როგორ აჟღერდა ციხეში შესული ქალბატონის უკანალიდან „რადიომაიაკის“ ჰანგები
ლაპარაკობს „რადიომაიაკი!“ ცნობილ ციხეში, „მატროსკაია ტიშინაში“, ოცი წელი ვიმუშავე. იქ უცხოელი ჯაშუშების გარდა ეგრეთ წოდებული დისიდენტებიც იხდიდნენ სასჯელს და სამ თვეში ერთხელ ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება ჰქონდათ. ერთხელ, ექვსწელიწადმისჯილ პატიმარს მეუღლე ეწვია და ის ქალი მე ავიყვანე პატიმრების ოთახში. სხვათა შორის, ის პატიმარი დღეს რუსეთის დუმის წევრია, ხოლო მისი ცოლი კი საკმაოდ ცნობილი ქალბატონი. პატიმრის მეუღლეს ქმართან შესატანი პროდუქტები ჰქონდა თან. მოსაცდელ ოთახში ის პროდუქტები ყურადღებით შეამოწმეს, ყველაფერი წესრიგში იყო და ციხეში მალევე შეგზავნეს. შემდეგ კი ქალბატონი გაიყვანეს ცალკე ოთახში, რომ იქ ბადრაგ ქალებს შეემოწმებინათ. როცა ის „სუფთა“ აღმოჩნდა, ანუ სხეულზე არავითარი აკრძალული ნივთი არ აღმოაჩნდა, მე და მან დაუბრკოლებლად გავიარეთ ოთხი ბარიერი და, როგორც იქნა, პაემნების ოთახში შევედით. მე უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ქალი ქმრის მოლოდინში სკამზე ჩამოჯდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, უკვე გარეთ გავდიოდი, როდესაც მომესმა „რადიომაიაკის“ პოპულარული მელოდია „პადმასკოვნიე ვეჩერა“, დიქტორმა კი რიხიანად თქვა: – ლაპარაკობს „რადიომაიაკი“! მე ოთახში მიმოვიხედე, მაგრამ, როგორც მოველოდი, პაემნების ოთახში რადიოს მსგავსი არაფერი იყო, „მაიაკის“ დიქტორი კი უკანასკნელ ცნობებს გადმოსცემდა... მე სახეგაწითლებულ ქალბატონს მივაჩერდი და ყველაფერს მივხვდი – მინი-რადიო მას სწორ ნაწლავში ისე ღრმად ჰქონდა დამალული, რომ ბადრაგმა ის შემოწმებისას ვერ აღმოაჩინა, ხოლო როდესაც ქალი სკამზე ჩამოჯდა, რადიო ჩაირთო და „მაიაკის“ ჰანგები გადმოაფრქვია. ქალბატონს, რა თქმა უნდა, რადიოც ჩამოართვეს და პაემნის უფლებაც იმასთან, ვისთანაც მას ეს რადიო „ამერიკის ხმის“ მოსასმენად შეჰქონდა ციხეში. პოდპოლკოვნიკ ნოდარ იაკობაშვილის ნაამბობის მიხედვით მოამზადა ნიკა ლაშაურმა