30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N30–37(507)
ტყვეობაში ერთი თვე დავყავი. მთელი ეს პერიოდი ნესტიან სარდაფში გავატარე და თავზე ნუგზარა მადგა, რომელსაც ჯერ „აბრეზი“ ჰქონდა, მოგვიანებით კი ავტომატით შეიარაღდა. ის გარეწარი სისტემატურად მამცირებდა და, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც რკინის ძელზე ბორკილებით ვიყავი მიბმული ხელ-ფეხით, დღეში სამჯერ მცემდა, მხოლოდ ერთხელ მაჭმევდა. ნახევარ – „ბუხანკა“ გამხმარ პურს მაძლევდა და მხოლოდ ნახევარ ლიტრ წყალს მასმევდა, თან მეუბნებოდა:
– ჩემი ნება რომ იყოს, წამებით მოგკლავდი, შიშველს ფეხებით დაგკიდებდი თავქვე და სხეულს სამართებლით დაგისერავდი, ჭრილობებში კი მარილს ჩაგაყრიდი!
ნუგზარამ რამდენჯერმე ჩემი დახვრეტაც გაითამაშა და „ხალასტოი ზარიადი“ მომიშვა ავტომატიდან. მოკლედ, ტყვეობიდან რომ გავთავისუფლდი, 50 კილოგრამი მქონდა დაკლებული და ეს დევივით კაცი 50 კილოგრამსღა ვიწონიდი. საგრძნობლად მქონდა შერყეული ფსიქიკა, თითქმის სიგიჟის ზღვარზე ვიყავი.
ჩემი ტყვეობიდან გამოხსნა მხოლოდ მას მერე მოხერხდა, როდესაც პირველი, ერთთვიანი ქართულ-ოსური დაპირისპირება დასრულდა და საბჭოთა არმიის პოლკოვნიკმა თბილისში პირადად ჩამიყვანა. ცხინვალში, ჯავასა და მთელ სამხრეთ ოსეთში მხოლოდ სამხედრო ნაწილები იდგნენ, მილიციის ჭაჭანება არ იყო და ჩვენი უწყება იმ რეგიონში უკვე ვეღარაფერს აკონტროლებდა.
გამოშვების წინ ნუგზარამ დამცინავად მითხრა:
– ხომ ჩაგახედე სიკვდილს თვალებში! აბა, რა გეგონა, ზარინას რომ მართმევდი?! შენ გგონია, არ ვიცი, აქედან იმიტომ წაიყვანე, რომ შენს ნაბიჭვარზე დაგექორწინებინა? მაგრამ, გპირდები, ამას არ შეგარჩენ და ყველაფერს ჩაგამწარებ, შემდეგი ჩვენი შეხვედრა კი შენი სიკვდილით დასრულდება.
ნუგზარას სიტყვებმა კინაღამ შოკში ჩამაგდო, რადგან მან ზუსტად თქვა ის, რასაც მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით და ვერ წარმომედგინა, საიდან იცოდა. ეს ყველაფერი შემთხვევითობას დავაბრალე და ვიფიქრე, რომ იმ ნაძირალას სიტყვები უბრალო დამთხვევა იყო.
თბილისში ისე მიმიღეს, როგორც გმირი და მთავრობამ მამაცობის საპატიო მედლით დამაჯილდოვა, ჩვენმა მინისტრმა კი სოლიდური ფულადი პრემია გადმომცა, გენერლობა მიწინასწარმეტყველა და მითხრა:
– ყოჩაღ, ჯემალ, რომ არ გატყდი, ჩვენი მუნდირი არ შეარცხვინე და ღირსეულად გაუძელი ყველა გასაჭირს! უეჭველი გენერლობა გელოდება და მაღალი თანამდებობა არ აგცდება. ახლა კი ორი თვე დაისვენე, მომჯობინდი და, სრულ ფორმას რომ აღიდგენ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო.
ჩემი ოჯახის წევრები დიდი სიყვარულით შემეგებნენ, თავს დამკანკალებდნენ, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ და სულ რაღაც ორ კვირაში კვლავ კაცს დავემსგავსე. მართალია, ძველი ფორმა ჯერ არ მქონდა აღდგენილი, მაგრამ ჯანზე ვიყავი მოსული და, რაც მთავარია, კოშმარები აღარ მესიზმრებოდა. ყველაზე მეტად კი ის მახარებდა, რომ ბესთა ზარინასაც მოსწონდა და, აშკარა იყო, რომ მათ შეუღლებას არაფერი დაუდგებოდა წინ.
კეთილგანწყობას გამოხატავდა ჩემ მიმართ ჩემი სიძე ნუგზარიც, რომელიც სულ ჩემ ირგვლივ ტრიალებდა და ცდილობდა, ჩემთვის ესიამოვნებინა. თუმცა, ინტუიცია საპირისპიროს მკარნახობდა, ვგრძნობდი, ჩემი სიძე თამაშობდა და ეს კეთილგანწყობა მხოლოდ და მხოლოდ ფარსი იყო. თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გამაჩნდა და, სიმართლე გითხრათ, არც კი ვცდილობდი მათ მოპოვებას.
ასე გავიდა ერთი თვე. მე თითქმის აღვიდგინე ძველი ფორმა და სამსახურში დაბრუნებას დროზე ადრე ვაპირებდი, რომ ცალთვალა ჯაყოს ამბავი შევიტყვე: მას, თურმე, საკნის გისოსზე ჩამოუხრჩვია თავი და სიკვდილის წინ წერილი დაუტოვებია, რომელშიც ეწერა: მაპატიე, ზარინა, მაგრამ ამხელა ცოდვით ვეღარ ვივლი ამქვეყნადო.
