კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N26–37(507)

ფულს კიდევ აქვს ერთი უპირატესობა. ფულში მის ქონას ვგულისხმობ – როცა ეს, ეგრეთ წოდებული „ჭუჭყი“ გაქვს (საინტერესოა, პირველად ვინ უწოდა მას „ხელის ჭუჭყი“, ან, რა ჭუჭყია ამისთანა, დაბანა რომ არავის უნდა). მოკლედ, როცა ჯიბეში კუპიურები სასიამოვნოდ შრიალებენ, დიდი წვალება აღარ გჭირდება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, სულ მართალი ხარ. ერთი სიტყვით, „ფული გაქვს?! – მაქვს, მაქვს!..“ და, ვიღას უნდა შენი სიმართლე, ის ისედაც მუდამ შენს მხარეს იქნება. ამაზე გენიალური რა შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, არაფერი, თუ ჩემი არ გჯერათ, გაივსეთ ჯიბეები ფულით და შედეგს დაელოდეთ. ადამიანი, თავისი ხანმოკლე (წუთისოფელი ხომ მხოლოდ წუთია) სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად ცდილობს, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. სხვა, უფრო სერიოზული მიზანი, პრინციპში, არც გააჩნია. უბრალოდ, ეს მიზანი სხვადასხვანაირად აქვს „შეფუთული“. რაც საქმის არსს არ ცვლის. „შრიალის“ სიამენი რომ არ განმეცადა, მეც ვერ მივხვდებოდი ამას და, საერთოდაც, ბევრ რამეს ვერ მივხვდებოდი...

***

ვახომ ტანსაცმელი დაიფერთხა, ეზოში პატარა შადრევანს ხელისგულები შეუშვირა და წყალი გაწითლებულ სახეზე შეისხა.

– უჰ, მგონი, გამოვასწარით! ახლა რაღას იზამს. ფანჯრიდან ხომ არ გადმოაგდებს იმ დივანს?! ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ მოერევა.

– სამაგიეროდ, მე მომერევა. შემჭამს და თავსაც ვერ გავიმართლებ.

– რატომ ვერ გაიმართლებ? აღარ მომეწონა ეგ შენი დანჯღრეული დივანი და დაგიბრუნეთ.

– ეგრე ადვილად რომ იყოს საქმე, რაღა მიჭირს! წარმომიდგენია, როგორი გადარეულია ახლა. თან, გიცნო. ხვდები, რა შარში ვარ?

– მიცნო? მერე, რა, ტო, რა მნიშვნელობა ჰქონდა მაგისთვის, ვინ იყიდდა იმ ჯღანს, უკაცრავად კი ვარ ჩვენს ოქროს, კვერცხის მდებელ „დედალთან“, მაგრამ, ფაქტს ვერსად წავუვალთ, ჯღანია!

– შენ ღადაობ, რა გენაღვლება. ლიკა იმაზეც გადაირევა, ფული რომ გვაქს დასაბრუნებელი.

ვახომ კმაყოფილმა გაიცინა:

– უფ, ეს რა კარგი რაღაც მითხარი. ფული არასოდეს არ არის ბევრი.

– ნუ მაიმუნობ, რა მომეცი, რომ დაგიბრუნო? ეგ ლიკას ჰგონია ასე.

– ჰო, მეტი დამაჯერებლობისთვის, ლიკას დასარწმუნებლად, დამიბრუნე.

ლაშა მოიღუშა:

– არ ვარგიხარ, როგორც პარტნიორი, არაფრად არ ვარგიხარ. საერთოდ არ შედიხარ ჩემს მდგომარეობაში.

– პირიქით, შევდივარ რომელია, სულაც აქ არ ვარ?! მაგრამ, რომ არ ვიცი, რით გიშველო? – ხელები გაშალა ვახომ.

– საქმეც მაგაშია, მარტო ვარ საკუთარ უბედურებასთან.

– ნუ წუწუნებ. ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადეო, შენზეა ნათქვამი, პრობლემებს კი თავად იქმნი. ვერაფრით ვერ დაელაპარაკე იმ გოგოს – ლიკაზე გეუბნები. ახლა უკვე ჩიხში ხარ და, თუ ყველაფერს არ მოუყვები, მართლა მაგრად დაგერხევა. არ დაგავიწყდეს „საჩუქრის“ მთავარი პირობა. რას ეტყვი, დივანი იმიტომ დავიბრუნე, რომ მასზე მარტო დამეძინაო?

ლაშამ დაიგმინა:

– ჰო, ამაში გეთანხმები, მართალი ხარ, ყველაფერი უნდა ვუთხრა, სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. ფული მჭირდება და ვერ ვიტყვი უარს ამ შანსზე. შეიძლება, ეს ჩემი ბოლო შანსია.

ვახომ მოწიწებით დაუქნია თავი:

– ხედავ? მე რას გეუბნებოდი? იმის გამო, რომ ცოლის გეშინია, ბედის ამ საჩუქარზე უარი როგორ უნდა თქვა?

– მეშინია? მე? თანაც, ჩემი ცოლის? რა სისულელეა, საიდან მოიტანე! – ეწყინა ლაშას, – ცოლი არ გყავს და ბევრი რამე არ გესმის. კი არ მეშინია, მის განერვიულებას ვერიდები და ეს ერთი და იგივე არ არის.

– ჰო, მესმის. ნუ გეწყინება, უბრალოდ, ვიხუმრე. მართლა სულელურად გამომივიდა. გინდა, მეც ამოგყვები და შევეცდები, ლიკა შენს სიმართლეში დავარწმუნო? ბოლოს და ბოლოს, მოწმე ვარ, ფულს როგორ იგებ.

