ვისთან აქვს ბუდუნ-ბუდუნის პერიოდი ნიკა წულუკიძეს და რატომ გრძნობს თავს „დახუფულად“ ანი მაღლაკელიძე
წარმატებული რადიოსეზონის შემდეგ ნიკა წულუკიძე და ანი მაღლაკელიძე უკვე ტელევიზიაში გადმოვიდნენ. „რადიოიმედისა“ და „ტელეიმედის“ ერთობლივი პროექტი მათთვისაც საინტერესო, თუმცა, ოდნავ სარისკო ექსპერიმენტია. მათ ამ თემაზე ერთმანეთთან ინტერვიუების დროსაც ბევრი ისაუბრეს.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია
ანი მაღლაკელიძე
– როგორ გრძნობ თავს ახალ ამპლუაში? დილით ადგომა შენთვის პრობლემა აღარ არის, მაგრამ თვითონ სატელევიზიო ეთერს ვგულისხმობ, კარგად თუ გრძნობ თავს?
– ძიების პროცესში ვარ, უპირველესად ვეძებ საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, როგორ ვგრძნობ თავს, ძნელი სათქმელია. ჯერ შედეგი არ არის, არც საზოგადოებისგან არც კოლეგებისგან. თუმცა, ფიქრი იმაზე, რომ თეატრზე საუბარი და ზოგიერთი სპექტაკლების შეფასება მომიწევს, მახარებს. მით უმეტეს, თუ ჩემი სტუმრები იქნებიან თეატრის ძალიან ნიჭიერი მოღვაწეები.
– ნიკუშ, ვიცი, რომ სერიალის „გოგონა გარეუბნიდან“ გარდა, რომლის სცენარზეც მუშაობ, სხვა ფილმების სცენარისტობაზეც გაქვს შემოთავაზება. შენი საქმიანობა სულ უფრო და უფრო დატვირთული ხდება, როგორ ანაწილებ დროს, როგორ ასწრებ ამ ყველაფერს?
– მიმაჩნია, რომ, რაც მეტი გაქვს ადამიანს მოსასწრები, მით უფრო მეტს ასწრებ. თუ კარგად ანაწილებ დროს, ყველაფერსაც ახერხებ. ისე ბევრია შვიდი დღე და შვიდჯერ ოცდაოთხი საათი, რომ შეუძლებელია, ერთ კვირაში რაღაც ვერ მოასწრო. მაგალითად მე, დილის ხუთ საათზე ვდგები – შვიდზე უკვე პირდაპირ ეთერში ვარ, თერთმეტზე რადიოში გადაცემას ვამთავრებ, თორმეტზე სცენარის წერას ვიწყებ, მერე მივდივარ მოწაფეებთან, ვახერხებ სტუდენტებთან ერთად სპექტაკლის ნახვას, პარალელურად, სადოქტოროზე დავიწყე მუშაობა. ამ ყველაფერს თავისი განრიგი აქვს და არ გავა დღე, მეგობრები არ ვნახო, შაბათ-კვირას სადმე არ წავიდეთ. რატომ შრომობ? იმისთვის, რომ საკუთარ თავს კეთილი გარემო შეუქმნა. ამიტომ, თუ მეგობრებისთვის ვერ მოიცალე, არაფერს აქვს ფასი. თან, სულ ახლახან მოვრჩი რემონტს. „ელიავაზე“ უკვე ისე მესალმებიან როგორც ძმადნაფიცები, ფიცვერცხლნაჭამები.
– მე კიდევ ახლა ვარ რემონტის პროცესში და ნამდვილი სიგიჟეთია. ყველაზე კომფორტულად თავს სად გრძნობ?
– „ღამის შოუს“ ბიჭებმა და კერძოდ, ირაკლი კაკაბაძემ აღმოაჩინა, რომ სცენარის წერა შემძლებია, თუ როგორ, ეს უკვე მკითხველმა და მაყურებელმა თავად განსაჯოს. მაგრამ, ეს პროცესი ჩემთვის ზედმიწევნით საინტერესოა. თავს ძალიან კომფორტულად რომ არ ვგრძნობდე, აქ საერთოდ არ ვიქნებოდი. რადგან ცხოვრებაში ის ეტაპი მაქვს, როდესაც არჩევნის საშუალება მაქვს. ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, აუცილებლად გასავლელია და ახლა დგას იგი ჩემთვის, მინდა თუ არა, ეს გზა აუცილებლად უნდა გავიარო.