დრო არ ითმენდა და რამე უნდა მეღონა. ზარინას რომ ეს ამბავი შეეტყო, შეიძლება, ამ ყველაფერს გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა – ჭკუიდან შეშლილიყო, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მამამისს სულ მალე ნახავდა ციხეში, მოუთმენლად ელოდა ამ დღის დადგომას. გადავწყვიტე, ის თბილისიდან გამერიდებინა. ამიტომ, მე და მადინამ მოვიფიქრეთ, რომ მსოფლიოს გარშემო სამთვიან კრუიზში გამგზავრებულიყვნენ ყველანი, ჩემ გარდა და ვიმედოვნებდით, რომ ამის შემდეგ ზარინა უფრო ადვილად გადაიტანდა მამის სიკვდილს.
– მოკლედ, ასე მოვიქცეთ, საყვარელო, – ვუთხარი მადინას, – თქვენ ყველანი კრუიზში გაემგზავრებით და რომ ჩამოხვალთ, ზარინას იმდენად აღარ გაუჭირდება მამის სიკვდილის გადატანა.
– ეგ კი კარგად მოგიფიქრებია, – მითხრა მადინამ, – მაგრამ, შენი დარდი მექნება. როგორ იქნები აქ უჩვენოდ, მარტო? ჯერ კიდევ სრულად არ გამოჯანმრთელებულხარ, თანაც, პატრონი ხომ გინდა?
– ჩემი დარდი ნუ გაქვს, – მივუალერსე მეუღლეს, – მთავარია, ახლა ეს ცუდი პერიოდი გადავატანინოთ ჩვენს მომავალ რძალს. მე კი უკვე კარგად ვარ.
ერთი სიტყვით, ამ საუბრიდან ერთი კვირის თავზე, ზარინა, ჩემი ცოლ-შვილი და სიძე სოხუმის პორტში საოკეანო-საკრუიზო ლაინერში ჩავსვი და მსოფლიოს გარშემო სამთვიან მოგზაურობაში გავამგზავრე, შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ძალების აღდგენის აქტიური პროცესი განვაგრძე.
ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ კოშმარები აღარ მესიზმრებოდა, მშვიდად მეძინა და ძველ ფორმას ვუბრუნდებოდი.
ჩემი ცოლ-შვილის გამგზავრებიდან ათი დღე იყო გასული და სამსახურში დაბრუნებამდე სულ რაღაც ორი კვირა მაკლდა, როდესაც მორიგი პროცედურა ჩავიტარე, ვივარჯიშე, მსუბუქად ვივახშმე და დასაძინებლად დავწექი. მივლულე თუ არა თვალები, მაშინვე ფატიმა და მარიანა გამომეცხადნენ და მითხრეს, უბედურება გეწვია და კარგა ხანს არ მოგშორდებაო. შემდეგ გაქრნენ, მე კი ოფლში გაწუწულმა გამოვიღვიძე და სწორედ ამ დროს დარეკა კედლის საათმა ორჯერ. უსაშინლესმა შიშმა შემიპყრო, კანკალმა ამიტანა და ისეთ ცუდ დღეში ჩავვარდი, რომ ენით აღწერა შეუძლებელია, – პოლკოვნიკი ჯიოშვილი კანკალმა აიტანა, თვალები გაუფართოვდა და შეშლილივით აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ამიტომ ჯაბამ მას მხარზე გადაუსვა ხელი და უთხრა:
– საკმარისია, ჩემო ჯემალ, შეგიძლია, აღარ გააგრძელო და შენს ადგილს დაუბრუნდე, – შემდეგ დანარჩენებს მიუბრუნდა:
– რას იტყვით, მეგობრებო, აუცილებელია, რომ ჯემალმა ამ ისტორიის ფინალი გვიამბოს?
– არა! არა! – ერთხმად დაეთანხმნენ ჯაბას დანარჩენები, რომლებიც მიხვდნენ, რომ პოლკოვნიკს დიდ სულიერ ტკივილს აყენებდა საკუთარი ისტორიის ფინალის გახსენება. მაგრამ ჯემალ ჯიოშვილმა მარცხენა ხელით ანიშნა თანაპალატელებს, გაჩერებულიყვნენ, შემდეგ ჯაბას მიუბრუნდა და უთხრა:
– მაპატიეთ, ბატონო ედუარდ, ცოტა ავღელდი, მაგრამ ახლა უკვე მშვიდად ვარ. წესი წესია და ყველაფერს ბოლომდე მოგიყვებით.
– კეთილი, ბრძანე, – ნება დართო ჯაბამ.
