კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მიიღოს ქრისტიანმა მოყვასისგან შეურაცხყოფა და როდის ჩაიწერება ცხოვრების წიგნში ადამიანის სახელი ღირს მამათა გვერდით


ეკლესიური სწავლებით, ცოდვა ადამიანში ზრახვის სახით იბადება და, სატანამ კარგად იცის, როგორ მოგვაწოდოს აზრი, რომელმაც ჩვენში გარკვეული წინააღმდეგობა უნდა შექმნას. თუმცა, ადამიანს არჩევნის საშუალება აქვს და შეუძლია, ის თავიდანვე მიიღოს ან უარყოს. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი).


– მამაო, როდის და საიდან იღებს ცოდვა სათავეს?

– როდესაც ღმერთმა ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა, მათ აუკრძალა იმ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამა, რომელიც ორივეს ცოდვაში ჩააგდებდა. „აკრძალულ ხილში“ კი იგულისხმება ის მანკიერებები და ცუდი თვისებები, რომლებიც ადამიანებისთვის დამღუპველია. როდესაც ევა გველმა აცდუნა, სწორედ მაშინ იშვა ამქვეყნად ცოდვა და მას ეზიარნენ პირველი ადამიანები – ეს არის საწყისი ცოდვისა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი რაღაცეები, რომლებიც კარგია ადამიანის სულისთვის, ზოგი კი, პირიქით – იწვევს ადამიანის სულისა და ხორცის დაღუპვას. ამიტომ, ეკლესია გვიდგენს წესებს, რომელთა დახმარებით შეგვიძლია, საკუთარი სული დავიცვათ საცდურისგან. ეკლესიური წესების დაცვით, შევეცდებით, რომ შორს დავდგეთ ცოდვებისგან. ნათქვამია: არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოსო. აქედან გამომდინარე, ეკლესიური ცხოვრება დაგვეხმარება, შეძლებისდაგვარად, გავხდეთ სრულყოფილები, თავდაჭერილები, ღვთისნიერები და მოწყალეები. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ერთი ცოდვა ძალიან ბევრ სხვა ცოდვას შობს. მაგალითად, ამპარტავნება ძალიან ბევრი მომაკვდინებელი ცოდვის საწყისი ხდება. ცუდია, როდესაც ადამიანი ამ ვნებით შეპყრობილი ხდება. ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია – სიმდიდრე, ძალაუფლება, თანამდებობა – უფლის მიერ არის მომადლებული და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღმერთის, ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავვარდეთ ამპარტავნებაში. ყველანი ღვთის ქმნილებები ვართ, თუმცა, ეს ბევრ ადამიანს ავიწყდება და, იმის ნაცვლად, რომ სხვებს დაუდგნენ გვერდში, პირიქით, მათ შეურაცხყოფას აყენებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობა არის ერთადერთი სჯული, რომელიც აკმაყოფილებს კაცის სულიერ მოთხოვნილებებს. ამ სჯულმა არ იცის გარჩევა ეროვნებისა, სქესისა და ასაკისა; თვით სახარება კი არის წიგნი სამარადისო, ყველა დროისა და ყველა ხალხისთვის გამოსადეგი, საჭირო და გასაგები. თვით უფალი იესო ქრისტე ძველი აღთქმის წიგნებს უწოდებდა ღვთის სიტყვას, სულიწმიდის სიტყვას, ღვთის ბრძანებას. სასოწარკვეთილების წუთებში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი კი არ გვტოვებს ჩვენ, არამედ ჩვენ ვტოვებთ მას. ღვთის ბრძანების თანახმად, ყველანი ასე უნდა ვცხოვრობდეთ: როდესაც მარტონი ვიქნებით, როგორი მწუხარეებიც უნდა ვიყოთ, რომც არ გვინდოდეს, ყოველთვის უნდა მოვუხმოთ ჩვენს გულებში მცხოვრებ უფალ იესო ქრისტეს. ყოველთვის უნდა გვქონდეს უფლის სიყვარული, მისდამი მორჩილების სურვილი. ქრისტეს მორჩილებას საკუთარი კი არა, ღვთის ნება უნდა ჰქონდეს, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მოციქულებსაც კი აუკრძალა მომავლის გამოძიება, რაც მხოლოდ ღმერთის უფლებაა.

– მამაო, რა აგდებს ადამიანებს მძიმე ცოდვაში?

