რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, „მიცუბიში პაჯერო” თუ „ტოიოტა პრადო”?
პასუხი: ეს ორივე ავტომობილი მრავალჯერ არის „გატესტილი“ უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, რთულია რომელიმე მათგანის გამორჩევა. თან, საკმაოდ მაღალი კლასის ავტომობილებია, აღჭურვილი როგორც წინა, ისე გვერდული აირბაგებით, ანუ უსაფრთხოების ბალიშებით. ავტომობილის წინა მხარე საკმაოდ მტკიცეა და დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. ზოგადად, ნებისმიერ ახალ ავტომობილს ქრაშტესტი უტარდება. დაახლოებით, ორმოცდაათი კილომეტრ-საათი სიჩქარით მავალ მანქანებს კედელს აჯახებენ და ადგენენ რამდენად უსაფრთხოა ის. მსგავსი ტესტი ორივე ამ ავტომობილს აქვს გავლილი, მაგრამ მაინც გააჩნია, რა ტიპის ავარიას გულისხმობთ. სამწუხაროდ, ისეთი ავარიებიც ხდება, როდესაც ავტომობილში ადამიანის გადარჩენის ალბათობა ძალიან დაბალია.
კითხვა: რა სხვაობებია „მერსედეს ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს” შორის?
პასუხი: ალბათ, თქვენ ახალ მოდელებს გულისხმობთ. ძირითადი სხვაობა ამ ორ ავტომობილს შორის ძრავაშია. „ემელ 350” არის ბენზინის, 3.5-ლიტრაჟიანი, ექვსცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი. რაც შეეხება „ემელ 420-ს”, ამ ავტომობილის ძრავა დიზელზე მუშაობს. ძრავას მოცულობა 4.0 ლიტრაჟია და რვა ცილინდრიანია. ეს არის საკმაოდ კარგი, თანამედროვე, სწრაფი ძრავა, რომელიც აკმაყოფილებს ეკოლოგიურ ნორმებს. „ემელ 420-ს” მეტი აქვს აჩქარება, ნაკლებს წვავს, რადგან მოგეხსენებათ, დიზელის ძრავა უფრო ეკონომიურია. ორივე მათგანი აღჭურვილია მართვის შვიდსიჩქარიანი, ავტომატური კოლოფით. მაგრამ, ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მას ფასიც გაცილებით მაღალი აქვს. „ემელ 350-სა” და „ემელ 420-ს” შორის ფასში სხვაობა, დაახლოებით, თხუთმეტი ათასი დოლარია.
კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავით, გავლილი მაქვს 7 400 კილომეტრი და ფაქტობრივად, წვავს ნორმაზე ბევრად მეტს. იქნებ მითხრათ, რამე აქვს დაზიანებული, თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია, ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ საეჭვოა, თქვენი პრობლემა გამოწვეული იყოს კვების სისტემისგან. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ მარეგულირებელ მოწყობილობებს, რომლებიც ქარხნის მიერ არის დარეგულირებული. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხის საწვავით. დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში არ ხდება საწვავის სრული აფეთქება და ვერ გამოყოფს იმ დაწოლის ძალას, რომელმაც დგუში უნდა მიიყვანოს შესაბამის ბრუნვის მომენტამდე. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი, ეგრეთ წოდებული „დროსელის” საშუალებით, ვუმატებთ საწვავის მიწოდებას, სასურველი ბრუნვისა და სიჩქარის მისაღწევად. წვის კამერაში კი იგივე მეორდება და რაც მეტი ძალით გვინდა, იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს ვაწვდით სისტემას. ყველაზე ცუდია, რომ საწვავის დაბალი ხარისხის გამო, ხდება მისი გარეთ გამობოლვა ნახევრად დაუწვავი აირის სახით. ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორიან ავტომობილებზე კი ეს ხშირ შემთხვევაში, გამოიწვევს მის ინტენსიურ გაბიდვნას და შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ, გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავასთვის. ასეთ დროს ეკონომია უფრო მეტ ხარჯს იწვევს.