდა რადამისტის ცხოვრება.

– ფაქტობრივად, ეს იყო პირველი პოლიტიკური მკვლელობა სამეფო ოჯახში?

– შეიძლება ითქვას. ეს სამარცხვინო ფაქტია საქართველოს ისტორიაში, ასეთი ფაქტები, ღვთის წყალობით, ბევრი არ მოგვეპოვება. თუმცა, არსებობდა მამა-შვილს შორის დაპირისპირებები. ფარსმანსა და რადამისტს შორის დაპირისპირება მართლაც კულმინაციამდე მივიდა, რის შემდეგ სისხლიც დაიღვარა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ქართლმა სომხეთზე გავლენა დაკარგა და მოგვიანებით, შეიცვალა ძალთა თანაფარდობა კავკასიაში. ფაქტია, რომ მამა-შვილის ამ კონფლიქტს სახელმწიფოს ინტერესები შეეწირა. თვითონ რადამისტის ამბიციებმა კი მისივე სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანაც საერთაშორისო კონფლიქტში ჩაითრია.


скачать dle 11.3