როგორ იხსნის სტრესს ნიკა ქავთარაძე
ნიკა ქავთარაძე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა არმიაში ნამდვილი გენერალია. მას ყოველთვის ნახავთ სტადიონზე უზარმაზარი დოლით შეიარაღებულს, რათა „თავის“ ფეხბურთელებს განსაკუთრებული სიმხნევე და ძალა მისცეს. ნიკა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეროვნულ ნაკრებს გასვლით თამაშებზეც დაჰყვება და შეუძლია, ერთი შეძახილით „მტრის“ უზარმაზარი ტალღა ერთი წამით მაინც „მიაყუჩოს“.
ნიკა ქავთარაძე: ფანკლუბის შექმნის იდეა ჩემი ნამდვილად არ იყო, თუმცა, მოყოლებული პროექტიდან – „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, ამ ერთიანობის ნაწილი ვარ მეც. ახლა ფანკლუბი ნაკლებად აქტიურია და ჩემს მეგობრებთან ერთად ვფიქრობ, რამე უფრო მასშტაბური, მოქნილი და ეფექტური ორგანიზაცია გახდეს, რომელიც კონკრეტულად ნაკრების კი არა, ზოგადად ქართული ფეხბურთის ფანებისთვის იქნება. კლუბების განვითარებას ძალიან სერიოზულად სჭირდება გულშემატკივარი, მათ შორის – თავგადაკლული ფანებიც. ამ ტიპების კოორდინაციის საკუთარ თავზე აღებას აპირებს ის პროექტი, რომლის შექმნაც გვინდა. სამწუხაროდ, ჩემი გუნდი მოგებით ვერ მახარებს, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ იმედგაცრუებული ვარ. მე ცოტა სხვა გრძნობები მაქვს ფეხბურთთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მაინცდამაინც შედეგთან ურთიერთკავშირში, განსაკუთრებით – ნაკრების შემთხვევაში. მე მიყვარს ჯერ ფეხბურთი და მერე – მოგება ან წაგება. ფორმიდან დაწყებული, ქცევით დამთავრებული სამაგალითო ტიპები უნდა არსებობდნენ, იქნებიან ისინი ჩვეულებრივი მაყურებლები, „ფეისები“ თუ ყოფილი ფეხბურთელები. ზესტაფონის კლუბის ფანი ვარ, ძალიან მაგარი გუნდი გვყავს „იბერია“, ძალიან მაგარი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. წინა თამაშზე, როდესაც ცხინვალის „სპარტაკს“ ვეთამაშე ნ, თან, სულ საკუთარ სტადიონზე. წელიწადში მხოლოდ ერთი ფრე ან ერთი მოგება შეიძლება ითამაშონ. მაგრამ ხალხი მათ თამაშზე ჩვეულებრივად დადის. ფეხბურთზე მისულები, ფეხბურთში მონაწილეობენ და ეს არის მთავარი. შენ უნდა შეიქმნა ზეიმი. თუ ეს განწყობა არ გექნება, არ არსებობს, „გაგისწორდეს“. შეიძლება, გუნდმა თამაში მოიგოს, მაგრამ იქიდან კმაყოფილი არ წამოხვიდე. იქ უნდა დაიხარჯო, მთელი ემოციები დატოვო, დაღლილი წამოხვიდე.
– განსაკუთრებული ეკიპირებით ესწრები ყველა მატჩს, რაც ყველასთვის თვალშისაცემია. მოგვიყევი, რა ინვენტარით მიდიხარ ხოლმე?
– პირველი – ეს არის მაისურები, რომლებიც სხვადასხვა დროს, საქართველოში ან უცხოეთში ყოფნისას, ნაცნობობით და მეგობრობით გამომირთმევია ნაკრების წევრებისთვის და თამაშებზე მაცვია ხოლმე.
– ვისი მაისურები გაქვს?
