კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობა და რატომ გაიზარდა შიზოფრენიით დაავადებულთა რიცხვი


შიზოფრენია ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მათგან არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ტემპებით იზრდება. გარდა სოციალური პრობლემისა, შიზოფრენია საკმაოდ დიდ ზარალს აყენებს ქვეყნის ეკონომიკასაც. მისი მკურნალობის საკითხები საკმაოდ სპეციფიკურია და რეგულირდება სხვადასხვა წესდებითა თუ კანონით. პრობლემის შესახებ ვესაუბრებით ფსიქოლოგ ალექსანდრე კობახიძეს.


– რა არის შიზოფრენია და როგორ მიმდინარეობს ეს ავადმყოფობა?

– შიზოფრენია ძირითადი ფსიქიატრიული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს აზროვნებისა და აღქმის ძირეული დარღვევები შეუსაბამო ემოციური რეაგირებით ან ემოციური სფეროს გასადავებით. ჩვეულებრივ, პიროვნებას ინტელექტუალური შესაძლებლობები, უნარები და ცნობიერება ფორმალურად შენარჩუნებული აქვს, თუმცა დაავადების მიმდინარეობისას ფსიქიკური დარღვევები უდავოდ შესამჩნევია. აშლილობა ვრცელდება ისეთ ბაზისურ ფუნქციებზე, რომელიც ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ანიჭებს ინდივიდუალობისა და უნიკალურობის განცდას. ხშირად, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ყველაზე საიდუმლო და პირადული აზრები, გრძნობები და ქმედებები მის მიერ შეიგრძნობა როგორც სხვებისთვის ცნობილი, გახსნილი. შიზოფრენიული აშლილობის ჰალუცინაციები ძირითადად სმენითია, რომელიც კომენტარს უკეთებს ინდივიდის ქცევებსა და აზრებს. ფსიქოზის ერთ-ერთი ადრეული გამოვლინებაა დაბნეულობა, რომლის ფონზეც პაციენტი მიდის ისეთ მყარ შეხედულებამდე, რომ თითქოსდა ყოველდღიურ სიტუაციებს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შედეგად აზროვნების პროცესი ირღვევა და ასეთი ადამიანი ხდება აბნეული. მისი მეტყველებაც ძნელად მისახვედრი და გასაგებია.

– როგორ აისახება შიზოფრენიის არსებობა პიროვნებაზე?

– ამ დროს ადამიანის გუნება-განწყობა ხშირად იცვლება, ხასიათის ცვლილებას ახლავს მკვეთრი გამაღიზიანებელი ელფერი. შესაძლოა, დარღვევები განვითარდეს ნებელობითი სფეროს მხრივაც, ინერტულობისა და ნეგატივიზმის სახით. შიზოფრენიული აშლილობა შეიძლება, დაიწყოს მწვავედ, ქცევის მნიშვნელოვანი დარღვევებით, ან შემპარავად – უცნაური და ოდიოზური იდეებისა და ქცევითი აშლილობების თანდათანობითი განვითარებით. მწვავე დასაწყისი გულისხმობს ორი კვირის ან უფრო მცირე დროის განმავლობაში პათოლოგიური კლინიკური სურათის განვითარებას, რაც გულისხმობს ბოდვებს, ჰალუცინაციებსა და აღქმის დარღვევებს. მიუხედავად დაავადების მწვავე დასაწყისისა, სრული გაჯანსაღება შეიძლება, მოხდეს რამდენიმე თვეში, ხშირად რამდენიმე კვირასა და დღეებშიც კი. თუ აშლილობა მყარია და უფრო დიდხანს გრძელდება, მაშინ აუცილებელია დიაგნოზის გადახედვა. აშლილობა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს მწვავე სტრესთან, რომელიც ერთი ან ორი კვირით წინ უსწრებდა ავადმყოფობის დასაწყისს. განვითარების სიმწვავის მიუხედავად, აშლილობების მიმდინარეობა არ არის გარდაუვლად ქრონიკული და დამანგრეველი. ხშირად შესაძლებელია სრული ან თითქმის სრული გამოჯანმრთელების მიღწევა.

– გავრცელებულია თუ არა აღნიშნული დაავადება და რა განაპირობებს შემთხვევების მატებას?

– შიზოფრენია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომლითაც დაავადებულია მთელი მოსახლეობის 1 პროცენტი, ქალებსა და მამაკაცებში სიხშირე თანაბარია. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს დროის მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში და ძირითადად დამოკიდებულია ქვეყნის კულტურულ თავისებურებებსა და სოციალურ ფონზე. შიზოფრენია ყველაზე ძვირად ღირებული ფსიქიკური აშლილობაა, რომელზედაც ამერიკაში ჯანდაცვაზე მთლიანად გაწეული ხარჯების 2,5 პროცენტი მოდის, რაც 1995 წლიდან მოყოლებული, წლიურად შეადგენს 65 მილიარდ ამერიკულ დოლარს. საინტერესო მოვლენაა ის, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა 80 პროცენტის მშობლებში იგივე პათოლოგია არ აღინიშნებოდა, მაგრამ გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობა მაინც უდავოა. მრავალი კვლევა ადასტურებს კავშირს შიზოფრენიასა და სამშობიარო გართულებებს შორის. ძირითადი მიზეზი ნაყოფის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ანუ ჟანგბადის ნაკლებობაა. ასევე დადასტურებულია კავშირი ახალგაზრდა ასაკში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებასა და შიზოფრენიის სიმპტომების გამომჟღავნებას შორის. დაავადების განვითარების რისკფაქტორებია, აგრეთვე – მარტოხელობა, მაღალ ურბანიზებულ გარემოში აღზრდა, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული სიტუაციები, ხნიერი მამის ასაკი. შიზოფრენიული აშლილობებისთვის ზოგადად დამახასიათებელია აღქმისა და აზროვნების სფეროში ფუნდამენტური დარღვევები, აგრეთვე არაადეკვატური და დაჩლუნგებული რეაქცია სხვადასხვა მოვლენაზე. ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები შენარჩუნებულია, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია, თავი იჩინოს გარკვეულმა დარღვევებმა. ხშირად, არასწორადაა დასმული შიზოფრენიის დიაგნოზი, რომელიც არ უნდა ასოცირდებოდეს გამოხატულ დეპრესიასთან, მანიაკალურ სინდრომთან, ასევე ცერებრალურ დამბლასა და წამლით ინტოქსიკაციასთან.

– რას უკავშირდება პრობლემის მკურნალობის რთული მექანიზმი?

– მკურნალობის მედიკამენტური მეთოდი მეტად ეფექტურია, მაგრამ ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს საკითხის ეთიკური მხარე. ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდება იმ მოთხოვნების მიხედვით, რასაც პროფესიონალებს უყენებენ ეთიკური კოდექსის ან პროფესიული სტანდარტებით. ეს შეიძლება, ითვალისწინებდეს საერთაშორისო რეკომენდაციებს, როგორიცაა ჰიპოკრატეს ფიცი ან ჟენევის დეკლარაცია. ამავე დროს ადამიანის უფლებების ევროპის კონვენცია ჩართულია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ნაციონალურ კანონმდებლობაში. მკურნალობის პროცესში ექიმს გააჩნია როგორც იურიდიული, ასევე ეთიკური ვალდებულება, დაიცვას სამედიცინო საიდუმლოება. კონფიდენციალურობას ფსიქიატრიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ექიმის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ხშირად პირადულია და პაციენტისთვის მეტად მტკივნეულ საკითხებს ეხება. ზოგადად, ფსიქიატრი არ უნდა აგროვებდეს ინფორმაციას სხვა პირებისგან პაციენტის თანხმობის გარეშე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო, არ შესწევს უნარი მიაწოდოს ინფორმაცია, ამ ინფორმაციას კი დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების შეფასებისა და მენეჯმენტისთვის. ამ დროს ექიმი მაქსიმალურად უნდა მოქმედებდეს პაციენტის ინტერესების დაცვით და ეცადოს, ინფორმაციის მიღებას პაციენტის უახლოესი გარემოცვისგან. იგივე პრინციპი მოქმედებს, როდესაც ექიმი ინფორმაციას გასცემს მესამე პირზე პაციენტის შესახებ, რომელსაც არ აქვს თანხმობის მიცემის უნარი. ბავშვებისთვის ზოგადი ეთიკური პრინციპებისა და კანონმდებლობის გამოყენება მოითხოვს ბალანსის დაცვას – მის ავტონომიურობას მშობლების უფლებასა და სახელმწიფოს მიერ ბავშვის დაცვის მოვალეობას შორის. ზოგადად, ბავშვის ინტერესებს უპირატესობა ენიჭება მათი მშობლების ინტერესებთან შედარებით. ეს პრინციპი აშკარაა ბავშვზე ძალადობის დროს, სხვა შემთხვევაში კი, გადაწყვეტილების მიღება უფრო გაძნელებულია.


скачать dle 11.3