– არა, არა, ჯობია, მარტო დაველაპარაკო, თუმცა, არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებ.

– იმაზე იფიქრე, როგორ დაიწყებ. დაწყება ყველაზე რთულია, მერე თავისით წავა.

– გმადლობ რჩევისთვის, – ჩაიბურტყუნა ლაშამ, – შენ რომ არ მყავდე, არც ვიცი, რა მეშველებოდა.

– აბა?! – შეიფერა ვახომ და მისი შეგულიანება სცადა, – მიდი, მიდი, დროს ნუღარ დაკარგავ. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიღებული გაქვს. მე აქ, ეზოში დაგიცდი. ზურგს გაგიმაგრებ.

– რა? არავითარ შემთხვევაში. სახლში წადი. მოგვიანებით დაგირეკავ.

– ანუ, თუ არ დამირეკავ, ვიფიქრებ, რომ საქმე ცუდად არის და სასწრაფოდ საშველად გამოვეშურები.

ლაშამ თავზე იტაცა ხელები:

– ვახო, თუ ახლავე არ წახვალ, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ!

– გავიგე, მივდივარ... მაგრამ, მაინც დამირეკე, პარტნიორო! მაგრად დადექ, ქალებს სიჯიუტით თუ აჯობებ!

– ვახო! – ლამის იყვირა მოთმინებადაკარგულმა ლაშამ. ვახომ ორივე ხელისგული ტუჩებზე დაიდო. შებრუნდა და ქუჩისკენ გაიქცა. ლაშამ იგრძნო, რომ იმწუთას ძალიან შეშურდა მისი. თუმცა, კონკრეტულად რა შეშურდა, ამის თქმა გაუჭირდებოდა. იქნებ, ის თავისუფლება, რომელიც თავად არ ჰქონდა...

ლიკამ შიშით შეხედა ქმარს და ყოყმანით ჰკითხა:

– ლაშა, შენ... კარგად ხარ? იმის თქმა მინდოდა, რომ... დარწმუნებული ხარ, რომ ავად არ ხარ? უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ექიმი გჭირდება.

ლაშამ სიმწრით მომუშტა ხელები:

– რატომ არ გინდა, მომისმინო? ხომ გინდოდა, ყველაფერი მეთქვა? ჰოდა, გიყვები!

– რას მიყვები, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?

ლაშამ თავი დააქნია:

– ეგ რას ნიშნავს – ხარ თუ არა?

– ლიკა, რა შეკითხვაა, გიჟის რა მიგავს? ლიკამ ამოიოხრა:

– შენთან შედარებით გიჟს კიდევ რა უშავს. ტყუილების გუდად გადაიქეცი და, ფანტაზია რომ აღარ გყოფნის, ზღაპრებს იგონებ. მერე როგორ ზღაპრებს – ბავშვსაც რომ ვერ გაართობს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. არა, ექიმი გჭირდება, ნამდვილად, თანაც, რაც შეიძლება მალე, სანამ საბოლოოდ შეიშლები. უკვე მეშინია შენი.

– ლიკ, საყვარელო, აბა, რას ამბობ? – ლაშამ ცოლისკენ წაიწია. უნდოდა, მისთვის მხარზე მოეხვია ხელი, მაგრამ ლიკამ შიშით დაიხია უკან.

– არ მომიახლოვდე! მე არ გეხუმრები, მართლა მეშინია შენი. ახლავე ავიღებ ჩემს ნივთებს და დედაჩემთან წავალ. კიდევ კარგი, რომ ბავშვი იქ არის. ვინ არის იმის გარანტი, რომ შენი სიგიჟე უფრო მახინჯ ფორმებს არ მიიღებს?

– ახლა უკვე ზედმეტი მოგდის. შენ მოსმენა არ შეგიძლია, ჩემს გაგებაზე აღარაფერს ვამბობ. ამდენ ხანს იმიტომ ვდუმდი, რომ ზუსტად ვიცოდი, შენი იმედი რომ არ უნდა მქონოდა. ვხედავ, არც შევმცდარვარ, ელემენტარული ნდობა არ გაქვს ჩემი.

– ნდობა? შენ მელაპარაკები ნდობაზე? რომ არ გენდობოდე, აქამდე გავიქცეოდი, მაგრამ, ამდენი ხანია, ვითმენ, ვითმენ, რადგან კიდევ რაღაცის იმედი მქონდა. რა სულელი ვარ! მაშინ უნდა წავსულიყავი, იმ ტიპთან რომ წაგასწარი. ახლა უკვე ვიცი, რომ თავს ვიტყუებდი. მომცილდი, მე მივდივარ!

– მე არ გატყუებ, არც გავგიჟებულვარ. უბრალოდ, სასწაული მოხდა.

– სასწაულები არ ხდება. შენ კი, სულ რაღაც ორი კვირის წინ მიმტკიცებდი, რომ დამატებით ღამის მორიგედ მუშაობ, ხელფასი რომ მოგიმატონ, სინამდვილეში... სინამდვილეში... – ლიკამ ხელები გაშალა, – უკვე აღარ ვიცი, რა ხდება სინამდვილეში...

– გეუბნები, მაგრამ შენ არ გინდა, რომ მომისმინო.

– როგორ მოგისმინო, როცა მეშინია შენი?

– ლიკა, თუ არ დამშვიდდები, არაფერი გამოვა, – ლაშა დივანზე ჩამოჯდა და ცოლს მიაშტერდა, – მოდი, ცოტა ხანს არაფერზე ვიფიქროთ და არაფერზე ვილაპარაკოთ, კარგი?

