რატომ ვერ შეეგუა გუგა ნემსაძე მაკქუინის მოდის სახლს და როგორ „ამოქაჩეს“ მაქსიმუმი მისგან სენ მარტინის აკადემიაში
აღმოჩნდა, რომ ქართველები მაღალი მოდის სფეროში საკმაოდ ნიჭიერები ვართ. ლონდონის „სენ მარტინის აკადემია“, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაინც არის, რამდენიმე ქართველს აქვს დამთავრებული, გუგა ნემსაძე კი ის დიზაინერია, რომლის ნიჭიც მალე აღიარეს. მან მოახერხა, გაეძლო ალექსანდრ მაკქუინის რთული ხასიათისთვისაც, როდესაც მასთან რამდენიმე თვე სტაჟირებას გადიოდა. გუგა მომავალ ლონდონურ გეგმებზე გვესაუბრა.
გუგა ნემსაძე: ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მოდელირების ფაკულტეტზე. პირველი კურსის შემდეგ უკვე წამოვედი ლონდონში, მეორე კურსზე მანდ აღარ მისწავლია – ძალიან მალე მოვტვინე, რომ სასწრაფოდ გაქცევა იყო საჭირო, გამოვიქეცი და ჩამოვედი ლონდონში. თავიდან მხოლოდ ინგლისურის შესწავლით დავიწყე. ექვსი თვის განმავლობაში ინგლისურს ვსწავლობდი. სიმართლე გითხრათ, სერიოზული და კონკრეტული გეგმები არ მქონია, ვიფიქრე, ჩავალ, უბრალოდ, ვნახავ, რა ხდება-მეთქი. აქ გავიცანი ქართველი დიზაინერები – თათა-ნაკა სურგულაძეები და მათ მითხრეს, რომ ბარემ „სენ მარტინიში“ ჩააბარეო...
– „ბარემ სენ მარტინიში ჩააბარე“ – ძალიან „მარტივი“ ნათქვამია.
– არა, მართლა, პირდაპირ ასე მითხრეს. ძნელია, მაგრამ, იქნებ ჩააბარო, სცადეო. ჩემი ილუსტრაციები აკადემიიდან წამოღებული მქონდა, ავდექი და მივედი გასაუბრებაზე. ნახეს ჩემი ნახატები და მითხრეს, ძალიან კარგი ნახატები გაქვს, მაგრამ აქაურობას ვერ მოერგები, ჯერ „ფაუნდეიშენი” უნდა გააკეთოო, რაც მოსამზადებელ კურსს ნიშნავს. მაშინ ზუსტად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდნენ, მაგრამ, მერე გავიგე. ჩვენთან დიზაინზე რასაც ასწავლიან, ეს ილუსტრაციაა. აქ „ფეშენ-დიზაინი” აბსოლუტურად სხვა სფეროა, განსხვავებული სპეციფიკით. ჯერ აკეთებ „რისერჩს”, მერე დიზაინ-დეველოპმენტს, გააკეთებ კოლექციას, მოჰყავთ დიზაინერები, აკეთებ პროექტებს... ერთი სიტყვით სწავლების სულ სხვა სტილია. თავიდან მართლა არ მქონდა აღქმული, რა იქნებოდა ან საერთოდ, სად ვცდილობდი მოხვედრას. მართლა ვერ მივხვდი, რატომ ვერ დავეწეოდი მათ რიტმს. მოკლედ, გადავწყვიტე მოსამზადებელი კურსის გავლა.
– ეს რას გულისხმობს?
– თვითონ მიმითითეს, სად უნდა მივსულიყავი. არსებობს ასეთი „ლონდონ კოლეჯ ოფ ფეშენ“, სადაც ნახეს ჩემი ილუსტრაციები და ძალიან მარტივად მიმიღეს. ერთი წელი ვაკეთებდი ამას. ეს კონკრეტულად „სენ მარტინის“ სკოლაა, საიდანაც აკადემიაში მოხვედრა უკვე ძალიან იოლია. გასაუბრება გვქონდა, სადაც მკითხეს, რატომ გინდა, რისთვის გინდა, რას აპირებო. ვუთხარი, რომ ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა, მხოლოდ ამის კეთება მინდა, ამის კეთება მსიამოვნებს-მეთქი. ნახატები ძალიან მოეწონათ. ჩვენი სკოლა ამ მიმართულებით ძალიან ძლიერია, კარგი განათლება მომცა. მოკლედ, მიმიღეს. იქ სხვადასხვა პროექტს გაკეთებინებდნენ. მაგალითად, უნდა აირჩიო საყვარელი მხატვარი და მასზე გააკეთო კოლექცია. მე გავაკეთე დალიზე.
– რა საინტერესოა. რა გააკეთე დალიზე?
