სად მართავს ქათულ ტუსოვკებს დიანა ლაბაძე
დღეს ქართველი მომღერლები მოსკოვის შოუ-ბიზნესში დამკვიდრებას რომ ცდილობენ, არავის უკვირს, მაგრამ მოსკოვში დაბადებული და იქ მოღვაწე ადამიანი რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ცდილობდეს დამკვიდრებას, მართლაც გასაკვირია. თუმცა ეს მომღერლის დიდი სიყვარულისა და მონატრების დაფიქსირება უფროა საქართველოს მიმართ, ვიდრე ქართულ ესტრადაზე დამკვიდრება.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვში მოღვაწე მომღერალ დიას (დიანა ლაბაძის) რიგით მესამე კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის სახელწოდებაა „საქართველო“ და რამაც იქ დამსწრე მომღერლების, კომპოზიტორების თუ რეჟისორების საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგონას წარმატებული სამომავლო კარიერა უწინასწარმეტყველეს.
რატომ ჩამოვიდა მომღერალი საქართველოში, რა აკავშირებს რუსულ-ქართულ შოუ-ბიზნესთან და ვინ არის ის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– დია, ცოტა ხნის წინ ქართულ მუსიკალურ ტელეარხებზე გამოჩნდა კლიპი ბათუმზე, რადიოებში კი აქტიურად დატრიალდა შენი სიმღერები. ამას მოჰყვა ახალი კლიპი, რომლის პრეზენტაცია სულ ახლახან გქონდა. როგორც ვიცი, შენი კარიერა მოსკოვში დაიწყო. საიდან მოხვდი მოსკოვში და რას საქმიანობ?
– დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში, მაგრამ თხემით ტერფამდე ქართველი ვარ, მყავს ქართველი მშობლები და ყოველთვის ქართულ ტრადიციებზე ვიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობთ, ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს და გაგვნელებია სიყვარული და მონატრება საქართველოს მიმართ. მოსკოვში დავამთავრე სკოლა და ახლა ვსწავლობ კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯაზური ვოკალის განხრით. უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ჩემი პედაგოგია ცნობილი ქართველი მუსიკოსი დოცენტი, ბატონი ვახტანგ გორდაძე, თუმცა, რასაც ჰქვია მუსიკის ანბანი, ქალბატონმა მაია ბალანჩივაძემ შემასწავლა – მის ხელში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი.
– როგორც ვიცი, უკვე წარმატებული ნაბიჯები გაქვს გადადგმული რუსულ ესტრადაზე.
– რა თქმა უნდა, მე დღეს არ დამიწყია სიმღერა. 12 წლიდან ვმღერი, 18 წლის ასაკში კი უკვე ჩემი სოლო ალბომიც მქონდა, რომელიც მოსკოვის ბაზარზე იყიდებოდა. ვერ გეტყვით, რომ წარმატებული და ცნობილი სახე ვარ რუსეთში, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჩემი სიმღერები წამყვან რადიოებში ტრიალებდა და ბევრ კონცერტშიც მიმიღია მონაწილეობა, მათ შორის საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც საპრიზო ადგილები მაქვს მიღებული. გარდა ამისა, არც ერთ კონცერტს, რომელიც ქართული დიასპორის ინიციატივით ტარდება, უჩემოდ არ ჩაუვლია – ყოველთვის მეძახიან.
– იქ მოღვაწე ქართველ მომღერლებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა და ეს ურთიერთობა საკმაოდ აქტიურია, რადგან მე მაქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ხშირად წერენ სიმღერას: დათო ხუჯაძე, მანანა თოდაძე, ქეთა თოფურიაც ხშირი სტუმარია და, აგრეთვე, თამარ გვერდწითელი. მოგეხსენებათ, ზაზა ხუბუკელაშვილიც ჩემს სტუდიაში მუშაობს და, აქედან გამომდინარე, დიდ რუსეთში თავს არასოდეს ვგრძნობ მარტო. გარდა ამისა, კიდევ მაქვს საკმაოდ დიდი კლუბი თავისი სცენით და ყველა პირობით, სადაც ხშირად იმართება კლუბური კონცერტები და საკმაოდ ხშირად ქართულ ფართებსაც ვაწყობ.
– და ამაში პრობლემები არ გექმნება?
– არა, იქ პრობლემას არავინ გვიქმნის და არავინ გვავიწროვებს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ საქართველოში ისეთი აზრია შექმნილი, თითქოს ქართველებს დევნიან და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ეს რომ ნამდვილად ასე იყოს, იძულებულს გაგვხდიდნენ, ქვეყანა დიდი ხნის წინ დაგვეტოვებინა. მოსკოვში ძალიან ბევრი ქართველია, აღარაფერს ვამბობ მომღერლებზე, ბევრი პროფესორი და ხელოვანია, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასწავლიან და მოღვაწეობენ. მე თვითონ ქართველი პედაგოგი მყავს უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში საკმაოდ ნიჭიერი და ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორიც ქართველია.
– დია, დედისერთა ხარ?
– არა, უფროსი ძმა მყავს, რომელიც ჩემი შემოქმედების დიდი გულშემატკივარია და ძალიან მეხმარება ყველაფერში. იმდენად გაითავისა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არა მისი ამხელა მხარდაჭერა და გვერდში დგომა, არც ვიცი შევძლებდი თუ არა ასე აქტიურად ვყოფილიყავი შოუ-ბიზნესში, ანუ, იცით, რას ვგულისხმობ? ხომ შეიძლებოდა, ისეთი ძმა მყოლოდა, რომელიც ჩემი სცენაზე დგომის წინააღმდეგ წასულიყო, მაგრამ, არა, პირიქით, ხშირ შემთხვევაში ის მე უფრო დიდ ყურადღებას მითმობს, ვიდრე საკუთარ კარიერას.
– მოდი, ცოტა შენს ახალ კლიპზეც მომიყევი. ვის ეკუთვნის და რატომ გადაწყვიტე პატრიოტული სიმღერის ჩაწერა?
– იდეა მე მეკუთვნის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოღვაწე ქართველებთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და საქართველოშიც ყოველ წელს ჩამოვდივარ, მაინც მუდმივ ნოსტალგიას განვიცდი ჩემი ქალაქისა და სამშობლოს მიმართ. სულ მინდოდა, ჩემი გრძნობები და სიყვარული საქართველოსადმი რაღაცნაირად გამომეხატა, ამიტომ, ჯერ გადავიღე კლიპი ბათუმზე, შემდეგ კი – საქართველოზე, რაშიც ზაზა ხუბუკელაშვილი დამეხმარა. მან დაწერა მშვენიერი მუსიკა, პოეტმა ნანა ცინცაძემ კი ჩემი გრძნობები ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცა სიმღერის ტექსტში. კლიპის რეჟისორია აკაკი სახელაშვილი და მიმაჩნია, რომ მანაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი საქმეს, რადგან თავადაც ემიგრანტია და, პრინციპში, მანაც საკუთარი ემოციები გამოხატა კლიპის საშუალებით. საბოლოო ჯამში, პირადად მე კმაყოფილი ვარ ჩვენი ერთობლივი მუშაობით და შედეგით.
– ესე იგი, აქტიურ მოღვაწეობას და დამკვიდრებას აპირებ ქართულ შოუ-ბიზნესში?
– დამკვიდრებას რაც შეეხება, ვერ გეტყვით, გააჩნია, მიმიღებს თუ არა ქართული ესტრადა და საზოგადოება. თუმცა, როგორც ჩანს, აქ ჯერ ესტრადამ უნდა მიგიღოს და მერე საზოგადოებამ, მაგრამ ესტრადის ბევრი წარმომადგენელი ახალბედა მომღერლებს არ სწყალობენ, რაც ცოტა საწყენი და გულდასაწყვეტია. იცით, რა არის? პრინციპში, არსად დამკვიდრებას არ ვაპირებ, უბრალოდ, მინდა, გავაკეთო ის, რაც მიყვარს, რაც ჩემშია და ჩემია, ხოლო ის, ესტრადის რომელიღაც ასე ვთქვათ, ვარსკვლავი, მიმიღებს თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და სურვილი მაქვს, ჩემმა ხალხმა გამიცნოს. ზოგს მოეწონება ჩემი შემოქმედება, ზოგიც გამაკრიტიკებს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ: მე მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ და ბოლომდე ამ გზას გავაგრძელებ.