ქალმა ეჭვით მოწკურა თვალები:

– არა. არ გამოვა. ახლავე უნდა წავიდე. ერთ წუთსაც არ დავიცდი.

– რატომ? რატომ?

– გითხარი, რატომაც – მეშინია შენი, ამას სერიოზულად ვამბობ. თუ არ გინდა, გული საბოლოოდ გამიხეთქო, წასვლაში ხელს ნუ შემიშლი. სულერთია, მაინც ვერ დამაკავებ!

ლიკას კატეგორიულმა ტონმა ლაშა დაარწმუნა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.

– კარგი, წადი. რადგან ასე გადაწყვიტე, არ დაგაკავებ, მაგრამ, ხვალ გამოგივლი, იქნებ აზრი შეგაცვლევინო.

ლიკამ არ უპასუხა. საძინებელში გავიდა და სპორტულ ჩანთაში თავისი ნივთების ჩაყრა დაიწყო. ლაშამ ჯერ ჩუმად უყურა ცოლს, სინანულნარევი მზერით... მერე მაინც ვერ მოითმინა:

– არ წახვიდე, რა, ძალიან გთხოვ!..

ლიკას თავი არ აუწევია, ისე ჩაილაპარაკა:

– არ შემიძლია. რომ არ წავიდე, გული გამისკდება. გინდა, რომ გული გამისკდეს?

– ლაშამ ხელი ჩაიქნია. სამზარეულოში გავიდა, ელექტროჩაიდანი ჩართო და იქვე ჩამოჯდა. ცოლის საქციელი მისთვის მოულოდნელი იყო. ყოველთვის სჯეროდა, რომ ბედი იმ ადამიანს დაუკავშირა, ვისაც მისი უსიტყვოდ ესმოდა. თავიდან, სანამ მათ ცხოვრებაში ფულთან დაკავშირებული პრობლემები გამოჩნდებოდა, ასეც იყო: რაც ერთს უნდოდა, ის უნდოდა მეორესაც, ან, თუ არ უნდოდა, თავს ირწმუნებდა, რომ უნდოდა. შეიძლება, ეს შეცდომა იყო, მაგრამ დისკომფორტს ამის გამო არც ერთი არ გრძნობდა, პირიქით, მათ ყველა ახლობელს და თავადაც, მიაჩნდათ, რომ შეწყობილ-შეთანხმებული წყვილი იყო, ერთი მიზნითა და გრძნობით შეკავშირებული. ახლა ეს დამაკავშირებელი ძაფი გაწყდა. ლაშას ძალიან არ უნდოდა, ეფიქრა, რომ ცოლი იმ წუთში სრულიად უცხო იყო მისთვის, მაგრამ ეს აზრი თავისთავად მოუმწიფდა გონებაში... ლიკას ჯიუტად არ სურდა, ეცადა, გაეგო ქმრისთვის და თუნდაც აბსურდულ წამოწყებაში მხარი დაეჭირა... ჩაიდანმა დაიწკაპუნა და გამოირთო... ლაშას კარის ხმა არ გაუგონია, მაგრამ იგრძნო, რომ ლიკა წავიდა. შიგნით თითქოს რაღაც ჩასწყდა. ყავა დაისხა და სიგარეტს მოუკიდა. ეწეოდა და ფიქრობდა... ყავაც გაცივდა...

***

ლიანამ შვილი ჩანთით ხელში რომ დაინახა, ფერი ეცვალა. ლიკას სახეზე ეწერა ყველაფერი, მაგრამ ქალმა მაინც ჰკითხა:

– რა მოხდა, ამჯერად რაზე იჩხუბეთ?

– არ გვიჩხუბია, ისე წამოვედი, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლიკამ და დედას აგრძნობინა, დღეს არაფრის ახსნის გუნებაზე არ ვარ და დამასვენეო, მაგრამ ლიანა პასუხმა არ დააკმაყოფილა და ასე ადვილად დანებებასაც არ აპირებდა.

– ხომ ყველაფერი კარგად გქონდათ? როგორ მიხაროდა... გამაგებინე, რა დაგემართათ!

– ესე იგი, ყველაფერი კარგად არ გვქონდა... დედა, ძალიან მეძინება, დავიძინებ და ხვალ დილით ვილაპარაკოთ, სანამ სამსახურში წავალ. ბავშვს სძინავს?

– კარგია, რომ ბავშვი კიდევ გახსოვს, მაგრამ რატომ არ ფიქრობ იმაზე, რომ ცხოვრებას უნგრევთ?

– ვფიქრობ, დედა, ვფიქრობ, მაგრამ, მეც ადამიანი ვარ და მეტი აღარ შემიძლია.

– აჰა, ესე იგი, რაღაც მოხდა... – ამოიოხრა ლიანამ, – ჩემი ინტუიცია არასდროს მღალატობს. საყვარელი ჰყავს? სამსახურიდან გამოაგდეს? ვალი აიღო? სახლი გაყიდა? კარტში წააგო? თქვი, თორემ გავგიჟდები, იცოდე!

– ხვალ ვილაპარაკოთ-მეთქი, ხომ გთხოვე, როგორმე მოითმინე, – ლიკამ ჩანთა იქვე, შემოსასვლელში მიაგდო და ოთახში შევიდა, – ჰო, თუ პერანგს დამიუთოებ, კარგი იქნება.

– ლიკა! – ხმა გაიმკაცრა ლიანამ, – მე ახლა მამაშენს გავაღვიძებ და იმასთან მოგიწევს ლაპარაკი, იმიტომ, რომ ჩემი შენ არ გესმის და არც გინდა, რომ ნორმალური პასუხი გამცე. არ მჯერა, რომ ყველაფერში ლაშაა დამნაშავე, არც შენ დააკლებდი ხელს.

