რატომ მოუხდა ერთი ბლოკი სიგარეტის გამო “შპაგატში„ ძილი ნიკა არაბიძეს და სად უნდა დახვდეს მას საყვარელი ქალი სახლში რესტორნიდან მისულს
ნიკა არაბიძე ის ადამიანია, რომლის ხუმრობაც ნამდვილად იწვევს სიცილს, რომლის გვერდითაც არ მოიწყენთ და რომლისთვისაც, ადამიანების გაღიმება, უბრალოდ, პროფესიად იქცა. მისი მონაყოლი, თავს გადახდენილი ამბები კი, ნამდვილად საინტერესო და კურიოზულია. ერთი სიტყვით, ნიკას ქუთაისური ხუმრობები თბილისშიც კარგად ჭრის, ქართულ სატელევიზიო იუმორისტულ შოუებსაც გადასარევად ერგება და ჩვენს კარგ განწყობაზეც არის პასუხისმგებელი.
ნიკა არაბიძე: კურიოზულ სიტუაციებში, გინდა თუ არა ადამიანს, მაინც ხვდები. ასე რომ, გასახსენებელიც ბევრია, სასაცილოც და ჭიქით ხელში, ტკბილი მოსაგონარიც.
– ნიკა, თუ გახსოვს, შენი პირველი სიმთვრალე და მეორე დღის მტანჯველი „პახმელია“?
– მაგას რა დამავიწყებს. კი ამბობენ, ნიკამ რაც ფეხი აიდგა, იქიდან სვამსო, მაგრამ, სულ პირველად რომ დავლიე, ალბათ მერვე კლასში ვიქნებოდი. მივაყოლე, მივაყოლე და ექვსი ჭიქის მერე, ისეთი მთვრალი ვიყავი, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ისე ამებნა თავგზა, რომ სახლში მეზობლის ჭიშკრიდან შევედი. არ მინდოდა, ჩემი სიმთვრალე შეემჩნიათ, მაგრამ ისეთ რვიანებს ვხაზავდი, დედაჩემი გაოცდა, არ მომწონს, შვილო, შენი სიარული და ხომ ჯანმრთელად ხარო (იცინის). აი, ეს იყო ჩემი პირველი დათრობა და მტერს, მე რომ დღეში ჩავვარდი. ერთხელ კი, სტუდენტობის დროს დავთვერი. სახლში კი მივედი, მაგრამ რად გინდა? საწოლი, მაგიდა და სკამი, ყველაფერი გარეთ გარბოდა (იცინის). ვიფიქრე, საწოლს გამოვეკიდები, იქნებ დავეწიო და შევახტე-მეთქი, გავიქეცი და კინაღამ არ ავცდი?! ბეწვზე გადავრჩი, თორემ მე რაღა ამფხიკავდა იატაკიდან.
– წარმოშობით ქუთაისიდან ხარ. ისე, დასავლეთის იუმორი დედაქალაქში როგორ ჭრის?
– ძალიანაც კარგად. სულ ვამბობ, მე ქუთაისური აზროვნება მაქვს და სადაც არ უნდა წავიდე, ვერ გამოვიცვლები-მეთქი. დასავლეთში რომ ჩავდივარ, მაშინ ვხვდები, როგორ მენატრება იქაურობა. ერთხელ, ჩემი სოფლიდან ქუთაისში მივდიოდი მანქანით. ძალიან მეჩქარებოდა და აკრძალულ ადგილას „დავუაბგონე“ მანქანას. ბედი არ გინდა? გავიხედე და პატრული არ „გამეჩითა“. ამინთო ფარები. ავდექი და მეც ავუციმციმე ფარები. დაიწყო წივილ-კივილი, მეც გავიყრუე, ვითომ არ მესმის. არ ვაქცევ ყურადღებას. არ მომეშვა. გავრბივარ, მომდევს. ბენზინგასამართ სადგურთან რომ შევჩერდი, წამომეწია. გადმოვედი მანქანიდან, მივედი და ვუთხარი: საერთოდ არ ვარღვევ ძმებო მოძრაობის წესებს, მაგრამ ახლა ისე მეჩქარება, რა ვქნა-მეთქი. დამაკვირდა და გაეღიმა. მოლბა, მარა რა მოლბა! ისე გაგაჩერეთ, ბატონო, გიცანით ვინც ხართ, უბრალოდ, მოკითხვა გვინდოდა და იმიტომ დაგედევნეთო. ვიფიქრე, შე მამა ცხონებულო, მე კი მანერვიულე და კი დამავიწყდა როგორ ვარ-მეთქი (იცინის). ასე რომ, დასავლეთის პატრულებთან სრული ჰარმონიული დამოკიდებულება მაქვს. ისე, კანონმორჩილი ადამიანი ვარ და არც პრობლემებს ვიქმნი პატრულთან.