– ჯერ უნდა დაიწყო ინფორმაციის შეგროვება, მოიპოვო იმიჯები. ის ცნობილი იყო თავისი სიზმრებით, სიურეალისტური მომენტებით, მაგრამ იქ არ გაკერინებენ, მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია, სადაც ცდილობენ, აზროვნება გაგივითარონ, რაღაც მიმართულებები მოგცენ, შენი პოტენციალი მაქსიმალურად „ამოქაჩონ“.
– რეალურად რას ნიშნავს, განათლება მიიღო იქ, სადაც ჩალაიანები, გალიანოები და მსგავსი გენიოსები სწავლობდნენ?
– მართლა ძალიან მაგარია. მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ შეგვავსებინეს ფორმა, რომლითაც უკვე ირჩევ იმ კოლეჯს, სადაც სწავლის გაგრძელება გინდა. ლონდონში სულ ოთხი კოლეჯია, სადაც მოდას ასწავლიან. „სენ მარტინი“ პირველია, „ლონდონ კოლეჯ ოფ ფეშენ“ – მეორე და მერე კიდევ ორი სხვა. მე პირველივე ორი – „სენ მარტინი“ და „ლონდონ კოლეჯი„ ჩავწერე. გავიარე გასაუბრება, რომელიც წყვეტს შენს ბედს. გულის ძაგძაგი მქონდა, ისეთ დღეში ვიყავი. უნდა გენახე, რა მჭირდა. მივედი ინტერვიუზე, მივიტანე ჩემი გაკეთებული პროექტები, რომლებიც იმ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთე. ოთახში ორი კაცი იჯდა, პორტფოლიოები დაგვატოვებინეს და გამოგვყარეს. დაახლოებით ნახევარი საათი რაღაცეებს მსჯელობდნენ, მერე სათითაოდ გვიძახებდნენ. როგორი სატანჯველია იცი, იქ დგომა?! თან, ჩემები მირეკავდნენ. თავი დამანებეთ, მე თვითონ არ ვიცი, რა ხდება-მეთქი. შევედი და ეს ორი, ცივსისხლიანი, ტიპური ინგლისელი ზის. ზუსტად ის ტიპი დამხვდა, ვისთანაც მანამდე გასაუბრებაზე ვიყავი. უცებ არ მეუბნება, შენ მახსოვხარო?! – ხატვის მანერით, ხაზებით, ხელწერით მიცნო. გავგიჟდი. როგორი პროფესიონალები არიან, ხომ წარმოიდგინე ამდენ ხალხში, ამდენი ხნის მერე მიცნო. მითხრა, რომ ძალიან მოგვწონს შენი ნამუშევრები, დიდი პროგრესი ჩანს და ადგილი გაქვს ამ უნივერსიტეტშიო.
– რა გქონდა გაკეთებული?
– პირველად ხომ ილუსტრაციები მქონდა, ამ შემთხვევაში უკვე მქონდა პროექტი. მაგალითად, დალიზე, უკვე მქონდა მთელი პროექტი, „რისერჩი”, დიზაინ-დეველოპმენტი და მერე უკვე ბოლო დიზაინები. ეს უნდოდათ, ენახათ. თუ ეს აჩვენე, ხვდებიან, რომ შენ სწავლა შეგიძლია, პროცესსა და განვითარებას მიჰყვები.
– როგორი იყო სწავლა?
– სხვათა შორის, ძალიან უცნაური. შეიძლება, იფიქრო, რომ საკმაოდ მიშვებული ხარ, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან გბოჭავენ. თავიდანვე თუ არ ისწავლე, ბოლოში ცუდად წაგივა საქმე. სწავლის პერიოდში შეხვედრები გვქონდა ისეთ დიზაინერებთან, რომლებმაც კოლეჯი დაამთავრეს და ახლა წარმატებული ბიზნესი აქვს. მე „ფეშენ-მარკეტინგზე“ ვსწავლობდი. დიზაინს რომ გაკეთებინებენ, პარალელურად იმაზე უნდა იფიქრო, როგორ გაიყიდება ის ბაზარზე, რა დონისა და რა სახის მომხმარებელი გეყოლება, ძვირად ღირებულ ტანსაცმელს შექმნი თუ ნაკლებფასიანს. როგორ იქნება „ლეიბლის“ შეფუთვა, როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი. ეს ძალიან კარგია, რადგან თანდათანობით მთლიანად გიყალიბდება წარმოდგენა, რა უნდა აკეთო.
– ძალიან რთულია ამხელა იმპერიაში რაღაც ახალი და საინტერესო გააკეთო.
