კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეციდივისტი „კონუსი“ თავის „პაძელნიკებს“ ხოცავდა


პროფესიონალური ძარცვა

თბილისის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის დირექტორი ზუსტად დილის 8 საათზე გამოცხადდა სამსახურში. მან ჯერ სიგნალიზაცია შეამოწმა, მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა შენობაში და ბოლოს საკუთარ კაბინეტს მიაშურა, უზარმაზარი სეიფის სასიგნალო მოწყობილობა გამორთო და ცეცხლგამძლე კარადა გააღო.

– მიშველეთ, გაგვძარცვეს, მილიცია, მილიცია! – იღრიალა სასოწარკვეთილი ხმით საიუველირო მაღაზიის დირექტორმა, როდესაც მას სეიფი გამოცარიელებული დახვდა. 57 წლის მალხაზ თოფაძეს ინფარქტმა დაარტყა და სეიფის წინ უგონოდ ჩაიკეცა.

გონწასული დირექტორი პირველად ერთ-ერთმა გამყიდველმა აღმოაჩინა. მან თოფაძის მოსულიერება სცადა, მაგრამ, რომ არ გამოუვიდა, ჯერ სასწრაფოში დარეკა, შემდეგ კი მილიციაში.

ექიმებმა დირექტორს მიოკარდის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს და რეანიმაციაში გადაიყვანეს. მილიციის ოპერჯგუფმა კი, რომელსაც მაიორი ლავრენტი ჭკადუა მეთაურობდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო.

ჭკადუამ და მისმა ხელქვეითებმა დაადგინეს, რომ საიუველირო მაღაზიის სეიფიდან მილიონ 150 ათასი მანეთის ძვირფასეულობა იყო გატაცებული.

ლავრენტი ჭკადუამ ხელქვეითები შეკრიბა და საიუველირო მაღაზიის ძარცვასთან დაკავშირებით პირველი ოპერატიული თათბირი ჩაატარა.

– სიგნალიზაცია მართლაც მოძველებულია, მაგრამ საიმედო. ამიტომ მძარცველებმა ცეცხლგამძლე კარადა უკნიდან, ძლიერი ავტოგენის გამოყენებით, სასიგნალო მოწყობილობის გათიშვის გარეშე გაჭრეს და ძვირფასეულობა იქიდან წაიღეს. მათ მაღაზიაში შესაღწევად ეგრეთ წოდებული „დანკრატი“ გამოიყენეს, – თქვა ჭკადუამ, – ეგრეთ წოდებული მძიმე „დანკრატი“ ამჟამად ექსპერტიზას გადის და ჩვენ უნდა დავადგინოთ ორი რამ: პირველი – გასარკვევია „დანკრატის“ წარმომავლობა, რადგან მათ ავტოპროფილაქტიკებში იყენებენ და ისინი სპეციალურ აღრიცხვაზე აქვთ და მეორე – სადმე სხვაგან ხომ არ მომხდარა ანალოგიური დანაშაული.

ჭკადუამ „დანკრატის“ წარმომავლობის გარკვევა უმცროს ლეიტენანტ მიშიკო გურულს დაავალა, ხოლო ანალოგიური დანაშაულის მოძიება – ლეიტენანტ ნოდარ სახვაძეს.

იდუმალი მკვლელობა

საიუველირო მაღაზიის ძარცვის მეოთხე დღეს სასტუმრო „კოლხიდის“ 311-ე ნომერში შესულ დამლაგებელს იქ 50-55 წლის უცნობი მამაკაცის გვამი დახვდა. დამლაგებელმა მილიციაში დარეკა.

სასტუმროს ნომერში ორთაბრძოლის კვალი შეინიშნებოდა. მოკლულის გვამის დათვალიერებამ აჩვენა, რომ მასზე ძალადობა არ იყო განხორციელებული. სიკვდილი კი მარცხენა საფეთქლის არეში მიყენებული ღრმა ჭრილობით იყო გამოწვეული.

უცნობი მამაკაცის მკვლელობის საქმეს ომარ კინწურაშვილი იძიებდა. მან ჯერ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გვერდით გაიყვანა და ჰკითხა:

– რას იტყვი, მერაბ, ამ მკვლელობაზე?

– როგორც ეტყობა, ეს კაცი ხელის კვრითაა მოკლული. თავდამსხმელს, ალბათ, არც კი ჰქონდა განზრახული მკვლელობა, მაგრამ, ამ ორთაბრძოლისას ის რადიატორის სამაგრ არმატურას დაეჯახა, „შტირი“ ტვინში შეერჭო და ამით გარდაიცვალა.

კინწურაშვილის ოპერჯგუფმა გაარკვია, რომ სასტუმროს ნომერში მოკლული მამაკაცი 55 წლის მურთაზ სიხარულიძე იყო, რომელსაც ოთხი ნასამართლობა ჰქონდა და კრიმინალურ სამყაროში „კონუსს“ ეძახდნენ.

მილიციამ დაადგინა, რომ კონუსი საიუველირო მაღაზიის ძარცვაში მონაწილეობდა. ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ მოკლულის სისხლის იდენტურობა უტყუარად დაადასტურა „დანკრატზე“ აღმოჩენილ სისხლთან – როგორც ჩანს, საიუველიროს ძარცვის დროს კონუსმა მარჯვენა ხელის ცერა თითი გაიჭრა.

კინწურაშვილმა და ჭკადუამ საქმეები გააერთიანეს და ამ საქმის ძიებას ერთობლივად შეუდგნენ.

ოქროსხელება შეგირდი

მიშიკო გურულმა ჭკადუას დავალება შეასრულა და საიუველირო მაღაზიაში ნაპოვნი „დანკრატის“ წარმომავლობა დაადგინა. მძიმე მანქანების ასაწევი „დანკრატი“ ¹4230701 თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთი პროფილაქტიკიდან იყო მოპარული. გურული პროფილაქტიკის დირექტორს, სიმონ არეშიძეს ესაუბრა და გაიგო, რომ ოთხმოცკილოგრამიანი „დანკრატი“ სტაციონარულად იყო დამაგრებული მეოთხე ბლოკში და მისი მოპარვა საგანგებო მომზადების გარეშე შეუძლებელი იყო.

– უფროსო, მე არც კი ვიცოდი, თუ „დანკრატი“ მოიპარეს და, თქვენ რომ არ მოსულიყავით, კარგა ხანს ვერც გავიგებდი, – უთხრა გურულს არეშიძემ, – მეოთხე ბლოკი ვართან სარიანს აბარია და იმას ჰკითხეთ.

გურული სახლში ეწვია სარიანს, თავი წარუდგინა და უთხრა:

– მძიმე დანაშაულებია მომხდარი. გატაცებულია დიდძალი თანხა და ადამიანია მოკლული. ამ საქმეში კი თქვენს ბალანსზე მყოფი „დანკრატი“ ფიგურირებს, რომელიც ბოროტმოქმედების იარაღადაა გამოყენებული.

სარიანი გაფითრდა, კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ სული მოითქვა და გურულს უთხრა:

– უფროსო, ბლოკის გასაღები სოსო კაკაბაძესაც აქვს და, თუკი ბლოკში ვინმე შევიდა, მაშინ მან სოსოს გასაღებით ისარგებლა. აი ჩემი „ლიჩნი“, – სარიანმა გურულს თავისი გასაღები აჩვენა.

– სოსო კაკაბაძე ვინაა?

– პატარა ბიჭია, ჩემი შეგირდი.

გურულმა კაკაბაძის მისამართი დაადგინა და სახლთან დაუდარაჯდა. შემდეგ ბიჭი მანქანაში ჩაისვა, მილიციაში მიიყვანა და დაკითხა:

– ვინ დაგავალა „დანკრატის“ მოპარვა?

სოსო ერთხანს ყოყმანობდა, შემდეგ თავი ჩაღუნა და ამოილუღლუღა:

– ოთო ჟორჟოლიანმა.

– ვინ, ვინ?

– ოთო ჟორჟოლიანმა, მეტსახელად „პეპომ“.

– პეპო? – კისერი წაიგრძელა გურულმა, – ვარანცოველმა ხომ არა, ხუჭუჭა თმა რომ აქვს და მწვანე „შესტი“ რომ ჰყავს?

სოსომ გურულს თავი დაუქნია.

სოსო კაკაბაძე მიშიკო გურულმა სამი დღით დააკავა, რადგან ინტუიციით მიხვდა, რომ ამჟამად ყმაწვილისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ციხის საკანი იყო.

მომპარავი „პეპო“

22 წლის ოთარ ჟორჟოლიანი, რომელსაც მეტსახელად „პეპოს“ ეძახდნენ, კარგად იყო ცნობილი მილიციისთვის. ის რამდენიმე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი და „მომპარავის“ სახელით სარგებლობდა. მილიციის ოპერჯგუფმა პეპო მყუდრო ქუჩაზე აიყვანა, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ და ის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. პეპო პირადად ლავრენტი ჭკადუამ დაკითხა და დაკავებულს უთხრა:

– ამჯერად უკვე სერიოზულად გაები, ჟორჟოლიანო!

პეპოს ცინიკურად გაეცინა და გამომძიებელს უტიფრად მიუგო:

– ეგ საკენკი არიფებს დაუყარე, უფროსო, პონტზე ვერ „ამაგდებ“. ნაბიჭვარი ხომ არ გგონივარ, რომ დამაგოიმო?

– კი არ გაგოიმებ, მკვლელობაში ხარ ეჭვმიტანილი, რომ არაფერი ვთქვათ საიუველირო მაღაზიის ძარცვაზე.

პეპოს ფერი ეცვალა საიუველირო მაღაზიის ხსენებაზე, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და თქვა:

– ვის მკვლელობაში უფროსო, რაებს „მტენი“?

– ვისი და, კონუსის მკვლელობაში, აგრეთვე, საიუველირო მაღაზიის ძარცვასა და დიდი რაოდენობით ძვირფასეულობის გატაცებაში.

ჭკადუას სიტყვებმა პეპო საბოლოოდ გატეხა და ისტერიკა დაემართა. საიუველიროს ძარცვა აღიარა, მაგრამ კონუსის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფდა და კიოდა.

– მაშ, ვინ მოკლა კონუსი? – ჰკითხა ჭკადუამ.

– „ზებრამ“. ალბათ, ზებრამ! არა, ალბათ კი არა, ზებრამ, ნამდვილად ზებრამ! – კიოდა პეპო.

ჟორჟოლიანის მონაყოლიდან გაირკვა, რომ საიუველირო მაღაზია კონუსმა, პეპომ და ზებრამ – ვასილ უტკინმა გაძარცვეს. უტკინი ცნობილი რეციდივისტი იყო და ციხიდან გაქცევის გამო იძებნებოდა. პეპო რომ დამშვიდდა, ჭკადუას უთხრა:

– საქმე რომ გავაკეთეთ, ნაძარცვი ნივთებით სავსე ჩანთა კონუსმა წაიღო. მე და ზებრამ ის სასტუმრო „კოლხიდაში“ მივიყვანეთ, შემდეგ ზებრა, კონუსის ბრძანებით, ქუთაისში უნდა ჩამეყვანა და უკან დავბრუნებულიყავი. ჩემი წილი დაბრუნებისთანავე უნდა მიმეღო, კონუსი და ზებრა კი ქუთაისში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და დანარჩენს იქ გაიყოფდნენ. როგორც კი მცხეთას გავცდით, რატომღაც ზებრამ მანქანა გამაჩერებინა, გადავიდა და სიბნელეში გაუჩინარდა. მე ვერ მივხვდი, რატომ გააკეთა ეს და თბილისში დავბრუნდი. ზაჰესთან საბურავი გამისკდა და მანქანიდან გადმოვედი, რომ გამომეცვალა. მოშარდვა მომინდა და ათიოდე მეტრის დაშორებით ხესთან მივედი. ამ დროს ჩემი მანქანა აფეთქდა. მერე მე იქაურობას მოვშორდი და თბილისში დავბრუნდი. როგორც ეტყობა, ზებრამ დანაღმა ჩემი მანქანა – ჩემი მოშორება უნდოდა. შემდეგ თბილისში დაბრუნდა, კონუსი მოკლა და ძვირფასეულობა გაიტაცა.

პეპომ ის მისამართი დაასახელა, სადაც ზებრა უნდა მისულიყო ქუთაისში. მილიციამ ის უხმაუროდ აიყვანა, თუმცა მას გატაცებული ძვირფასეულობა არ აღმოაჩნდა.

– პეპოს მანქანიდან რატომ გადახვედი? – ჰკითხა ზებრას ჭკადუამ.

– იმიტომ, რომ კონუსი ვერაგი კაცი იყო, ხარბი, დაუნდობელი და, ვიფიქრე, პეპოს ჩემი მოკვლა დაავალა, რომ წილი არ გაეყო – მას არაერთხელ გაუკეთებია ასეთი რამ და შემეშინდა.

უცნობი

გამოძიება ჩიხში შევიდა. ისე გამოდიოდა, რომ კონუსი ვიღაც უცნობმა მოკლა, რომელსაც არც პეპო იცნობდა და არც ზებრა, მაგრამ, ვინ და როგორ, ახლა ამაზე იმტვრევდნენ თავს გამომძიებლები.

სოსო კაკაბაძე მილიციამ ხელწერილით გაათავისუფლა. განყოფილებიდან ის დედამისმა და მისმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, ნოდარ ფხაკაძემ წაიყვანეს. ფხაკაძე სოსოს მეზობელი იყო და მამით ობოლ ბავშვს ჰპატრონობდა.

– მამამისი და ჩემი ძმა, გივი ფხაკაძე, მეგობრები იყვნენ და ეს მაიმუნი ჩემი გივის მონათლულია, – უთხრა ნოდარ ფხაკაძემ ჭკადუას, შემდეგ მადლობა გადაუხადა და სოსო წაიყვანა.

ჭკადუას გურულისთვის დავალებული ჰქონდა, მოკლული კონუსის ძველი საქმეების შესწავლა და ერთ-ერთ საქმეში გივი ფხაკაძის პიროვნება ამოტივტივდა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი ძარცვის შემდეგ კონუსმა 23 წლის ფხაკაძე მოკლა და ნაძარცვით მიიმალა. ხოლო, როცა კონუსი დააპატიმრეს, მან მკვლელობის ბრალდება მოიხსნა და მხოლოდ ძარცვისთვის გაასამართლეს.

– მიშიკო, გული მიგრძნობს, რომ ამ საქმეს სულ მალე გავხსნით, – უთხრა ჭკადუამ გურულს.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ჭკადუამ ყურმილი აიღო და მას უცნობის ხმა შემოესმა.

– საიუველიროდან წამოღებული ნივთები თბილისის რკინიგზის სადგურის ¹2036 საკანშია, – უცნობმა საკნის კოდიც თქვა და ყურმილი დაკიდა.

მილიციამ ჯერ ძვირფასეულობა ამოიღო მითითებული საკნიდან, შემდეგ კი ნოდარ ფხაკაძე დააპატიმრა, რადგანაც ჭკადუა მიხვდა, რომ კონუსი მან მოკლა და ძვირფასეულობაც მან შეინახა საკანში.

ნოდარ ფხაკაძემ სიგარეტი გააბოლა და ჭკადუას უთხრა:

– ჩემი ძმა, გივი, მაგ ნაძირალამ ააცდინა პატიოსან გზას: ჯერ საძარცვავად წაიყვანა, შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. მე მას მთელი ცხოვრება ვეძებდი და შემთხვევით აღმოვაჩინე. ერთხელ მან და ვიღაც პეპომ მანქანით მოაკითხეს სოსო კაკაბაძეს სახლში. მე კონუსი ვიცანი. მას შემდეგ თვალთვალი დავუწყე, მკვლელობის ღამეს კი სასტუმროს ნომერში დავადექი, რომ მისთვის ანგარიში გამესწორებინა. მე მის მოკვლას არ ვაპირებდი, მხოლოდ მილიციისთვის მინდოდა ჩამებარებინა. მან წინააღმდეგობა გამიწია, ხელი ვკარი, თავი რადიატორის სამაგრზე მიარტყა და მოკვდა.

ზებრასა და პეპოს სასამართლომ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნოდარ ფხაკაძეს კი – მხოლოდ 5 წლით. ის 2 წელიწადში გაათავისუფლეს.


скачать dle 11.3