– ამბობენ, ნიკა კარგი თამადაა და ხშირად სუფრის თავში უწევს ჯდომაო. მართლა ასე კარგად შეგიძლია სუფრის გაძღოლა და ნასვამი ადამიანების დამორჩილება?
– თამადობისა და ნასვამი ადამიანების დამორჩილების რა მოგახსენო, მაგრამ ერთხელ, არ დამავიწყდება, ტელეფონზე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა. ავიღე თუ არა ყურმილი, დაიწყო: დედა, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, არ მიცნობ, მაგრამ პატივი უნდა დამდო, დედიკო, შვილის ქორწილი მაქვს და უარი არ მითხრა, თამადა შენ უნდა იყოო. მოვუბოდიშე, ქალბატონო, არ მცალია და უნდა მაპატიოთ, სამსახურიდან ვერ გამოვალ-მეთქი, მაგრამ მომეშვა? კი გადაირია, უარი როგორ მითხარიო, მაგრამ აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, ქალბატონო სიძე-პატარძალს არ ვიცნობ, ოჯახზე ხომ აზრზე არ ვარ და ვინ გიდღეგრძელოთ-მეთქი. ერთხელ კი, ახლობელმა დამპატიჟა ქორწილში თამადად და კიდევ კარგი, ვერ წავედი, არ ვნანობ.
– რატომ არ ნანობ?
– ისეთი ჩხუბი ამტყდარა, იქ რომ ვყოფილიყავი, მე ჩემი ამბავი არ ვიცი, ჩავერეოდი ჩხუბში და ისეთს დამმართებდნენ, მტრისას (იცინის). მერე მომიყვნენ, სიძისთვის გაპიწკინებული შარვალ-კოსტიუმი შემოუხევიათ ტანზე და მე დამინდობდნენ?
– ნიკა, მოდი შენი „კრიმინალური“ წარსულიც გავიხსენოთ. რამე თუ მოგიპარავს ცხოვრებაში?
– კი ბატონო, გავიხსენოთ (იცინის). გერმანიაში ვიყავი. ბიჭებმა მითხრეს, აქ ყველა ვიპარავთო. ავდექი, მეც შევედი მაღაზიაში, ოცდაათი ევროს ღირებულების რაღაცეები ვიყიდე და თან შოკოლადი მოვიპარე. ხელს გამოვაყოლე რა... დამიჯერეთ, ერთი სიკვდილი გავათავე, იმ ერთი შოკოლადის გამო. თან, სანამ იმ მაღაზიას კარგა შორს არ გავცდი და თავი სამშვიდობოს არ დავიგულე, მანამდე არ ვჭამე.
– მერე, როგორ შეგერგო მოპარულის ჭამა?
– ისე მაგრად შემერგო, როგორც დაგიბარებიათ (იცინის). რა ვიცი, დღესაც კარგად ვგრძნობ თავს და ნახევარ გერმანიას არ გაუგია რა მოვიპარე და როგორ შევირგე. პირი კი ჩავიტკბარუნე და... ერთხელ კი, მაღაზიაში შევედი, „კოკა-კოლა“ დავლიე, ქუდი დავიხურე და გამოვედი ქუჩაში, ისე, რომ ფული არ გადავიხადე. ამას მარტო ქართველი კაცი თუ იზამს.
– ქუთაისის სცენაზე კურიოზულ სიტუაციებში ხშირად ხვდებოდი? გამიგია, თითქოს, როლი ნიძლავზეც გითამაშია. ეს მართალია?