– ოჰ, დედა... რადგან ასე გინდა, მეც ვარ დამნაშავე. ახლა კი მომასვენე. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მე და ლაშა ერთმანეთისთვის უცხონი აღმოვჩნდით, მე კი უცხო ადამიანის გვერდით ვეღარ ვიცხოვრებ. არ შემიძლია.

– ეს არის მიზეზი, რის გამოც მისგან წამოხვედი?

– ჰო, ეს არის.

– შენ სრულ ჭკუაზე ხარ?

– არ ვიცი, შეიძლება, არც ვარ. ყოველ შემთხვევაში, ახლა სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. დედა ხარ და შენ მაინც უნდა გამიგო. ძალიან ცუდად ვარ, მინდა, არაფერზე აღარ ვიფიქრო. მეძინება. ყველაფერი მტკივა და, საერთოდ, რომ შემეძლოს, გონებასაც გავითიშავდი. მამას კი ტყუილად გააღვიძებ, მაინც არაფერს ვეტყვი.

ლიანამ რამდენიმე წუთი კიდევ ივიშვიშა. მერე საოჯახო აფთიაქში ტკივილგამაყუჩებელი აბები მოძებნა და ორი ცალი დალია...

***

სავარძელში ნებივრად წამოწოლილ ანდროს მობილურის ზარმა მყუდროება დაურღვია. ტელეფონს უხალისოდ მოჰკიდა ხელი და ყურთან მიიტანა...

– გისმენ... ა, შენ ხარ? რა მოხდა?.. რა შემთხვევა... მე გთხოვე? დარწმუნებული ხარ? მოიცა, გამახსენდა... ჰო, მერე?! ინას უკვე ელაპარაკე? კარგი. მე თვითონ ვეტყვი... შენ, იცი, რა ქენი? როგორმე შეაყოვნე... არ ვიცი მე, როგორც გინდა... როგორც გინდა-მეთქი!.. – ანდრომ შეიგინა და მობილური მაგიდაზე დაახეთქა...

ვახო მესამე ჭიქა ვისკის უღებდა ბოლოს და ბარის სკამზე მოუსვენრად ცქმუტავდა. მონაგები თანხის ასაღებად გასული მისი მეგობარი აგვიანებდა. სხვა სიტუაციაში ამაში იქნებ საგანგაშო არაფერი დაენახა, მაგრამ დღეს რაღაც ისე არ იყო, როგორც ყოველთვის. ვახოს მოეჩვენა, რომ კრუპიეებიც და დაცვის თანამშრომლებიც, ლაშასა და მის მიმართ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენდნენ. თითქოს უფრო დაჟინებით აკვირდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ვახომ აშკარად იგრძნო დისკომფორტი. ლაშა აგვიანებდა. ვახომ სანახევროდ დაცლილი ჭიქა გვერდზე გასწია და იქით გაემართა, სადაც ლაშა ეგულებოდა. მაგრამ, სულ ორიოდე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო. დაცვის თანამშრომელმა გზა გადაუღობა.

– რა ხდება? – უკმაყოფილო, პრეტენზიული ტონით იკითხა ვახომ.

– ძალიან გთხოვთ, დარბაზში დარჩეთ. –მშვიდად უბრძანა ახმახმა, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდამ, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა თავისი და იმ დაწესებულების სტუმართა უფლებები.

– რა ხდება, ხომ უნდა ვიცოდე? ვინ ამიკრძალა თავისუფლად გადაადგილება? იქ ჩემი მეგობარია, – დარბაზის სიღრმისკენ გაიშვირა ხელი ვახომ.

– თქვენი მეგობარი ახლავე მოვა. ბარში დაბრძანდით და დაწესებულების ხარჯზე კოქტეილი მიირთვით.

– შენი საქმე არ არის, მე რას მივირთმევ, – სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა ვახო, – ჩემი მეგობარი უნდა ვნახო, თანაც, ახლავე.

– უკვე გითხარით, თქვენი მეგობარი ახლავე მოვა. თქვენ კი სულ ტყუილად ღელავთ, დამშვიდდით და ჩვენს წესებს დაემორჩილეთ. ნუ მაიძულებთ, რადიკალურ ზომებს მივმართოთ.

– რადიკალურ ზომებს? – ვახომ ტუჩი მოიკვნიტა, – ჰმ, თავი კი მოგაქვთ, მაგრამ არაფერს წარმოადგენთ. ყველას ვეტყვი, რომ აქ საშინელი სიტუაციაა და კლიენტებს დაკარგავთ.

– თქვენი ნებაა, მაგრამ ახლა ჩემი თხოვნის შესრულება მოგიწევთ.

– ეს თხოვნა კი არა, ბრძანებაა! – აღშფოთდა ვახო, – გამაგებინეთ, რა ხდება! ასე იმიტომ მექცევით, რომ ჩემმა მეგობარმა ფული მოიგო?

– ეს მე არ მეხება. უბრალოდ, გთხოვეთ, დარბაზში დარჩენილიყავით. მგონი, არ ღირდა ამის გამო აყალმაყალის ატეხა. თქვენი მეგობარი მალე მოვა.

