მიდი, სცადე...
„მე არაფერს წარმოვადგენ. არ ვარ ლამაზი, არც საკმარისად ჭკვიანი... აბა, ვის ვჭირდები?“ – რამდენჯერ გითქვამთ ეს სიტყვები საკუთარი თავისთვის ისე, რომ არც კი დაფიქრებულხართ მის შედეგებზე. არადა, შეუცნობლად ნათქვამ ასეთ, ვითომდა „უწყინარ“ ფრაზებს, სერიოზული ნეგატიური შედეგები მოაქვს. როცა უგუნებოდ ხართ, როცა რაღაც წარუმატებლობა გტკენთ გულს, როცა, უბრალოდ, სარკეში არ მოგეწონებათ საკუთარი გამოსახულება, შეეცადეთ, როგორმე შეინარჩუნოთ სიმშვიდე. არ უარყოთ საკუთარი პიროვნება რთულ სიტუაციებში. პრობლემები ლამაზებსა და ჭკვიანებსაც აქვთ, თანაც, საკმარისზე მეტი. სხვისი ცხოვრება შორიდან უფრო ხასხასა და ფერადი ჩანს. გადაეჩვიეთ საკუთარი თავის ლანძღვას და საპირისპირო სცადეთ, ანუ, ყოველდღე, დღის განმავლობაში, ათჯერ მაინც შეიქეთ თავი. ჯერ ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ, ნელ-ნელა ეს ჩვევად გექცევათ. თანაც, თქვენი ოპტიმისტური განწყობა და შემართება თქვენი ოჯახის წევრებსაც ავტომატურად გადაედებათ, რაც მათი წარმატების შანსსაც ერთიორად გაზრდის. შეაფასეთ საკუთარი თავი ყოველთვის პოზიტიურად – ეს უკვე არის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ადამიანები ისეთს გვიღებენ, როგორსაც მათ საკუთარ თავს „მივართმევთ“. როცა თავად ვერ იმეტებთ კომპლიმენტს, სხვას როგორ მოსთხოვთ, შემაქეო? კომპლიმენტი უნდა „გამოითხოვოთ“, ან „გამოიმუშავოთ“ როგორც გენებოთ, ისე გაიგეთ. არსებობს ჯადოსნური სიტყვები: „მე მინდა“; „მე ეს ძალიან მჭირდება“; „მე ეს ძალიან მჭირდება და მივაღწევ კიდეც“; „ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“; „მე ეს დავიმსახურე“... – ეს არ არის ეგოიზმის გამოვლინება, ეს თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლაში სერიოზული იარაღია. ცუდად მოიქეცით? რაღაც შეგეშალათ? მიხვდით და დაამთავრეთ. ნუ „შეიჭამთ“ თავს საყვედურებით და სიტუაციას კიდევ უფრო ნუ დაამძიმებთ. უბრალოდ, ისწავლეთ შეცდომებზე და „გუშინ“ – წარსულში დატოვეთ. ხვალინდელი დღე გაცილებით წარმატებული და ბედნიერების მომტანი იქნება.