როგორ „გააბა მახეში“ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანმა მომავალი მეუღლე
როგორც გავიგეთ, თბილისის სასურველ სასიძოთა რიგს სულ ცოტა ხანში „რუსთავი 2-ის“ დილის წამყვანი ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი გამოაკლდება. შეიძლება, ამ ინფორმაციამ ქალბატონებს გული დასწყვიტოს, მაგრამ, დასამშვიდებლად გეტყვით, რომ მისი საცოლე მართლაც არაჩვეულებრივი გოგო, მაიკო ბოკერიაა. დაახლოებით ორი წლის წინ დაწყებული სიყვარული 9 ოქტომბერს ქორწილით დაგვირგვინდება, რის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, წყვილი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს, ისე, როგორც ზღაპრებში გვიყვებოდნენ.
– ვასკა, გაგვაცანი შენი საცოლე.
ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი: ჩემი საცოლეა მაიკო ბოკერია, 27 წლის...
მაიკო ბოკერია: ყოველთვის როგორ ხაზგასმით ამბობს ჩემს ასაკს (იცინიან) – ერთი წლით ვარ ვასკაზე უფროსი და სულ ამაზე მეხუმრება, ბებერი ხარო.
ვასკა: ერთი სიტყვით, 27 წლისაა, პროფესიით ჟურნალისტი, მაგისტრი. მუშაობს „მეორე არხზე“, კორესპონდენტად. ერთმანეთი ჯერ კიდევ ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე გავიცანით საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც მე „მედია-ცენტრში“ ვმუშაობდი, მაიკო კი სწავლობდა. მაიკო შიდა მაუწყებლობის პროდიუსერი იყო, მე კი – ოპერატორი, მემონტაჟე და ყველაფერი სხვა დანარჩენი (იცინიან). მოკლედ, ამ პროექტში შევხვდით ერთმანეთს, თავიდან დავმეგობრდით და მერე ეს ყველაფერი უკვე სიყვარულში გადაიზარდა. ახლა მაიკო არის ჩემი ცოლი, საცოლე, საყვარელი, მეგობარი და ყველაზე დიდი მონაპოვარი.
– მაიკო, შენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ვასკაზე თავიდან და აღმოჩნდა თუ არა ის ისეთი, როგორიც თავიდან გეგონა?
მაიკო: (იცინიან) ეს ძალიან საინტერესო თემაა. როდესაც გადაწყდა, რომ ერთად უნდა გვემუშავა, ჩემმა დეკანმა მითხრა: მაიკო, ფრთხილად იყავიო. გამიკვირდა, ფრთხილად რატომ უნდა ვყოფილიყავი. საშინელი მექალთანეა და უფრთხილდიო, – დამიზუსტა. დავიბენი – ვინ არის ასეთი-მეთქი. ჩემს დაქალებთან ვხუმრობდი, ხვალ ახლოს იყავით და, თუ რამეა, დაგიძახებთ-მეთქი. მოკლედ, ვასკა თემა იყო, სანამ გავიცნობდი. უცებ, მეორე დღეს მოდის ბიჭი, დახეული ჯინსებით, კედებით და ბავშვურად აფახულებს ცისფერ თვალებს (იცინიან). მეთქი, ამ ბიჭზე მეუბნებოდა, უფრთხილდიო?! ძალიან ბევრი ვიცინე.
– მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყავი?
– (იცინიან) კი, ასე გამოვიდა, გავები „მახეში“.
ვასკა: ჩემი ასეთი შეფასება მართლა გადაჭარბებული იყო. დღემდე ვერ ვხვდები, ასე რატომ დამახასიათეს, მაგრამ, მერე თავად მაიკოც დარწმუნდა, რომ ასეც არ იყო საქმე. მოკლედ, კარგად ვიმუშავეთ და იმ დღიდან „დაიწყო“... სისტემატურად ვნახულობდით ერთმანეთს და ყველაფერი ისე აეწყო, რომ აშკარად რაღაც სხვა ხდებოდა.
– როდის იყო პირველი „მიყვარხარ“?
მაიკო: მე მოგიყვებით. თბილი საღამო იყო და ვსეირნობდით. სადღაც ეზოსთან გავჩერდით, ვლაპარაკობდით და, უცებ, ვასკა მეუბნება, აღარ მომწონხარო. დავიბენი და ვითომ ხუმრობაში გადავიტანე – რა გავაკეთო, რომ ხელახლა მოგაწონო თავი-მეთქი. ვერაფერს ვერ გააკეთებ, იმიტომ, რომ მიყვარხარო.