– ჰოდა, ჩემო მეგობრებო, – განაგრძო თხრობა პოლკოვნიკმა, – დილამდე ასეთ კოშმარში გავიდა დრო. როგორც კი ინათა, რადიო ჩავრთე და უკანასკნელი ცნობები მოვისმინე და საშინელი კოშმარი შევიტყვე: დიქტორმა გამოაცხადა, რომ საოკეანო-საკრუიზო ლაინერმა, რომელზეც ჩემი ოჯახის ექვსი წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა... ამის მოსმენა იყო და გული წამივიდა, მაგრამ, კვლავ დედა-შვილი გამომეცხადა. ისინი, რომლებიც ჩემ ირგვლივ დარბოდნენ და გაჰკიოდნენ: აბა, რა გეგონა, სახლი რომ არ დაგვიბრუნე? ხომ გაწყდნენ მისი მობინადრეები, შენ კი სულ მალე სხვა სახლში იცხოვრებო. როგორ მოვედი გონზე აღარ მახსოვს, მაგრამ ხელში უკვე ბენზინით სავსე ავზი მეჭირა. საწვავი ოთახებში მოვასხი, შემდეგ იქაურობას ცეცხლი წავუკიდე და გავკიოდი: წყეულიმც იყოს აქაურობა! წყეულიმც იყავი, ძია ბესთა, ფატიმა და მარიანა-მეთქი... შემდეგ კვლავ გონება დავკარგე და ალმოდებულ სახლში, იატაკზე გავიშხლართე. გონს რომ მოვეგე, უკვე აქ ვიწექი და რაჟდენ რაჟდენოვიჩი დამყურებდა თავზე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, აქედან ფეხი არ მომიცვლია და, მგონი, ვიმსახურებ, რომ 30 თებერვალს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე. აი, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა და მზად ვარ, ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო... – პოლკოვნიკმა თხრობა დაასრულა და ჯაბას გაუღიმა.
პალატაში სამარისებური სიჩუმე იდგა. ყველა შეძრული იყო პოლკოვნიკის მონათხრობით. ჯაბამ კი დანარჩენებს გადახედა, მოსმენილით გაოგნებულ ხალხს ჰკითხა:
– კითხვები გაქვთ?
– არა, – ყველამ ერთხმად მიუგო ჯაბას.
პოლკოვნიკმა თანაპალატელებს გადახედა, დიტო სულაბერიძეზე შეაჩერა მზერა და ჰკითხა:
– კითხვა არც შენ გაქვს, დიტო?
– რეპლიკა მაქვს, – თქვა სულაბერიძემ და ჯაბას ჰკითხა, – შეიძლება, ვთქვა?
– ბრძანე, – ნება დართო ჯაბამ ჟურნალისტს, რომელიც ჯემალ ჯიოშვილს მიუბრუნდა და უთხრა:
– იმ საკრუიზო-საოკეანო ლაინერის, რომელშიც შენი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კატასტროფის შესახებ ბევრი რამ მსმენია, წამიკითხავს და ტელევიზორშიც მინახავს, მაგრამ არსად არ თქმულა, რომ მის ბორტზე მყოფი ადამიანები დაიღუპნენ. ისინი უბრალოდ გაუჩინარდნენ და მეტი არაფერი, ხოლო გაუჩინარება კი სულაც არ ნიშნავს სიკვდილს. აქ მყოფი ხალხის, ანუ იმათ გარდა, ვისთანაც კონტაქტი გაქვს, შენც გაუჩინარებული ხარ, მაგრამ მკვდარი ხარ? არა, შენ ცოცხალი, საღ-სალამათი ხარ და 30 თებერვალს რომ აქედან გახვალ, გამოჩნდები. ისევე გამოჩნდებიან ბერმუდის სამკუთხედიდან გაუჩინარებულები და შეიძლება, უკვე გამოჩნდნენ კიდეც. ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ 30 თებერვალი, რაც შეიძლება მალე დადგეს, ხოლო ჩვენ კი ღირსეულად შევხვდეთ ამ უმნიშვნელოვანეს და უღირსშესანიშნავეს თარიღს. გაუმარჯოს 30 თებერვალს! – სულაბერიძემ მარჯვენა ხელის მუშტი ჰაერში შემართა, 30 თებერვლის სადიდებელი ფრაზა კიდევ ორჯერ გაიმეორა და ასე დააბოლოვა, – აი, ეს იყო ჩემი რეპლიკა.
– დიდებული სიტყვები იყო, – თქვა ჯაბამ შევარდნაძის ხმით, – გაუმარჯოს 30 თებერვალს! ნამდვილად გაუმარჯოს...
– გა-უ-მარ-ჯოს! გა-უ-მარ-ჯოს! – ჯაბასთვის მოულოდნელად აიტაცეს 30 თებერვლის სადიდებელი ფრაზა „ლუქსელებმა“, რომლებიც ერთხმად, აღტკინებულები იმეორებდნენ მას ზედმეტი ხმაურის თავიდან აცილების მიზნით, რასაც ჟუჟუნა სანიტრის რეპრესიები მოჰყვებოდა, ჯაბამ ხელით ანიშნა თანაპალატელებს, რომ გაჩერებულიყვნენ და უთხრა:
– ზედმეტი ემოციებისგან, რომელიც მხოლოდ ვნებს საქმეს, თავი შევიკავოთ და განვაგრძოთ განხილვა. დაგვრჩა ბოლო კანდიდატი, – ჯაბამ დიტო სულაბერიძეს ანიშნა, რომ თანაპალატელების წინ წარმდგარიყო და უთხრა:
– მოდი, დიტო და შენი თავი გააცანი პატივცემულ საზოგადოებას.
