ამერიკელმა სწავლულებმა მზის ლაქების ყველაზე დაწვრილებითი გამოსახულება მიიღეს
კალიფორნიის შტატის ობსერვატორია „ბიგ-ბერ ლეიქში“ დედამიწის მზის ტელესკოპით ტალღის სიგრძის ხილულ დიაპაზონში ჩაბეჭდილი მზის ლაქების ყველაზე დაწვრილებითი გამოსახულება მიიღეს.
ეს ეგრეთ წოდებული ლაქები აღნიშნავენ აქტივობის ზონებს მნათობის ზედაპირზე, რომლებიც განპირობებულია ინტენსიური მაგნიტური აქტივობით. ასეთ ზონებში ხდება მძლავრი მაგნიტური ველების გამოსვლა მზის ატმოსფეროს ერთ-ერთ ფენაში. თვით გაშავება გამოწვეულია იმით, რომ მაგნიტური ველი ნივთიერებების კონვექციურ მოძრაობას ახშობს და ამცირებს სითბური ენერგიის გადატანის ნაკადს. ასტრონომების აზრით, მზის ლაქები ისეთი ფენომენია, რომლებსაც შეუძლია, სერიოზულად იმოქმედოს დედამიწის მცხოვრებთა სიცოცხლეზე, ხოლო კავშირის სისტემების, სანავიგაციო თანამგზავრებისა და ცალკეულ შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზებიც კი გამოიყვანოს მწყობრიდან.
სწავლულებს მიაჩნიათ, რომ კალიფორნიის ტელესკოპი უმსხვილესია იმ ინსტრუმენტებს შორის, რომელთა დანიშნულება მზის შესწავლაა. ტელესკოპს შეუძლია, მიიღოს ისეთი ობიექტის გასარჩევი გამოსახულება (ვარსკვლავზე), რომლის ზომებია 80 კილომეტრი და მეტი. ტელესკოპი სულ ცოტა ხნის წინ ადაპტური ოპტიკით – ხელოვნურად დეფორმირებული ლინზებით აღჭურვეს, რომლებსაც კოსმოსურ ობიექტებზე დაკვირვების დროს დედამიწის ატმოსფეროთი წარმოქმნილი ვიზუალური შეშფოთებების კომპენსირება შეუძლიათ. ობსერვატორიაში ჩატარებულ კვლევებს ნიუ-ჯერსის შტატის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა.