კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ მალავს თამთა ჭელიძე მამაკაცებთან და რით ანებივრებენ მას



თამთა ჭელიძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც იღბალი სწყალობს, მაგრამ მიზნის მისაღწევად თავადაც ბევრი სირთულის გადალახვა უწევს. მის ცხოვრებაში კონკიას ისტორია არ გამეორებულა, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზები საკმაოდ ხშირია. ყველაზე ხშირად თამთას საჩუქრებით ანებივრებენ. თვითონ ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად მაშინ გაუმართლა, როცა პროფესიად მსახიობობა აირჩია, თუმცა, ამასთან დაკავშირებით უამრავი ოცნება დარჩა ჯერ კიდევ აუსრულებელი....



თამთა ჭელიძე: ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით იღბლიანი ადამიანი ვარ, თუმცა ბედს ნამდვილად არ ვუჩივი და არც იღბალზე ვწუწუნებ მაშინ, როცა ცხოვრების რთული პერიოდები მაქვს. რატომ უნდა ვიწუწუნო იღბალზე, როცა ვარ ჯანმრთელი, მყავს კარგი შვილი, ერთგული მეგობრები და არაჩვეულებრივი ოჯახი?! მე ნაკლებად მჯერა, რომ ცხოვრებაში კონკიას ზღაპარი გამეორდება, თუმცა ყველამ ვიცით პრეცედენტები, როცა ასეთი ისტორიები რეალურ ცხოვრებაშიც მომხდარა. მე გამიმართლა იმით, რომ გავიზარდე ძალიან კარგ გარემოში, მყავს კარგი მშობლები, რომლებმაც რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის. მათი წყალობით ვიყავი ნებიერა გოგო, რომელსაც საკმაოდ დიდხანს ეგონა, რომ ცხოვრება ვარდისფერი იყო.

– როდის შეიცვალა ეს ფერები შენთვის?

– წლების მატებასთან ერთად ფერებიც მუქდება. 12 წლის ვიყავი, როცა მონაწილეობა მივიღე სატელევიზიო კონკურსში, ავიღე გრანპრი და გავემგზავრე მოსკოვში, „დილის ვარსკვლავში“ მონაწილეობის მისაღებად. იქ, სამწუხაროდ, ჩემი ოცნებები დასრულდა – აქაურმა წარმატებამ ისე გამათამამა, მეგონა, რომ ვარსკვლავებს დავიპყრობდი, მაგრამ სულ არ ყოფილა ასე. მას შემდეგაც უამრავ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, ხან მიმართლებდა, ხან – არა. ახლა უკვე ვხვდები – ყველაფერი ბევრი შრომისა და წვალების შემდეგ გამომდის. ვიღაცას შეიძლება, ეგონოს, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავისით მოდის, მაგრამ ასე არაა.

– პროფესიულ არჩევანში გაგიმართლა?

– მე მგონი, კი, ავირჩიე ისეთი პროფესია, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, მამაჩემი პროფესიით რეჟისორია და პატარაობიდან „მოვიწამლე“ კინოთი, დაუოკებელი სიყვარული და ლტოლვა გამიჩნდა კინოს მიმართ, მივილტვოდი იმ „სექტისკენ“, რასაც მსახიობობა ჰქვია. ეს ოცნება ავისრულე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე გამოცდები, თეატრშიც ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც მაკლია – დიდ კინოში მინდა გადაღება. თუმცა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში მოვხვდი.

– როგორც ქალი, იღბლიანი ხარ?

– არა, არ ვარ იღბლიანი. ოღონდ, არ ვიცი, რატომ ხდება ასე. ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხს ვერ ვპოულობ. 20 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. იმ პერიოდში მე უფრო პოპულარული ვიყავი, ვიდრე ჯაბა კილაძე. მაშინ მეგონა, რომ მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა. ოთხი წელი ვიყავით მე და ჯაბა ერთად და მერე, როცა მივხვდით, რომ ერთმანეთს ბევრ რამეში ვუშლიდით ხელს, დავშორდით ერთმანეთს. საბედნიეროდ, ჩვენ დავშორდით მშვიდად, სკანდალების გარეშე. ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დამჭირდა.

– მერე ჯაბა გახდა შენზე მეტად პოპულარული, მისმა წარმატებებმა შენი პოპულარობა დაჩრდილა. მასთან „გაჯიბრება“ არ გიცდია?

– დიახ, დადგა დრო, როდესაც ჯაბა უფრო პოპულარული გახდა, მაგრამ მე ამის გამო ცუდი გრძნობები არ მქონია, პირიქით, ყოველთვის გამიხარდება ჯაბას წარმატება, ის ჩემი შვილის მამაა და, როცა ქალსა და კაცს შვილი აკავშირებთ, იქ გამორიცხულია, რომ ყოფილი მეუღლის წინსვლა შეგშურდეს. ეს განცდა არავის მიმართ არ მაქვს, ჯაბას მიმართ რატომ უნდა მქონდეს? ჩვენ ხან ბავშვის გამო ვხვდებით ერთმანეთს, ხან ისე, შემთხვევით, საერთო წრეში. მის დანახვაზე გულის ფარცქვალის მომენტი დასრულდა (იცინის).