დიტო სულაბერიძემ წინა გამომსვლელის ადგილი დაიკავა, თანაპალატელებს თვალი გადაავლო და სერიოზული სახით დაიწყო:
– ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც თითქმის ორ-ორი ათეული წელია, რაც აქ იმყოფებიან, მე სულ რაღაც ექვსი თვის მოყვანილი ვარ და მათსავით ვერც მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით და სახელოვანი ბიოგრაფიით დავიკვეხნი. თუმცა, პატარ-პატარა მიღწევები მეც მაქვს და ვიმედოვნებ, რომ როგორც კი აქედან გავალ, 30 თებერვალს, ჩემი სახელოვანი კარიერა მაშინ დაიწყება. ეს მცირე შესავალი იყო, ახლა კი ჩემს წარსულზე მოგიყვებით, – დიტო სულაბერიძემ მცირე პაუზა გააკეთა, რომ თხრობა გაეგრძელებინა, მაგრამ პალატის კარი გაიღო, ლუქსში ჟუჟუნა სანიტარი შემოვიდა, დოინჯშემოყრილი დადგა და იქ შეკრებილებს შეუღრინა:
– რა თავშეყრა გაგიმართავთ! ჩქარა, თქვენ-თქვენს „კოიკებზე“ განაწილდით და კრინტი არ დაძრათ! – სანიტარმა პალატაში სინათლე ჩააქრო, საწოლებზე წამოწოლილ ავადმყოფებს თვალი გადაავლო და წავიდა.
ჯაბა გაუნძრევლად იწვა ლოგინში, თანაპალატელების მონათხრობებს იხსენებდა და მიუხედავად იმისა, რომ გული მათ მიმართ სიბრალულით ჰქონდა სავსე, შიგადაშიგ ეცინებოდა. ჯაბა განსაკუთრებით გენერლის მონათხრობის იმ ეპიზოდზე ხალისობდა, სადაც დავითფერულმომარჯვებული სპირიდონ ჯაყელი საგიჟეთის სანიტრებს დასდევდა ასაჩეხად. ჯაბამ თვალნათლივ წარმოიდგინა ეს სცენა და რომ არ ახარხარებულიყო და თანაპალატელები არ გაეღვიძებინა, პირზე ხელი აიფარა.
– არ გეძინებათ, ბატონო ედუარდ? – მოესმა ჯაბას დიტო სულაბერიძის ხმა, მარცხნივ მიბრუნდა და თავს წამომდგარი ჟურნალისტი დაინახა.
„ესღა მაკლდა“, – გაიფიქრა ჯაბამ და სულაბერიძე რომ თავიდან მოეშორებინა, შევარდნაძის ხმით უთხრა:
– უკვე გვიანაა, დიტო, მეზობლები არ გააღვიძო, წადი და დაიძინე.
– ამათ დილამდე ზარბაზნების სროლითაც ვერ გააღვიძებ, – თქვა დიტო სულაბერიძემ, ჯაბას საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და განმარტა, – საღამოს რომ მწვანე აბები დაგვალევინეს, ძლიერმოქმედი წამლებია და დილამდე სრული თიში გარანტირებულია, ამიტომ მათ არ გაეღვიძებათ.
– შენ რატომ არ გძინავს, შენც ხომ დალიე მწვანე აბი?
– მწვანე აბი შენც კი მიიღე, – უთხრა დიტომ ჯაბას და ღიმილით დაამატა, – მაგრამ არც შენ გძინავს. მე კი მხოლოდ პირში ვიდებ წამალს, შემდეგ კი ვაგდებ. აბა, მართლა გიჟი კი არ ვარ, რომ ეს საზიზღრობა დავლიო, ისევე, როგორც შენ.
ჯაბას ჟურნალისტის სიტყვები არ ეპიტნავა, მაგრამ არ შეიმჩნია და მიუგო:
– უკვე გვიანია, დიმიტრი, და დროა, დავიძინოთ. ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენი კანდიდატურა დაგვრჩა განსახილველი და დროებითი მთავრობა გვყავს დასაკომპლექტებელი.
– მაგარი „როჟა“ ჩანხარ, – სიცილით უთხრა დიტომ ჯაბას, – თავიდან მართლა გიჟი მეგონე, მაგრამ რომ დაგაკვირდი, დავეჭვდი, ხოლო შენმა უძილობამ კი სრულიად დაადასტურა ჩემი ეჭვები და ვხედავ, რომ ამათ წამლებს ჩემსავით არ სვამ. ისე კი, მაგრად გიჭირავს თავი და ედუარდ შევარდნაძეს თითქმის არაფრით ჩამოუვარდები.
– ედუარდ შევარდნაძე ვარ და... – თქვა ჯაბამ.
– ვიცი! – მტკიცედ თქვა სულაბერიძემ, – მე კი – მაო ძე დუნი, მაგრამ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გიჟი არ ხარ. აქედან, ალბათ, საკმაოდ მალე გახვალ, მინდა, ერთი საიდუმლო გაგანდო და ერთი რამ გთხოვო.
– მთხოვე, ჩემო დიტო, მთხოვე, – ისევ შევარდნაძის ხმით თქვა ჯაბამ, რომელიც დარწმუნდა, რომ ჟურნალისტს მის მიმართ არანაირი უკეთური მიზნები არ ამოძრავებდა, მაგრამ საკუთარი თავი მაინც არ გაამჟღავნა და ედუარდ შევარდნაძედ დარჩენა ამჯობინა.
– მოკლედ, ასე, ჩემო ჯაბა, – სრული სერიოზულობით, დინჯად თქვა სულაბერიძემ, – ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან, რომ აქ ვიმყოფები და ფიქრობენ, ექსტრემალურ კრუიზში ვარ სადმე ტროპიკებში. მათ რომ ეეჭვათ, საგიჟეთში ვაპირებდი შეღწევას, აუცილებლად ჩამიშლიდნენ ამ ჩანაფიქრს და არაფერი გამომივიდოდა. აქ კი იმიტომ ვარ, რომ აქაურ ყოფაზე სრულფასოვანი ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარო და სკანდალური წიგნი დავწერო, რაც ამ დახურული სისტემის მესვეურებს ულმობლად ამხელს და იქნებ, ამ ქვეყანას რამე ეშველოს. ზემოთ უკვე დავასრულე მუშაობა და სამხეცეღა დამრჩა მოსანახულებელი.
