მოვიშოროთ ჯორჯი
რობერტ არტური
– ლაურა, უკვე ჩაიცვი? – დაიძახა დეივ დენისმა და კარზე მაგრად დააკაკუნა. ლაურა უცებ მოვიდა გონს და შიშისგან აცახცახდა. მოეჩვენა, რომ კინოკამერის ობიექტივი ჯორჯის თვალად გადაიქცა და პაჭუნი დაიწყო. მას დღემდე ახსოვდა ეს საზიზღარი სიცილი, ჯორჯისა და მისი ნომრის სავიზიტო ბარათი. თუმცა, ღმერთს მადლობა – ჯორჯი უკვე ხუთი წლის გარდაცვლილი იყო. ასე კი იგი მხოლოდ მაშინ ესიზმრებოდა, როდესაც ძალიან იღლებოდა.
ოთახში კინოსტუდია „პარამაუნტ ფილმზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, დეივ დენისი შემოვიდა.
– შენ რა, დაგავიწყდა, რომ წვეულებაა? მართალია, „ვარსკვლავური სიყვარულის“ პრემიერამ დღეს ბრწყინვალედ ჩაიარა, მაგრამ წარმატებას ვერ განვავითარებთ, თუ ახლავე არ ჩამოხვალ. ათ წუთს გაძლევ. ჰო, „აღმოსავლური სინდიკატის“ ახალ რეპორტიორს შენთან რამდენიმე კითხვა აქვს.
– კარგი, ვუპასუხებ მის კითხვებს. გთხოვ ჰარი ლოურენსს უთხარი, რომ კოქტეილი მომიტანოს. მალე ჩამოვალ, – უპასუხა ქალმა.
ლაურამ საკუთარი თავი სარკეში ყურადღებით შეათვალიერა. როგორ დაიღალა! ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ზედიზედ სამი ბლოკბასტერი გამოუშვა და სტუდიის წინაშე ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა. ახლა მას და ჰარის ხელს ვერაფერი შეუშლით, რომ საკუთარი სტუდია გახსნან და ის გადაიღონ, რაც მოეწონებათ. საკვირველია, რომ მის სახეზე არ აისახა ჰოლივუდამდელი წლები. ხეტიალისა და ბალგანებში საზიზღარი ნომრით გამოსვლის შვიდი წელი. ის იხდიდა და თან მღეროდა, ჯორჯი კი ხუმრობდა. ჯორჯმა ყველაფერი წაართვა, რაც ჰქონდა, ხოლო, როდესაც ავად გახდა, უპატრონოდ მიაგდო. მხოლოდ ერთხელ მოიქცა ჯორჯი არაეგოისტურად, როდესაც ნიუ-იორკში მძარცველს უფლება მისცა, იგი მოეკლა. დღეს ბულვარული პრესის წარმომადგენლები ყველაფერს გაიღებდნენ, ოღონდ ეს ისტორია გაეგოთ და ასობით მილიონი მკითხველისთვის მოეთხროთ. რომ არა ლაურას ჰარი ლოურენსი... ღმერთს მადლობა, რომ ჰარი ჰყავდა.
კარზე ისევ დააკაკუნეს. ლაურა გახარებული შემოტრიალდა.
– შემოდი, ჰარი!
კარი გაიღო, მაგრამ ეს ჰარი ლოურენსი არ იყო. ზღურბლზე საშუალო ტანის მამაკაცი იდგა. გადატკეპნილი თმებით. დიდი სათვალე თითქმის ნახევარ სახეს უფარავდა. ლაურას მოეჩვენა, რომ ეს კაცი სადღაც ნანახი ჰყავდა.
– ვინ ხართ? – აღშფოთდა ქალი, – როგორ ბედავთ ჩემს ოთახში შემოჭრას?
– „ისტერნ პრესი“, – წარუდგა რეპორტიორი, – პატარა ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა.