– ბოლო დროს ძალიან ბევრი ბიწიერი წიგნი, ლიტერატურა და გაზეთი გამოვიდა. შესაბამისად, ადამიანები მათ მიეძალნენ და, შედეგად, სხვადასხვა ვნება აღეძვრებათ, იღუპავენ თავს და, საბოლოო ჯამში, თავსაც. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ყველანაირად ავიცილოთ თავიდან ცოდვა. ადამიანი უძლური არსებაა, მას მარტოს გაუჭირდება ვნებებთან, ცოდვებთან და დამღუპველ ცოდვებთან ბრძოლა, რომ არა უფლის შემწეობა და გვერდში დგომა. დღეს, სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებული ცოდვა ამპარტავნებაა, თუმცა, სხვა ცოდვებიც არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიების ზრდამ გამოიწვია ადამიანის ღმერთთან დაშორება. დღევანდელი პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი უამრავი საცდურისა და მანკიერების წყარო გახდა. რა თქმა უნდა, მე პროგრესის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ადამიანს შეუძლია ისინი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ, მათი დახმარებით ისინი საცდურისკენ მიიდრიკებიან. იმის სანაცვლოდ, რომ ადამიანები ყოველ დღეს უფლის დიდებით იწყებდნენ და ამთავრებდნენ, პირიქით, გვიანობამდე კომპიუტერთან და ტელევიზორთან არიან მიჯაჭვულები, ძალადობაზე გადაღებულ ფილმებს უყურებენ, თამაშობენ და ეს ყველაფერი – ძალადობა, კაცთმოძულება – მათ ნაზ ფსიქიკაში ჯდება. შემდეგ ისინი უკვე თავის ძალადობას თანატოლებზე, ოჯახის წევრებზე ახორციელებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როდესაც სხვებთან ერთად ვცხოვრობთ, მათ უნდა ვემსახუროთ კიდეც, როგორც თავად ღმერთს და ნუ მოვითხოვთ სიყვარულის წილ – სიყვარულს, სიმდაბლის წილ – ქებას, სამსახურის წილ – მადლიერებას. რითაც შეიძლება, რომ დააბრკოლოთ ან შეურაცხყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ. ხოლო, თუ ის შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ, როგორც ღვთისგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც, თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ, მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმიდურება გულისა. არავის არ უნდა ატკინოთ გული, არ უნდა მოექცეთ ცუდად, სიკეთე უნდა მიაგოთ მწუხარებას მრისხანების მაგივრად და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდით ჩაიწერება თქვენი სახელი. რაც მთავარია, ყველანაირად წინ უნდა აღვუდგეთ სიფიცხეს და ის ღვთის შეწევნით შესუსტდება. ყოველთვის ვეცადოთ, რომ არაფერზე გავბრაზდეთ. ყოველივე ჩვენი უსიამოვნება მოდის არა თავისთავად, არამედ, იშვება ღვთის განგებულებით, იმავე მხსნელი მიზნით, რითაც წმიდა მოციქულ პავლეს ეწვეოდნენ ხოლმე: „ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთაგანი, ჭირნი ნათესავთაგანი, ჭირნი წარმართთაგანი, ჭირნი ქალაქსა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ძმათა მტყუვანთაგან, გარეგანი ბრძოლითა, შინაგანსნეულებათა“. არასდროს არ უნდა განსაჯოთ სხვა ადამიანი. დგას ის თუ ეცემა, მას ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს, შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს ის დაცემის შემდეგაც. ჩვენ ყველამ საკუთარ დაცემასა და აღდგომაზე უნდა ვიფიქროთ, ვიღვაწოთ იმისთვის, რომ მყარად ვიდგეთ ფეხზე, რადგან, შეიძლება, მეორე წუთს ისე დავეცეთ, რომ ადგომა ვერ მოვახერხოთ. არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინ გაწყენინათ და რისთვის. მხოლოდ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, ვერავინ გაბედავდა თქვენს წყენინებას, ღმერთს რომ არ სდომებოდა ამის დაშვება. ამიტომ, უმჯობესია, მადლობა შესწიროთ უფალს, რამეთუ, თავსდატეხილი მწუხარებით ის ნათლად გიჩვენებთ, რომ თქვენ მისთვის უცხო არ ხართ და სასუფეველში მიჰყავხართ. თავი ანებეთ ადამიანებთან ურთიერთობისას სიმკაცრეს და ღვთის წინაშე ყოველთვის იყავით, როგორც ბავშვები. მუდამ ღვთის სიყვარულში უნდა იმყოფებოდეთ, სწავლობდეთ მას, სუნთქავდეთ მისით. ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არ არის, რომელსაც ხშირად მივმართავთ, არამედ, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაში. უნდა გადაეჩვიოთ კამათს, რადგან ის აღელვებს გულს, გართმევთ სულის მშვიდობიან განწყობას. აღშფოთების წუთებში უნდა შეეცადოთ, რომ გაჩუმდეთ და ამ დროს უნდა ილოცოთ იესოს ლოცვა. მოყვასთან განცდილი ნებისმიერი ურთიერთობისას უნდა ჩაიხედოთ საკუთარ სულში და თითქმის ყოველთვის აღმოაჩენთ, რომ თავად იყავით უკმაყოფილების მიზეზი. ნუ იმართლებთ თავს, ნუ იკამათებთ, უნდა ანუგეშოთ ყველა, მოყვასს უნდა მიმართოთ მხიარულად, სიყვარულით. მოყვასს უნდა ემსახუროთ, რადგან ისიც ქრისტეს ასოთაგანია და ის ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც არ უნდა შეურაცხყოთ. როდესაც უცებ თქვენში აღმოაჩენთ მის მიმართ ზიზღს, შეეცადეთ, რომ დაამარცხოთ ეს ცოდვიანი შეგრძნება. ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იზრდებოდეს, ვითარდებოდეს გონებრივად, სულიერად. ცოდვა – ცოდვაა და მასზე ყველა ვაგებთ პასუხს. უფრო მძიმე ცოდვაა, როდესაც არ გაგვაჩნია სინანული და თავის მართლებას ვიწყებთ. ადამმა შენდობა კი არ სთხოვა უფალს, პირიქით, ევას გადააბრალა ყველაფერი. ამიტომ, უნდა ვერკვეოდეთ ქრისტეს მცნებებში, ეკლესიის მიერ დადგენილ წესებში და მერე აღარ ვიტყვით, არ ვიცოდი და ამიტომ არ შემიცოდავსო.


скачать dle 11.3