– სამხეცე არაა ეს ქვეყანა? – თქვა ჯაბამ შევარდნაძის ხმით, – გინდ ზემოთ და გინდ ქვემოთ, დიდი განსხვავება არაა.
– არა, ჩემო ჯაბა, არა, – თავი გააქნია სულაბერიძემ, – სამხეცე ჯოჯოხეთია, ნამდვილი ჯოჯოხეთი და ხომ გახსოვს, გენერალს რომ ვკითხე მის შესახებ, პასუხის გაცემა არ ისურვა. ჩემი თვალით უნდა ვნახო, სრულად უნდა შევიგრძნო იქაური ატმოსფერო და ჩემი წიგნიც მხოლოდ ამის მერე იქნება სრულფასოვანი. ჩემი თხოვნა კი ისაა, რომ თუკი სამხეცედან ორი, მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში არ დამაბრუნეს უკან, მაშინ ჩემი ამბავი ჩემს ოჯახს შეატყობინე და დანარჩენს ისინი მიხედავენ.
ჯაბამ წარმოიდგინა, თუ რა საშინელი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჟურნალისტის განზრახვას და სცადა, მისთვის ეს წამოწყება გადაეთქმევინებინა. ამავდროულად, ის კვლავ შევარდნაძის ტყავში დარჩა და ყოფილი პრეზიდენტის ხმით უთხრა:
– ვფიქრობ, რაც აქ ნახე, ისიც საკმარისია შენი ჩანაფიქრის განსახორციელებლად და სამხეცეში ჩასვლა არ ღირს.
– ღირს, – მოკლედ მოუჭრა სულაბერიძემ, – უბრალოდ, გთხოვ, თუკი სამხეცეში დამტოვეს, აქედან რომ გახვალ, ჩემებს შეატყობინო ყველაფერი. მპირდები?
– გპირდები, ჩემო დიტო, გპირდები, – ხმის შეუცვლელად, შევარდნაძისეულად მიუგო ჯაბამ დიტოს და მას მერე, რაც სულაბერიძის სახლის მისამართი მოისმინა, კედლისკენ გადაბრუნდა. მანამდე კი ექსტრემალ ჟურნალისტს გამოემშვიდობა, – ნახვამდის, ჩემო დიტო.
– ნახვამდის, ბატონო ედუარდ, – თქვა დიტომ. შემდეგ საკუთარ საწოლს დაუბრუნდა და დაიძინა.
ჯაბას ისევ არ ეძინა და ფიქრობდა: „აი, სიურპრიზი, თურმე ნორმალური არ ყოფილა ეს ჟურნალისტი? მე კი გიჟი მეგონა. თუმცა, გიჟია, აბა, ვინ არის, სად ძვრება, რა უნდა, ან ეს ქვეყანა როგორ უნდა გამოასწოროს? ახალგაზრდა კაცი ხარ, იგულავე, დრო გაატარე, საგიჟეთში რა გინდა, თუკი ჩემსავით ციხიდან თავის დასაღწევად არ გჭირდება. თუმცა, ყველას თავისი გზა აქვს, ახლა კი დავიძინებ“.
ჯაბას პირველი დღე ფსიქიატრიულ კლინიკაში ძალიან მრავალფეროვანი და ემოციურად იმდენად დატვირთული აღმოჩნდა, რომ ყმაწვილს ეს დრო საუკუნედ მოეჩვენა და სანამ დაიძინებდა, ღმერთს შესთხოვა, რომ ამ ჯოჯოხეთიდან რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ დაეღწია თავი.
***
ჯაბამ რომ გაიღვიძა, მისი თანაპალატელები უკვე ფეხზე იყვნენ და მეუფის გარდა, რომელიც კედელზე მიხატულ ჯვარზე ლოცულობდა, მას ელოდნენ.
– დილა მშვიდობისა, ბატონო ედუარდ, როგორ გეძინათ? – ჰკითხა ჯაბას პანტელეიმონ ჯაშმა და გაუღიმა. იგივე გაიმეორეს გენერალმა, პოლკოვნიკმა და დიტო სულაბერიძემ, ხოლო ჯაბა კი საწოლზე წამოჯდა და თანაპალატელებს შევარდნაძის ხმით მიუგო:
– დილა მშვიდობისა, მეგობრებო, მშვიდობა მოგცეთ უფალმა, – ჯაბამ კედელთან მუხლმოყრილ მეუფეს გასძახა, – დილა მშვიდობისა, მეუფევ.
მუხლმოყრილმა მეუფემ უხმოდ დაუკრა თავი ჯაბას, პირჯვარი გამოსახა და ლოცვა განაგრძო. ჯაბამ კი თანაპალატელებს მოუბოდიშა, შემდეგ სააბაზანოში ხელ-პირი დაიბანა, უკან დაბრუნდა და მათ უთხრა:
– მაშ ასე, მეგობრებო, განვაგრძოთ ჩვენი სხდომა და ბოლო კანდიდატი განვიხილოთ, – ჯაბამ დიტო სულაბერიძეს გახედა და უთხრა, – მოდი დიტო, წარმოუდექი კოლეგებს და საკუთარი თავი წარუდგინე.
