ციხიდან გათავისუფლებული რომელი პატიმარი აიყვანა სტალინმა მარშალის რანგში
სტალინს ციცერონის მჭევრმეტყველების დამაჯერებლობა ჰქონდა...
1939 წლის ნოემბერში სტალინი შეხვდა და ესაუბრა საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვეიცარიაში, ალექსანდრა კოლონტაის. მოგვყავს ამონაწერი ამ საუბრიდან: „ამ საუბარმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სხვაგვარად შევხედე სამყაროს. მას ბევრჯერ დავბრუნებივარ გონებით ომისა და შემდგომ წლებში. არაერთხელ გადავიკითხე და ყოველთვის რაღაც, ახალ წახნაგებს ვნახულობდი მასში. გამომშვიდობებისას იოსებ ბესარიონის ძემ მითხრა: გამაგრდით. მალე რთული დრო დადგება. ის უნდა გადავლახოთ, – ცოტა ხნის შემდეგ კი დასძინა – გადავლახავთ, აუცილებლად გადავლახავთ! თავს გაუფრთხილდით, გაიკაჟეთ ჯანმრთელობა, ბრძოლაში გაკაჟდებით“.
ქვეყნისთვის და პირადად სტალინისთვის ძალზე რთულ და მძიმე დროს, როდესაც საჭირო გახდა, არმიებს ჰყოლოდათ გამოცდილი და პროფესიონალი მეთაურები, სტალინმა შეიტყო, რომ კონსტანტინე როკოსოვსკი პატიმარი იყო და ციხეში იჯდა. სტალინის განკარგულებით როკოსოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს და მასთან მიიყვანეს. სტალინმა, დაინახა თუ არა როკოსოვსკი, ჰკითხა: „ოჰ, როკოსოვსკი! რაღაც ამ ბოლო დროს ვერ გხედავდით. სად დაიკარგეთ?“ როკოსოვსკიმ მოკლედ უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, დაპატიმრებული ვიყავი და ციხეში ვიჯექი“. სტალინმა გაიღიმა და უთხრა: „თქვენც ნახეთ, რა, ჯდომისთვის დრო!“ – შემდეგ კი სჯა-ბაასი დაიწყო იმ სამხედრო საქმეების შესახებ, რისთვისაც როკოსოვსკი გამოიძახა.
გავიდა ხანი და როკოსოვსკი ჯერ არმიის სარდალი გახდა, შემდეგ კი მარშლის რანგში ფრონტის სარდალი. აი, როგორ იხსენებს როკოსოვსკი უმაღლეს მხედართმთავართან საუბარს: „... ავიღე ყურმილი და მოვახსენე ჩემ შესახებ. პასუხად მომესმა უმაღლესი მხედართმთავრის მშვიდი, თანაბარი ხმა. მან მკითხა, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად ისტრინის ზღუდეზე. ამაზე რომ მოვახსენე, მაშინვე ვცადე საწინააღმდეგო მოქმედების ზომების შესახებაც მეთქვა, მაგრამ სტალინმა რბილად შემაჩერა და მითხრა, რომ ჩემს ღონისძიებებზე ლაპარაკი საჭირო არ არის. ამით ხაზი ესმებოდა სარდლისადმი ნდობას. განა საჭიროა, დავძინო, რომ უმაღლესი მხედართმთავრის ამგვარი ყურადღება და ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის, ხოლო თბილი, მამობრივი ტონი სიმხნევეს გვმატებდა, გვიმტკიცებდა დაჯერებულობას?!“ (კ. კ. როკოსოვსკი, „ჯარისკაცული ვალი“. მოსკოვი, 1968 წელი).
სხვათა შორის, უინსტონ ჩერჩილმა 1942 წელს, მოსკოვში ყოფნისას, სტალინს ჰკითხა, აპატიებდა თუ არა იგი საბჭოეთის წინააღმდეგ 1918-1920 წლებში განხორციელებულ ანტანტის ინტერვენციაში მონაწილეობას... სტალინმა უპასუხა: „ეს ყველაფერი უკვე წარსულშია. ღმერთი გაპატიებს“.
რუსი მწერალი, ბორის პოლევოი, ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მთელი სამამულო ომის პერიოდი სხვადასხვა ფრონტზე გაატარა, როგორც სამხედრო კორესპონდენტმა. დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ გაზეთ „პრავდის“ რედაქციამ იგი ნიურნბერგის პროცესზე მიავლინა, როგორც სპეციალური კორესპონდენტი. მისი მაშინდელი მოღვაწეობის ერთ-ერთ ამსახველ ეპიზოდზე მოგვითხრობდა გაზეთი „სოვერშენო სეკრეტნო“ (¹3, მარტი, 2000 წელი).
