როდის ხდება მონა მარკუს მეტრეველი და რის მოლოდინმა გადააჭარბა მისთვის ყველა ზღვარს
მომღერალი მარკუს მეტრეველი რამდენიმე თვის წინ საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ ქართული შოუ-ბიზნესის აღორძინებაზე ფიქრობს. მართალია, ის წლები საბერძნეთში ცხოვრობდა და იქ მღეროდა, მაგრამ არჩევანი მაინც სამშობლოზე გააკეთა და ამჟამად თბილისში განაგრძობს მუშაობას. მისი თქმით, სულ ცოტაც და ის ქართველ მსმენელს საკუთარი შემოქმედებითა და შოუებით შოკში ჩააგდებს. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ახლა კი მისგან ის შევიტყოთ, თუ ამის გაკეთებას როგორ აპირებს და საერთოდ, როგორია მისი გეგმები.
– რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
– ამ ეტაპზე არის მოლაპარაკებები ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და „გაყიდვად“ მომღერალთან საქართველოში, რათა მასთან ერთად დუეტი ჩავწერო.
– მანდილოსანია?
– კი, მანდილოსანია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვისზეა საუბარი. საბოლოო პასუხს ძალიან მალე მივიღებ, რის შემდეგაც ჩავწერთ სიმღერას და მასზე კლიპს გადავიღებთ. ასევე ვგეგმავ, ალბომის გამოშვებას. რაც საქართველოში ჩამოვედი, სულ 6 სიმღერა მაქვს ჩაწერილი, აქედან 3 ქართულია, 2 – ინგლისური, ერთიც – ბერძნული. საქართველოს ფარგლებს გარეთ მაქვს კონცერტები, ისევე როგორც საქართველოში. მართალია, გადავიღალე, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– მახსოვს, როცა შენთან პირველად ჩავწერე ინტერვიუ, თქვი, ქართული შოუ-ბიზნესი უნდა ავაღორძინოო. როგორ ფიქრობ, გამოგდის რამე?
– ეს ყველაფერი 5-6 თვეში ვერ მოხდება, ამას ძალიან ბევრი ხარისხიანი შრომა სჭირდება და თავის დამკვიდრებისთვის დაახლოებით, ერთი-ორი წელია საჭირო. ვფიქრობ, საფუძველი ნამდვილად ჩაყრილია და დიდი შედეგიც მოჰყვება.
– როგორ მიგიღო ქართველმა მსმენელმა?
– მართლა ძალიან გაკვირვებული ვარ შედეგით, რადგან მსმენელის ასეთ ყურადღებას არ მოველოდი. მოსწონთ ჩემი შემოქმედება, რაც ძალიან მახარებს. სხვათა შორის, დუეტის ჩაწერაზეც ბევრი შემოთავაზება მაქვს. ესეც სასიამოვნოა. მართალია, ბევრი კარგი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ყველასთან დუეტს ხომ ვერ ჩავწერ?
– ნინი შერმადინზე რატომ გააკეთე არჩევანი. ორივეს ცხოვრება და შემოქმედება საბერძნეთს რომ უკავშირდება, იმიტომ ხომ არა?
– მე და ნინი ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. გვინდოდა, ჩვენი მეგობრობა ამ დუეტით დაგვეგვირგვინებინა და ასეც მოხდა.
– ბოლო დროს ხმა გავრცელდა, მარკუს მეტრეველი „ევროვიზიის“ კონკურსისთვის ემზადებაო, მართალია?
– „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურზე ჩვენ წარვადგენთ ჩემს კანდიდატურას. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ცხოვრებაში იმდენი მაქვს ნასწავლი და ევროპაში იმხელა პრაქტიკა მაქვს მიღებული, ვიცი „ევროვიზიაზე“ თუ ვიმღერებ, მაყურებლის წინაშე სასახელოდ წარვდგები. გამარჯვების იმედი და ამბიცია ნამდვილად მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ხუთეულში აუცილებლად მოვხვდები.
– როგორ ფიქრობ, საბერძნეთი თუ იქნება შენი ერთგული კონკურსზე?