ვახომ რაღაც ჩაიბურტყუნა, მაგრამ ხმამაღლა აღარაფერი უთქვამს. მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა სრული უაზრობა იქნებოდა. ისევ ბართან დაბრუნდა და თავის ჭიქას მიუბრუნდა, რომელიც ვისკით ბოლომდე შევსებული დაუხვდა. რამდენიმე ყლუპი მოსვა, მაგრამ მოუსვენრობის განცდა არ ტოვებდა. ლაშას აშკარად რაღაც პრობლემა ჰქონდა. აქამდე მონაგებ თანხას ყოველთვის დაუბრკოლებლად იღებდნენ და თითქმის მაშინვე ტოვებდნენ კაზინოს. თანხა არც ამჯერად იყო დიდი. სულ ოდნავ აღემატებოდა აქამდე მონაგებ თანხებს. წესით, პრობლემა არ უნდა შექმნილიყო. მით უმეტეს, რომ ამჯერად, ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილეც გამოიჩინეს და სხვა კაზინო შეარჩიეს, ქალაქის სხვა უბანში. „ვითომ, ეჭვი აიღეს?! ჰო, მაგრამ ეს ხომ სრული აბსურდია. რა უნდა იეჭვონ, სუფთები ვართ. თავებიც რომ დაიხოცონ, ვერაფერს გვიპოვიან. ტყუილად ვნერვიულობ. ლაშა მალე დაბრუნდება და წავალთ. მაგრამ, იქნებ არ ვნერვიულობ ტყუილად? ლაშა არ არის სულელი. მართალია ცოტა აღელვებულია, ცოლი რომ გაექცა, ნერვიულობს, მაგრამ, იმდენი ჭკუა ეყოფა, თავი არ „დაიწვას“. მე კი, აჯობებს აღარ დავლიო, თორემ დავითვრები...“ – ვახოს მაშინვე გადაავიწყდა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა და ხარბად წაატანა ხელი, როგორც კი ბარმენმა უკითხავად შეუვსო ჭიქა.

ლაშა ბუზღუნით მიუჯდა ბარის დახლს და ვახოს მხარზე წაკრა ხელი:

– დაითვერი, ბიჭო? რა გენაღვლება...

– უჰ, ლაშა... კიდევ კარგი, მოხვედი, თორემ უკვე სერიოზულად ვნერვიულობდი.

– გეტყობა, – დასცინა ლაშამ, – რამდენი ჭიქა დალიე? აშკარად მთვრალი ხარ.

– მე ვარ მთვრალი? რას ამბობ, უბრალოდ, ვღელავ და, როცა ვღელავ, ვწითლდები, ხოლმე.

– და სასმლის სუნიც აგდის ხოლმე?! გეყოფა, შენ მაინც ნუღარ გადამრევ, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები!

– რა მოხდა. მინდოდა შენთან შემოვსულიყავი, მაგრამ იმ იდიოტმა არ გამომიშვა. დამემუქრა კიდეც, გარეთ გაგაგდებო. არ მომწონს აქ, სულ არ გვცემენ პატივს.

– ჰოდა, თან, ფულიც არ აქვთ.

ვახომ წარბები ასწია:

– რაო?! ე, რას ჰქვია, ფული არ აქვთ, ფულს არ გაძლევენ?

– არ მოგცემთო, არ უთქვამთ, მაგრამ ცოტა ხანს უნდა დაველოდოთ. რაღაც სისულელე მოჩმახეს მსხვილ კუპიურებთან დაკავშირებით.

– ვერ უთხარი, მსხვილ კუპიურებსაც ავიღებ და მე დავახურდავებო?

ლაშამ ხელი ჩაიქნია:

– როგორ ფიქრობ, არ ვეტყოდი? მაგრამ, აშკარად აყოვნებენ ფულის მოცემას.

ვახოს სახეზე წითელი ფერი თეთრით შეიცვალა.

– აუჰ, დავიღუპეთ? რამეს ხომ არ მიხვდნენ, ტო?!

– მიხვდნენ არა, ჩემი ფეხები! – საფერფლეში ჩააწიტა ლაშამ, – ჯანდაბა! უკვე არ ვიცი, რას ვაკეთებ. რას უნდა მიმხვდარიყვნენ, შენ მაინც რა დაგემართა?

– რა ვიცი, აბა, ის დავიჯერო, რომ კაზინოს ექვსი ათასი ლარი არ აქვს? აბსურდია. გეუბნები, რაღაცაშია საქმე. მეც უხეშად მომექცნენ. ხომ არ მოვშპეთ აქედან, სანამ დროა?

– გაგიჟდი? რატომ უნდა მოვშპე? არაფერი დამიშავებია, პატიოსნად ვითამაშე და პატიოსნად მოვიგე.

– კი, როგორ არა, პატიოსნად... – ამოიოხრა ვახომ და ლაშამაც დაუბრიალა თვალები

– დიახ, პატიოსნად. რა ჩემი ბრალია, თუ დამიჯდა?

– შემთხვევით დაგიჯდა...

– აბა, რაა! მაგათთვის ეს შემთხვევაა. აბა, ხომ არ ვეტყვი, სიზმარში ვნახე-მეთქი? რომც ვთქვა, დამიჯერებენ?

ვახომ ტუჩებთან მიუტანა ხელისგული:

– რა გაყვირებს, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე! გინდა, ყველამ გაიგონოს?

– რა უნდა გაიგონონ! ურჩევნიათ, ჩემი მონაგები თანხა მომცენ. ვერაფერსაც ვერ დამიმტკიცებენ!..

– მართალი ხარ, მაგრამ, მაინც ჯობია, ხმადაბლა ილაპარაკო. გინდა, კოქტეილს ავიღებ შენთვის?

– ვისკი მირჩევნია. თხუთმეტ წუთს ვიცდი კიდევ, მერე ისეთ აყალმაყალს ავტეხ, ინანებენ თავიანთ საქციელს.

ანდრომ ინა წინ გაუშვა, თვითონ კი უკან მიჰყვა. ფეშენებელურ, ძვირფასად მოწყობილ კაბინეტში ორი მამაკაცი იჯდა. ანდროს დანახვაზე ორივე საჩქაროდ წამოდგა ფეხზე. ერთმა, რატომღაც პიჯაკის ღილები შეიკრა.