დიტო სულაბერიძემ დოინჯი შემოიყარა, კოპები შეკრა და თანაპალატელებს განუცხადა:
– უარს ვაცხადებ თქვენს მთავრობასთან თანამშრომლობაზე, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ყოველგვარ ჩარჩოებში მოქცევის კატეგორიული წინააღმდეგი. ძირს ყველა მთავრობა და გაუმარჯოს თავისუფლებას!
ჯაბა მიხვდა, რომ სულაბერიძემ თავისი საქციელით სამხეცეში მოსახვედრი მოქმედება დაიწყო და ვარაუდობდა, რომ ამ ყველაფერს ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვებოდა. თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდა, ეს პროცესი შეეჩერებინა და ჟურნალისტს მშვიდად უთხრა:
– კეთილი, ჩემო დიტო, როგორც გენებოს. თუ არ გსურს, შეგიძლია, არ ითანამშრომლო ჩვენთან, – შემდეგ დანარჩენებს მიუბრუნდა და უთხრა:
– როგორც შეიტყვეთ, დიტომ ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, მაგრამ არა უშავს, შევეცდებით, შედარებით, მცირე ძალებით შევებათ ჩვენ წინ მდგომ სირთულეებს, ხოლო დიტო კი, იმედია, ჩვენს კეთილ მეგობრად დარჩება. ახლა კი მთავრობა დავამტკიცოთ და მუშაობას შევუდგეთ.
– ერთი წუთით, ბატონო ედუარდ, – უთხრა ჯაბას გენერალმა ჯაყელმა, ხელები გაშალა და ჩაილაპარაკა: „მდა, ვოტ ეტო სიურპრიზ“. შემდეგ სულაბერიძეს მიუბრუნდა და ყელმოღერებულმა უთხრა, – ამას ნამდვილად არ ველოდი თქვენგან, ყმაწვილო. თქვენი საქციელი ღალატის ტოლფასია და მოღალატეებს კი, კარგად იცით, როგორ ეპყრობიან, მით უმეტეს, საომარ პერიოდში. „მდა, ია ეტოგო ნე ოჟიდალ“.
– გადავრჩენილვარ, აბა, დახვრეტას. კიდევ კარგი, რომ საომარი პერიოდი არაა, – ირონიით თქვა დიტო სულაბერიძემ.
– როგორ გეკადრებათ, ყმაწვილო, – ალაპარაკდა ისევ ჯაყელი, – ომია, რა თქმა უნდა, ომი და იმაზე უფრო მეტად ულმობელი, ვიდრე ადრე იყო. ცხოვრება პერმანენტული ომია და ეს თქვენ არ უნდა გეშლებოდეთ. თქვენს ასაკში მე წინა ხაზზე ვიბრძოდი და ჩემს ირგვლივ ტყვიებს წუილ-წუილი გაჰქონდათ.
დიტო სულაბერიძემ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ტყვიამფრქვევი ეჭირა ხელში და მისი უზარმაზარი, ტყვიებით სავსე ლენტი მხარზე გადაიდო. შემდეგ იარაღი მოიმარჯვა, სროლის იმიტაცია გააკეთა და წარმოთქვა:
– ტა-ტა, ტა-ტა... დრრრ, დრრრ... – შემდეგ ვითომ ტყვიები გამოელია და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ხელყუმბარები ამოაცურა, მათი რგოლები კბილებით მოხსნა, ერთდროულად გადაყარა და სამიოდე წამის შემდეგ დააყოლა, – ბუუხ! ბუუხ!
თანაპალატელები გაოცებულები მისჩერებოდნენ სულაბერიძეს და ჯაბას გარდა, არავინ იცოდა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. დიტო კი არ ჩერდებოდა. პირიქით, მისი სამხედრო მოქმედებები უფრო და უფრო მრავალფეროვან და ფართომასშტაბიან ხასიათს იღებდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ულტრათანამედროვე ტანკს განასახიერებდა, პალატაში ჟუჟუნა სანიტარი შემოვიდა და ასეთ ყოფაში რომ დაინახა სულაბერიძე, უღრიალა:
– ახლავე შეწყვიტე აურზაური, თორემ მე შენ გიჩვენებ სეირს!
ჟუჟუნას ფრაზის დასრულებისთანავე დიტომ ვირტუალური ტანკის ლულა სანიტრისკენ მიმართა, სიჩქარე შეცვალა, სისწრაფეს უმატა და ტარანი განახორციელა... მრავლის მნახველი სანიტარი, ცოტა არ იყოს, დააბნია ტანკთან დაჯახებამ, მაგრამ მალევე მოეგო გონს და წამოწითლებული, უხმოდ წამოხტა ფეხზე. შემდეგ კარისკენ გაიქცა და მხოლოდ გასვლის წინ მუშტმოღერებული დაემუქრა სულაბერიძეს:
– დამაცადე, შენა, მე შენ გიჩვენებ სეირს?
– დიტოს ყურადღება არ მიუქცევია ჟუჟუნა სანიტრის მუქარისთვის და მოდერნიზებული „ტანკიდან“ ულტრათანამედროვე ვერტმფრენზე გადაჯდა, პალატაში დაიწყო ფრენა, თან რეაქტიულ ჭურვებს ისროდა.
– შშშ, ბუუხ, შშშ, ბუუხ, – იმეორებდა სულაბერიძე, როდესაც პალატაში ექვსი ზონზროხა მამაკაცი სანიტრის თანხლებით შემოვიდა ჟუჟუნა სანიტარი, ჟურნალისტისკენ გაიშვირა ხელი და კოლეგებს გაბრაზებული ხმით მოუწოდა:
– გააკავეთ და ნემსს ჩავასობ, გააფრინა და ჩასაყვანია.