– ცხოვრებაში გხვდებიან ადამიანები, რომლებიც შენში რაღაცას ხედავენ. ირაკლი კაკაბაძე ახსენე და მისი ეს თვისება ძალიან დიდი უნარია. მაგრამ, შენი კიდევ ერთი დიდი პლუსია ის, რომ იცი, სწორედ იმ ადამიანმა დაგინახა და გარდატეხა მოახდინა შენში?
– აი, ამ კუთხით, რასაკვირველია, არ მიყვარს ასე საჯაროდ შექება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ცოტა ადამიანია ღირსეულობის მაგალითი და ირაკლი კაკაბაძე ის კაცია, რომლის ღირსებასაც უნდა მიჰბაძო. იგავების შემთხვევაშიც დაახლოებით ასეთი ამბავი იყო. ერთი დავწერე, გამომივიდა და უნდა წერო, უნდა წეროო და მოვედი დღემდე. მაგრამ, რაც არ უნდა დაინახონ შენში, თუ ამ ყველაფერს მაღალ დონეზე არ შეასრულებ, არავის დასჭირდება. კვერცხის შეწვა რომ კვერცხის შეწვაა, იმასაც თუ ნაჭუჭით დააგდებ და ცოტა კარაქში შეწვავ განსხვავება დიდია. განისჯავ და შენი გემოს აღქმის ორგანო მიხვდება, რომ ეს გემრიელია, ამან კი – მოგსპო და მოგწამლა. მაშინ უკვე არჩევას შეძლებ. ვინმემ კალათბურთის თამაში რომ შემომთავაზოს, ხომ არ წავალ. მაგრამ, რაც გამოგდის კაცს, ის უნდა აკეთო. ვაი, იმას, ვინც ხვდება, რომ არ გამოსდის და მაინც აკეთებს.
– ნიკუშ, რას იტყვიან შენზე ასი წლის შემდეგ?
– თუკი რამეს იტყვიან, ეს უკვე მიღწევაა. ადამიანი რომ მოდის, რაღაც ფუნქცია აკისრია – ზოგმა ხორბალი უნდა მოიყვანოს, რომ მეორემ პური გამოაცხოს, რომელსაც შეჭამს მოღვაწე, და შემდგომში კიბოს წამალს შექმნის – ყველაფერს თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. ვერ გეტყვით, რომ სულხან-საბა დამესიზმრა და დამაკისრა – ნიკა, შენ იგავ-არაკების წერა უნდა დაიწყოო, თუმცა ის ძალიან მიყვარს. ასი წლის შემდეგ შეიძლება, ერთი-ორმა ადამიანმა ჩემი იგავები წაიკითხოს და თქვას უი, შეხედე, მაშინ ეს კაცი ამაზე ფიქრობდაო. უფრო ვფიქრობ, იგავები, ათქმევინებს ამას და არა ის, რომ „იმედის” დილაში ნიკა პრესას გვაცნობდაო. თუმცა, ტელევიზიას კიდევ სხვა ხიბლი აქვს, პროცესია საოცრად საინტერესო.
– უკვე ძალიან პოპულარული ხარ, თაყვანისმცემლების რაოდენობაც გაიზარდა. როგორია შენი პირადი ცხოვრება? ალბათ, მკითხველს დააინტერესებს – ვინ არის ახლა ნიკას გვერდით, გიყვარდა თუ არა. მოყევი შენი ლამაზი ისტორიები, ძალიან რომანტიკული რომ ხარ.