ერთ დღეს, როდესაც ბორის პოლევოი სხვადასხვა საქმის გამო მოსკოვში ჩავიდა, ის გამოიძახა გაზეთ „პრავდის“ მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა პოსპელოვმა და უთხრა: „ხვალ ამხანაგ სტალინთან წავალთ. მას თქვენთან შეხვედრა სურს“. მეორე დღეს, გვიან საღამოს, სტალინთან აგარაკზე წავიდნენ პოლევოი, პოსპელოვი და ჟდანოვი. ავტომანქანაში ჟდანოვი პოლევოის ჭკუას არიგებდა და შემდეგნაირად მოძღვრავდა: „ამხანაგი სტალინი თქვენ შეგეკითხებათ ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მთავარია, რამე არ შეთხზათ და არ იჭორაოთ, ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე. მხედველობაში იქონიეთ, რომ ნიურნბერგის სასამართლო პროცესს ის გულდასმით და ყურადღებით ეცნობა და, აქედან გამომდინარე ყველა დეტალის კურსშია“.
სტალინი მათ შეხვდა სასტუმროში, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სხდომათა დარბაზად, ასევე, სასადილოდ.
„კარგ დროს მოხვედით, – უთხრა მათ სტალინმა, – მე ჯერ კიდევ არ მივახშმია. დასხედით“, – შემდეგ სირჩებში მომწვანო ფერის, სასიამოვნო გემოს ღვინო ჩამოასხა და წახემსების შემდეგ, ბორის პოლევოის მიმართა:
„– მე წავიკითხე თქვენი სტატიები ნიურნბერგიდან. თქვენ საინტერესოდ წერთ. მესმის, რომ მცირე მოცულობის გამო გაზეთში ყველაფერს ვერ ათავსებენ. ამიტომ, მე გთხოვეთ, ჩემთან მოსულიყავით და თქვენი საკუთარი შთაბეჭდილებები ჩვენთვის გაგეზიარებინათ. მე თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს: თქვენი თვალსაზრისით, რა ხალხია და რას წარმოადგენენ ისინი, ვინც საბრალდებო სკამებზე სხედან?
პოლევოიმ მაშინვე დარწმუნებით უპასუხა: „– ამხანაგო სტალინ, ისინი წვრილფეხა, მხდალი თაღლითები არიან“
სტალინი უსიტყვოდ ადგა, ყურადღებით შეათვალიერა პოლევოი და ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო, ეტყობოდა, რომ მისი პასუხი არ მოეწონა. ჟდანოვმა, როდესაც სტალინი მის მიმართ ზურგშექცევით იმყოფებოდა, თავი გააქნია, რითაც პოლევოის აგრძნობინა, რომ ის არასწორად ლაპარაკობდა.
ამის შემდეგ პოლევოიმ სიტუაციის განმუხტვა-გამოსწორება გადაწყვიტა და ბელადს მიმართა: „ – ამხანაგო სტალინ! მე მინდა, სწორად გამიგოთ, როდესაც ვამბობ, – „წვრილფეხა თაღლითები“, მხედველობაში მაქვს ის, რომ ისინი სასამართლო პროცესზე გამოიყურებოდნენ, როგორც მშიშარა ცრუპენტელები, რომლებიც არ იცავენ თავიანთ იდეოლოგიას, რომლებმაც მოატყუეს თავიანთი ხალხი და მთელ კაცობრიობას თავს მოახვიეს ომი. ახლა კი ეშინიათ, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებინებენ. ისინი ყველაფერს ჰიტლერს, ჰიმლერსა და გებელსს აბრალებენ. ეს არის წვრილი თაღლითების ტაქტიკა, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით მათ და გამოვიკვლევთ, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ისინი, რასაკვირველია, არაჩვეულებრივი და ძლიერი პიროვნებები არიან. მაგალითად, გერინგი უთუოდ ძალზე ჭკვიანი ადამიანია, იგრძნობა, რომ ის მასშტაბურად მოაზროვნეა – ამას აღიარებენ მისი გამომძიებლები და ადვოკატები. კეიტელი, რიბენტროპი და ყველა დანარჩენი თავიანთ სფეროში ნიჭიერი და დიდი სპეციალისტები არიან.