სანიტრები მხარში ამოუდგნენ ერთმანეთს და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ დიტოსკენ. სულაბერიძე სანიტრებისკენ შეტრიალდა, შეჩერდა და კაბურიდან მსხვილკალიბრიანი პისტოლეტის ამოღების იმიტაცია გააკეთა. შემდეგ სასროლის მსხვილი ლულა სანიტრებს მიუშვირა და თითოჯერ ესროლა თავში. ბოლოს კი ვირტუალური ლულა საფეთქელზე მიიდო, ჩახმახს თითი გამოჰკრა, გაისროლა, პალატის გაცრეცილ ხალიჩაზე დაეცა და გაირინდა...
– „არლეკინ, ნესჩასტნი“, – ჩაილაპარაკა ამ სცენის შემხედვარე გენერალმა ჯაყელმა, ამაყი ნაბიჯებით მივიდა ლოგინთან, წამოწვა და თვალები დახუჭა.
სანიტრები იატაკზე დაწოლილი, თვალდახუჭული ჟურნალისტისკენ დაიხარნენ, ხელ-ფეხი მსუბუქად გაუკავეს და ერთ-ერთმა მათგანმა ჟუჟუნა სანიტარი მიიხმო:
– მოდი, ჟუჟუნ, დაარჭვე.
კოპებშეკრული ჟუჟუნა სანიტარი, რომელსაც წამლით სავსე შპრიცი ეჭირა ხელში, თვალდახუჭული სულაბერიძისკენ დაიხარა, ნემსი საძილე არტერიასთან მიუტანა და ჩხვლეტა დააპირა... მაგრამ დიტომ მოულოდნელად გაახილა თვალი, მსუბუქად გაკავებული მარჯვენა ხელი გაითავისუფლა, შპრიცს დაეუფლა და მისთვის განკუთვნილი წამალი ჟუჟუნა სანიტარს შიგ საძილე არტერიაში შეუშხაპუნა ბოლომდე. ნემსი ზედ შეატოვა, თავად ფეხზე წამოხტა, ჯაბას საწოლის თავზე შეხტა და არაადამიანურად ახარხარდა.
– ააა, ააა, ააა! – კიოდა ჟუჟუნა სანიტარი, რომელმაც შპრიცი საძილე არტერიიდან გამოიძრო, იატაკზე დაახეთქა და ხმას აუწია, – ერთკვირიანი გამიკეთა ამ გიჟმა, ამანა, შეიპყარით, გაკოჭეთ, ძვლებში დალეწეთ!
საწოლის თავზე შემხტარი დიტო სულაბერიძე ხარხარს განაგრძობდა. სანიტრები შუა პალატაში იდგნენ გაქვავებულები და ხან მოხარხარე ჟურნალისტს უყურებდნენ, ხან კი მომკივან ჟუჟუნა სანიტარს, რომელსაც დიტომ ეგრეთ წოდებული „შვიდდღიანი“ შეუშხაპუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჟუჟუნა ერთი კვირის განმავლობაში გათიშული იქნებოდა და მას არც განძრევის, არც აზროვნების, არც ჭამა-სმის და არც შეგნებულად სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარი ექნებოდა. ასეთ ნემსს უკიდურესად აღგზნებულ პაციენტებს უკეთებდნენ ხოლმე ფსიქიატრიულ კლინიკაში და ისიც, წესისამებრ, სერიოზული კონსილიუმის გადაწყვეტილების შედეგად. თუმცა, ჟუჟუნა სანიტარი ერთპიროვნულად წყვეტდა ამ საკითხს, წამალს საკუთარი შეხედულებებისამებრ უშხაპუნებდა ხოლმე ავადმყოფს და შემდეგ დაუძლურებული პაციენტის ყურებით ტკბებოდა.
განსაკუთრებულ სიამოვნებას ჟუჟუნა სანიტარი მაშინ იღებდა, როდესაც გათიშული პაციენტი თავისდაუნებურად იკმაყოფილებდა ხოლმე ბუნებრივ მოთხოვნილებას, ტანსაცმელშივე ისვრიდა და შარდავდა.
– იყო ბუინი, გახდა ჩაჯმული, – იტყოდა ხოლმე ასეთ დროს ჟუჟუნა და თავისსავე სიტყვებზე უზომოდ ხალისობდა. ისეთი ბედნიერი იყო, ბრიყვული პირისახე ისე ებადრებოდა, რომ მისი შემხედვარე ნორმალური ადამიანი უმალვე მიხვდებოდა, საქმე პათოლოგთან ჰქონდა.
ჟუჟუნა სანიტრის მთავარი პათოლოგია კაცთმოძულეობა იყო და ამიტომ სიამოვნებდა მას ადამიანის უკიდურესად დამცირება და მერე დამცირებული, შეურაცხყოფილი ადამიანის ყურება. ყველაფერს ამას კი თავისი მიზეზები გააჩნდა, რომლის ღრმა ფესვებიც ჟუჟუნას ბავშვობასა და მის გენეალოგიაში იყო საძებარი.