– ეს რომანტიზმი, ანი, ადამიანის რაღაც ასაკში ვლინდება დიდი დოზით. როდესაც გინდა, ვიღაც აღაფრთოვანო. თუმცა, მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ასეთი იდეებიც მომდის და ვაკეთებ რაღაცეებს. უნდა გითხრათ, ამ ბოლო დროს ჩემს გულში რაღაც სხივი გაჩნდა. გამოჩნდა სხივის ობიექტი. ეს ობიექტი რამდენად ობიექტურია ჩემს მიმართ და მე მის მიმართ – ეს არ ვიცი, მაგრამ რაღაც დამოკიდებულება არის. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ, რომ ვფიქრობ მასზე და მის გვერდით ვარ, მომწონს ეს.
– ეს არ იცის მან?
– კი, როგორ არ იცის. უბრალოდ, ჯერ არ არის ეს ყველაფერი მომწიფებული. ბუდუნ-ბუდუნის პერიოდი გვაქვს. ჯერ ძალიან ჭყინტია ეს ამბავი.
– ანუ, სერიოზული გეგმები არ გაგაჩნიათ?
– ამ ეტაპზე არა.
– დიდი სიყვარული თუ იყო?
– როდესაც მყვარებია, მგონებია, რომ ძალიან დიდია, მაგრამ მერე ისე პატარა გამოჩენილა, რომ გაოცებული ვრჩებოდი. ვაი, იმას ვისთანაც არ პატარავდება (იცინიან). სიყვარულზე რაღაც ფორმულებს სულ ვწერ ხოლმე – რა არის სიყვარული, მეგობრობა, ქალისა და კაცის ურთიერთობა. რა არის სიყვარული? სიყვარული სიკეთეა, სიკეთე – ნიჭია, ნიჭი – უკვე პოზიციაა, პოზიცია – დამოკიდებულება, დამოკიდებულება – გონიერება, გონიერება – დრო, დრო კი წარმავალია. ასი წლის შემდეგ, რომ მოვკვდებით, ჩვენ სიყვარულზე აღარავინ ისაუბრებს. ამიტომ, გვიყვარდეს აქ და ამ წუთში. ამას წინათ, დავწერე ქალისა და კაცის მეგობრობა ცეცხლისა და ნავთის მეზობლობაა-მეთქი. ქალისა და მამაკაცის მეგობრობა არის სწრაფვა გაუცნობიერებლისკენ და როგორც კი ეს გაცნობიერებული ხდება, უკვე გვიანაა. ქალისა და კაცის მეგობრობას ერთი ბნელი ღამე უნდაო (იცინიან). როგორც წესი, ეს გრძნობა ცალმხრივია.
– ერთ მხარეს უფრო უყვარს?
– საერთოდ, არ არსებობს ოჯახი, სადაც ცოლსა და ქმარს თანაბრად უყვარდეთ ერთმანეთი. მე ასე მგონია.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნიკა წულუკიძე
– მოდი, პროექტზე დავიწყოთ საუბარი. როგორც თევზი წყალში, ისე თუ გრძნობ თავს ამ პროექტში?
– ჯერჯერობით ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. დრო გვიჩვენებს. ახლა მხოლოდ მღელვარებას და პასუხისმგებლობას ვგრძნობ მსმენელისა და მაყურებლის წინაშე. როგორი გამოვა, როგორ მიიღებს ამას მაყურებელი, არ ვიცი, ნიკა. ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ რაღაც ეტაპზე ამას ვაკეთებ, რაღაც ეტაპზე – იმას. ვერ ვიტყვი, რა არის ზუსტად ჩემი გზა. ადამიანი მუდმივცვალებად საწყისებზეა. ალბათ, მეც ძიების პროცესში ვარ. უბრალოდ, გარემოებიდან გამომდინარე, მომიწია რადიოში მუშაობა და რადიო მერე, ნაწილობრივ, სატელევიზიო პროექტადაც იქცა. ეს სიახლეები, ერთი შეხედვით მომხიბლავია, თუ გაამართლა, მაშინ შენც და მეც ამ პროექტით კმაყოფილები ვიქნებით. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ტელევიზიამ რადიოს ინტიმი დამირღვია. რადიოში უფრო სხვა გარემოა, სხვა სიმყუდროვე.
– რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ხარ თუ არა იმდენად რისკიანი, რომ ცხოვრება ნულიდან დაიწყო. დათმო ყველაფერი და თქვა, მორჩა, ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
– რაც შეეხება ნულიდან დაწყებას, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია. ნული საერთოდ ძალიან პირობითი მცნებაა, ალბათ, ისაა, რასაც მოცემულ მომენტში შენ მიიჩნევ. ჩემი ობიექტური აღქმაა ნული... და იქიდან ვიწყებ ხელახლა რაღაცეების კეთებას. არსებობს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება. შეიძლება, მთელი შენი შემოქმედებითი ენერგია პირად ცხოვრებაში გადაიტანო ან პირიქით და, ვეღარ გადაანაწილო. ეს ძალიან რთულია და საერთოდ, ვინმეს თუ შეუძლია ამის გაკონტროლება, ჩემთვის გაუგებარია. როდესაც შეყვარებული ვიყავი ამ დროს თავს მთლიანად ვუძღვნიდი პირადს. ახლა ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. არ ვიცი, რა არის ნული და შევძლებ თუ არა ხელახლა რაღაცის დაწყებას – რას მივცემ ერთს და რას – მეორეს.
– შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია პირადი თუ შემოქმედებითი ცხოვრება?
– შემოქმედი ადამიანის ნიჭიერება მუდმივად ცვალებადია. თუ ამ შემთხვევაში არ მაქვს საშუალება, რომ კონკრეტული რაღაც ვაკეთო, გადავიღო, ჩემი ენერგია ვერ მოისვენებს და აუცილებლად რაღაცაში გამოავლენს თავს. უსაქმური პერიოდი მქონდა და ავდექი და ხატწერაზე ვიარე. სულ რაღაც ერთი თვის წინ, რესტავრაციები ჩემი ხელით გავაკეთე. ვფიქრობ, ეს არის ის მოუსვენარი ენერგია, რომელიც სულ ცდილობს, რაღაც წყარო იპოვოს, სადღაც გაჟონოს და დაიხარჯოს. არავინ იცის, ხვალ რა წარმოჩინდება შენ ცხოვრებაში, რაში ხარ ნიჭიერი. თუ წარსულ გამოცდილებას გადავხედავთ, პირადის გამო ყველაფერი დავთმე. იყო ასეთი შემთხვევაც ჩემს ცხოვრებაში. ახლა სურვილი მაქვს, რომ ასე აღარ მოხდეს. ადამიანმა უნდა შეძლოს რაღაცნაირად, ზომიერად გადაანაწილოს ეს ყველაფერი. რასაც ხელს მოკიდებ იმას უნდა ეყო. რამდენად შეიძლება სიყვარულის განაწილება – წამოვიღო ახლა აქედან და რაღაცაში ჩავდო, ეს არა გეგმიურად, არამედ ბუნებრივად უნდა მოხდეს. ძალიან მიყვარს სიტყვა ჯანსაღი. ურთიერთობები, სიყვარული მაშინ არის ჯანსაღი, როდესაც ის ყოფით ცხოვრებაში ორივე მხარეზე დადებით გავლენას ახდენს. ეს ადამიანი მიდის წინ, ვითარდება ინტელექტუალურად, ლამაზდება და ბედნიერია. არ კნინდება და უფრო საინტერესო ხდება. პარტნიორები ერთმანეთისთვის სასარგებლონი უნდა იყვნენ – ძალიან უხეშად რომ ვთქვათ.
– სიყვარული კი ამის გარანტიას არ გაძლევს.
