ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვარ იმ პირის მემკვიდრე, რომელსაც ქონება ჰქონდა საქართველოში, მაგრამ გარდაცვალების მომენტისთვის იგი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე იყო. როგორ შეიძლება სამკვიდრო მოწმობის აღება?
პასუხი: იმ ქვეყნის ნოტარიუსის მიერ, რომლის მოქალაქესაც გარდაცვალების მომენტისთვის წარმოადგენდა გარდაცვლილი (მამკვიდრებელი), უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტი მემკვიდრის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს ნოტარიუსთან საქართველოში მდებარე უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლის შემდეგაც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა საქართველოში არსებულ, მამკვიდრებლის კუთვნილ კონკრეტულ ქონებაზე.
კითხვა: ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა ჩემს სასარგებლოდ დაწერილი ანდერძის ბათილად ცნობა, რომლითაც მთელი თავისი ქონება (მათ შორის, საცხოვრებელი სახლი) მიანდერძეს მე. სასამართლომ მოსარჩელე ცნო სამკვიდრო სახლის ნახევარი წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ისე, რომ ამ უკანასკნელს მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა არ ჰქონია. არის თუ არა აღნიშნული ქმედება კანონიერი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არ აქვს, თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
კითხვა: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის სესხის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო, მოწმეთა თანდასწრებით. იმის გამო, რომ მსესხებელმა სესხის არსებობა უარყო, სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ მოწმეთა ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სარჩელი არ დააკმაყოფილა. კანონიერია თუ არა აღნიშნული ქმედება და მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო სესხად გაცემული თანხა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.
კითხვა: გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მოგვყიდა, მაგრამ ნივთი არც ერთისთვის არ გადაუცია. ვის უნდა მიეცეს უპირატესობა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნივთი უნდა გადაეცეს იმ პირს, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.
კითხვა: „ბეს“ მიმღების ბრალეული მოქმედებით, ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც „ბეს“ მიმცემმა მოითხოვა, თანხის ორმაგად დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება. აქვს თუ არა „ბეს“ მიმცემს, თანხის ორმაგად დაბრუნებასთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც?
პასუხი: დიახ. „ბეს“ ორმაგად დაბრუნებასთან ერთად, „ბეს“ მიმცემს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.
კითხვა: მოქალაქემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მაგრამ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გარდაიცვალა. სასამართლომ განიხილა სარჩელი და დააკმაყოფილა მოქალაქის მოთხოვნა ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. დაკარგავს თუ არა მემკვიდრეობის უფლებას მოქალაქის ცოცხლად დარჩენილი მეუღლე გარდაცვლილი მეუღლის ქონებაზე?
პასუხი: დიახ, ცოცხლად დარჩენილი მეუღლე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას.
კითხვა: სასამართლოში შევიტანე განცხადება ჩემი მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, სადაც მივუთითე ის გარემოება, რომ ის სამი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილზე და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სასამართლომ გამოარკვია, რომ არა სამი, არამედ ორი წელია, რაც არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილზე და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. არის თუ არა საკმარისი საფუძველი მოსამართლის მიერ გამორკვეული ფაქტები პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისთვის?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკმარისია, ვინაიდან, თქვენი მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილზე.
კითხვა: ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, 20 წლის ვადით, უზუფრუქტით გადავეცი, რის შესახებაც, სათანადო წესის დაცვით, გავაფორმეთ ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის შემდეგ, უზუფრუქტუარმა, ჩემი თანხმობის გარეშე, მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა მესამე პირს. ჰქონდა თუ არა უფლება უზუფრუქტუარს, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, იჯარით გაეცა მიწის ნაკვეთი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მესაკუთრის თანხმობის გარეშე უზუფრუქტუარს უფლება არ აქვს, იჯარით გასცეს ქონება.
კითხვა: საცხოვრებელი სახლის დამქირავებელმა გამქირავებლისგან მოითხოვა იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან გაიღო საცხოვრებელი ბინის გაუმჯობესებაზე, კერძოდ, მის გადაკეთებაზე. გამქირავებელმა აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ დამქირავებელმა ეს მისი თანხმობის გარეშე გააკეთა. კანონიერია თუ არა უარი?
პასუხი: კანონიერია, ვინაიდან დამქირავებელს არ აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რემონტის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე.
კითხვა: სურვილი მაქვს, რეკლამა განვათავსო ჩემს სატრანსპორტო საშუალებაზე. როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსება ხდება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან (ან პირთან, რომელსაც ფლობის უფლება აქვს) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეზღუდვისა და აკრძალვის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კითხვა: ინტერნეტში ვიპოვე ძალიან საინტერესო სტატია ინგლისურ ენაზე. ვაპირებ, ეს სტატია ვთარგმნო ქართულ ენაზე და განვათავსო ჩემს საიტზე. რა თქმა უნდა, მივუთითებ ავტორის სახელს. შემიძლია თუ არა, ავტორის გაუფრთხილებლად და მისი ნებართვის გარეშე გავაკეთო ეს?
პასუხი: თარგმნისა და გამოცემის უფლება ავტორის განსაკუთრებული საავტორო უფლებებია. თქვენ მიერ აღმოჩენილ საიტზე შესაძლებელია, გაკეთებული იყოს ავტორის ან საავტორო უფლებების სხვა მფლობელის აღნიშვნა, რომ მასალაზე საავტორო უფლებები დაცულია. ამ შემთხვევაში მასალის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია და საავტორო უფლებების დარღვევად ჩაითვლება. დაუკავშირდით მას და, არ არის გამორიცხული, ყოველგვარი ჰონორარის გადახდის გარეშე ავტორმა თქვენს საიტზე სტატიის გამოქვეყნების უფლება მოგცეთ.
კითხვა: გათხოვების შემდეგ სამი წელი ვიცხოვრე ქმართან და დედამთილთან ერთად ოროთახიან ბინაში, რომელიც პრივატიზებულია ჩემი დედამთილის სახელზე. მე ამ ბინაში არ ვარ ჩაწერილი. მეუღლესთან გაყრის შემთხვევაში, როგორც მცირეწლოვანი ბავშვის (ჩემი შვილი 10 თვისაა) დედას, მომცემს თუ არა სასამართლო ამ ბინის ერთ ოთახში ჩემს შვილთან ერთად ცხოვრების უფლებას ისე, რომ ყრუ კედელი ამოვაშენო გამყოფად? სხვაგან საცხოვრებელი ფართი არ მაქვს.
პასუხი: თქვენ არ აკონკრეტებთ, ხართ თუ არა მეუღლესთან კანონიერ, რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს. თუ თქვენი ქორწინება რეგისტრირებულია, განქორწინების დროს უნდა დააყენოთ ქონებრივი დავის საკითხი; გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვს ვერავინ ვერ წაართმევს საცხოვრისის უფლებას, ისევე, როგორც შვილს დედასთან ცხოვრების საშუალებას, თუ მშობლის უფლება ჩამორთმეული არ აქვს.