ჟუჟუნას ბაბუა ზაქრო, რომელსაც მეტსახელად „კოჭლ ზახარას“ ეძახდნენ, რადგან კოჭლობდა, ცნობილი ჯალათი იყო. „ენკავედეს“ დავალებით ასეულობით ადამიანი ჰყავდა მოკლული, რომლებსაც თბილისის შემოგარენში ხვრეტდა. კოჭლი ზახარა თბილისელი კინტოს შვილი და ინცესტის პროდუქტი იყო. თავადაც საკუთარ დეიდაშვილზე დაქორწინდა და ყველასგან გარიყული ცოლ-ქმარი კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე ძლივს ირჩენდა თავს – შემთხვევითი შემოსავლების წყალობით ედგათ სული. ზაქრო ძირითადად კურტნის მუშად მუშაობდა და „შაითან ბაზართან“ გამოსული მოქალაქეების ტვირთს ეზიდებოდა. მისი ცოლი – ფეხმძიმე პელო კი, თბილისელების ეზოებს გვიდა და აღებული გროშებით საჭმელს ყიდულობდა, რომ ნაყოფი შეენარჩუნებინა. ერთ დღეს, როცა პელოს უზარმაზარი ცოცხი ჰქონდა მომარჯვებული და სოლოლაკის ერთ-ერთ ეზოს გვიდა, უცებ მუცელი ასტკივდა, ონკანთან ჩამოჯდა და სულ მალე ტყუპი ქალ-ვაჟი გააჩინა, რომლებსაც ჟანა და ჟანი დაარქვა. სწორედ იმ ჟანას და ჟანის შვილი იყო ჟუჟუნა სანიტარი...
ქალ-ვაჟის შეძენით ზაქრო დიდად არ აღფრთოვანებულა, რადგან იცოდა, შვილების გამოსაკვებად უფრო მეტი ფული უნდა ეშოვა. ამას კი უფრო მეტი შრომა სჭირდებოდა, რაც მას დიდად არ ეპიტნავებოდა, მაგრამ იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო. ერთხელ, „შაითან ბაზართან“ მდგომმა ზაქრომ ერთი თბილისელი ვაჭრის, სარქის სარქისოვის ბარგი აიკიდა და ავლაბრამდე შეუსვენებლად ატარა. ბარგი ვაჭრის სახლში დააბინავა, შეპირებული შაური მიიღო და უკან რომ გამობრუნდა, ხელს ოქროს ბეჭედიც გამოაყოლა, რომელიც მაგიდაზე მდგარი ლარნაკიდან მოიპარა. გახარებული ზაქრო ფიქრობდა, რომ ბეჭედს გაყიდდა, აღებული ფულით კი ცოტას ამოისუნთქებდა და კურტნის მუშაობა შეუმსუბუქდებოდა. თუმცა, ზაქროს ოცნება მეტეხის ხიდზე დასამარდა, როდესაც სარგისოვის მსახურები წამოეწივნენ და ჯერ ბეჭედი წაართვეს, შემდეგ იქვე სცემეს და, ესაც არ აკმარეს, ხიდიდან მტკვარში გადააგდეს. წყალში ჩავარდნისას ზაქრო კლდის ქიმს დაეჯახა, მარცხენა ფეხი მოიტეხა, სამუდამოდ დაკოჭლდა. სწორედ ამის მერე შეარქვეს „კოჭლი ზახარა“. ამ შემთხვევისგან ზაქრომ მაინც ნახა სარგებელი, ვაჭარს და მის მსახურებს პოლიციაში უჩივლა და სარქისოვმა მას 5 ოქროს თუმანი გადაუხადა, საჩივარი რომ გაეუქმებინა. ფულის გადაცემა სასამართლო აღმასრულებლის თვალწინ მოხდა, სარქისოვმა ჯერ ფული ჩაუთვალა ზაქროს, შემდეგ კი აღმასრულებლის მიერ შედგენილი საბუთი დაუდო წინ და ხელის მოწერა სთხოვა. ზაქარიამ კი მხოლოდ ჯვარი დაუსვა, რადგან წერა-კითხვა არ იცოდა და აღებული თანხით სასამართლოს შენობიდან გამოვიდა. კართან ზაქროს სარქის სარქისოვი დაეწია, რომელიც თავისი სიძუნწით საქვეყნოდ იყო ცნობილი, ვერ მოენელებინა, რომ 5 ოქროს თუმანი დასტყუეს და ზაქროს უთხრა:
– აბა, შენ კაცი ხარ? გამქურდე, გამძარცვე და ფულიც მე გადამახდევინე, სამართალი აღარ არსებობს?
– შენმა მსახურებმა რომ კინაღამ მომკლეს, ეს არაფერია? – სიტყვა შეუბრუნა ზაქრომ სარქისოვს, – ვერ ხედავ, რომ დავკოჭლდი?
– მეტიც გეკუთვნოდა! თურქეთში ქურდობისთვის ხელებს აჭრიან, შენ კი მხოლოდ დაკოჭლდი. აქაურ კანონებს რა ვუთხარი, ერთი თურქეთში ვიყოთ და შენ ნახავდი... – არ ცხრებოდა სარქისოვი.
– თურქეთში რომ ვიყოთ, შენს თავს სარზე წამოცმულს ვნახავდი, – სიტყვა შეუბრუნა ვაჭარს ზაქრომ, რადგან სმენოდა, რომ თურქები სომხებს სამკვდროდ მტრობდნენ. თან, ჩაეცინა და დაამატა, – მაგრამ არც აქ აგცდება ასეთი რამ, ამის დროც მალე მოვა და შენნაირებს თავებს დააყრევინებენ.
კოჭლი ზახარას სიტყვებზე სარქის სარქისოვს ენა ჩაუვარდა და ერთხანს გაოგნებული უმზერდა მას. შემდეგ ხელი ჩაიქნია და უხმოდ გაეცალა იქაურობას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში.