რატომ მოუწყვეს ქეთევან ლოსაბერიძეს ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე შეხვედრა რუს სპორტსმენთან
ქალისთვის, ალბათ, რთულია, იყო სპორტსმენი, კარგი დიასახლისი და საუკეთესო დედა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველი ქალები მაინც აღწევდნენ დიდ სპორტულ წარმატებას, ხდებოდნენ ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლოს ქალმა, იყოს წარმატებული სპორტსმენი, კარგი პედაგოგი და ყურადღება არ მოაკლოს ოჯახს, თავად ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გვიამბობს.
ქეთევან ლოსაბერიძე: სპორტში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, სკოლის პერიოდშიც კი არ ვვარჯიშობდი საერთოდ. შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და იქ, როგორც ყველა, მეც ფიზკულტურის ლექციაზე დავდიოდი. ერთ დღესაც, შემოვიდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი, რომელსაც ხელში გრძელი ჯოხი ეკავა. როგორც გაირკვა, ის აპირებდა მშვილდოსნობის სექციის გახსნას და ჯგუფიდან ხუთი-ექვსი გოგონა აგვარჩია, შეგვიმოწმა ხელის სისწორე, აღნაგობა და ჩაგვწერა სექციაში. საერთოდ, მშვილდოსნობას, როგორც სპორტის სახეობას, ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ჰქონდა დიდი ხნის ისტორია. 1957 წელს ჩატარდა ახალგაზრდობის ფესტივალი და მაშინ აჩვენეს უცხოელმა სპორტსმენებმა, რა იყო მშვილდოსნობა და ამის შემდეგ დაინერგა ის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობა.
– როდიდან დაიწყეთ აქტიური ვარჯიში როგორც სპორტსმენმა?
– მე ვარჯიში იმ ხუთ გოგონასთან ერთად დავიწყე. უკვე 1966 წლის გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ავიღე. ამ გამარჯვებამ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემშიც და მწვრთნელშიც. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ უფრო დიდი ყურადღება დაეთმო ჩემთვის, მაგრამ, ძირითადად, მაინც ისევ ფიზკულტურის გაკვეთილზე ვვარჯიშობდი და ხანდახან იმასაც ვაცდენდი. ოლიმპიურ თამაშებს კი მშვილდოსნობა 1972 წელს დაუბრუნდა და მხოლოდ მაშინ მოგვცეს იარაღები სავარჯიშოდ, თორემ, მანამდე ჩვენ მიერ გაკეთებული ჯოხებით და კუსტარულად დამზადებული ისრებით ვვარჯიშობდით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იქვე დამტოვეს ლაბორანტად და უფრო მეტი დრო დავუთმე ვარჯიშს. დავიწყე მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, თან, მოვხვდი ოლიმპიურ ნაკრებში და კარგად დავიწყე ასპარეზობა – სულ სამეულში და ოთხეულში ვტრიალებდი, გამარჯვების შანსიც მქონდა, მაგრამ ერთი ქულით წავაგე და მესამე ადგილზე გავედი. ძალიან განვიცადე, ვტიროდი. როდესაც მიზანთან ახლოს ხარ და ვერ შეწვდები, ძალიან მტკივნეულია. შემდეგ უკვე დავოჯახდი, მქონდა პრობლემები, ვმკურნალობდი და ცოტა ხნით „ტაიმაუტი“ ავიღე. 1980 წელს მინდოდა, ოლიმპიურ თამაშებში მიმეღო მონაწილეობა და დავიწყე ინტენსიური ვარჯიში. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ცოტა ძნელი იყო ასპარეზობა, რადგან უნდა ყოფილიყავი კარგად მომზადებული და რუსზე გაცილებით ძლიერი. მაგალითად, მე რომ ევროპის ჩემპიონი გავხდი, მწვრთნელს რუსებმა საყვედური უთხრეს, რატომ წაიყვანე ის, რა, ჩვენი ვერ გახდებოდა ევროპის ჩემპიონიო? ოლიმპიურ თამაშებამდე ორი კვირით ადრეც მომიწყვეს საკონტროლო შეხვედრა და იმდენად დიდი ანგარიშით გავუსწარი რუსს, რომ ვეღარაფერი თქვეს და ჩამსვეს გუნდში. ოლიმპიადაზე გასვლის წინ ვფიქრობდი: „ქეთევან, აბა, შენ იცი, ეს შენი ბოლო შანსია და, თუ გინდა, რამეს მიაღწიო, უნდა გაიმარჯვო“. გარდა იმისა, რომ კარგად ვემზადებოდი, ალბათ, იღბალმაც შემიწყო ხელი. შეჯიბრების ბოლო დღეს საშინელი ამინდი იყო – ქარი, წვიმა. ყველამ ცუდი შედეგი აჩვენა, მე კი 30-დან 28 ქულა ავიღე. იმ ცუდ ამინდში ეს იმხელა სიხარული იყო, მხოლოდ შვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს შემიძლია, შევადარო. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს ჩემპიონატზე, გუნდურად პირველ ადგილზე გავედი, პირადად მე კი – მეხუთეზე. 1982 წელს ქალთა სპარტაკიადაზე მეოთხე ადგილი ავიღე, მაგრამ, შვილი რომ შემეძინა, თავი დავანებე სპორტს და მას შემდეგ მშვილდი ხელში აღარ ამიღია.