– დეივს ვუთხარი, რომ ქვემოთ დაგელაპარაკებოდით.
– მე კი ვიფიქრე, რომ შენ ერთი-ერთზე საუბარს არჩევდი, გლორია...
– როგორ ბედავთ!.. – ლაურა გაჩუმდა და ორივე ხელი გულზე იტაცა, – როგორ დამიძახეთ?
მამაკაცმა სათვალე მოიხსნა, დავარცხნილი თმა აიჩეჩა, შემდეგ მარჯვენა თვალი ნელა დახუჭა და ნახევრად გაახილა... რა თქმა უნდა, ქალს ახსოვდა ეს ბინძური გამოხედვა.
– არა!
– იყვირა ქალმა. – ეს შეუძლებელია! შენ ხომ მოკვდი!.. შენს სიკვდილზე გაზეთებში ეწერა!
– რეპორტიორების შეცდომის გასწორების დრო ნამდვილად არ მქონდა. ციხეში ვიჯექი სხვისი სახელით. ნახევარი წლის წინ გამოვედი. დიდხანს კი გეძებდი, პატარავ! ახალი სახელი, ახალი ცხვირი, ახალი კბილები, ახალი კარიერა... ძველი გლორია გორდონისგან, ნომრიდან „ჯორჯი და გლორია, სტრიპტიზი და იუმორი“ – აღარაფერი დარჩა... კარგი ოთახი გაქვს.
– რა გინდა? თუ ფული გინდა, მზად ვარ, გაყრის სანაცვლოდ 25 ათასი გადაგიხადო.
– გაყრა? ეს ხომ მე ვარ, შენი საყვარელი ქმარი. ხანგრძლივი განშორების შემდეგ დავბრუნდი და ჩვენი ბედნიერი ოჯახის აღდგენა მინდა.
– კარგი, 50 ათასი!
– ხალხი სულ ვიშვიშით წაიკითხავს იმის შესახებ, როგორ გამოდიოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ლაურა ლეინი იაფფასიან სტრიპტიზში. სხვათა შორის, ფოტოებიც შემომრჩა, რომლებშიც ყვითელი ჟურნალები ყველანაირ თანხას გადაიხდიან.
– ასი ათასი, ჯორჯ, და გაქრი, ვიდრე კეთილი ვარ. მე უკვე ის გოგონა აღარ ვარ, რომელსაც, როგორც გინდოდა, ისე ექცეოდი.
– შენ რა, დაგავიწყდა, რომ ეს კალიფორნიაა, სადაც ცოლ-ქმარი ქონებას შუაზე იყოფს? შენ ბანკში მილიონზე ნაკლები არ გექნება, ამიტომ, ნარჩენებს ნუ გადმომიყრი. ჯობია, ქმარს აკოცო, რომელსაც ამნეზია ჰქონდა და რომელსაც ცხოვრებას შენ დაუბრუნებ. მოდი, მაკოცე! – კაცმა ქალს მარცხენა ხელი ამოუტრიალა და ზურგს უკან ისე გადაუგრიხა, ტკივილისგან რომ არ დაეყვირა, ქალმა ტუჩი მოიკვნიტა. ტკივილი და ზიზღი ქალის თავში უცებ აფეთქდა. მან მარჯვენა ხელით ვერცხლის ქანდაკება მოძებნა და ჯორჯს თავში ჩასცხო, ისე, რომ ის ვერც მიხვდა, რა მოხდა. როდესაც ბინდი გაიფანტა, ხელში ქანდაკება ეჭირა. კაცს თვალები ღია ჰქონდა და მარცხენა საფეთქლიდან სისხლი სდიოდა. ოთახში ვიღაც შემოვიდა. ქალი სწრაფად მობრუნდა. ჰარი ლოურენსი კარს მიყრდნობოდა. მის ლამაზ სახეს ფერი დაკარგვოდა.
– ლაურა, რა მოხდა აქ?
ლაურამ სკამამდე ძლივს მიაღწია. ზედ დაეხეთქა და ყველაფერი უამბო.
– მართალია, შენ თავს იცავდი, მაგრამ, პრესა რომ ამ ამბავს გაიგებს, ისე წარმოაჩენს, თითქოს საცოდავი ქმარი მიატოვე, შემდეგ ის დახმარების სათხოვნელად მოვიდა, შენ კი თავი გაუტეხე. ხვდები წინ რა გველოდება? – უთხრა ჰარიმ.
– ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს წერტილი დაესვა, ყველაფერს: ჩვენს კომპანიას, ჩვენს მომავალს.
– გამორიცხული არ არის, ციხეში ჩაგსვან განზრახ მკვლელობისთვის.
– არა, ჰარი, ოღონდ ეგ არა! ჯორჯს აქ არავინ იცნობს, გამოგონილი სახელით ცხოვრობდა. გვამის თავიდან მოშორება რომ შეგვეძლოს...
ჰარიმ და ლაურამ ჯორჯის გვამი ძველ ზანდუკში ჩატენეს. ჯერ ვერსად წაიღებდნენ, რადგან ქვემოთ უამრავი ხალხი ირეოდა. ლაურამ ძალა მოიკრიბა და დაბლა ჩავიდა.
– მე რაღაც მოვიფიქრე, – უთხრა ჰარიმ, ქვემოთ რომ ჩავიდნენ.
– დეივი გაგიჟდება, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს. წამომყევი!
ქალი დამორჩილდა. ჰარიმ ის კიბის თავში დააყენა ხელი წელზე მოხვია და დაელოდა, ვიდრე სიჩუმე დაისადგურებდა. შემდეგ გამოაცხადა:
– მეგობრებო, მე და ლაურამ დაქორწინება გადავწყვიტეთ! ახლა ჩვენ აეროპორტში წავალთ, იუტაში გავფრინდებით და იქ დავქორწინდებით. ხვალ დავბრუნდებით, ბარგს ჩავალაგებთ და სამოგზაუროდ გავემართებით!
სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ. უკვე 12 საათი იყო, რაც ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა მთელი ეს დრო მარტო ვერ დარჩნენ. დეივი აჟიტირებული იყო:
– კარგი იქნებოდა, გაგეფრთხილებინეთ. მაგარ კამპანიას ავაგორებდით, მაგრამ, არა უშავს, ახლაც არ არის გვიან. ერთ გაზეთს უკვე დავპირდი ექსკლუზიურ მასალას თქვენი ცოლქმრული ცხოვრების პირველი დღის შესახებ.
– არა, დეივ, ორი კვირით ჩვენ მექსიკაში მივდივართ და, გვინდა, არავინ შეგვაწუხოს, მარტო უნდა დავრჩეთ. ჰოლივუდშიც კი არ გაუუქმებიათ ჯერ თაფლობის თვის უფლება, – აღშფოთდა ლაურა.
– რა, თავიდანვე ხომ გადამაგდეთ და ახლა გინდათ წიხლიც მომაყოლოთ? გინდათ, პრესა თქვენს საწინააღმდეგოდ განაწყოთ? ისინი თქვენს მომავალ სტუდიას თავიდანვე შეიძულებენ.
– კარგი, დეივ, – უთხრა ჰარიმ, – ჩვენ მხოლოდ ორ დღეს ვითხოვთ, მხოლოდ ორ დღეს. 48 საათის შემდეგ შენს დაკრულზე ვიცეკვებთ. შენი მეგობარი ჟურნალისტი ექსკლუზიურ მასალას არა მარტო ჩვენი ერთი დღის ცხოვრებაზე მიიღებს, არამედ მთელ ორ დღეზე. ჩვენ მას ექსკლუზიურ ინტერვიუს ტელეფონით მივცემთ.
