როგორ აიწყვიტა მამის ავადმყოფობისას მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინა ვოზნიაცკმა
ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთი ძვირად ღირებული სახეობაა და მას რომ ბოლომდე გაჰყვე, მშობლებს ან ბევრი ფული უნდა ჰქონდეთ, ან კიდევ განსაკუთრებული ნიჭით უნდა იყო დაჯილდოებული. ვერ გეტყვით, რომ პიოტრ ვოზნიაცკის ბევრი ფული ჰქონდა, იგი პოლონეთის საფეხბურთო ლიგაში აგორებდა ბურთს და დიდი ვარსკვლავი არასოდეს ყოფილა, მაგრამ, როცა დანიურ „ფრამში“ გადაბარგდა, ხელფასიც მოუმატეს და, თუ პიოტრმა ვაჟი ფეხბურთზე მიიყვანა, პატარა კაროლინა ჩოგბურთის სექციაში შეაგდო. სწორედაც რომ შეაგდო, რადგან კაროლინა ბალერინობაზე ოცნებობდა, ჩოგბურთზე სიარული კი ამას გამორიცხავდა.
„მოვა დრო და ჩემი გოგო მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი გახდება“, – იმუქრებოდა დანიაში დასახლებული პოლონელი პიოტრი და მის მუქარას მეზობლები მხოლოდ ირონიული ღიმილით ხვდებოდნენ. სხვა თუ არაფერი, პატარა კაროლინა ისეთი სახით მიდიოდა ვარჯიშზე და იმდენს წუწუნებდა, რომ იქ სიარული არ სურდა, მამას ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა.
2005 წელს, ანუ, როცა კაროლინა 15 წლის იყო, მამამ ჩათვალა, რომ მისი შვილი საკმაოდ დიდი გახლდათ იმისთვის, რათა პროფესიონალებში გადაბარგებულიყო და სერიოზულ ტურნირებში მიეღო მონაწილეობა. პირველი მცდელობა კრახით დასრულდა – კაროლინა პირველივე წრეში სასტიკად დაამარცხეს და შინ გაისტუმრეს. მამა არ ცხრებოდა და ამბობდა, მე ვიცი, რომ მას აქვს ნიჭი და ის აუცილებლად გაიხსნებაო. ერთი წლის შემდეგ, ასაკიდან გამომდინარე, ვოზნიაცკიმ მონაწილეობა ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო, ოღონდ იუნიორთა შორის, რადგან მისი რეიტინგი დიდებში თამაშის უფლებას არ აძლევდა. ახალგაზრდებში კაროლინა ფინალამდე მივიდა და იქ დამარცხდა. ეს უკვე აშკარა პროგრესი გახლდათ, თუმცა დიდებში გამართულ ტურნირში იგი უმოწყალოდ მარცხდებოდა და მეტოქეების იოლი ნადავლი ხდებოდა. საინტერესოა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვოზნიაცკის პირად მწვრთნელად მამა ჰყავდა იმ მარტივი მიზეზით, რომ მწვრთნელისთვის გადასახდელი ფული ოჯახს არ ჰქონდა.
„მე მივხვდი, რომ კაროლინა ზედმეტად გახსნილ ჩოგბურთს თამაშობდა. ამიტომ, აუცილებელი იყო, მას თამაში დაეხურა და დაცვიდან ეთამაშა. ამას შედეგი უნდა მოეტანა და ექვსი თვე სწორედ ახალი ტაქტიკის დამუშავებას მოვუნდით“, – იხსენებს პიოტრ ვოზნიაცკი. ფეხბურთელის გათვლამ გაამართლა.