– მოვედი. აქ არის?

– დიახ. როგორც მითხარი, შევაყოვნე. ისე, დიდი თანხა არ მოუგია, სულ რაღაც ექვსი ათასი ლარი.

ანდრომ ინას გადახედა. ქალმა თავი დაუქნია.

– სად არის? – მიუბრუნდა ანდრო კაბინეტში მყოფებს.

– ვინ?

ანდრო გაბრაზდა:

– ვინც შეაყოვნეთ, ის! აბა, რისთვის მოვედი, ვთამაშობ, გგონია?

– დარბაზში ან ბარში იქნება. ფული ჯერ არ მიგვიცია. სად წავა... ისე, მაინც რა ხდება, არ მეტყვი? მეც ამ საქმეში ვარ ბოლოს და ბოლოს! – თავი შეურაცხყოფილად იგრძნო იმან, რომელსაც უფრო სპორტულად ეცვა.

– კახა, მე ხომ მიცნობ, ხომ იცი, ტყუილუბრალოდ პანიკის ატეხა არ მიყვარს. მაგრამ, მინდა, ჩემმა ინამ იმ ტიპს შეხედოს. მერე ყველაფერს აგიხსნი. მიდი, ინა, და მაშინვე დაბრუნდი, არაფერი უთხრა.

ინა რომ გავიდა, ანდრომ სიგარეტს მოუკიდა.

– ანდრო, რატომ დაინტერესდი მაგ ტიპით? ერთი ჩვეულებრივი ტიპია – დაიწყო კახამ.

– ჰოო? ჩვეულებრივი როგორ არის, როცა ექვსი ათასი ლარი მოიგო.

– მერე, რა? რა თანხა ეგ არის, უფრო მეტიც მოუგიათ.

– მართლა? ვის?!

კახა დაიბნა:

– როგორ, თუ ვის?

– ჰო, ვის მოუგია-მეთქი, გეკითხები.

– ვიღაცეებს. ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– რადგან გეკითხები, ესე იგი, აქვს!

კახამ საფერფლე თავისკენ მიიჩოჩა. ანდრომ გამოსწია და უკმეხად გაუწყრა:

– აი, რაც ამ საფერფლესთან დაკავშირებით დაგემართა, ის გჭირს საერთოდაც – ვერ აზროვნებ!

კახას ეწყინა ანდროს უხეშად ნათქვამი სიტყვები.

– ზოგჯერ ისეთი აუტანელი ხარ, მიკვირს, როგორ ვარ შენი მეგობარი და პარტნიორი, – ჩაილაპარაკა წყენით.

– მე გეტყვი, რატომ ხარ ჩემი მეგობარი და პარტნიორი, – ანდრომ სიგარეტი საფერფლეზე დადო და თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა, – ჰო, მე გეტყვი. მართალია, თავადაც მშვენივრად იცი, მაგრამ, რადგან „გულმავიწყობანას“ ვთამაშობთ, შეგახსენებ: – იმიტომ, რომ მე გადავწყვიტე ასე, „პარტნიორო“! თუ, დაგავიწყდა, ვინ იყავი არა? სად იყავი, როგორი წუმპედან ამოგიყვანე? ასეა, ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არც მე მჭირდება და, მით უმეტეს, არც შენ. საქმე ისაა, რომ ეგ ტიპი, თუ ის არის, ვინც გვგონია, ჯერ იქ დადიოდა, ჩემთან და ყველა მოსვლაზე ერთი და იმავე რაოდენობის თანხას იგებდა. იმაზე ცოტათი ნაკლებს, რაც დღეს მოიგო, ახლა კი აქ გვესტუმრა. ალბათ, ჰგონია, რომ აქ სხვა სასტავია და მისი მოგების შესახებ არაფერი ეცოდინებათ.

– ბიჭები მთელი თამაშის განმავლობაში აკვირდებოდნენ. სუფთაა.

– ჰო, სწორედ ეგაა პრობლემა. გარეგნულად ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, რეალურად აშკარად რაღაც ხდება. ეჭვი პირველად ინას გაუჩნდა. მაგარი გოგოა, ნებისმიერ დიპლომირებულ ფსიქოლოგს აჯობებს. „იგროკებსა“ და შულერებს გამოხედვით ცნობს. ჩვენთანაც სუფთად თამაშობდა, მაგრამ ინას მიაჩნია, რომ რაღაც ისე ვერ არის.

კახა დაფიქრდა:

– მერე, რას აპირებ?

– ჯერ ინას დაველოდები. დარწმუნდეს, მართლა ის ტიპია თუ არა. მერე ვნახოთ. რაღაცას მოვიფიქრებ.

– ჩანაწერების ნახვა თუ გინდა, აქ არის, ყველაფერი გადაღებულია.

– ჯერ ინა მოვიდეს, – ანდრომ საფერფლიდან სიგარეტი აიღო და ზიზღით მოსრისა თითებშუა, – მდა... ძალიან არ მომწონს ეს ამბავი, ზედმეტი თავისტკივილია.

– თუ ბევრს არ იგებს, შეეშვი, ამით ვერ გაგვაკოტრებს, – თქვა კახამ და ანდროს დამცინავი მზერა დაიმსახურა.

– ხომ გითხარი, ვერ აზროვნებ-მეთქი. როგორ ფიქრობ, ვიღაც მასხარას ჩემი დაცინვის უფლებას მივცემ? თავს გავაქურდვინებ და გავაბითურებინებ?! – ეს ერთი, მეორეც: კაზინოს პრინციპს ხომ იცნობ? გეკითხები, იცნობ თუ არა?