– იცი, რამდენ რამეს აკეთებენ, რომ შენი პოტენციალი თავიდან ბოლომდე ამოიღონ? კრეატიულობაზე მუშაობენ სულ, რაღაც თამაშებს იგონებენ. უცებ, შეიძლება, გითხრან, რომ, აი, ფანქარი, აიღე და ამისგან გამიკეთე კოლექციაო. ფანქრიდან შეიძლება დაიწყო და ის კონკრეტული კოლექცია, მერე, სულ სხვა მიმართულებით განავითარო, მაგრამ ამოსავალი ფანქარი იყოს.
– მერე უკვე გქონდა სტაჟირება მაკქუინთან...
– დიახ, ორწლიანი სწავლის შემდეგ, მესამე კურსის ნახევარი თანხა გადავიხადე და მთელი წელი სტაჟირებაზე ვიყავი. ეს აპრობირებული მეთოდია, ასე აკეთებს ყველა, რომ გაიგო, რა ხდება, როგორ ხდება რეალურად მუშაობა. მაკქუინთან ცალკე ისტორიაა. მას აკადემიაში ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, საერთოდ, ყველა ამბობდა, რომ აუტანელი ადამიანი იყო, რთული და მძიმე ტიპი. ბავშვები მისგან რომ ბრუნდებოდნენ, ამბობდნენ, ძალიან ცუდად გვექცევაო. ამიტომ ჯგუფიდან მასთან წასვლა არავის უნდოდა. ყოველთვის ძალიან მომწონდა მაკქუინი. ვიფიქრე, სხვას არ დავუჯერებ, მე თვითონ ვნახავ, რა და როგორ ხდება-მეთქი. მივედი, ჩამოვიდა მისი თანაშემწე, ნახა ჩემი ნამუშევრები და მითხრა, ძალიან კარგია, მოდი, დაიწყე მუშაობაო. სხვა სამსახურიც მქონდა – სასტუმროში ვმუშაობდი და ვუთხარი, თუ გაწყობთ, 12 საათზე მოვალ და გვიანობამდე დავრჩები-მეთქი. მაკქუინთან იყო არანორმალური, არაორდინარული და არაჩვეულებრივი დღეები. ამხელა სტუდიაა, ამხელა კომპანიაა, ამდენი ხანი იქ ვიმუშავე და საერთოდ ვერ გავიგე რა ხდება. ვინ მიდიოდა, ვინ მოდიოდა ვერ გაიგებდი. ყოველდღე მივდიოდი და სულ სხვადასხვა ხალხი მხვდებოდა, ვერ შევეჩვიე სიტუაციას...
– თვითონ?
– თვითონ როგორი ტიპი იყო, იცი? შემოვიდოდა ოფისში, „გამარჯობა“ – და მორჩა, შევიდოდა თავის ოთახში და იქიდან გამოსულს საერთოდ ვეღარავინ ხედავდა. ერთხელ რა გამიკეთეს, იცი?! მომცეს 150 ჰალსტუხი, რომლებიც უნდა დამერღვია და გამეკეთებინა ერთი მთლიანი ქსოვილი. კარგი-მეთქი. ორი დღის განმავლობაში ვშლიდი და ვკერავდი ამ ქსოვილს. როგორც იქნა, გავაკეთე, მივედი გახარებული – მოვრჩი-მეთქი და, – უი, ეს აღარ გვჭირდებაო და მიაგდეს კუთხეში. კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა, მაგრამ, რას ვიზამდი, ვერც ვერაფერს. ასეთი რაღაცეები ხდებოდა, თან სისტემატურად. გაგგზავნიდნენ სადღაც, რაღაც წიგნის ან ჟურნალის საშოვნელად, ძლივს იშოვიდი, მოიტანდი, მაგრამ გეტყოდნენ, აღარ გვჭირდებაო და ნაგვის ყუთში მოისვრიდნენ.
– სულ მაინტერესებდა, ასეთ დიდ დიზაინერებს ამდენი დაქირავებული დიზაინერი რომ ჰყავთ, რეალურად თვითონ ხატავენ კოლექციას თუ მათ ავალებენ?
– გეტყვი, როგორც ხდებოდა მაკქუინთან. ჰყავთ ორი ჯგუფი, ქალების ტანსაცმელზე ცალკე და კაცებისაზე – ცალკე. მაკქუინი იტყოდა თემას, რაზე უნდა გაკეთებულიყო კოლექცია, დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო, მერე ის ჯგუფები, თავიანთ მთავარ დიზაინერებთან ერთად, დახატავდნენ კოლექციას, მიუტანდნენ მაკქუინს, ის თავის ჩასწორებებს გააკეთებდა, რაღაცეებს შეცვლიდა და ამის შემდეგ იწყებოდა კოლექციის კერვა.
– ანუ მთელი ჯგუფი ელოდებოდა, როდის მიიღებდა მაკქუინი, აცხონოს უფალმა, ინსპირაციას?
