როგორ „გულაობს“ „საიქიოდან გამოგზავნილი“ ფულებით სალომე ბაკურაძე და რატომ აკივლა ის საყვარელმა მამაკაცმა
მომღერალი სალომე ბაკურაძე ძალიან აქტიური, რომანტიკული, მოსიყვარულე და თბილი ადამიანია. ასეთი თვისებების გამო, უამრავი მეგობარი ჰყავს, შეყვარებული კი სიურპრიზებით ხშირად ანებივრებს. სალომემ ზაფხული აქტიურად გაატარა, კარგად დაისვენა, საყვარელი მამაკაცისგან შოკიც მიიღო და ახლა, თბილისში დაბრუნებული, მომავალი გეგმების რეალიზებაზეა ორიენტირებული.
სალომე ბაკურაძე: ეს ზაფხული ყველაზე სასიამოვნო, განსხვავებული და სიურპრიზებით დატვირთული აღმოჩნდა ჩემთვის: „ჯეოსტარის“ შესარჩევ ქასთინგებში ვიღებდი მონაწილეობას, ვატარებდით კონცერტებს. აღმოსავლეთ საქართველოდან რომ დავიწყეთ ყოფილმა ჯეოსტარელებმა, ასე სიმღერ-სიმღერით მოვიარეთ დასავლეთ საქართველოც. ძალიან ვიღლებოდით, მაგრამ, ისე ვერთობოდით და ისე ვხალისობდით, ვიღას ახსოვდა დაღლა. ბევრი კურიოზული ფაქტიც ხდებოდა და მას აუცილებლად იხილავს მაყურებელი. სხვათა შორის, ერთი დღით თურქეთშიც მოვახერხე „მოშოპინგება“.
– მერე, არ გადარიე ულვაშებიანი თურქი მამაკაცები?
– მაღაზიებში იმას ვფიქრობდი, რა მეყიდა, თურქი მამაკაცებისა და მათი ულვაშების საყურებლად სად მეცალა! (იცინის). ისე, ახლა დავფიქრდი და ულვაშიანი მამაკაცები არ მინახავს თურქეთში. ალბათ, მაღაზიებში „ფეის-კონტროლია“ და ულვაშიანებს არ იღებენ გამყიდველებად. აი, ხუჭუჭთმიან გოგონებზე კი ნამდვილად გაჭრა „ფეის-კონტროლმა“ (იცინის).
– ქასთინგის წინ, გამოცდილი ჯეოსტარელი მომავალ ჯეოსტარელებს რჩევებს არ აძლევდი?
– ვერ ვაძლევდი. სულ იმას ვფიქრობდი: შენი აზრი რომ უთხრა, არ გაუმართლოს და გული დასწყდეს შენზე, ეს ხომ ცუდია?! ამიტომაც, თავს ვარიდებდი მათთვის რჩევების მიცემას. მე ხომ ვიცი, ამ დროს რა ხდება, როგორ განიცდი. ღმერთმა არ ქნას და, რომ არ გაგიმართლოს, ოცნებები ერთი ხელის მოსმით გემსხვრევა.
– სალომე, არ გიფიქრია, რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდი? ბავშვობაში კოსმონავტობაზე არ ოცნებობდი?
– როგორ არ მიფიქრია და, სულ ვამბობ, რომ არა მომღერლობა, ხელოვანი მაინც აუცილებლად გამოვიდოდი-მეთქი. კოსმონავტობის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ექიმის თეთრ ხალათშიც კარგად ვიფარფატებდი და მასწავლებლის სათვალესაც მოვირგებდი (იცინის). მაგრამ, ვერც თეთრი ხალათი მოვირგე და ვერც სათვალე. სიმღერა ვარჩიე. მიკროფონმა და სცენის მტვერმა „მომწამლა“ და, მგონი, გამომდის (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.
– პირად ცხოვრებაში თუ გიმართლებს ისე, როგორც სასიმღერო კარიერაში?
– პირად ცხოვრებაში ოთხი წელია, სტაბილურად ვარ. ჩემი რჩეული, ვასკა, ერთი წლით უცხოეთში, კერძოდ, ჩინეთში იყო სასწავლებლად წასული. ვიცოდი, აგვისტოში აპირებდა ჩამოსვლას და ისე ველოდებოდი, ვერ გეტყვით. თურმე, მომატყუა, უნდოდა, სიურპრიზი მოეწყო ჩემთვის და ისე ჩამოვიდა, არ გამაფრთხილა. მე ბათუმში ვიყავი. მახსოვს, პრესკონფერენცია ჩაატარეს, მერე ბანკეტი მოაწყვეს „სან-რემოში“ და იქ წავედი. ცუდ განწყობაზე ვიყავი – მთელი დღე არ დამირეკა ვასკამ და, ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. ჩემთვის ვიჯექი კუთხეში. უცებ, ფარდა გაიხსნა, რომანტიკული მუსიკა ჩაირთო და არ გამოვიდა ვასკა, საჩუქრებით ხელში?! ისეთ ისტერიკაში ჩავვარდი, მთელი ოცი წუთი ვკიოდი, ძლივს დამაოკეს. ასეთი არაადეკვატური არასდროს ვყოფილვარ, ნამეტანი შოკი მივიღე (იცინის). თურმე, თბილისში, ჩემს სახლში რომ მისულა, უთქვამთ, ბათუმში წავიდაო. იმან კიდევ, აღარ დამირეკა და პირდაპირ ჩამომაკითხა. ახლა, ვიცი, აღარსად აპირებს წასვლას და მშვიდად ვარ. მისი უეცარი და რომანტიკული გამოჩენა ბათუმში კი არასდროს დამავიწყდება.
– რა ჩამოგიტანა საჩუქრად?
– ძალიან ბევრი საჩუქარი ჩამომიტანა. საერთოდ, ვასკა იმდენ საჩუქარს მიძღვნის, რომ ჩამოვთვალო, მთელი წელი არ მეყოფა. ჩემი მანქანა მისი ჩამოტანილი საჩუქრებით გავტენე და უბედნიერესი ვიყავი. ისე, ჩინეთიდანაც მიგზავნიდა ადრე საჩუქრებს. ჩემი მეგობარი მპარავდა მანქანის გასაღებს, ჩააწყობდა შიგ და, დილით რომ ჩავჯდებოდი და ვნახულობდი, მთელი დღე „გიჟობები“ მემართებოდა (იცინის). შეყვარებული სტიქიასავით ვარ – სულ ვბობოქობ და ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ასე ვბობოქრობ და „ვსტიქიობ“ ოთხი წელია, წარმოგიდგენიათ?! (იცინის).
– სალომე, საკუთარ თავზე ჭორები თუ გაგიგია?
– როგორ არა, რამდენიც გინდათ! ხან რას იგონებენ და ხან – რას. ხან პოლიტიკოსი მიყვარს, ხან – ბიზნესმენი და ხან – მაგნატი. ყველაზე მაგარი და ბოლო ჭორი კი ის იყო, რომ, თურმე, დედაჩემი ერთ-ერთი საჩოგბურთო კლუბის მფლობელია. არადა, ჩოგბურთთან შეხება სანათესაოსაც კი არ აქვს. ნეტავ, ეს მართალი იყოს და რას დავეძებ ჭორაობას! (იცინის). მერე გავიგე, თურმე მამაჩემი ყოველ კვირას მიგზავნის ოცი ათას დოლარს და ხელგაშლილად ვცხოვრობ. არადა, მამა გარდაცვლილია და საიქიოდან ხომ ვერ გამომიგზავნის ფულს?! ვხუმრობ ხოლმე, „საიქიოდან გამოგზავნილი“ ფულებით „ვგულაობ“-მეთქი (იცინის). ისიც გავიგე, კულტურის მინისტრის მოადგილედ რომ ვინიშნები და ვემზადები (იცინის).
– რა იცი, რა ხდება. ხომ გაგიგია, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო.
– რა ვიცი, ჩემ გარშემო ვერც ცეცხლს ვხედავ და ვერც კვამლს და... ისე, უარს არ ვიტყოდი ხომ იცი... (იცინის). მეგობრები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, გავიგეთ, სამინისტროდან გქონია შემოთავაზება, რატომ გვიმალავ და როდის იწყებ მუშაობას, რა ხდებაო. მეც ვპასუხობდი, ეს დასვენება შემარგონ და მერე დავფიქრდები მაგ შემოთავაზებაზე-მეთქი. აბა, რა მეთქვა?!
– ძალიან აქტიური და ხალისით სავსე ადამიანი ხარ. წუწუნა და დეპრესიულ ხალხთან როგორ მეგობრობ?
– მირჩევნია, მე ვიყო დისკომფორტში, ვიდრე სხვას შევუქმნა დისკომფორტი. ამიტომ, ურთიერთობაში გაჭირვება „მოსულა“. ერთი სიტყვით, გავიჭირვებ და დავჯდები ნახევარ სკამზე ის რამდენიმე ხანი, ოღონდ სხვა მოერგოს მთლიან სკამს, რა პრობლემაა!
– ბევრჯერ გიწევს ასე „ნახევარ სკამზე“ ჯდომა?
– ხშირად არა, მაგრამ ხანდახან – კი. თუმცა, თუ ადამიანმა მომაბეზრა თავი წუწუნით, ბოლოს მეც ვეღარ მოვითმენ და ვეტყვი: კარგი, რა, შე დალოცვილო-მეთქი. ძალიან დამთმობი ვარ, მაგრამ, დათმობასაც თავისი საზღვარი აქვს.
– ვასკა წარმოშობით მეგრელია?
– მართალია, მეგრელია, გეგელიაა გვარად.
– იმერულ-მეგრულ ქორწილს როდის გეგმავ?
– იმერულ-მეგრულ ქორწილს როდის ვგეგმავ, ეს ჯერ მეც არ ვიცი (იცინის), მაგრამ, გპირდებით, არ გამოგაპარებთ. კარგად გამომდის ქორწილების ორგანიზება და ბევრს ვეხმარები. აი, ჩემს ქორწილს როდის დავგეგმავ და მოვირგებ თეთრ, საპატარძლო კაბას, ჯერ ნამდვილად არ ვიცი.
– კარგად დასვენებული სამომავლოდ, რას გეგმავ?
– მართლა კარგად დავისვენე და ახლა შემართებით შევუდგები საქმეებს. ახალი პროექტი კეთდება „რუსთავი 2-ზე“ და იქ მივიღებ მონაწილეობას. სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან ამოარჩიეს მომღერლები და მათ შორის იქნება შეჯიბრება. გამარჯვებულს ჟიური და მაყურებელი გამოავლენს „ესემესებით“. მალე გავა ეთერში და ვნახოთ.