– რატომ დაანებეთ თავი ასე მალე, სპორტული კარიერის გაგრძელება ოჯახის გამო ვეღარ შეძელით?
– დიახ. ცხრა წელი შვილი არ მყავდა და, როდესაც 1982 წელს შემეძინა, ვიფიქრე, სპორტში ასე თუ ისე, რაღაც გავაკეთე, მივაღწიე გარკვეულ წარმატებებსაც – მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიური ჩემპიონი ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობდით. მაშინ ამ დონეზე არ იყო განვითარებული ძიძის ინსტიტუტი. ამიტომ გადავწყვიტე, მთელი დრო შვილის აღზრდისთვის დამეთმო. თან, ქართველი კაცი მაინც პრეტენზიულია. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად ხელს მიწყობდა, საყვედურსაც ბევრს მაძლევდა, ამიტომ ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი დავაყენე.
– მას შემდეგ, რაც სპორტიდან წახვედით, დიასახლისობის გარდა კიდევ რას საქმიანობდით?
– პარალელურად ვმუშაობდი უნივერსიტეტში მათემატიკის კათედრაზე მანამდე, სანამ, ასე ვთქვათ, პენსიაზე გავიდოდი. თუ გახსოვთ, უნივერსიტეტიდან ბევრი თანამშრომელი რომ გამოუშვეს, მეც მაშინ წამოვედი. უბრალოდ, ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ, ყველაფერთან ერთად, ხარისხის დაცვა ვერ მოვახერხე. ოჯახს სჭირდებოდა ყურადღება, სპორტს დიდი დრო მიჰქონდა, ამიტომ არ მომეცა იმის საშუალება, რომ ხარისხი დამეცვა.
– ქალბატონო ქეთევან, თქვენ გარდა ვინმე თუ გამხდარა ჩემპიონი მშვილდოსნობაში?
– საქართველოში ოლიმპიური ჩემპიონი მარტო მე ვარ, მაგრამ ევროპის ჩემპიონი იყო ქვრივიშვილი, რომელიც ახლა ამერიკის სახელით ასპარეზობს, ნასარიძე – ახლა თურქეთის სახელით გამოდის. 2004 წელს სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული ევროპის ჩემპიონატზე და ამ ჩემპიონატის ისტორიას რომ გადავხედე, ხუთი ქართველის გვარი ამოვიკითხე: ჩემი, ნატო ნასარიძის, ქვრივიშვილის და ორჯერ ისევ ნატო ნასარიძის, ოღონდ უკვე თურქეთის სახელით. ასე რომ, ქართველ ქალებს გვაქვს რაღაც წარმატებები.
– ახლა რა მდგომარეობაა, არიან ისეთი სპორტსმენები, ვისზეც შეიძლება იმედის დამყარება?
– 2002-2004 წლებში მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, ახლა კი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტია მამუკა ქაცარავა, რომელმაც საკმაოდ წინ წამოგვწია: გვყავს კარგი მწვრთნელები, იმართება შეჯიბრებები, გაიზარდა სექციების რაოდენობა, ბავშვებიც უფრო დაინტერესდნენ. უკვე არიან ისეთი სპორტსმენები, ვინც, შეიძლება, ოლიმპიადაზე გამოვიდნენ და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიონ.
– თქვენ საბჭოთა კავშირის სახელით გიწევდათ ასპარეზობა. გული არ გწყდებოდათ?
– გული მართლა მწყდება, რომ ქართული დროშის ქვეშ ვერ ვიასპარეზე. ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, რომ ჩემი გამარჯვების დროს აწეულიყო ქართული დროშა და გაჟღერებულიყო ქართული ჰიმნი. მაგრამ, რა ვქნათ, ჩვენი ბრალი ხომ არ არის, რომ იმ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ! მე ყოველთვის ყველგან აღვნიშნავდი, რომ ქართველი ვიყავი და მერე მიწევდა ახსნა, სად იყო საქართველო. ახლა ვარ ფედერაციის გამგეობის შემადგენლობაში, ისეთი აქტიური ცხოვრებით ვეღარ ვცხოვრობ, ოპერაციის შემდეგ დიასახლისად ჩავჯექი სახლში, მაგრამ ის პერიოდი არასოდეს დამავიწყდება, ქუჩაში რომ ყველა მცნობდა და უხაროდათ ჩემი წარმატება. საამაყოა, როდესაც ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ჰყავს 34 ოლიმპიური ჩემპიონი. საერთოდ, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი არ არსებობს, თუ მიაღწევ ამხელა წარმატებას, ხარ და ხარ მთელი სიცოცხლე ოლიმპიური ჩემპიონი.