კორტზე დაბრუნებული კაროლინა სხვანაირ, უფრო გამართულ ჩოგბურთს თამაშობდა და ტურნირზე ოთხი წრეც გაიარა, თუმცა, ეს საკმარისი არ იყო – მამიკოს თავისი ქალიშვილის ნახვა ჩემპიონის რანგში სურდა. პარალელურად, კაროლინაზე კბილებს სარეკლამო კომპანიებიც ილესავდნენ, რადგან აშკარად გამორჩეულ ვოზნიაცკის სულ პატარა ტურნირი მაინც რომ მოეგო, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რათა რომელიმე ფირმის სახე გამხდარიყო, მაგრამ ეს ტურნირი არ ჩანდა. მაშინ მამამ ჭკუა იხმარა და კაროლინას, დამარცხებულის კომპლექსი რომ მოხსნოდა, იაფფასიან ტურნირებზე დაუწყო ტარება. შედეგმაც არ დააყოვნა: 2007 წელს ვოზნიაცკიმ ჯერ იტალიაში იმარჯვა 75-ათასიან ტურნირში, მერე კი, იმავე ოდენობის ტურნირში პირველი გახდა ლას-ვეგასში. მიღებულმა თანხამ და წარმატებამ კაროლინას ფრთები შეასხა და მან პირობა დადო – მე პირველი გავხდებიო. მართლაც, ერთი წლის შემდეგ, მან ნიუ-ჰევენში 250-ათასიან ტურნირში იმარჯვა და სეზონი მეთორმეტე ადგილის აღებით დაასრულა, რაც უდიდესი წარმატება იყო. პარალელურად, სარეკლამო კომპანიებსაც გაეღვიძათ და კაროლინას „თავზე დააყარეს“ კონტრაქტები. ყველაზე სარფიანი წინადადებით „ადიდასმა“ მიმართა, რომელსაც საჩოგბურთო სახედ რუსი მარია კირილენკო ჰყავდა, მაგრამ ვოზნიაცკის მომხიბვლელმა ღიმილმა და ბავშვურმა სახემ უფრო გაამართლა.
პიოტრ ვოზნიაცკის მეზობლების ირონიული ღიმილის ატანა მარტივი მიზეზით აღარ უხდებოდა – კაროლინას შემოსავალმა მილიონს გადააჭარბა და ოჯახიც უკეთეს ბინაში გადავიდა. ნელ-ნელა ვოზნიაცკიმ სტაბილურად დაიწყო თამაში, ტიტულების მოგებასაც მოუხშირა და, დღეის მდგომარეობით, მის მიერ ნაშოვნი საპრიზო თანხები ხუთ მილიონ დოლარს აჭარბებს.
ფული – ფულად, მაგრამ პიოტრ ვოზნიაცკის თავისი შვილის პირველნომრობა სურდა და ეს სურვილი ერთმა ბედნიერმა თუ უბედურმა შემთხვევამ აუსრულა: ამერიკის ღია პირველობის დაწყების წინ მოულოდნელად ტრავმა მიიღო მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა და ტურნირიდან მოიხსნა. რეიტინგში მეორე კი, სწორედ კაროლინა გახლდათ და პირველი ნომერიც ის გახდა.
ამ ისტორიაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბატონი პიოტრი თავის ქალიშვილს ყველგან თან დაჰყვება და შეიძლება ითქვას, მის თაყვანისმცემლებს აფრთხობს. მისივე მოთხოვნით, კაროლინამ უარი თქვა თამამ ფოტოსესიაზე და, ეს მაშინ, როცა ამის სანაცვლოდ ორ მილიონს უხდიდნენ.
„რომ არა მამაჩემი, მე ვერასდროს მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე. ამიტომ მას ყველაფერს ვუჯერებ, თან, ჯერ ხომ ოცი წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს“, – ამბობს კოროლინა, მაგრამ...
ევროპული პრესა აქტიურად წერს, რომ მაშინ, როცა მამიკო ავად იყო და ნალოლიავებ ქალიშვილს ერთ-ერთ ტურნირზე ვერ გაჰყვა, კაროლინამ აიშვა, ტურნირიდან პირველივე წრეში გამოვარდა და მერე ერთი კვირა სასტუმროში ვიღაც ყმაწვილთან ერთად იყო ჩაკეტილი. სხვათა შორის, ის ყმაწვილი მას შემდეგ ვოზნიაცკის გვერდით აღარ უნახავთ. პრინციპში, მას შემდეგ არც მამა ვოზნიაცკი გამხდარა ავად და, ვინ იცის...