„თბილისელების“ სამზარეულო
ბადრიჯანი ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტებია: 4 ცალი ბადრიჯანი, 1 სტაფილო, 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი ხახვი, 3 კბილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, მცენარეული ზეთი, 1 კონა ოხრახუში.
მომზადების წესი: ბადრიჯანი გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით რგოლებად და მოაყარეთ მარილი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ულუფებად შეწვით მასზე ბადრიჯანი ორივე მხრიდან. სტაფილო გაფხიკეთ, გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ბულგარულ წიწაკას ამოაჭერით შუაგული, გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად. ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად. ნიორი გაარჩიეთ და დანაყეთ. პომიდორი გარეცხეთ ცხელი წყლით, გააცალეთ კანი და დაკეპეთ.
ტაფაზე დაასხით 1 სადილის კოვზი ზეთი. გააცხელეთ. მასში მოშუშეთ ხახვი და ნიორი. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და ისიც მოშუშეთ. მოაყარეთ ბულგარული წიწაკა და პომიდორი, აურიეთ კარგად და თან შუშეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ბადრიჯანი დააწყვეთ დიდ ლანგარზე და ზემოდან კოვზით დაადეთ მოშუშული ბოსტნეული. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.