– ვფიქრობ, რომ იქნება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ საბერძნეთიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს უკან დავბრუნებულიყავი და მონაწილეობა მიმეღო ისეთ პოპულარულ პროექტში, როგორიც „იქს ფაქტორია.“ მათ უარი ვუთხარი, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი რამ მაქვს ჯერ გასაკეთებელი და სერიოზულად ვარ დაკავებული.
– თუ არ ვცდები, მაშინ, როცა ნინი შერმადინი იღებდა ამ პროექტში მონაწილეობას, შენც იყავი ქასთინგზე.
– კი, ერთად ვიყავით მისული. ნინი პროექტში შევიდა, მე კი წამოვედი, რადგან ნამდვილად არ მიღირდა როკ-ჯგუფის სოლისტობა. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას სოლო მომღერლის რანგში.
– როკი არ გიყვარს თუ რატომ?
– კი, როგორ არ მიყვარს, მაგრამ როკ-ჯგუფი ძალიან ბევრია საბერძნეთში, და როგორც წესი ერთ წელიწადში იშლება. მათ აღარავინ აქცევს ყურადღებას. ის ადამიანები საბოლოოდ ჰაერში რჩებიან, რადგან წარუმატებელი მომღერლები ერქმევათ. ასეთი რამ კი ნამდვილად არ მინდა.
– შენ თუ გქონია წარუმატებლობის პერიოდი?
– სიმართლე რომ გითხრა, ჯერჯერობით არა და ღმერთმა ნურასდროს გამომაცდევინოს ეს. თუ მომავალში მაინც მექნება წარუმატებლობის პერიოდი, ამასაც მივიღებ, რადგან ჩავარდნა ძალიან დიდ მომღერლებსაც ჰქონიათ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაუბრუნებიათ დიდება.
– მართალია, მსმენელმა კარგად მიგიღო, ფანები თუ გყავს და მათზე რას გვეტყვი?
– მიყვარს ჩემი ფანები, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან. ყოველდღიურად იმდენ წერილს ვიღებ მათგან „ფეისბუქზე“ და სოციალურ ქსელებზე, რომ ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ვინმე სპეციალურად ხომ არ მიწყობს ამას-მეთქი. ქართველი მსმენელი ძალიან მიყვარს. ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა.
– ინტერნეტით თუ გაგიცვნია ადამიანი, რომელთანაც შემდეგ სერიოზული ურთიერთობა გქონია?
– მეგობრები კი, მაგრამ ჩემი სასიყვარულო ისტორიები ინტერნეტს ნამდვილად არ უკავშირდება.
– შენი აზრით, გამორჩეული მომღერალი ხარ ქართულ შოუ-ბიზნესში თუნდაც შენი იმიჯითა და ვიზუალით?
– კი. რომ ვთქვა არ ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. თუ მღერი და ამ პროფესიას ემსახურები, აუცილებლად გამორჩეული უნდა იყო. თუ გინდა „სუპერსთარობა“ ყოველ მეორეს არ უნდა ჰგავდე. საქართველოში ბევრი კარგი მომღერალია, რომელიც სცენაზე არაფერი არ არის. ჩემი აზრით, ბევრმა საკუთარი იმიჯი აუცილებლად უნდა დახვეწოს. დღეს მარტო ხმა არ არის საკმარისი, თავიდან ბოლომდე „სუპერ სთარი“ უნდა იყო.
– თავად რამდენი ხანი მოუნდი საკუთარი იმიჯის მოძებნას?
– საკმაოდ დიდხანს. დაახლოებით, 5 წელი დამჭირდა საკუთარი თავისთვის რომ მიმეგნო. რომ მივხვდი ჩემი სტილი რაც იყო, იქ გავჩერდი და დღემდე ასე მოვედი.
– ადამიანის გაოცება თუ შეგიძლია?
– ხალხის გაოცება სასწაულად მეხერხება. სცენაზე ვარ ადამიანი, რომელმაც შეიძლება, ყველაფერი შესთავაზოს თავის მსმენელს. მომღერალი შოუმენი უნდა იყოს და სცენაზე შოუს გაკეთება უნდა შეეძლოს. შეიძლება, ეს ბევრისთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ შოუ უნდა გაკეთდეს გასაკვირი და შოკის მომგვრელი.