– ძალიან ბევრი: სალუქვაძე, ლობჟანიძე, კალაძე... სხვათა შორის, კალაძის ის შორტები მაქვს, რომელიც ორი ავტოგოლის გატანის დღეს ეცვა. შესაბამისად, ეს უკვე ისტორიული შორტია. თამაშის შემდეგ გასახდელში ჩავედი და რაღაცნაირად მოვახერხე, რომ ეს შორტი წამომეღო. რაც შეეხება დოლს, ნაკრებთან ერთად ვიყავით ესტონეთში, „ფორმულა კრეატივი“ ფეხბურთზე ფილმს აკეთებდა, და ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიაში ვიყიდე ეს დოლი. ჩამოვიტანე და მას შემდეგ სულ ამ დოლით დავდივარ. სხვა განსაკუთრებული არაფერი მაქვს. ისე, ტელევიზორში სულ ვხედავ, რაღაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე რომ უკრავენ ხოლმე. ასეთი ძალიან მჭირდება. მაგრად მინდა კარგი საყვირი, რომლითაც მელოდიასაც დავურეკავ. დოლთან ერთად ამას ვერ მოვახერხებ, მაგრამ უნდა ვიპოვო ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად ამ საყვირზე დაუკრავს. აბსოლუტურად სხვა შეგრძნებაა, როდესაც სტადიონზე მუსიკას უკრავ. რა ოცნება მაქვს, იცი? ერთ დღეს მთელმა სტადიონმა ერთად იმღეროს. ჰიმნი რა არის?! ჰიმნი არის საკუთარ ფეხბურთელებზე, მოწინააღმდეგეებზე, ზოგადად მაყურებელზე ზემოქმედება. არადა, ხშირად მინახავს, რომ ჰიმნს ან საერთოდ არა, ან ძალიან ხმადაბლა მღერიან. ვერ ხვდებიან, ჰიმნი რისთვის იმღერება. სამოცმა, ოთხმოცმა ან ასი ათასმა კაცმა სულ რომ „ჟუჟუნა წვიმა“ ან „ჭრელო პეპელა“ იმღეროს, ეს საოცარ ძალას მისცემს ფეხბურთელებს. როდესაც ამდენი ადამიანი ერთდროულად რაღაცას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაგაქვს. რანაირად მივიტანო ეს ყველა გულშემატკივრამდე, არ ვიცი. ვწერ, ვამბობ, ვყვები რადიოსა და ტელევიზიაში, მაგრამ არაფერი გამოდის. ამიტომ, ვცდილობ, რიტმულად მაინც ავიყოლიო ხოლმე ადამიანები. კი ვარ ფეხბურთის ფანი, მაგრამ იდეაში საქართველოს ფანი ვარ და, კალათბურთს თამაშობენ სპორტსმენები თუ ჭიდაობენ, მათ გვერდით ვიქნები. ზედმეტ პათეტიკაში არ ჩამომართვა, რასაც ახლა გეტყვი: ომის დროს რომ ჯარისკაცებს რაღაცეებს უგზავნიდნენ, წერილებს სწერდნენ, ზუსტად ეგ მომენტია თამაშის დროსაც და, როდესაც იბრძვი, მაშინ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ მათ გვერდით ხარ.
– ბოლო თამაშზე რომ გულშემატკივრების ნახევარმა სტადიონი დატოვა...
– ეს იყო კატასტროფა, არსად ასე არ ხდება. კიდევ გეუბნები, ეს იგივეა, რომ შენმა ჯარმა ომი წააგოს, შენ მიხვიდე და დასცინო, თან – პირდაპირ ეთერში. ჯარისა და ომის შემთხვევაში მოწინააღმდეგე, შეიძლება, სანგარში ზის და ვერ გხედავს, აქ კი ის ტიპი პირდაპირ გხედავს. ეს არსად არ ხდება. ან, რომელ ქვეყანაში ნახავ, რომ ნაკრების თამაშზე, ხალხი მოწინააღმდეგე ქვეყნის მაისურებში იყოს მისული?
– მთელ სტადიონს იტალიის ფორმები ეცვა...
– დიახ, ის ადამიანები საერთოდ ვერ აცნობიერებენ, სად არიან მოსულები და რისთვის. „ბარსელონასა“ და „რეალის“ თამაშზე ხომ არ ხარ, სადაც, შესაძლებელია, შენი საყვარელი კლუბის თამაშმა გაგაბრაზოს, დემონსტრაციულად ადგე და წახვიდე?! ნაკრების თამაშზე როგორ შეიძლება ასე მოქცევა? ნებისმიერ საფეხბურთო ქვეყანაში კაპიტანს რომ საკუთარ კარში ორი გოლი გაეტანა, იმ კაპიტნის სახელისა და გვარის სკანდირებით დამთავრდებოდა ის მატჩი. „ჩვენთვის ეს არაფერია, მაინც შეგჭამთ!“ – ეს განწყობა უნდა ყოფილიყო. შემდეგ, როდესაც მსაჯი ჩასტვენს, რაც გინდა, ის ქენი – გინდა, ანეკდოტები მოყევი, გინდა – პლაკატი გააკარი, რომ მოღალატეა. ომში ეს არ ხდება.