– ანუ, დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებ, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება?
– ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო და ვიბრძოლო ჩემი კარიერისთვის. რას შევძლებ და რა იქნება – ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ სიმღერის მიტოვებას.
– დია, რა არის შენი ჰობი?
– ჩემი ჰობი ხატვაა. ზოგჯერ, რაღაცაზე რომ ვფიქრობ, ავტომატურად, ჩემდაუნებურად ვხატავ. საკმაოდ კარგად მეხერხება პორტრეტების ხატვა, თუმცა ეს არასდროს მისწავლია, ანუ თვითნასწავლი ვარ და თავისუფალ დროს ყოველთვის ამით ვირთობ თავს, მაგრამ ამ ბოლო დროს ხატვისთვის დრო აღარ მრჩება, თორემ დიდი სიამოვნებით დავკავდებოდი ამ საქმით.
– მგონი, მხატვრობა უფრო ადვილი საქმეა ვიდრე შოუ-ბიზნესში ყოფნა. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, რომ ნიჭი პროფესიულ დონეზე გაიღრმავო და ხატვა შენს მეორე პროფესიად იქცეს?
– არა, ეს გამორიცხულია, რადგან ამ ეტაპზე მთლიანად სწავლაზე ვარ გადართული. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯაზურ ვოკალს ვეუფლები და ხატვა ხშირ შემთხვევაში განტვირთვის საშუალებაა, ეს არის ჩემი ანტიდეპრესანტი.
მაია ბალანჩივაძე (დიას მასწავლებელი): პირადად მე ძალიან მინდა და დედამისსაც ყოველთვის ამას ვეუბნები, რომ ეს ზის მასში. შეიძლება, სიმღერა და სხვა დანარჩენი შეძენილი ჰქონდეს, მაგრამ რასაც ხატვის ხელოვნება ჰქვია, ეს ნამდვილად მასშია, თუმცა, დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან მთლიანად სწავლაზეა გადართული. თან, ფრიადოსანი მოსწავლეა და აბსოლუტურად ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობს.
– დია, მშობლებს განებივრებული ჰყავხარ?
დია: შეიძლება, ასეც ითქვას, რადგან, არ არსებობს, რამე მინდოდეს და მათ არ შემისრულონ, თუმცა, მე თითქმის არაფერს ვთხოვ, უბრალოდ, არ მიყვარს ჭირვეული ბავშვის პოზიციაში ყოფნა, რომ რაღაცაზე დავიწყო წუწუნი და ოჯახს თავი მოვაბეზრო ჩემი თხოვნებით. ზოგჯერ ისეც მომხდარა, რაღაც მდომებია, მაგრამ არ მითხოვია, მაგრამ დედა და მამა ისე კარგად მიცნობენ, რომ ჩემი თქმის გარეშეც ხვდებიან, რა მომწონს, რა მინდა და ასე შემდეგ.
– მაგალითად, რა გაუკეთებიათ ისეთი, რისი სურვილიც გქონდა და არ გითქვამს მათთვის?
– 19 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქეს და უბედნიერესი ვიყავი. მაგ დროისთვის მართვის მოწმობა უკვე აღებული მქონდა, მაგრამ მანქანა არ მყავდა და ვერ აგიწერთ, როგორი ბედნიერი ვიყავი, მანქანის გასაღები რომ გადმომცეს.
– ახლა რა გეგმები გაქვს?
– უკვე სწავლა მეწყება, მოსკოვში მივდივარ და სწავლის პარალელურად დავიწყებ სოლო ალბომზე მუშაობას, რომელიც მომავალ წელს გაიყიდება, მანამდე კი ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
ბექა ასათიანი