კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიბრუნა ბესო დარჯანიამ წლების წინ უცხოეთში გატანილი კამეა მაცხოვრის გამოსახულებით


ბესო დარჯანიამ საქართველოს სახელი დიდი ხანია, საზღვრებს გარეთ გაიტანა. ის პირველია, ვინც საუკეთესო პორტრეტულ კამეებს ქმნის და მსოფლიო ხელოვნების ენციკლოპედიაშიც სწორედ ამ ნიშნით მოხვდა. კამეა კლასიკური ხელოვნების ნიმუშია და ყველგან არისტოკრატულ ნივთად ითვლება, ამიტომ მისი ფასიც სოლიდურია. სამაგიეროდ, ამ ადამიანის მიერ ზღვის ნიჟარაზე, სპილოს თუ მამონტის ეშვზე შესრულებული კამეასგან ადამიანი ენით აუწერელ სიამოვნებას იღებს. თბილისის ძველ უბანში, შარდენის ქუჩაზე სეირნობისას, შეუძლებელია, დარჯანიას გალერეას ვინმემ გვერდი აუაროს და ამ სილამაზით არ დატკბეს. მის სალონში, აგრეთვე, წარმოდგენილია საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრების ექსკლუზიური ნამუშევრები.



– ბატონო ბესო, თქვენ საქართველოში ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც პორტრეტულ კამეაზე მუშაობს. გვიამბეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი.

– უკვე ოცდაათი წელია, კამეას კვეთაზე ვმუშაობ. უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. სადისერტაციო ნაშრომიც დავამთავრე, მაგრამ მაშინ საქართველოში დაწყებულმა არეულობებმა არ მომცა საშუალება, მუშაობა გამეგრძელებინა, დაცვაზე გავსულიყავი. ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დავდიოდი, კარგად ვხატავდი და ვაქანდაკებდი. ვინაიდან მეცნიერ-პედაგოგების ოჯახში დავიბადე, ჩემს მშობლებს, უნდოდათ, მეცნიერი შვილი ჰყოლოდათ. ძალიან მონდომებული და გამოცდილი ექსპერიმენტატორი ვიყავი. ჩემზე კომპეტენტური ადამიანებიც კი, მე მანდობდნენ ექსპერიმენტების ჩატარებას. აკადემიკოსი თუ არა, კარგი დოქტორი მაინც ვიქნებოდი, მაგრამ ბიოლოგიურზე ვერ გავძელი. მერე დავამთავრე უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი ქანდაკების სპეციალობით. აფხაზეთის ომის დროს სკოლაში ქიმიას, პარალელურად, შრომას ვასწავლიდი. ბავშვებს საიდანღაც მოჰქონდათ „ბეტეერის“ ჰილზები, რომელიც ოქროსფერი ლითონია, თითბერისგან მზადდება. ვაბრტყელებდით, ვჭრიდით, ვხერხავდით და ლამაზი ჯვრები გამოდიოდა. გარდა ამისა, ვყიდულობდი ძროხისა და ხარის რქებს, ვხარშავდით, ვამუშავებდით და ლამაზ სამკაულებს ვამზადებდით.

– რა არის კამეას უპირატესობა, რა ღირებულებისაა და, როგორ მზადდება?

– კამეას კვეთა უძველესი ხელოვნებაა – მცირე ზომის ქანდაკება, გლიპტიკის სფერო, ბარელიეფი, ანუ თხელი გამოსახულება. ის მზადდება ძვლისგან, მარჯნისგან, ნიჟარისგან, მინერალისგან; აქატის, ონიქსის, სარდიონის ქვებისგან, რომელსაც აქვს პარალელური შრეები და ფენები. ჩვენთან ძირითადად გავრცელებულია კამეა ნიჟარებზე და სპილოს ძვალზე. თუმცა, სპილოს ძვალი კონტრაბანდად ითვლება, წითელ წიგნშია შეტანილი და მისი გამოყენება არ შეიძლება. სპილოს ეშვის ნაკეთობას უცხოელები არ იძენენ. მათ ქვეყნებში ეს კანონი მკაცრად არის დაცული. ამიტომ იშვიათ შემთხვევებში ვაკეთებ, თუ მთხოვენ მხოლოდ მაშინ. ძირითადად ვმუშაობ მამონტის ეშვსა და ნიჟარაზე. მოგეხსენებათ, მამონტი ოცდაათი ათასი წლის წინათ გადაშენებული ცხოველია, რომლის ძვალიც მხოლოდ ციმბირში, ალასკასა და ჩრდილოეთ კანადაში მოიპოვება, სადაც გაყინული ნიადაგია. მარაგი საკმაოდ ბევრია და რუსები მას ინტერნეტითაც კი ყიდიან. ეს არის ერთადერთი ლეგალური მასალა, რომელიც ხელოვნებაში გამოიყენება. მისგან დავამზადე ბევრი საინტერესო პორტრეტი, მაგალითად, ჩვენი პატრიარქის, მაცხოვრის. მარია კალასის პორტრეტი ორი წლის წინ, აგვისტოს ომამდე გავაკეთე – თბილისში მარია კალასის საზოგადოებამ შემიკვეთა, რომ ელენე ობრაზცოვას იუბილეზე გადაეცათ პრიზად. პორტრეტული კამეა, რომელიც მხოლოდ ხელით მუშავდება, უფრო ძვირი ღირს. ზუსტი მსგავსება უნდა იყოს დედანთან. ფასი განისაზღვრება მასალის, მოცულობისა და სამუშაოს სირთულის მიხედვით. მიქელანჯელოს რომ ჰკითხეს, როგორ აკეთებთ ასეთ მშვენიერ ქანდაკებასო, უპასუხა: ქანდაკება ქვაშია, მე ზედმეტს ვაშორებო. ჩვენთან უფრო დეკორატიული კამეებია გავრცელებული. მსოფლიოში სულ ხუთი კაცია, ვინც პორტრეტულ კამეაზე მუშაობს.

– შეიძლება, ბევრი ვერ მიხვდეს, რა განსხვავებაა დეკორატიულ კამეასა და იმ კამეას შორის, რასაც თქვენ ქმნით, გვითხარით, როგორ მუშაობთ?

– ეს არის, უბრალოდ, ქალის თავი ანტიკური გამოსახულებით, ქალღმერთი თავზე რომაული მუზარადით, ათენა, ზევსი, რომელიც შეიძლება ხუთასი, ექვსასი ლარი ღირდეს. როცა სურათიდან აკეთებ, თუ ვერ მიამსგავსე, ჩათვალე, რომ შეკვეთა შესრულებული არ არის. სწორედ ესაა სირთულე. რაც შეეხება მუშაობას, ჯერ ფირფიტას ვამზადებ, მერე ვიღებ კოპირებულ ქაღალდს, გადამყავს პორტრეტი, სპეციალური სამუშაო იარაღებით ამოვკაწრავ და ნელ-ნელა ვამუშავებ. ამიტომაც ღირს ძვირი – ორი ათასი დოლარი, ჩვენთან კი, დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე – ათასი ლარი), თორემ პლასტმასისგან ჩამოსხმული ორი და სამი ლარია. კამეა არის ყველაზე არისტოკრატული ნივთი. ხალხი გადაეