ახალი საშიში მოდა ფრანგ მოზარდებში
ფრანგ ახალგაზრდებში ახალი მოდა გამოჩნდა: ისინი თვალებში ალკოჰოლს ისხამენ და მიაჩნიათ, რომ ასე უფრო სწრაფად თვრებიან. ფრანგული პრესა წერს, რომ ეს „მოდა“ მათ ქვეყანაში ინგლისიდან ინტერნეტის საშუალებით შემოვიდა.
ბავშვთა ფსიქიატრის, პატრის უერას აღიარებით, საფრანგეთში ეს ტენდენცია მარგინალურ ხასიათს ატარებს, „ეს“ აიხსნება ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებით – მივიდნენ ზღვრამდე.
„უკანასკნელ წლებში ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად გაიზარდა არა მარტო ალკოჰოლიზმი, არამედ ახალი აღმგზნები საშუალებების ძებნა, რომლებიც ხშირად გულისხმობს რისკს. თვალებში ალკოჰოლის ჩასხმის მთავარი მიზანი გამორჩევისკენ მისწრაფებაა, ვინაიდან თვალებში ალკოჰოლის ჩასხმით დათრობა შეუძლებელია. ასეთი მეთოდებით სისხლში ალკოჰოლის შემცველობა სულაც არ იზრდება. მოზარდები, რომლებიც ამ თამაშს თამაშობენ, იმ მომენტისთვის უკვე მთვრალები არიან“, – აღნიშნავს საფრანგეთის ოფთალმოლოგიური საზოგადოების დირექტორი, დოქტორი ანტუან ბერნასი, – ასეთი თამაშების შედეგები კი, შეიძლება, გამოუსწორებელი აღმოჩნდეს – ალკოჰოლმა თვალის გარსი დააზიანოს და მხედველობის გაუარესებამდე მიგვიყვანოს.
ყველაზე უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მიდრეკილება ალკოჰოლიზმისკენ, რომელიც ადრე სტუდენტებისთვის იყო დამახასიათებელი, ახლა სკოლის 11-13 წლის მოსწავლეებისთვისაც არ არის უცხო. პრობლემა ისაა, რომ ამ ასაკში მოზარდები ვერ აცნობიერებენ თავიანთი ქმედების საშიშროებას.