– რა თქმა უნდა. ამიტომაც ვამბობ, რომ შეიძლება და არსებობს ასეთი ურთიერთობები, თუმცა, უნდა გაგიმართლოს. ასეთი ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ისიც შენ გზაზე უნდა იდგეს. რა კატეგორიაშიც ხარ, იქ უნდა იყოს ისიც. საერთო ინტერესები უნდა გქონდეთ. ენერგეტიკული ბალანსიც უნდა იყოს, ერთს მიაქვს სულ და მეორეს ართმევს – ეს საშინელებაა. მერე სინანული და გადაბრალება რჩება. ერთი სიტყვით, პირადსა და შემოქმედებას ერთმანეთისგან ვერ გავაცალკევებ. ფროიდის მიხედვით, ხომ ორ საწყისზე ვიმყოფებით – ურთიერთლტოლვასა და პატივმოყვარეობაზე. ადამიანის ამ ორ სურვილზეა დამოკიდებული ყველაფერი. ურთიერთლტოლვაა „ჩვენი მეორეს“ ძიება, პატივმოყვარეობაში კი იგულისხმება ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებთ. გვინდა, რომ საქმე, რასაც ვაკეთებთ, დაგვიფასდეს, დაგვინახონ. ყველაფერი ეგოსთან მოდის და ვერ გაყოფ. თუმცა, ქალი ყველაზე ბედნიერი მაინც მაშინ არის, როდესაც ბედნიერია როგორც ქალი. იმედი მაქვს, ეს მალე მეწვევა ცხოვრებაში. სითბო არის ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება. ბუნებით ფისო ვარ, სულ მჭირდება სითბო – იქნება ეს საქმის კეთება, თუ სიყვარული. ვერ ვიმუშავებ იმ გარემოში, სადაც სითბო არაა. ის გარემო, რომელსაც ახლა პროდიუსერი ქეთი ანდრიაძე, ნინო გაბრიაძე და გენერალური დირექტორი გვიქმნიან, ალბათ, მართლა იდეალურია სამუშაოდ. ძალას არ იშურებენ, რომ ჩვენი პროექტი წარმატებული იყოს. ტელევიზია და რადიო რომ ერთმანეთს დაუკავშირდა, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.
– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გინდა?
– ამ კითხვას, ნიკუშ, სხვადასხვა ინტონაცია აქვს. ერთი – საერთოდ რა გინდა? მეორე – აი, რა გინდა ყველაზე მეტად – რაც უფრო საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს გულისხმობს. ერთ წინადადებაში, ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა ის, რაც მინდა. მინდა, რომ მოვახდინო საკუთარი თავის, ძალების, ნიჭის რეალიზება. რაც მაქვს, ის ერთი ციცქნა, პაწაწინა ნიჭი, იმის გამოტანა მოვახერხო. სულ მაქვს დეფიციტი, ჩემი პრობლემაა, რომ ეს გარეთ ვერ გამომაქვს. არ ვიცი, რაღაცაში მაინც უნდა მოვახდინო მისი რეალიზება. ეს ბუნებრივი პროცესია. ეს ენერგია, რომელიც მაქვს, როგორ შეგრძნებას მიჩენს იცი? რაღაცაში რომ ჩაგკეტონ, დაგხუფონ და ვერ გამოდიხარ იქიდან. სულ მინდა, ეს ენერგია გათავისუფლდეს, როგორც ჯინი გათავისუფლდა, ზუსტად ისე. არ ვიცი როგორ გაიგებს ამას მკითხველი, რთული ასახსნელია. არ ვიცი, სად წავა ეს ენერგია – ჩემს პროფესიაში, საქმიანობაში, რასაც მოვკიდებ ხელს. ეს ხომ სამყაროს ნაწილია, ჩემი არ არის – კაცობრიობისაა. ეს გამოვა, ახალი შემოვა – ეს არის ცხოვრების ცირკულაცია. თუ საერთოდ ვერ გამოვა, ბოლოს გასკდება, როგორც ბომბი. აი, ზუსტად ვგრძნობ ამას.
– ალადინმა უნდა გიპოვოს.
– ალბათ, ალადინია ცხოვრება და თვითონ დაალაგებს ყველაფერს ისე, რომ საჭირო დროს ამის რეალიზება მოხდება. თუ მე მოვედი იმ მისიით, რომ გავხდე დედა, გავხდები დედა. თუ არა და არა. პრეტენზიები სამყაროსთან არ მაქვს. მაგრამ, თუკი ეს უნდა მოხდეს, მინდა, დამეხმაროს, რომ ეს საუკეთესოდ შევძლო. საითაც არ უნდა მიმართოს ეს ენერგია სამყარომ – დედობისკენ, სიყვარულისკენ, შემოქმედებისკენ თუ სხვა, მინდა, რომ ის ძალიან კარგი იყოს.