კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გააუბედურა დათო ოქიტაშვილი და ვინ ებრძვის მას


ხშირად, ქუჩაში, როცა ცნობილ სახეებს ხედავენ, ჩერდებიან და ისეთი გაკვირვებული თვალებით უყურებენ, თითქოს ადამიანი კი არა, უცხოპლანეტელი დაინახეს, პარალელს ავლებენ თავიანთ და მათ ცხოვრებას შორის. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, ნუთუ შესაძლებელია მათაც ჰქონდეთ რაღაც პრობლემები, უჭირდეთ კომუნალური გადასახადების გადახტა, ზაფხულში დასასვენებლად წასვლა, კვების ფული ან უსიამოვნო სიტუაციები პირად ცხოვრებასა თუ საქმეში. დიახ, მათაც ჩვენსავით უჭირთ დღევანდელ ყოფაში თავის გატანა, მათაც აქვთ პირადი თუ სამსახურებრივი უსიამოვნო სიტუაციები. ყველაფერი ეს კი, იღბალთან არის დაკავშირებული. ჩვენი ახალი რუბრიკის პირველი სტუმარი კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დათო ოქიტაშვილია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გულახდილობით.


– შენი ცხოვრებიდან რომელ პერიოდს გამოყოფდი ისეთს, რომელიც გულში დღემდე ცუდ მოგონებად დაგრჩა?

– პრობლემები ყველას აქვს და არავინ თქვას, ისე კარგად ვცხოვრობ, რომ არაფერი მაწუხებსო. ასეთი მომენტები ბავშვობაშიც მქონდა. ჩხუბის დროს მეც გამილახავს და მეც ვუცემივარ ვიღაცას, ხელიც მქონია მოტეხილი და თავიც გამიტეხავს, მაგრამ იარაღის და დანის ტრიალი არ ყოფილა. ერთხელ, ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ გოგოს გამო. დღეს მე და ის ბიჭი მეგობრები ვართ და ამ ამბავს ხუმრობით ვიხსენებთ. ის გოგო არც მე დამრჩა და არც მას, სხვისი ცოლია. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი გულისტკენა ყოფილა, მაგრამ წყენა არ გამყოლია. არსებობენ ორნიღბიანი ადამიანები, რომლებიც პირში გელაპარაკებიან, გიცინიან, გელაქუცებიან და ამ დროს ზურგს უკან სამარეს გითხრიან. არის ჯგუფები, ამაზე მუშაობენ – შეიკრიბებიან, ჭორს დაყრიან, გაავრცელებენ და თვითონ სიამოვნებისგან ტკბებიან. მაგალითად, ჯარში, თვე-ნახევარი დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ მე დამნაშავე არ ვიყავი. საყარაულოში ვიდექი, რაღაც მომენტში მოხდა იარაღის გასროლა და მიმაჩნდა, რომ ეს სწორი იყო. დავისაჯე იმით, რომ ათი დღე „გაობახტში“ თუ რაღაც ჯანდაბაში ჩამსვეს. ამასაც გავუძელი, მე ხომ ყველაფერს ვუძლებ. მერე, დივიზიის უფროსთან შემთხვევით ჯარისკაცების შეხვედრა იყო. გავბედე, მივედი და ყველაფერი ვუთხარი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამტკიცებს თავის სიმართლეს. გამამართლეს და ათი დღით გამომიშვეს თბილისში.

– ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოხვედი, მაგრამ საზოგადოებამ ნაკლებად თუ იცის რამე იმის შესახებ, რა მოხდა სინამდვილეში.