– ასე იყო. მართალია, ყველა ერთად მუშაობდა, მაგრამ პრინციპი ასეთი იყო, მის გარეშე საბოლოოდ მაინც ვერაფერი გადაწყდებოდა.
– შენი სხვა ჯგუფელები სად წავიდნენ?
– ზოგი სად, ზოგი – სად. ზოგი ვივიენ ვესტვუდთან წავიდა, ზოგი მარკ ჯეიკობსთან, ზოგი ნიუ-იორკში, ზოგი – პარიზში. ძალიან მინდოდა გალიანოსთან წასვლა, მაგრამ ვიზებისა და საბუთების გამო ვერ მოვაბი თავი. ანუ, ბრიტანეთიდან გასვლა მთელი პრობლემა იყო.
– ამჟამად რას აკეთებ?
– ვმუშაობ ახალ კოლექციაზე და ცოტა ხანში ვიღებ მოქალაქეობას. სამსახურში, სადაც მივდივარ, ყველგან ერთსა და იმავეს მეუბნებიან: ვიზას ვადა გასდის ვერ აგიყვანთო. სამსახურს ვამთავრებ და ჩემს პატარა ბიზნესს ვიწყებ, ჩამოყალიბდება ჩემი „ლეიბლი“.
– როგორ სტილში მუშაობ?
– ჩემი მიმართულება უფრო არქიტექტურულია: სადა, ტანზე მომჯდარი კაბები, „სექსი ვეარ“, პრინტები, მაგრამ ჭკვიანურად, დალაგებულად გაკეთებული პრინტები და არა ქაოსური. ლონდონი სავსეა თემებით, საიდანაც შეიძლება ინსპირაცია ავიღო. შესაძლოა, რაღაც ნივთს შევხედო და იქიდან თემა წამოვიდეს. ახლა ვაკეთებ სპორტულ თემას – ვაკეთებ ბოტასს, რომელიც პრინტებში იქნება გაკეთებული. ეს თემაც ქუჩაში გადაგდებული ძველი ბოტასის დანახვისას მომივიდა – მისი ერთი ნაწილი მომხვდა თვალში და იქიდან წამოვიდა მთელი კოლექციის კონტურები. თან, ლონდონი ყველანაირ გიჟურ იდეას იღებს, ძალიან გახსნილი ხალხია და მათთან საუბრის დროსაც იღებ ბევრ რამეს. თუ გინდა, ტაშტი დაიხურე თავზე და ისე გადი ქუჩაში, არავინ არაფერს გეტყვის. ყველანაირი საშუალება გაქვს, რომ გაიხსნა. ახლა ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ ახალგაზრდა დიზაინერების ჩვენებებია, დათოს ჩვენებაა, კომასი და იქ მივდივარ.
– ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ მოხვედრა ძალიან რთულია?
– იცი რა, გარდა იმისა, რომ კოლექცია უნდა მოეწონოთ, ოცი ათასი ფუნტი მაინც არის საწევრო გადასახადი. ცოტა ხნის წინ დათომ კონკურსი მოიგო „ფეშენ-ვიქზე“ – „ნიუ ჯენერეიშენი” და ეს ძალიან დაეხმარა. ჯერ უნდა მოეწონო და მერე გადაიხადო. უფულოდ აქ ვერაფერს გააკეთებ.
ახლა ვაპირებ ისეთ მოდის სახლში მუშაობას, რომელიც მასობრივ სამოსს ქმნის, „ჰაი სთრითი” ჰქვია, როგორებიცაა „ზარა”, „ტოპ-შოპი”, „მანგო”, სადაც არის ძალიან დიდი ფული და, თან, იმის საშუალება, რომ გაიზარდო. ცალკე აქვთ „ქრიეითივ დიზაინერის” განყოფილება. შეგიძლია, მუშაობა დაიწყო „ჯუნიორ” დიზაინერად, მერე „სენიორზე” გადახვიდე და, თუ კრეატიულ დირექტორობამდე მიხვედი, იქ უკვე ძალიან მაღალი ხელფასებია, თან, უკვე შენთვის საინტერესო რაღაცეებს აკეთებ. ვინმე ცნობილ დიზაინერთან რომ მოხვდე, იქ სულ „პეშკა” იქნები, ვერ გაიზრდები. აქ კი გაზრდის უამრავი საშუალებაა. ახლა მინდა ვებგვერდის გაკეთება, სადაც „ონლაინში“ გავყიდი ჩემს მაისურებს, კაბებს... რაღაც კონკურსებია, რომლებზეც ჩემს კოლექციებს გავგზავნი და ვნახოთ, რა იქნება.
– თბილისში არ აპირებ მოდის კვირეულში მონაწილეობას?
– საერთოდ – კი, მაგრამ, ჯერ ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ უნდა მოვხვდე.