– ყოჩაღ ვასკა! მართლაც საოცრად ორიგინალურია!
ვასკა: გამახსენდა, ზუსტად ასე იყო (იცინიან). ქალებს ყოველთვის გახსოვთ ასეთი რაღაცეები, კაცებს კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეებით გვაქვს ტვინი სავსე: როგორ მოვაწყოთ სახლი, რა და როგორ გავაკეთოთ. ისე ამ მხრივ მართლა არ ვარ კარგი ბიჭი – მაიკოსა და მის დაქალს ერთი დღის გამოტოვებით აქვთ დაბადების დღეები. სამი წლის განმავლობაში ვერ დავიმახსოვრე, მაიკო 5-ში იყო დაბადებული თუ 6-ში.
– აბა, რომელ რიცხვში აქვს დაბადების დღე?
– ექვსში (იცინიან).
– ჩხუბები თუ იყო თქვენს ურთიერთობაში?
– კი, როგორ არა, მაგრამ, წვრილმანი. სერიოზულ კონფლიქტამდე მხოლოდ ერთხელ მივედით. კარის გაჯახუნებით და, „აღარ დავბრუნდები“ – ეგეთი ჩხუბები რომ არის, ხომ იცი, დაახლოებით ასე მოხდა. ერთი თვის განმავლობაში არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს...
– რომელმა გადადგა პირველი ნაბიჯი?
– მაიკომ. აბა, მე ხომ არ დავურეკავდი?!
მაიკო: ხედავ?! შენ რომ მთელი თვე ჩემი დაქალის სახლში იჯექი, ეგ რას ნიშნავდა?! (იცინიან). როდესაც ვასკამ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, ერთი პერიოდი თითქოს ცოტა შეიცვალა. თავში კი არ აუვარდა, უბრალოდ, ახალ სამსახურში ახალგაზრდული გუნდი შეიკრა, ყველა ერთად იყო, ერთად დადიოდნენ, ერთობოდნენ, გვიანობამდე მუშაობდნენ და, უბრალოდ, ყურადღება მომაკლო. ანუ, ვასკა ცოტა ხნით „აიჭრა“. ამ თემაზე მაშინ დავიწყე საუბარი, ცოტა ნასვამი რომ იყო, შევკამათდით და მეორე დღეს აღარ დავურეკე. რა თქმა უნდა, თვითონაც არ დარეკა. დრო რომ გავიდა, მივხვდი, ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, უნდა გველაპარაკა და გაგვერკვია, დავშორებოდით თუ რაღაცა შეგვეცვალა. დავურეკე, ვილაპარაკოთ-მეთქი და, რაც მთავარია, ამ საუბრის შემდეგ დაშორება გადავწყვიტეთ.
– პირველი კოცნა როდის იყო?
ვასკა: ერთხელ ასე ვიჯექი, მაიკო უკნიდან მომეპარა და ლოყაზე ისე თბილად მაკოცა, რომ ეს კოცნა დღემდე მახსოვს. ჩემთვის პირველი კოცნა სწორედ ეს იყო.
– ოჯახების გაცნობა როგორ მოხდა?
– ძალიან ჩვეულებრივად. მაიკო თავიდანვე გავათამამე იმით, რომ ჩემს სახლში ხშირად მიმყავდა, მეგობრის სტატუსით და ჩემი ოჯახის წევრები იცნობდნენ. მაიკოსთან კი დაახლოებით სამჯერ ვიყავი ნამყოფი: პირველად მაიკოს დაბადების დღეზე ნასვამი მივედი, იქ კიდევ დამაძალეს, დავლიე და იქვე დამეძინა. მერე გავიღვიძე და ჩუმად გამოვიპარე. ჯერ მარინა დეიდა გავიცანი. მესამე შეხვედრაზე კი ირაკლი ბიძიასთან უკვე სასიძოს სტატუსით, ხელის სათხოვნელად მივედი. მართლა ძალიან ვინერვიულე, თან, ირაკლი ბიძიაც ძალიან სერიოზულად დამხვდა. როგორც მერე გავიგე, თურმე ისიც საშინლად ნერვიულობდა. სამსახურში მაგვიანდებოდა, უცებ ვილაპარაკეთ ორივესთვის მნიშვნელოვან საკითხე, სამსახური მოვიმიზეზე და მალევე გამოვიქეცი. ამის შემდეგ კი უკვე ნიშნობა იყო. სიდედრში და სიმამრში მართლა გამიმართლა, კარგი ადამიანები არიან.