– შოკში თუ ჩაგიგდია ადამიანი?
– საქართველოში ჯერ ამის საშუალება არ მომეცა, საბერძნეთში – კი. ჯერ ქართულ პუბლიკას ვეცნობი, რომ მივხვდები რაზე რა რეაქცია ექნებათ, მერე აუცილებლად გადავდგამ სერიოზულ ნაბიჯს.
– როდის ფიქრობ ამ ნაბიჯის გადადგმას?
– ჩემს უკან სოლიდური ხალხი დგას, რომელთანაც მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები მაქვს. ჩემით ძალიან სერიოზული პროდიუსერი არის დაინტერესებული, ასევე მე – მისით. ძალიან მალე კი ყველაფრის აფიშირება მოხდება და ყველა ყველაფერს გაიგებს.
– მანდილოსანი თუ ჩაგიგდია შოკში?
– კი, მაგრამ ეს ძალიან პირადულია და როგორ მოგიყვეთ?
– რა სიურპრიზი გაგიკეთებია მანდილოსნისთვის?
– ძალიან მიყვარს სიურპრიზები. მაგალითად, სასურველ მანდილოსანთან ერთად ავმდგარვარ და მაროკოში წავსულვარ ერთი კვირით დასასვენებლად, რომელიც მისთვის სიურპრიზი იყო.
– შენთვის რა გაუკეთებიათ?
– ჩემთვის ყველაზე დიდი შოკი იყო, როცა პირველი შვილი შემეძინა. ეს მართლა განუმეორებელი შეგრძნება იყო, სხვა მხრივ შოკში არანაირი საჩუქრით არ ჩავვარდები.
– რამდენი წლის არიან შენი შვილები?
– ლუკა 4 წლის არის, ხოლო ვივიენი – წლის და 8 თვის.
– რომელი უფრო გგავს?
– ვივიენი.
– რომელია შენი საყვარელი ნივთი, რის გარეშეც სახლიდან არასდროს გამოდიხარ?
– ბავშვობიდან ჩემი საყვარელი აქსესუარებია: საათი, სათვალე და ქუდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დროს თავს დაცულად ვგრძნობ. სათვალეს რომ ვიხსნი, ასე მგონია, შიშველი ვარ. ამიტომ, ღამეც კი სათვალით დავდივარ. სახლში რომ მივდივარ, სანამ დედაჩემი არ მეტყვის, ჩემი ბიჭი, აბა, სათვალე მოიხსენი, უკვე სახლში ხარო, ვერც ვგრძნობ, რომ მიკეთია.
– შესაბამისად, ალბათ, ეს აქსესუარები ძალიან ბევრი გაქვს.
– კი, ნამდვილად, ამით მართლა ძალიან გათამამებული ვარ.
– სიმღერის გარდა კიდევ რისი ნიჭი გაქვს?
– სიყვარულის ძალიან დიდი ნიჭი მაქვს.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– მონა... (იცინის).
– ხშირად ხარ დამონებული?
– არა, ძალიან იშვიათად. ხშირად უფრო გატაცებული ვარ.
– როგორ ფიქრობ, მანდილოსანი შენ უნდა მართო თუ პირიქით?
– პატრიარქატის ხანაში არ დავრჩენილვარ. ჩემი აზრით, ორ ადამიანს თუ ერთმანეთი უყვარს, ერთმანეთის გრძნობებიც თანაბრად უნდა მართონ. ჩემი სტილი ნამდვილად არ არის, ქალს ვუთხრა, მისმინე, თორემ აგხანჯლავ-მეთქი. ძალიან მიყვარს, როცა ქალი განათლებული, ენერგიული და შრომისმოყვარეა. არ მიყვარს სულელი ქალები.
– ანუ, ჭკვიანი ქალების არ გეშინია?
– არა. პირიქით, მამაკაცს ჭკვიანი ქალის კი არა, სულელი ქალის უნდა ეშინოდეს. შარში სულელი ქალი უფრო ჩაგაგდებს, ვიდრე ჭკვიანი.