კახამ მორჩილი ბავშვივით დაუქნია თავი.

– ჰოდა, თუ იცნობ, ისიც უნდა იცოდე, რომ აქ მოგებული არავინ არ უნდა იყოს, ჩვენ გარდა. ტიპისთვის შემოსავლის წყაროა აქ მოსვლა და მონაგების სახლში წაღება. კი არ თამაშობს, მოდის, იგებს და მიდის. გესმის, რა ხდება? მიხვდი?

– ჰო, მივხვდი, მაგრამ, გეუბნები, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია-მეთქი.

– შენ ვერც შეამჩნევდი, – მაშინვე თავდასხმაზე გადავიდა ანდრო, – პრინციპში, ვერც მოგთხოვ, აქ ამისთვის არ ხარ. იმისი მადლობელიც უნდა ვიყო, რომ ფაქტი საერთოდ შეამჩნიე.

კახამ ამჯერად წყენა დამალა და გადაწყვიტა, რომ ანდროსთან კამათი არ ღირდა. მთავარი მეპატრონე ის იყო და მითითებებსაც ის იძლეოდა.

კაბინეტში ინა შემოვიდა. ანდროს შეკითხვაც არ დასჭირვებია, მისი სახის გამომეტყველებაზე მიხვდა ყველაფერს და მოიღუშა:

– მდა... ესე იგი, არ შევმცდარვარ. სად არის?

– ბარში. მეგობართან ერთად ვისკის სვამს. მეგობარიც იგივეა. ხომ გეუბნებოდით, ერთი ჯგუფია და ერთი პრინციპით მოქმედებენ.

– კი მაგრამ, რა პრინციპია? – ვეღარ მოითმინა კახამ.

– ჯერ არ ვიცით, – თქვა ანდრომ, – სწორედ ეს უნდა გავარკვიო. ვეჭვობ, საკუთარი ძალებით ეს შევძლოთ. არც გვაქვს უფლება, „იმათ“ არ გავაგებინოთ.

– ხომ არ მოგვეცადა? – მაინც იკითხა კახამ, – რაში გვჭირდება მითქმა-მოთქმა, ეს ჩვენს საქმეს დააზარალებს.

– აბა, რას გვირჩევთ, ბატონო კახა. ასე, ნებაზე მივუშვათ? ხელფასიც ხომ არ დავუნიშნოთ? – გაცხარდა ანდრო და ინას მიუბრუნდა, – როგორ შეატყვე, როგორ გუნებაზე ბრძანდება.

– ცოტას უნდა ნერვიულობდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა.

– კარგი, ინა, შენ დაჯექი. სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქროთ.

– დიდხანს ვერ დავაყოვნებთ, ისედაც რაღაც აბსურდული მიზეზი მოვიგონეთ. უნდა მივცეთ, რაც მოიგო.

– ჰო, უნდა მივცეთ. ამაზე არც არის ლაპარაკი, მაგრამ, ჯერ ჩანაწერები უნდა ვნახო. ინა, ყურადღებით უყურე. თუმცა, შენ გაფრთხილება არ გჭირდება...

***

ლაშა უკვე შესამჩნევად ნერვიულობდა, ვახო კი ფრჩხილების კვნეტიდან ტუჩების ჭამაზე გადავიდა.

– მეტი აღარ შემიძლია, – თქვა ბოლოს, – ლაშა, მოდი რა, მართლა წავიდეთ!

– არა, უარესი იქნება.

– ჰო, ვიცი, ექვსი ათასს დავკარგავთ, მაგრამ, ფული ხომ არ არის ყველაფერი?

– არა, ფული არ არის ყველაფერი, მაგრამ მე ეგ არ მიგულისხმია. რომ წავიდეთ, ეჭვს უფრო გავუძლიერებთ. გარბის ის, ვინც დამნაშავეა, ჩვენ კი არაფერი ჩაგვიდენია.

– აბა, როდემდე უნდა ვისხდეთ აქ?

– სანამ ფულს არ გადაგვიხდიან.

– შენ ფიქრობ, ფულს მოგვცემენ?

– აუცილებლად მოგვცემენ, სხვანაირად თავიდან ვერ მომიშორებენ. რა უნდა მოიმიზეზონ, რა უნდა მითხრან?! დამშვიდდი და ეგეთი სახე ნუ გაქვს. საშინლად გამოიყურები, დაფეთებულივით აცეცებ თვალებს.

– იმიტომ ვაცეცებ, რომ ვღელავ – რა არის ამაში გაუგებარი? დარწმუნებული ვარ, ახლა ცდილობენ, რამე გიპოვონ.

– ვერაფერს მიპოვიან. ეძებონ, დაიღლებიან და მოგვცემენ მონაგებს. მე ახლა ის უფრო მაღელვებს, ლიკას ჩემი დანახვა რომ აღარ უნდა. არც მომისმინა და, საერთოდაც, გიჟი ვგონივარ.

– მერე, ხარ კიდეც გიჟი... რა, არა?!

– ვახო, შენ ახლა მთვრალი ხარ. ეგ ვისკი, ცოტა ხანში კიდევ უფრო აგივარდება თავში და, სანამ უარესი სისულელეები გითქვამს, „მოკეტე“. ან, მინერალურ წყალზე გადადი, იქნებ გონება გადაგეწმინდოს.

– შენკენ ვარ, მინდა, დაგეხმარო... – გაიბუტა ვახო.

– ჩათვალე, რომ უკვე დამეხმარე. საკმარისად დამეხმარე... ლიკა რომ გამშორდეს, ჩემი ცხოვრება დამთავრდება.