სტალინი ხელახლა დაჯდა თავის სკამზე, პოლევოის ბოლომდე ყურადღებით მოუსმინა და შემდეგ წარმოთქვა:
„აი, ახლა თქვენ უკვე სწორად ლაპარაკობთ. ერთი საქმეა, პროცესზე როგორ იქცევიან, მეორე კი – მათი შინაგანი შინაარსი. თორემ რა გამოდიოდა, თუ წვრილი თაღლითები ვოლგამდე, მოსკოვამდე გვერეკებოდნენ, მაშინ ჩვენ რაღა ვყოფილვართ? ჩვენ უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა. ჩვენი საუბრის დასაწყისში კი ისე გამოვიდა, რომ, თურმე, ვებრძოდით ვიღაც უმნიშვნელო კაცუნებს, რომლებსაც თავიანთი ჯარების ჯეროვანი მეთაურობაც არ შეეძლოთ. ისინი, რა თქმა უნდა, არამზადები და დამნაშავეები არიან, მაგრამ დამნაშავეები, რომლებსაც გააჩნდათ არა მარტო ვეებერთელა სამხედრო ძალა, არამედ, აგრეთვე, შეეძლოთ, მიეღოთ გაბედული და მოულოდნელი სამხედრო გადაწყვეტილებანი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, სანამ ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდოდნენ, მათ ადვილად, თამაშ-თამაშით, დაიპყრეს თითქმის მთელი ევროპა. ეს კი ბევრ რამეს ნიშნავდა.“
კმაყოფილმა სტალინმა ბორის პოლევოის კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა, მადლობა გადაუხადა და გაუშვა. ჟდანოვმა ის კარამდე მიაცილა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– ყოჩაღ, ყველაფერი სწორი იყო!
ბორის პოლევოი, რასაკვირველია, არ ცრუობდა. უბრალოდ, მან თქვა ის, რის თქმასაც თავიდან არ აპირებდა. მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, სტალინს სურდა, პირისპირ შეხვედრის დროს გაეგო პოლევოის აზრი და შემდეგ მასში თავისი კორექტივები შეეტანა. თუკი პოლევოი ილაპარაკებდა ჰიტლერის დამქაშებზე, როგორც წვრილფეხა კაცუნებზე, მაშინ ეს ნიშნავდა დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის არა მარტო გამარჯვების დაკნინებას, არამედ, აგრეთვე, საკუთრივ სტალინის უდიდესი მხედართმთავრული ნიჭის ნაწილობრივ უგულებელყოფას, რაც, პირველ ყოვლისა, ხელს აძლევდა სხვადასხვა ჯურის მოწინააღმდეგეს.
მართალია, სტალინმა პოლევოისთან პირადი შეხვედრის დროს მის მონათხრობში საკმაოდ ბევრი კორექტივი შეიტანა, მაგრამ, იმავდროულად, საჭიროდ არ ჩათვალა, მისი საკუთარი აზრი აშკარად და ღიად გამოექვეყნებინათ პრესაში. მას არ შეეძლო, მაშინდელი საკავშირო ცეკაში აგიტაცია პროპაგანდის განყოფილებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის მიეცა ოფიციალური დავალება, რომ მათ გაზეთებისა და რადიოსთვის მიეთითებინათ, ჰიტლერელები ჭკვიან და მასშტაბურ დამნაშავეებად გამოაცხადეთო. სწორედ ამიტომ, სტალინმა თავისი თავაზიანი საუბრით გადაწყვიტა, თვალი აეხილა მათთვის და სწორ გზაზე დაეყენებინა მაშინდელი იდეოლოგიური სამსახურის მუშაკები, თანაც, საკმაოდ დელიკატური ხერხით.
სტალინის შორს გამიზნული ვარაუდი ზუსტად იყო გათვლილი იმაზე, რომ ბორის პოლევოი ყველაფერს მიხვდებოდა და, აქედან გამომდინარე, გაზეთ „პრავდის“ ფურცლებზე გამოსაქვეყნებელ, მომავალ, მომდევნო სტატიებში, საჭირო კილოს ჩაუმატებდა, ხოლო „პრავდის“ სპეციალური კორესპონდენტის მაგალითს შემდგომში სხვა ჟურნალისტები და მწერლებიც მიჰბაძავდნენ.
საერთოდ, სტალინის ყველა საუბარი არა მარტო დელიკატური ხასიათისაა, არამედ, აგრეთვე, ძალზე განუმეორებელი, შორსმჭვრეტელური და შთამბეჭდავია.