– რატომ მიიჩნევ საკუთარ თავს უიღბლო ქალად?

– არ ვიცი. ვიცი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს და, შეიძლება, ერთ დღეს ისეთი ბედნიერი გავხდე, რომ ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ დღემდე ასე ვარ – ვერ ვიპოვე ის ადამიანი, ვინც მინდა, რომ ჩემ გვერდით იყოს. შეიძლება, ცოტა ეგოისტი ვარ და მინდა, რომ განსაკუთრებულად იყოს ყველაფერი ჩემ ირგვლივ (იცინის). ჯაბას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი დიდი სიყვარული, რომელიც ასევე დასრულდა. არ მინდა, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალის პოზიციაში დამინახოს ვინმემ, ცუდად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს, თუმცა, მარტოობა მაინც რთულია. ეტყობა, ყველაფერი ერთად არ გამოდის, თუმცა ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გინდა, რომ ბოლომდე მოეშვა, ვიღაცას მიეყრდნო... მე ვერც მამაკაცებთან ვმალავ იმას, რომ შინაგანად ძლიერი ქალი ვარ, ვერ ვთამაშობ სუსტს, მასზე დამოკიდებულსა და დაუცველს, ამიტომაც, ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ ჩამითრია და ვერ ამიყოლია ამ თამაშში (იცინის). მე არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ემოციებს ხომ ვერ დაგეგმავ, თავისით მოდის. პირადი ცხოვრება არასდროს დამიგეგმავს, თუმცა, ყველა მამაკაცს, ვინც ჩემ გვერდით იყო, ვაძლევდი გამოსაცდელ ვადას – მამაკაცი ამ ვადაში უნდა ჩაეტიოს და დამანახვოს, რისი მოძღვნა შეუძლია ჩემთვის (იცინის)...

– თუ გაქვს ნივთები, რომლებსაც მუდმივად ატარებ, იმიტომ, რომ კარგად გაქვს დაცდილი?

– დღემდე მაქვს სამოსი, რომელიც კარგად მაქვს დაცდილი და ვცდილობ, რომ ქასთინგებზე და საინტერესო შეხვედრებზე მხოლოდ ის ჩავიცვა. ასევე ძალიან მჯერა სიზმრების. ერთხელ ჩემმა სიზმარმა გადამარჩინა: მეგობრები ქალაქგარეთ წასვლას ვაპირებდით, ღამით კი დამესიზმრა, რომ მე და ჩემს მეგობარს სახიდან სისხლი გვდიოდა. ძალიან შემაშინა ამ სიზმარმა და აღარ წავედით. ისინი კი, ვინც წავიდნენ, საშინელ ავტოკატასტროფაში მოხვდნენ.

– აზარტულ თამაშებში იღბლიანი ხარ? ოდესმე ფული თუ მოგიგია?

– ამ მხრივ სრული უიღბლო ვარ. არასდროს არაფერი მომიგია. მხოლოდ ერთხელ, კონცერტის შემდეგ მოწყობილ გათამაშებაში, მე და ჩემმა მეგობარმა, როგორც საუკეთესო მოცეკვავეებმა, მოვიგეთ პრიზი. ჩემი მეგობარი ხუმრობდა, ეს პრიზიც მე „ჩავაწყვეო“. (იცინის). ამ მოგებამ ძალიან შემასხა ფრთები, მაგრამ თამაში ვერ შევიყვარე. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოვხვდი კაზინოში ჯაბასთან ერთად, მთლიანად რაღაც სამასი დოლარი მქონდა და ისიც სულ წავაგე, ტაქსის ფულიც კი აღარ დაგვრჩა, ისეთ აზარტში შევედით. მაშინ მივხვდი, რომ კაზინოში ჩემი სიარული არ შეიძლება, რადგან, თუ თამაშის ეშხში შევედი, რაც მაბადია, შეიძლება, ყველაფერი იქ დავტოვო. არა, ამ საკითხში ვერ ვენდობი საკუთარ თავს (იცინის). აზარტულ თამაშებში არა, მაგრამ ბავშვობიდან მიმართლებს საჩუქრებში – საბედნიეროდ, ჩემ გვერდით ყოველთვის არის ხალხი, ვინც საჩუქრებით მანებივრებს. მაგალითად, ახლა მამამ მაჩუქა პატარა „ჯიპი“, მაგრამ მართვის მოწმობა ვერ ავიღე. მე, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, „პრავის“ გარეშე მანქანას არ ვატარებ. საჩუქრებით მანებივრებენ დედაც და მამაც, ასევე, ჩემი მეგობრები. უკვე რამდენიმე წელია, რაც ათენიდან მამარაგებს დედას ახლობელი, რაც კი რამ მაბადია, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ის არის ჩემი მთავარი სპონსორი. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, საჩუქრებსა და ტანსაცმელში მაინც მაქვს ბედი (იცინის).



თამუნა ნიჟარაძე


скачать dle 11.3