– ვერიდებოდი პრესასთან ამაზე საუბარს, მაგრამ ახლა თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ გაიგებს. ჩემი აზრით, მოვიდა დრო, ადამიანებმა სიმართლე იცოდნენ. ნამდვილად არაფერს ვნანობ და მივსტირი, მაგრამ, უპირველესად მინდა, ნიკა რურუამ იცოდეს, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს. ხმამაღლა ვაცხადებ, კულტურის სამინისტროში არის ჯგუფი ადამიანებისა, დეზინფორმაციებს რომ ავრცელებს. მოცეკვავეთა ირლანდიურ ჯგუფ „რივერდანსზე“, რომელიც განახლებული ფილარმონიის გახსნაზე იქნა ჩამოყვანილი, თქვეს, რომ ვითომ, ეს ის ჯგუფი არ იყო. მე მაინტერესებს, თუ „სუხიშვილებს“ აქვთ მეორე პროგრამა „ასა ფართი“, ესე იგი „სუხიშვილები“ არ არიან? სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომელთაც არ უნდოდათ, რომ ეს ღონისძიება ჩატარებულიყო. ოცდაათი კაცის შემადგენლობით იყვნენ ჩამოსულები. მეც ვიცი, რომ ასი კაცი უფრო კარგად იცეკვებდა სცენაზე, ვიდრე ოცდაათი და ბევრად ეფექტური სანახაობა იქნებოდა, მაგრამ ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. პირველად ვამბობ თქვენთან, რომ ეს ღონისძიება 98 ათასი ლარი დაჯდა. ამაში შედიოდა მათი ბილეთები, ჰონორარი. ამ თანხით, თბილისში ჩვენს ღონისძიებას ვერ ჩაატარებ, არამცთუ უცხოურს, მაგრამ, ეტყობა, ვიღაცას ეს არ აწყობდა. ფილარმონიაში ორი ათას ხუთასი კაცი ესწრებოდა. კარგი, ბატონო, ასს, ორას კაცს არ მოეწონა, დანარჩენ ორი ათას კაცს რატომ აყენებ შეურაცხყოფას? ეს იყო დადგმული სპექტაკლი, დათო ოქიტაშვილის მოშორება უნდოდათ. იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდი, იცით, რაზე ვინერვიულე? ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა კითხვა დამისვა: მამა, შენ მართლა მოიტყუეო? ბავშვმა ტელევიზიით რაც მოისმინა, ცხადია, ცუდად აღიქვა. თქვენ არ იცით, ეს ჩემთვის რამხელა დარტყმა იყო. ის ღამე თეთრად გავათენე. ზოგ-ზოგიერთებს კი, იმ ღამეს ბედნიერად ეძინათ, რომ თავის მიზანს მიაღწიეს. მერე მე, ჩემი შვილისთვის რაღაცეების ახსნა დამჭირდა. ღმერთმა შეუნდოს იმ ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა და მადლობა მინდა, ვუთხრა მათ, ვინც ჩემი იქიდან წამოსვლით გახარებული და ბედნიერია.

– წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშიც იქნებოდი. ალბათ, ტიროდი კიდეც.

– კი, ვიტირე, იმიტომ, რომ მათ მესროლეს ტალახი, ვისგანაც არ დამიმსახურებია. იმის საშუალებაც არ მომეცა, ბოლომდე გამეანალიზებინა, რა მოხდა.

კიდევ გეტყვით ერთ რაღაცას, რაც ჯერ არავისთვის მითქვამს, პრეზიდენტს ერთ-ერთი ადამიანის პირით შევუთვალე, რომ შემეძლო უიტნი ჰიუსტონი ჩამომეყვანა ხუთასი ათას დოლარად, მაგრამ, ბოლოს, როგორც მივხვდი, ეს ინფორმაცია მის ყურამდე არ მისულა. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არ იყო. შოუ-ბიზნესი პოლიტიკაა და მისი აქ ჩამოსვლა მართლა დიდი პოლიტიკა იქნებოდა, იმიტომ რომ ორი დღის განმავლობაში საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეოდა, მაგრამ ღონისძიება ჩაშალეს. თარიღი და ადგილიც დანიშნული იყო. შემდეგ ვიგებ, რომ მისი ჩამოყვანა უნდოდათ, ოღონდ ოთხმაგი თანხით. შენ თუ სახელმწიფოს ამაში ოთხმაგ თანხას ახდევინებ, ესე იგი, ის უფრო კარგია. საქართველოს კულტურის სამინისტრო ძალიან დიდ სასამართლო პროცესს გადავარჩინე, იმიტომ, რომ ისინი, რომლებსაც აქ ვიღაც-ვიღაცეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, „რივერდანსი“ არ არისო, სასამართლოში ჩივილს აპირებდნენ. სახალხოდ ბოდიშის მოხდას და კომპენსაციას ითხოვდნენ და მე ეს პროცესი შევაჩერე. დღემდე არავის დაუსვამს კითხვა, თუ ისინი არა, მაშ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? შოუ-ბიზნესში უკვე დიდი ხანია, ვარ და ბევრს კარგად ვიცნობ. შოუ-ბიზნესში არის ასეთი კანონი: როდესაც რაღაც კავშირები არსებობს, ერთმანეთს შეღავათებს ვუკეთებთ. თუ ვიღაცისთვის საქართველოდან დარეკილი ზარით რომელიღაც მომღერალი ათი მანეთი ჯდება, ჩემთვის ის ლარ-ნახევრად ჩამოვა. აი, ახლა დათო ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა, რომელთან ერთადაც ახალ საქმეს მოვკიდე ხელი. ჩვენ დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი „გზა“. ამ იდეის ავტორია დედამისი, ქალბატონი დინარა. ფონდი უკვე ერთი წელია, მუშაობს, მაგრამ ჩუმად. ჩვენ ჩვენი წარმომადგენლობა გვყავს ერევანში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, საფრანგეთში, ესპანეთში. ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ვეხმარებით, ღამე ჩუმად მივდივართ და მიგვაქვს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის თანხა, საკვები. ჩვენ ამ ადამიანებს ვუვლით, მაგრამ ამას ყოველგვარი აფიშირების, კამერების გარეშე ვაკეთებთ.

– ვერ გრძნობდი, შენს ზურგს უკან რას ლაპარაკობდნენ, როგორ იქცეოდნენ? ეს ხომ არ მომხდარა ერთ და ორ დღეში? როგორც ჩანს, დაკვირვებული თვალი და სმენა არ გაქვს.

– რა თქმა უნდა, ვგრძნობდი. ადამიანებს ჰგონიათ, რომ თანამდებობა მუდმივია, მაგრამ თანამდებობა კი არ ქმნის ადამიანს, ადამიანი ქმნის თანამდებობას. მუდმივი ამქვეყნად არაფერია, ჩემო კარგო. ადამიანს არასდროს ზემოდან არ უნდა უყურო. ბევრი ადგილიდან წამოვსულვარ, მერე ისევ დავბრუნებულვარ. ჯერ ყველაფერი წინ არის და არავინ იცის, ვის რა მოელის. ცხოვრებაში არაფერი მინანია, წეღანაც ვთქვი, იმიტომ, რომ მყავს ძლიერი მეგობრები, მეუღლე, რომლებმაც ყველაფერი გადამატანინეს. ჩემი სიმდიდრე და თანამდებობა, იცით, რა არის? ხალხის სიყვარული. თავაწეული დავდივარ ქუჩაში და ჩემს შვილებს არ ეუბნებიან, თქვენ გარეწარი მამა გყავთო. მინისტრს არ დავლაპარაკებივარ, მოადგილეს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა: ვხვდებით, რომ შენ არ ხარ დამნაშავეო. იმიტომ რომ ოფიციალურად მთელი დოკუმენტაცია წარვუდგინე. მე და დათო ევგენიძე ამ დღეებში პრეზიდენტთან ვაპირებთ შეხვედრას და აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენებ. ეს ფონდი იმიტომ იქმნება, რომ საქართველოშიც შეიძლება, ჩატარდეს ძალიან მაღალი დონის ღონისძიებები იაფად და ხარისხიანად, გზა გავუხსნათ ჩვენს ნიჭიერ მომღერლებს, მსახიობებს, რათა მათ წარმოაჩინონ თავიანთი თავი და სამშობლო. ვარ საქართველოს ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი. ჩემს უწყებაში შემოდის ოცდათხუთმეტი ათასი კაცი. ასე რომ, მე მეორე დღეს ჩვეულებრივად წავედი სამსახურში და არაფერი ამაში გასაკვირი არ იყო. ბევრი ადამიანი გავაჩერე, რომ ლანძღვა-გინება არ გაემართათ, ტრანსფარანტები არ დაეწერათ. ჩემს დასაცავად ბევრი აპირებდა სერიოზული განცხადებების გაკეთებას. ვიღაცეებს ეგონათ, რომ გავიქცეოდი, ახლა ოქიტაშვილი ოპოზიციაში გადავა... მე არც ოპოზიციაში ვარ და არც პოზიციაში. იქით მხარესაც მყავს მეგობრები და აქეთ მხარესაც. ჩემი საქმე კულტურაა და მთელი ცხოვრება მას ვემსახურები.