– კარგი, – თქვა დეივმა, ხელი ჩაიქნია და გავიდა. ლაურა და ჰარი დაბლა ჩავიდნენ. ლაურამ სტუმრებს მიმართა:
– ყველას დიდ მადლობას გიხდით. ბედნიერები ვართ, რომ გვეწვიეთ. ახლა კი ბოლო სათხოვარი გვექნება: ძალიან გთხოვთ, მეგობრებო, ნუ შეეცდებით, გაიგოთ, სად გავატარებთ ამ დღეებს. ჩვენ თქვენგან მხოლოდ ერთ საჩუქარს ვითხოვთ: მოგვეცით საშუალება, მომავალი 48 საათი მარტო დავრჩეთ, – ლაურა მოიღუშა და გუნებაში დაამატა: „იმისთვის, რომ ჩემი ქმრის, ჯორჯის გვამი მოვიშოროთ.“
– არავინ მოგვყვება, – თქვა ჰარიმ, როდესაც ტრასაზე გავიდნენ. – ამიტომ, შეგვიძლია, პირდაპირ დანიშნულების ადგილისკენ გავემართოთ. თავიდან სამხრეთისკენ წავიდეთ, დეივს რომ კვალი ავურიოთ. ადგილზე 3 საათზე მივალთ – ამ დროს ტბაზე არავინაა.
ტბის პირას დიდი, ძველი სახლი იდგა.
– მოვედით, – თქვა ჰარიმ, – ბოლო ერთი საათის განმავლობაში გზაზე ერთი მანქანაც კი არ შემხვედრია. დავმარხავთ ჯორჯის გვამს ამ სახლის სარდაფში და დამთავრდება.
– არ მტოვებს შეგრძნება, რომ იგი ყველაფერს ჩაგვაშხამებს, – თქვა ქალმა.
– ჯორჯი, შეგიძლია, დაივიწყო. სახლი გააღე და შუქი აანთე. მე კი გვამს მოვიტან. ლაურა კიბეზე ავიდა და, როდესაც კარი გააღო, ჰარი უკვე მის უკან იდგა. ქალი სახლში შევიდა და კედელზე ჩამრთველის ძებნა დაიწყო. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა. უკვე ჩართვას აპირებდა, რომ ადგილზე გახევდა – მან მთვრალების საუბარი და ფეხის ხმა გაიგონა:
– მექსიკა! – მხიარულად წარმოთქვა დეივ დენისმა, თან ცოტას ენას უკიდებდა, – დავიჯერე, რა! ამ სახლის შესახებ თავიდანვე ვიცოდი... ახლა კი, მეგობრებო, ახალდაქორწინებულებს მივესალმოთ. მას, ალბათ, ცოლი ზურგით მოჰყავს. გადაიღე პიტ, ბრწყინვალე ფოტო გამოვა! იმავე წამს ფოტოაპარატის შუქმა ოთახი წამის მეათედით გაანათა. ლაურა ლეინის ხელი მექანიკურად შეირხა და ოთახში ჭაღი აინთო. როდესაც თვალი სინათლეს შეეჩვია, მხიარული ხორხოცი შეწყდა. ოთახში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.
– ო, ღმერთო!.. – ჩაილაპრაკა ვიღაცამ. მერე სიჩუმე ქალის კივილმა გააპო. ჰარი ლაურას გვერდით იდგა და ზურგზე ჯორჯი ეკიდა. ლაურა ვერც დეივ დენისს ამჩნევდა, ვერც რეპორტიორებს და ვერც ქალს, რომელმაც იკივლა. იგი მხოლოდ ყოფილი ქმრის სახეს ხედავდა: მონუსხულივით აკვირდებოდა, ნელ-ნელა როგორ დაიხუჭა მისი თვალი, შემდეგ ასევე ნელ-ნელა ნახევრად გაიღო... – იგი მას ისევ თვალს უკრავდა...