რა არის ცისია მეტრეველისთვის „კაიფი“ და რა სწყინდება მას
ცისია მეტრეველი: აგვისტოს ომის პერიოდში ძალიან საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე. კერძოდ ის, რომ არაფერი არ ღირს ნერვიულობად. ყველა რომ პანიკაში იყო, მე ისეთ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, თავადვე მიკვირდა. რაჭაში ვიყავი და ჩემი ახლობლები ხუმრობდნენ, ხალხი სპეციალურად მოდის ცისიასთან რეაბილიტაციის კურსს გადიან – ეს აწყნარებს და ისე უშვებსო (იცინის). არაფრით არ შეიძლება ნერვიულობა იმაზე, რასაც ეშველება. მით უმეტეს, როგორ უნდა ინერვიულო რაღაც წვრილმანზე? ომი კი იყო სანერვიულო, მაგრამ, პანიკა ხომ ვერაფერს გვიშველიდა? რომ ავყოლოდი პანიკას, ბავშვებსაც ხომ შევაშინებდი და უარესი იქნებოდა. ამიტომ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველა სიტუაციაში სიმშვიდეს არაფერი ჯობია. თანაც, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, მარტო სიკვდილს არ ეშველებაო და, რომ ვფიქრობ, მართალია. თუ მშვიდი გონებით, ემოციის გარეშე მიუდგები საქმეს, ნახავ, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ემოცია საერთოდ არ უნდა გქონდეს, მაგრამ, გააჩნია, სად და რა დოზით. ზედმეტი ემოცია მხოლოდ ზიანის მომტანია. მოიშლი ნერვებს და მერე, შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდე. ჩემს პროფესიაშიც ასეა. პრემიერის წინ არის ნერვიულობა, ემოცია, მეორე დღეს, როცა ნაკლები ემოციაა, სპექტაკლი უკეთესია. ადრე ვერ ვთოკავდი ხოლმე ემოციას, მაგრამ ახლა ვისწავლე (იცინის).
– ხელმარჯვე ხართ?
– რაღაც-რაღაცეები საკუთარი ხელით შემიკეთებია, ელემენტარული ცოდნა ამ საქმეში მაქვს. მაგრამ, თუ რამე გამტეხია, ან ისე გაფუჭებულა, რომ ვეღარ შეკეთებულა, გული კი დამწყვეტია, მაგრამ დიდად არ მინერვიულია.
– ანუ, არც უშუქობა და უწყლობა მოქმედებს თქვენზე „აფექტურად“?
– უწყლობა მოქმედებს. ვერაფრით ვერ ვიტან. წყალი სულ მჭირდება. უშუქობა არ არის ტრაგედია, მაგრამ უწყლობა საშინელებაა. თავი უდაბნოში, ჩიხში მიმწყვდეული მგონია და მაშინვე ვეძებ გამოსავალს.
– რა არის თქვენთვის დისკომფორტი?
– არაჯანსაღ გარემოში ყოფნა. ადამიანები, რომლებიც არიან შურიანები, აქვთ ბოღმა და არაფერი უხარიათ, მიქმნიან დისკომფორტს და მაშინვე მინდა, რომ გავეცალო.
– არეულობა და რემონტი არ გიქმნით დისკომფორტს?
– ახლა ვარ სწორედ რემონტში ჩართული. ძალიან გაიწელა და ვეღარ მიდის ვერაფრით ბოლო წერტილამდე. მე წინ და უკან არ დავრბივარ, წინასწარ გადავწყვიტეთ ყველაფერი და, ვისი საქმეც არის, ის მუშაობს. ინტერიერზე რომ მიდგება საქმე, მეც ჩავერთვები. მერე კი მომიწევს ცოტა ფუსფუსი. მაგრამ ეს სასიამოვნო ფუსფუსი იქნება. მიყვარს, როცა ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული. თუმცა, არ მიყვარს ნივთების მუდმივად ერთ ადგილას დება. რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ მათ თუ ადგილები არ შევუცვალე, ძალიან მწყინდება და ჩემთვის ესეც დისკომფორტის შემქმნელია. ერთფეროვნებას დიდხანს ვერ ვეგუები. როლებთანაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. „კაიფის“ პროცესი ჩემთვის არის რეპეტიციები. რაღაცეებს აღმოაჩენ. პრემიერაზე კი „იცლები“, მერე უკვე ავტომატურ რეჟიმში მიდიხარ და აღარ არის საინტერესო (იცინის).
– ფულის ხარჯვა გიყვართ? იცავთ ამ დროს ზომიერებას?
– ყოველთვის. ვყიდულობ იმას, რაც მართლა მჭირდება. მფლანგველობა არ მახასიათებს. ფული არ დამენანება კარგ კოსმეტიკასა და სუნამოში – ეს, მგონი, ყველა ქალის სისუსტეა. რაც შეეხება ტანსაცმელს, სულ რომ „შოპინგზე“ დავდიოდე, ასე ნამდვილად არ ვარ. თუმცა, სეზონურად გარდერობს მეც ვაახლებ, ვყიდულობ იმას, რაც მიხდება და მომწონს. ზოგჯერ არის საჭიროება, რომ კონკრეტული შემთხვევისთვის ფეხსაცმელი ან კაბა უნდა იყიდო. მე თადარიგს წინასწარ ვიჭერ ხოლმე, მაგრამ, ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ წინა დღეს გავვარდი კაბის საყიდლად. ბოლო წუთს გაირკვა, რომ შესაფერისი არაფერი მქონდა. ჩვეულებრივ, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე.
ძალიან მიყვარს, როცა საჩუქრებს ვჩუქნი ჩემს ახლობლებს და ვახარებ. სულ ვცდილობ, ისეთი რაღაც ვაჩუქო, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ.
– კულინარიაში როგორ არის საქმე?
– როცა ვაკეთებ კერძს, სულერთია, რა კერძი იქნება, აუცილებლად ვაკეთებ გულით. ძალიან გემრიელი უნდა იყოს, აუცილებლად სულ უნდა შეიჭამოს და არ უნდა გადაიყაროს (იცინის). სალათების კეთება უფრო მიყვარს, ბევრი თითხნა არ სჭირდება. არ ვიცი არც ხაჭაპურის და არც ლობიანის გამოცხობა. დედაჩემი აცხობს გადასარევად.
– ამიტომაც არ იცით, თორემ, გაიღვიძებს რაჭული სისხლი და გამოაცხობთ.
– (იცინის) მეც მაგის იმედი მაქვს. როცა დამჭირდება, ალბათ, გავაკეთებ.
– ბევრი ფული რომ გქონდეთ, რაში დახარჯავდით სიამოვნებით?
– ქველმოქმედებაში. დავეხმარებოდი ყველას, ვისაც კი ამისი საჭიროება ექნებოდა – გულით ვამბობ ამას. კიდევ, სიამოვნებით დავხარჯავდი მოგზაურობაში: მოვკიდებდი ხელს ჩემს შვილებს და შემოვივლიდი მსოფლიოს. მე თვითონ ძალიან მინდა ბაჰამის კუნძულებზე და პუერტო-რიკოში გამგზავრება – ეს ჩემი ოცნებაა. თუმცა, სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზეც არ ვიტყოდი უარს.