– შენ ბოლომდე იხარჯები?
– აუფ, საერთოდ არ ვზივარ, მით უმეტეს – ნაკრების თამაშზე. სულ „ექშენში“ ვარ, მაგრამ, კი არ ვიხარჯები, ვიტუმბები. არ ვიცი, ეს რა გრძნობას შევადარო – პირველად სკოლაში რომ მიდიხარ ან სცენაზე გამოდიხარ და მუცელში რაღაც რომ გიჟრიალებს. სხვა რაღაცაა, გაგიჟებული ვარ ხოლმე. რაღაცაზე იმედგაცრუება კონკრეტული ანალიზის შემდეგ მოდის, და არა თამაშზე. საფეხბურთო რეალობაში არის პატრიოტული ნაწილი და სტატისტიკური ნაწილი, რაზეც მე და ჩემი მეგობრები სტადიონზე კი არ ვიგინებით, სადმე ვსხდებით და ვაანალიზებთ. როდესაც ფული არ გვქონდა, უნივერსიტეტის ბაღში ვიყავით, როდესაც ლუდის ფული ვიშოვეთ, ლუდხანაში ვსხდებით და ვარჩევთ. ჭორიკანა ქალივით არ ვჯდები და არ ვამბობ: უიმე, კაი, ერთი მაგათი?! არიან ადამიანები, ვინც დაუშვა, რომ კალაძემ საკუთარ კარში გოლი იმიტომ გაიტანა, რომ ფული აიღო. ამას რომ დაუშვებ, ესე იგი, ყველაფერი დასაშვებია. როდესაც კახა კალაძე ვნახე, ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაში იყო. არ მინდა, მაგ მდგომარეობაში ოდესმე აღმოვჩნდე. კახა კალაძე, შოთი არველაძე არიან ის ტიპები თანამედროვე ქართულ ფეხბურთში, ვის გამოც მინდა ჩემი შვილი ფეხბურთელი იყოს.
– შენ ნაკრებს უცხოეთში მატჩებზეც დაჰყვები?
– ყოველთვის ვერ ვახერხებ, მაგრამ, ვცდილობ. ეს სულ სხვა შეგრძნებაა. პირველი თამაში იყო საფრანგეთში, დაახლოებით ორი წლის წინ. საფრანგეთის მოგზაურობა არ იყო ძალიან გამორჩეული. როდესაც უკვე ფილმს ვაკეთებდით, ესტონეთსა და პორტუგალიაში გავყევით ნაკრებს და ეს სულ სხვა შეგრძნება იყო. მერე იყო გერმანია-იტალია და იქაც სულ ფეხბურთელებთან ერთად ვიყავი. ხვდები, ეს ტიპები ისეთები არიან, როგორც ხალხი ყვება თუ სხვანაირები. რეალურად არც ერთი არ არის ისეთი, როგორც ხალხი ახასიათებს. მაგარია, წამს რომ დაიჭერ, როდესაც სტადიონი ჩუმად არის და რომელიმე შენი ფეხბურთელის სახელს დაიყვირებ. თამაშის წინ ისეთი განწყობაა, რომ ჩვენი ფეხბურთელებიც ტონუსში არიან: სავსე სტადიონი, ყველაფერი ფერადი, მუსიკა, ყვირილი. ამიტომ არის ის უფრო სანახაობრივი. იქ ხვდები, რას ნიშნავს სტუმრად თამაში. კალათბურთზე იყო ბოლოს, როდესაც უცხოელებმა იგრძნეს ქართველი მაყურებლის ძალა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია, მატჩი მოვაგებინოთ ნაკრებს. მახსოვს, შოტლანდიასთან თამაშის დროს როგორ შეცვალა სტადიონზე განწყობა ორი ათასმა შოტლანდიელმა, რომლებიც თავისი ნაკრების მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. თავიანთ „ჭიპონებზე“ უკრავდნენ, ქალაქში დაბორიალებდნენ და ქართველები გაბრაზდნენ. ამიტომ, ისეთი გულშემატკივრობა იყო მაშინ, რომ მოვიგეთ. როგორც ჩანს, მარტო „გაბრაზებით“ გამოგვდის რაღაც. სულ მოტივაცია არ იქნება, ამიტომ ეს ტრადიციად უნდა ვაქციოთ.
სალომე გველესიანი