– ქუთაისის სცენაზე, ერთი ასეთი ნომერი გვქონდა: მე ვიყავი ქმარი და ჩემი ძმაკაცი კი ცოლი. სანამ რამეს კიდევ მკითხავ, მანამდე გიპასუხებ, რომ ვერ გეტყვით როგორ ქმრობას ვუწევდი, ეს მას უნდა ჰკითხოთ (იცინის). მოკლედ, ცუდი ქმარი ვიყავი და ცოლს ვცემდი. ერთ დღესაც, რეჟისორმა მითხრა, თუ ცოლს მაგრად ამოარტყამ პანღურს სცენაზე, ერთი ბლოკი სიგარეტით „დაგაჯილდოვებო“. ვიფიქრე, რას ვკარგავ-მეთქი და დავეთანხმე. მოკლედ, სცენაზე ვდგავარ, როლში შევედი და არ გამახსენდა რეჟისორის ნათქვამი... არადა, რაჭველივით გვიან გამახსენდა. ცოლი უკვე კულისებში გადიოდა. ვიფიქრე, სანამ ბოლომდე დავიღუპე და დავკარგე სიგარეტის ბლოკი, რამე უნდა ვიმოქმედო-მეთქი. გავიქეცი, სირბილის დროს ავწიე პანღურის დასარტყმელად ფეხი და იმან ფეხზე არ ამომკრა ფეხი? პირდაპირ სცენაზე, ამხელა კაცი „შპაკატში“ ჩავჯექი. ვეღარ წამოვდექი და ასე „შპაკატში“ ჩამჯდარი გამიყვანეს სცენიდან. მთელი ღამე ასე „შპაკატში“ ჩამჯდარს მეძინა. მეორე დილით კი ნორმალურად ვეღარ გავიარე ქუჩაში (იცინის). მერე კი მივხვდი, რომ იმ ერთი ბლოკი სიგარეტის გამო არ ღირდა ცოლის დაპანღურება, მაგრამ რაღა დროს. ასეა, ძმაო, რაც არ გერგება არ შეგერგება.
– ისე, მოგებული თუ მიიღე?
– ჰოდა, მაგას ვამბობ, ღირდა ამად იმ სიგარეტის გაბოლება-მეთქი? (იცინის).
– ამბობენ, სამსახურიდან სახლში მისულ კაცს ცოლი სამზარეულოში უნდა დახვდეს, რესტორნიდან მისულს კი საძინებელშიო. ამაზე რას იტყვი?
– იმასაც ხომ გააჩნია, როგორ მივდივარ სახლში? თუ ძალიან მშია, სამზარეულოში ჯობია დამხვდეს, თუ რესტორნიდან კარგი ნასვამ-ნაჭამი მივედი, რა პრობლემაა, საძინებელში დამელოდოს (იცინის). ისე, სიმართლე თუ გინდათ, დესპოტი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ოჯახში მაინც კაცს ეკუთვნის მთავარი სიტყვა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში. ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ ქალი მარტო სამზარეულოში და საძინებელშია საჭირო.
– ისე, ალალად მითხარი, როგორ ფიქრობ, ჭკვიანი ქალი უფრო საშიშია თუ ლამაზი?
– უი, ჭკვიანი ქალი მტრისას (იცინის). თუ მე მეკითხებით, გეტყვით, რომ ჭკვიანსაც და ლამაზსაც თავისი იარაღი აქვს და შეიძლება, ისე გამოიყენოს კაცის წინააღმდეგ, სულ დაგღუპოს და დაგანელოს. ორმაგად საშიში იცი, რომელია?
– არა, არ ვიცი. რომელი?
– თუ ქალი ლამაზიც არის და ჭკვიანიც, აი, მაშინ ორმაგად საშიშია.
– ქალის გამო თუ ჩაგიდენია „საგმირო საქმე“, მაგალითად სერენადა გიმღერია ღამით გოგონას აივანთან?
– ერთხელ, ძმაკაცს გავყევი სერენადების სამღერლად. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. ისეთი ქარი ამოვარდა, მაინცდამაინც იმ დღეს, კინაღამ წაგვიღო ბიჭები. დაახლოებით, ათი სიმღერა ვიმღერეთ, გავიჭაჭეთ და ისე მიჰქონდა ჩვენი ხმა ქარს, ერთი ბგერაც არ მისულა იმ გოგონას ფანჯრამდე. ვის ვუმღეროდით, კაცმა არ იცის. ასე რომ, ჩემი საგმირო საქმე ვერავინ გაიგო და რა გინდა ქნა? (იცინის).