– ბუნებრივია, როცა კარგ ადგილას ხარ მოკალათებული, მით უმეტეს, თუ კარგი ანაზღაურებაც გაქვს, ცუდზე არ ფიქრობ. როგორც კი რაღაც პრობლემა ჩნდება, მაშინვე ვეძებთ ჩიხიდან გამოსვლის გზებს – რა მეშველება ახლა, როცა სამსახური დაკარგე, ალბათ, პირველ რიგში შენც ასე ფიქრობდი?

– მეორე დღესვე ძალიან ბევრი წინადადება მქონდა. პირველი ზარი მოსკოვიდან და რამდენიმე ზარი უცხოეთიდან იყო, მაგრამ არ წავედი. მე რომ წავსულიყავი, იფიქრებდნენ, შეეშინდა და გაიქცაო. ზოგს კი ეგონა, სახლში დავჯდებოდი და მემუარებს დავწერდი, მაგრამ მემუარების წერას არ ვაპირებ. მე ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. ამას ვერავინ ამიკრძალავს, იმიტომ, რომ ეს საქმე მიყვარს. მემუარებს ბევრი დაწერს ძალიან მალე.

იყო პერიოდები, როცა ბინძურ ჭორებს ყრიდნენ, მაგრამ მე არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. იყო პერიოდი, როცა მთელი ერთი კვირა არ გამოვსულვარ სახლიდან. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, პირველმა განვაცხადე, რომ ფონოგრამით სიმღერა არ შეიძლება-მეთქი. ეს, დაახლოებით, ცხრა, ათი წლის წინ იყო. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი. ოცდაათი კაცი იდგა სცენაზე, „მრავალჟამიერს“ მღეროდა და ფონოგრამა გაითიშა. პირი ვეღარ გააღეს, ვეღარ გააგრძელეს სიმღერა და შოკში ვიყავი, რომ თურმე, ეს სენი ფოლკლორშიც ყოფილა შეპარული. თქვენ არ იცით, როგორი ლანძღვა-გინება, როგორი შემოსევა დაიწყო მომღერლებისგან, რომელთა ოთხმოც პროცენტს მე შევუწყვე ხელი, რომ დღეს ისინი რაღაცას წარმოადგენენ.

– სერიოზულ ხიფათს თუ აცდენილხარ – საიდანღაც გადმოვარდი, ავარიაში მოყევი, თავში რაღაც დაგეცა?

– ბევრ სერიოზულ ავარიაში ვარ მოყოლილი, მაგრამ როგორი ადამიანი ვარ, იცი? არ მეშინია. სულ მეუბნებოდნენ, შენ საჭესთან ვერასდროს დაჯდებიო და მაინც ვზივარ, თუმცა ვფრთხილობ, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე მიყვარს. ორი წლის წინ ავტოფარეხთან დამხვდნენ და მაგრად მცემეს. დღემდე არ ვიცი, რა უნდოდათ. მხოლოდ მითხრეს: გაჩერდი, ხმა არ ამოიღოო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მიტინგობანა, გამოსვლები იწყებოდა. ამ ადამიანების ჯგუფს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ მე სადღაც გაქცევას და დადგომას ვაპირებდი. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, რასაც მე ხმამაღლა გამოვხატავ. ორი თვე მქონდა ტვინის შერყევა და სახლში გაუნძრევლად ვიწექი. მერე, ერთ-ერთ სუფრასთან შემთხვევით მოვხვდი და იქ გავიგე, ეს ვინც გააკეთა. მაგრამ, ყველაზე ცუდად გულში მაინც ეს ბოლო შემთხვევა ჩამრჩა, როცა კულტურის სამინისტროდან გამომიშვეს, როგორც აფერისტი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. მე ისევ ვაგრძელებ ჩემს საქმეს და ისევ მაქვს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც მქონდა წლების განმავლობაში. ბევრმა ჩაიხედოს თავის გულში, თუნდაც მათ, ვინც დღეს ქართულ ესტრადაზეა. გადაავლონ თვალი თავიანთ ბიოგრაფიას. ვინ შეუწყო მათ ხელი ყველაფერში. ასე ხომ არ შეიძლება?! ერთხელ, აღშფოთებული ვიყავი, რაღაც ბინძური ჭორები გავიგე. ამ დროს სოფიკოსთან ვიყავი და მან მითხრა: კარგი რა, დათო, რატომ ნერვიულობ. ესე იგი, ვიღაცას აინტერესებ და ამიტომ ლაპარაკობენ შენზეო. მაშინ უნდა ინერვიულო, როცა შენზე არავინ არაფერს იტყვის და ვერასოდეს გაიგებ, ცუდს ლაპარაკობენ თუ კარგსო. უბრალოდ, ის მინდა ვთქვა, რომ როდესაც სახელმწიფოს ასე უჭირს, ხელი უნდა შეუწყო და მის ხარჯზე არ უნდა მდიდრდებოდე. ბოლოს და ბოლოს ჯეკსონი შემიძლია, საქართველოში გადმოვასვენო ორი, სამი დღით. ეს ხუმრობით, მაგრამ როდესაც იცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში ლამის ჭიპი აქვს მოჭრილი და ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ვერ ვხვდები, რატომ არ აძლევ მუშაობის საშუალებას. ეტყობა, ვიღაცას გზაზე ვეღობებოდი და ამიტომ სურდა, ჩემი ჩამოშორება. ბევრისთვის არ მისწავლებია ხეზე ცოცვა და არც ვაპირებ, ვასწავლო. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი შავი წერტილი, რომელიც დღემდე ვერ მომინელებია. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. „სუხიშვილებთან“ ერთად ჰონკონგში გავფრინდი ხუთი დღით. რომ ჩამოვედი, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩემ წინააღმდეგ რაღაც ცუდი მზადდებოდა. იმ საღამოს ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავის გახსნა იყო ოპერის წინ. ერთ-ერთმა მოადგილემ, გიგი ჩალაძემ დამიბარა და მორიდებით მითხრა: დათო ხალხი გაღიზიანებულიაო და... მე ვუთხარი, მომეცი ფურცელი და კალამი, განცხადებას დავწერ-მეთქი. ვეღარ მოითმინეს, რომ გათენებულიყო.

– პირად ცხოვრებაში როგორ აეწყო ყველაფერი? არასდროს გიგრძვნია თავი ცუდად?

– ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მეუღლეს. ირინამ ძალიან ბევრ რამეში შემიწყო ხელი. დღეს თუ მე რაღაცას წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა. სხვათა შორის, არც სიყვარული მომიპოვებია ასე ადვილად. როდესაც ირინას ვუთხარი, რომ მიყვარს, მითხრა, მე შენ ცოლად ვერასოდეს გამოგყვებიო. ერთი წელი დამჭირდა მისი გულის მოსაგებად. არ ვუყვარდი და მართალიც იყო. მე, ჩემი ყოფილი შეყვარებული, ირინა და ჩემი ნათესავი ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში და ირინა დაიბნა – როგორ, ეს გოგო თუ უყვარს, ჩემთან რა უნდაო. მერე იმ გოგოს დავშორდი. ერთი წლის შემდეგ რაღაც ღონისძიება მქონდა და ირინა დავპატიჟე. მომცა უფლება, სახლამდე გამეცილებინა. როდესაც ადამიანი რაღაცაზე არას მეუბნება, იქ მთავრდება ყველაფერი. არ მიყვარს ბრძოლა, თავის მობეზრება ჩემი რჩევებით ან დახვედრებით. ირინამ მითხრა კიდეც: იცი, რით მოიგე ჩემი გული, მე რომ გითხარი, არა და შენ არ მირეკავდი და არ მაწუხებდიო. ჩემი სიყვარულისთვის არ ვიბრძოდი. ვთქვი, რაც იქნება, იქნება. ძალიან ბევრ ქალთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ირინაში დავინახე ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მე გამომადგებოდა, რაც მთავარია, არ არის ეჭვიანი. რამდენჯერ ნერვული აშლილობა მქონია, ჩემს მშობლებთან მისულა და უთხოვია: იქნებ, რაღაცნაირად ჩაერიოთ, შეიძლება, ჩემმა ჩარევამ გააღიზიანოსო. ყველანაირად ცდილობდა, ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. ასევე, ჩემს მეგობართან მისულა, რომელთანაც ცხარე კამათი მომსვლია და უთქვამს, მეგობრები ხართ, იქნებ დაჯდეთ და გაარჩიოთ რა მოხდა და რატომ მოხდაო. ძალიან გამკვირვებია, როცა ვიღაც-ვიღაცეები მოსულან და ჩემთვის ბოდიში მოუხდიათ. ყოველთვის განიცდიდა, რომ მე ასე ვკარგავდი მეგობრებს, ენების გამო ვჩხუბობდით, მაგრამ არასდროს ჩემი სამსახურის საქმეებში არ ჩარეულა.

როცა რაღაც ახალს ვიწყებ, მიხარია და ყველას ვაგებინებ. არ ვარ ის ადამიანი, რაიმე დავმალო. იყო დრო, როცა ზოგიერთები გადამკიდეს, ოქიტაშვილი თქვენ წინააღმდეგ სტატიებს უკვეთავსო. ის ქალი, ვისზეც იყო ლაპარაკი, მიხვდა ყველაფერს და დღეს ჩემი მეგობარია. რასაც თვითონ აკეთებენ, იმას სხვას აბრალებენ. ამ ქალაქიდან უნდა წავსულიყავი, იმ დონის ჩახლართული და ბინძური ინტრიგა იყო. მართალს გეუბნები. ერთი თვე დეპრესიაში ვიყავი, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებდი. სხვათა შორის, ცნობილი ქალბატონია, ცნობილი პოლიტიკოსის ცოლი. როდესაც გაბრალებენ, ძნელია. ნატო დუმბაძე ჩემი უახლოესი მეგობარია. ჩვენ კვირაში სამჯერ ვჩხუბობთ, ვხოცავთ ერთმანეთს, ვაგინებთ, მაგრამ ბოლოს მიანც ერთად ვართ. იმიტომ რომ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. სულ არის მცდელობა, ერთმანეთს დაგვაშორონ.

როცა ძალიან დაძაბული ვარ, რაღაცაზე ვფიქრობ, ჩემს მეგობრებთან ერთად მივდივარ, ბევრს ვსვამ და ვითიშები, რომ არაფერზე ვიფიქრო. მართლა გული მტკივა. ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და გინდაც ის ერთი შეცდომა დამეშვა, შეიძლებოდა, ვიღაცას გადაეყლაპა, მაგრამ არა უშავს. მე მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა.


скачать dle 11.3