ქმარმა საყვარელთან ერთად ცოლის მკვლელობა დაგეგმა და მისი კუთვნილი ბინები „დაახურდავა“
45 წლის ზაირა ქვაჭრელიშვილის მკვლელობისთვის მის ქმარს, ირაკლი ქვაჭრელიშვილს, სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გარდაცვლილის მშობლებისა და ახლობლებისთვის სრული შოკი იყო, როდესაც გაიგეს, რომ მკვლელობის შემკვეთი ოჯახის წევრი აღმოჩნდა. არანაკლებ გამაოგნებელი იყო ისიც, რომ დანაშაულში მხილებულს, რომელიც მოსიყვარულე ქმრის როლს თამაშობდა, საყვარელი ჰყავდა და ცოლის მკვლელობაში სწორედ ის დაიხმარა. მოკლულის ქმრისგან განსხვავებით, ამჟამად ძებნილია მისი საყვარელი, ირა ჭყოიძე, თუმცა, რომ არა გარდაცვლილის შემთხვევით ნაპოვნი პირადი დღიური, შესაძლოა, საქმე დღემდე გაუხსნელი ყოფილიყო. სხვათა შორის, ირაკლი ქვაჭრელიშვილის ახლობლების ერთადერთ ეჭვს მხოლოდ ის იწვევდა, რომ მან, ვალების მომიზეზებით, ცოლის ქონება მისი გარდაცვალებიდან სამ თვეში „დაახურდავა“ და საყვარელთან ცხოვრობდა.
ვინაიდან გარდაცვლილს არავინ მტრობდა, გამოძიებასა და ოჯახს ვერსიაც კი არ ჰქონია ვის შეიძლებოდა, ჩაედინა ეს შემზარავი დანაშაული. ამიტომ, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ზაირა ქვაჭრელიშვილი სხვის გამო მოკლეს. საქმე ისაა, რომ მათ სადარბაზოში ნარკომანების მთელი ამალა ცხოვრობდა. ივარაუდეს, რომ, შესაძლოა, ქალი რომელიმე „ბარიგას“ ემსხვერპლა, მაგრამ ამის მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. თუმცა, ამის გამო მეზობლები ერთმანეთს საშვილიშვილოდ გადაეკიდნენ, ამან კი მკვლელობის შემკვეთი ქმრის წისქვილზე დაასხა წყალი, რომელმაც, ვალების გარდა, სწორედ ეს გარემოება მოიმიზეზა, რომ ცოლის კუთვნილი ბინა გაეყიდა და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. გარდაცვლილის ბინის ახალმა მეპატრონემ, სრულიად შემთხვევით, გადატიხრულ კედლებს შორის გარდაცვლილის პირად დღიურს მიაგნო. საბედნიეროდ, მან დღიური არა ქმარს, არამედ გარდაცვლილის მშობლებს გადასცა და საქმეც გაიხსნა...
მკვლელობის შემკვეთი ქმარი და უშუალო შემსრულებელი, ვინმე სოსო გაბუნია, გამოძიებამ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დააკავა. გაქცევა მოახერხა ირა ჭყოიძემ, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის მიუხედავად, მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს – 9 წლით პატიმრობა, ხოლო უშუალოდ მკვლელს – გაბუნიას, სასამართლომ ყველაზე მკაცრი განაჩენი – 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მკვლელობა სადარბაზოში
ზაირა ქვაჭრელიშვილი 10 მაისს, საკუთარი სახლის შესასვლელი კარის წინ მოკლეს. ქილერმა იმ მომენტში ესროლა, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებული სახლის კარს აღებდა. მკვლელმა მას ერთხელ და ისიც თავში ესროლა. შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ცოლის, ზაირა ქვაჭრელიშვილის თავიდან მოშორების სურვილი მკვლელობაში მხილებულმა ქმარმა საყვარელს, ირა ჭყოიძეს გაანდო, რომელიც, თავის მხრივ დახმარებას დაჰპირდა. მათი გეგმის მიხედვით, ვინაიდან ქმარი ცოლს ქონების დაკარგვის შიშით ვერ ეყრებოდა, ერთადერთი გამოსავალი მისი მოკვლა იყო. საქმე ისაა, რომ, გაყრის შემთხვევაში, ცოლ-ქმრის ქონება შუაზე გაიყოფოდა, რაც ქმარს არ აწყობდა, ცოლის მოკვლის შემთხვევაში კი მოცილე აღარ ეყოლებოდა.
საინტერესო დეტალი: ირაკლი ქვაჭრელიშვილი აწ გარდაცვლილისთვის მეორე ქმარი იყო, პირველი ქორწინებიდან ზაირა ქვაჭრელიშვილს ორი გოგონა ჰყავდა. მეორედ გათხოვების პერიოდში ერთი 12, ხოლო მეორე 11 წლის იყო (მკვლელობის მომენტში გარდაცვლილის ერთი შვილი გათხოვილი იყო, მეორე კი უცხოეთში სწავლობდა). ზაირა და ირაკლი სიყვარულით შეუღლდნენ და ერთად 9 წელი იცხოვრეს. მათ ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს, შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ და მალე დაქორწინდნენ. პროფესიით დერმატოლოგ ქალს საკუთარი კლინიკა და დიდი შემოსავალი ჰქონდა. როგორც ჩანს, მათ ქორწინებას თავიდანვე ანგარება ედო საფუძვლად, რადგან ფიზიკურად წარმოსადეგმა უცოლო ირაკლი ქვაჭრელიშვილმა შვილებიანი ქალი გაცნობიდან ერთ თვეში შეირთო, იმ დღესვე გადაბარგდა მის ახალნაყიდ ბინაში და დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ერთგული ქმრის როლს თამაშობდა. ამასობაში კი მათ კიდევ სამი ბინა შეიძინეს: ორი – ზაირას ქალიშვილებისთვის და ერთი გასაქირავებლად ან დასაგირავებლად, რომ მუდმივი შემოსავალი ჰქონოდათ.
სასამართლოზე დაკითხული მათი მეზობლების ჩვენებებით, ცოლ-ქმარს უბანში ორი ბინა ჰქონდა: ერთში თვითონ ცხოვრობდნენ, მეორე კი დაგირავებული ჰქონდათ. მათ, ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ზაირას გარდაცვალების შემდეგ ქმარმა ერთი ბინა გაყიდა, მეორე კი, რომელიც დაგირავებული ჰქონდათ, თავად ბინაში მცხოვრებლებს მიჰყიდა. მეზობლებისთვის ქმრის დამნაშავეობა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან მათი ჩხუბი და აყალმაყალი არასდროს გაუგიათ. მათი თქმით, ზაირა და ირაკლი ხშირად ერთად ბრუნდებოდნენ სახლში და მოსიყვარულე ცოლ-ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ: „ზაირა საოცრად თბილი ადამიანი იყო, თავაზიანი მოკითხვა იცოდა. უყვარდათ მეზობლებში გამოსვლა და საუბარი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ირაკლის ამის ჩადენა თუ შეეძლო, მით უმეტეს, ზაირას გოგონებს ისე უვლიდა, როგორც საკუთარ შვილებს. მისი აღიარებითი ჩვენება ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, ვერ დავიჯერებდი. სხვის ოჯახში რა ხდება, ამას ვერავინ გაიგებს. გაოგნებული ვარ. დაკრძალვის დღეებში არაფერი შეგვიმჩნევია. ირა ჭყოიძესაც ვიცნობდით, მათთან ხშირად მოდიოდა. წესიერი გოგო ჩანდა. ამბობდნენ, ნათესავიაო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ირაკლი მისი საყვარელი ზაირაზე დაქორწინებამდე ყოფილა. მეზობლები გაოცებულები დავრჩით, როდესაც ირაკლიმ რამდენიმე თვეში, ერთმანეთის მიყოლებით, ორივე ბინა გაყიდა. მას შემდეგ მასთან კონტაქტი არ გვქონია. ამბობდნენ, ბევრი ვალი ჰქონდა და ამიტომ მოიქცა ასეო. მკვლელობის შემდეგ, როდესაც მეზობლები შევიკრიბეთ, პოლიცია შემთხვევის ადგილზე არავის უშვებდა. ირაკლიც სწორედ ამ დროს მოვიდა. აქეთ-იქით დარბოდა, როგორც ჭირისუფალი, ისე იქცეოდა. ვერ იჯერებდა, რომ ცოლი მოუკლეს. რას წარმოვიდგენდით ასეთ რამეს. არც სამძიმარზე და არც გასვენებაში არაფერი შეგვინიშნავს. ძალიან გაკვირვებულები ვართ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა, რომლის თქმით, ქმარს მეზობლებისგან შესაწირიც კი არ აუღია.
როგორც გამოძიებით ირკვევა, მას შემდეგ რაც საყვარლებმა ქალის თავიდან მოშორება განიზრახეს, ქვაჭრელიშვილს მკვლელი ირა ჭყოიძემ „უშოვა“. თუმცა მოძებნა არ გასჭირვებია – მკვლელობის უშუალო შემსრულებელი წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სოსო გაბუნია, მისი ძველი მეზობელი იყო. როგორც გაბუნიამ სასამართლოზე აღნიშნა, მას და ირას წარსულში ინტიმური ურთიერთობა აკავშირებდათ და მხოლოდ მკვლელობის შემდეგ შეიტყო, რომ ირა ირაკლი ქვაჭრელიშვილის საყვარელი იყო.
ასეა თუ ისე, მან უცხოური იარაღიდან 43 წლის ქვაჭრელიშვილი საკუთარი სახლის შესასვლელთან მოკლა, რაშიც გასამრჯელოდ 10 ათასი დოლარი მიიღო. გამოძიების მტკიცებით, თანხა მას ირა ჭყოიძის მეგობარმა გადასცა, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობდა მკვლელობის დაგეგმვაში. გამოძიების მტკიცებით, დაკვეთის შემსრულებელს, სოსო გაბუნიას, დაკავებისას „ოპელის“ მარკის ავტომანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და, ასევე, ნიღბები და ხელთათმანები აღმოაჩნდა.
მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული დეტალურად აღიარა და შემკვეთად ქმარი დაასახელა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზეც გაიყვანა, სადაც მან დეტალურად გაიხსენა საკუთარი ქმედება.
განსასჯელის ჩვენებიდან: „ზამთარი იყო, ირამ უცხო პიროვნება გამაცნო. უცნობმა მკითხა, ისეთს ხომ არავის ვიცნობდი, ვინც 10 000 დოლარის სანაცვლოდ ქალს მოკლავდა. არ ვიცი-მეთქი, ვუთხარი. მერე, რომ დავფიქრდი, ვთქვი, რომ ამას მე თვითონ შევასრულებდი. მეორე დღეს ისევ შემხვდა ეს პიროვნება და დამთანხმდა. სოფელში წავედი, არაოფიციალურად შეძენილი იარაღი ავიღე და მსხვერპლის თვალთვალი დავიწყე. ქალს დაახლოებით ერთი კვირა ვყარაულობდი. მეცხრე თუ მეათე დღეს დავინახე, ქალმა სახლისკენ ამოუხვია. მანქანიდან ქურთუკი ამოვიღე, ჩავიცვი და იარაღი მასში დავმალე. მერე ქალს სახლში ასვლა ავასწარი და ლიფტის უკან დავიმალე. მალე კარებში გასაღების გადატრიალების ხმა შემომესმა. ამ დროს სანთებელა დამივარდა და ვიგრძენი, რომ ქალი შეკრთა. როცა მისკენ მივბრუნდი ერთმანეთს სახეში შევხედეთ. რაღაც მომენტში დავიბენი, მაგრამ გასროლა მაინც მოვახერხე. დავინახე, რომ თავში დაიჭრა და იქვე დავარდა. გავიქეცი. ჯერ ქუჩაში დავხეტიალობდი. მერე სახლში წავედი. მეორე დილით შუამავალმა 6 000 დოლარი გადმომცა. დანარჩენზე რომ ვკითხე, მითხრა, რომ შემკვეთი ბინის გაყიდვის შემდეგ გადამიხდიდა. მართალია, მაწვალეს, მაგრამ თანხა ორ თვეში მართლაც სრულად მივიღე. მე არ ვიცოდი, რომ ქალი, რომლის მკვლელობაც შემიკვეთეს, იმ კაცის ცოლი იყო. იმ მომენტში არც ის ვიცოდი, რომ ირა იმ კაცის საყვარელი ყოფილა. ეს რომ მცოდნოდა, ამაზე არ წავიდოდი. სწორედ ამიტომ არ შევასრულე დანაპირები და საქართველოდან არ წავედი. მაიძულებდნენ, წავსულიყავი, მაგრამ მეც ჩემი ანგარიშები მქონდა. ბოლოს კი პოლიციამ დამაკავა“.
მოკლულის რძალი აცხადებს, რომ მულის მკვლელობაში მისი ქმრის მონაწილეობა არ გაჰკვირვებია, რადგან ირაკლის ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია. მისივე თქმით, ცოლ-ქმარს ბოლო წლები დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამის მიზეზი კი ირაკლის მძიმე ხასიათი იყო. გარდაცვლილის ოჯახის განმარტებით, ცოლ-ქმრის ხშირი სტუმარი იყო ირა ჭყოიძე. ირაკლი ცოლს არწმუნებდა, რომ ირა მას დასავით უყვარდა, მაგრამ, ზაირა ეჭვობდა, რომ მათ შორის ნამდვილად რაღაც ხდებოდა.
როგორც ირკვევა, ამ ეჭვების შესახებ გარდაცვლილის ახლობლებმა გამოძიებაშიც განაცხადეს, მაგრამ ვერსია გამოძიებისთვის სარწმუნო მანამ არ აღმოჩნდა, ვიდრე სრულიად შემთხვევით გარდაცვლილის დღიური არ იპოვეს. შინაარსის დიდი ნაწილი სწორედ ზაირასა და მისი ქმრის ურთიერთობას ეხება. როგორც ირკვევა, ოჯახში სიმშვიდე არ იყო. მოკლული წერს, ზუსტად ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, ირას გამო ქმარი მიმატოვებსო. თუმცა, როგორც ჩანაწერშია აღნიშნული, უარყოფითი თვისებებისა და ღალატის მიუხედავად, ქმარი მაინც უყვარდა.
მკვლელობა გარდაცვლილის დღიურის წყალობით გაიხსნა. მასში ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ბევრი ეწერა, თუმცა, სასამართლოზე დეტალები არ გახმაურებულა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, გამოძიებამ ეჭვმიტანილ ქმარზე თვალთვალი და მოსმენები, და დამნაშავეები მხოლოდ ფაქტების დალაგების შემდეგ დააკავეს.
თავად ქმარმა, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ სასამართლოს ხელი არ შეშლია, მისთვის განაჩენი გამოეტანა.