– აუ, კაცები ცოლებს შორდებიან და ამით მათი ცხოვრება არ მთავრდება. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ინგრევა ოჯახები, მაგრამ მარტო შენთვის არის ეს ამბავი ტრაგედია.

– ჰო, არის ტრაგედია. იმიტომ, რომ ლიკა მიყვარს, ძალიან მიყვარს. რა არის ამაში გაუგებარი?

– მოიცა, რამდენი წელია, ცოლ-ქმარი ხართ?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს.

– რა ვიცი, ჩვეულებრივ, ყველაზე გიჟური სიყვარულიც კი, მაქსიმუმ ორ-სამ წელიწადში უნელდებათ ხოლმე. თქვენ გამონაკლისი ხართ?

– „თქვენ“ არა, მე ვარ გამონაკლისი... მგონი, გვეშველა, ის ტიპი ახლა ჩემკენ მოდის, ანუ, ფულს გვაძლევენ. მოისვენე...

***

ანდრო ლაშას წინ ეჯდა და დაჟინებით აკვირდებოდა. კახა და ინა კაბინეტის სიღრმეში მდგარ სავარძლებში ისხდნენ.

– ბოდიში უნდა მოგიხადოთ, – ღიმილად დაიღვარა ანდრო, – ძალიან ვწუხვარ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც შეგიქმენით. გაუგებრობა მოხდა.

– არა უშავს, გაპატიებთ ამ დისკომფორტს, – შეიფერა ლაშამ, – თუმცა, უნდა გითხრათ, რომ თქვენი ტიპის დაწესებულებისთვის ეს სერიოზული ნაკლია.

– კიდევ ერთხელ მოგიბოდიშებთ. გოგონას გაჰყევით და თქვენს თანხას მიიღებთ. იმედია, წყენას დაივიწყებთ და კიდევ გვესტუმრებით.

– ვნახოთ, ვერ მოგატყუებთ. დისკომფორტი მართლა ვიგრძენი და, რამდენ ხანში დამავიწყდება, არ ვიცი.

– ინა, ამ ბატონს კუთვნილი თანხა მიეცით!

ინამ წინ ლაშა გაუშვა, რომელმაც საკუთარი ღირსების შეგრძნებით დაუქნია თავი მოღიმარ ანდროს და კაბინეტიდან ამაყად, ტრიუმფატორივით გავიდა. კარი ბოლომდე არ იყო მიხურული, რომ ანდრომ ხმამაღლა შეიგინა.

– იდიოტი ნაბიჭვარი! დაგვცინის კიდეც...

კახამ მაგიდასთან გადაინაცვლა:

– რატომ გაუშვი?

– შენი აზრით, რა უნდა მექნა, პატრული გამომეძახა და დამეპატიმრებინა? კი მაგრამ, რისთვის?

– როგორ თუ რისთვის? შენ ხომ ამბობ, რომ თაღლითია?

– მე კი ვამბობ, მაგრამ, ჩემი სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს, ვერ დავუმტკიცებთ. ჩანაწერებს ჩემთან ერთად არ უყურე? რამე საეჭვო შეამჩნიე?

– არა, მაგრამ, მე არ ვარ ამის სპეციალისტი.

– ჰოდა, ჩვენც ეს ყველაფერი სპეციალისტებს უნდა ვაჩვენოთ. ახლა იმაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდით, რაც გავაკეთეთ. ხომ არ დავაფრთხობთ! ეგ კიდევ უნდა მოვიდეს, ჩვენ კი მომზადებული დავხვდებით.

– რომ არ მოვიდეს? – დაეჭვდა კახა.

– მოვა: ზუსტად ვიცი.

– ერთი პროცენტი ხომ მაინც არსებობს იმის შანსი, რომ აღარ მოვიდეს? – არ მოეშვა კახა.

ანდრო გაღიზიანდა:

– არის, არის! თუ ეს ერთი პროცენტი გაამართლებს, დავიკლებთ მაგ ფულს. შენ ახლა „იმათ“ დაურეკე და უთხარი, რომ მათი სამსახური გვჭირდება. ტყუილად ხომ არ ვუხდით ამდენ ფულს?

– მაინც, რას უნდა თაღლითობდეს?

ანდრომ მაგიდის ზედაპირს გამეტებით დაჰკრა ხელი:

– არ ვიცი, არ ვიცი და, რომ არ ვიცი, იმიტომაც მჭირდება სპეციალისტი. ნერვებს ნუ მიშლი! ასე არ ხდება – მოვიდა, თქვა, მოიგო. თითქოს ყველაფერი წინასწარ იცოდა. ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, არ მჭირდება პრობლემები.

– დაწყნარდი, – კახამ იცოდა აფეთქებულ ანდროსთან ურთიერთობა ცეცხლთან ბენზინით სავსე ბოთლით თამაშს რომ ჰგავდა. ამიტომ, მაშინვე გაინაბა და მოკრძალებით ანიშნა მობილურზე.

– ტელეფონი გირეკავს.

ანდრომ მობილური აიღო:

– მე ვარ. რა? შენ ვინ გითხრა, თვითონ? აჰ, გული გადაგიშალა? კარგია. არა, კარგია, რომ მითხარი. ჯერ არ ვიცი. არა, არაფერს არ ეტყვი და, საერთოდაც, არაფერს გააკეთებ. არავითარი ინიციატივა! თუ შენი დახმარება დამჭირდება, დაგირეკავ... – ანდრომ მობილური ისევ მაგიდაზე მიაგდო და ჩაილაპარაკა, – ძლივს ერთი კარგი ამბავი არ გავიგე?!.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3