– როდის იგეგმება ქორწილი?
მაიკო: თავიდანვე არ გვინდოდა ქორწილის გადახდა. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით, ვიფიქრეთ, ჯვარს დავიწერდით და ჩუმად, წყნარად გადავიდოდით იმ სახლში საცხოვრებლად, რომელსაც ახლა ვარემონტებთ. მაგრამ ასე მარტივად აღარ გამოდის: ამას ვერ ვაწყენინებთ, იმას ვერ ვაწყენინებთ და, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი ქორწილი გვექნება.
ვასკა: ჯვრისწერას სვეტიცხოველში ვაპირებდით, მაგრამ, ჩემმა ბიძაშვილმა, მამა რევაზ მოსეშვილმა მითხრა, ხომ არ გირჩევნიათ, ჯვარი დიდუბის ეკლესიაში, ანუ იქ დაიწეროთ, სადაც თამარ მეფემ იქორწინაო. ამ ტაძრის წინამძღვარი მამა ვასილ ხახიშვილი იყო – ჩემი დიდი ბაბუის მეგობარი და ბაბუაჩემის ნათლია. მის პატივსაცემად დაარქვეს ბაბუაჩემს ვასილი და მეც, უკვე ბაბუის პატივსაცემად დამარქვეს ვასილი. შესაბამისად, დიდუბის ეკლესიაში ჯვრისწერა ჩვენთვის სიმბოლური იქნება.
– იქ, სადაც თამარ მეფე გაჰყვა გიორგი რუსს?
– კი ბატონო. სხვათა შორის, მამაჩემმა ამაზე კარგი ხუმრობა ააგო: მეჯვარეებში პუტინი მოიხსენიეთ. ქორწილის შემდეგ კი ეს ამბავი რამენაირად გააგებინეთ მას და საჩუქრად ორი ქართული სოფელი სთხოვეთ – ერთი სამხრეთ ოსეთში, მეორე აფხაზეთშიო. ერთი სოფელი იქნებ ლამისყანა იყოს, მანდ კარგი ხახვი მოდისო (იცინიან), რეალურად მეჯვარეები იქნებიან ჩემი და მაიკოს ბავშვობის მეგობრები.
– ჩოხას იცვამ ქორწილში?
– ამის სურვილი მაქვს, მაგრამ, ისეთი ჩოხის შეძენა, როგორიც თავადს ეკადრება, მაიკოს საქორწილო კაბაზე ძვირი ჯდება და ამ ეტაპზე ამის ფუფუნება არ გვაქვს. ისე, 9 ოქტომბერი ძალიან ახლოსაა და ჯერ მაიკოსაც კი არ გადაუწყვეტია, სად შეიკერავს კაბას.
მაიკო: ჩემი უახლოესი დაქალის მულია თამუნა ინგოროყვა და, ვფიქრობ, მასთან ხომ არ მივიდე – სადა და ლამაზ კაბებს კერავს.
– მითხარი, როგორია შენი მაიკო?
ვასკა: არ ვიცი, ასე თქმა ძალიან გამიჭირდება. ისე, როგორიც ჩემთან არის, ამას ხმამაღლა რომ ვამბობ, არავის სჯერა, ყველა სხვანაირს იცნობს. ჩემი მაიკო საკმაოდ პრინციპულია, ჯიუტი, მებრძოლი, მაგრამ, ამავდროულად თბილი და მოსიყვარულე. მართალია, ფლირტის, გაცნობის, გაპრანჭვის მომენტები ძალიან კარგია, მაგრამ მიუხედავად ამ წინასაქორწილო ციებ-ცხელებისა და დაძაბულობისა, ახლა ჩვენი ურთიერთობის საუკეთესო ეტაპია და, იმედია კი არა, დარწმუნებული ვარ, სულ ასე იქნება.
– რამდენიმე წლის შემდეგ როგორ გაიხსენებთ თქვენს სიყვარულის ისტორიას და, საერთოდ, ყველაფერ იმას, რაც ქორწილამდე ხდებოდა?
– ამ ყველაფერს მაშინ გავიხსენებთ, როდესაც ღამით ხშირად გაღვიძება, „პამპერსების” გამოცვლა, ბავშვების კვება და აკვანის რწევა დაგვჭირდება (იცინიან). გავიხსენებთ ისე, როგორც რაღაც ძალიან დიდის დასაწყისს, რომელზეც ბევრი წლის შემდეგ იტყვიან: „და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად!..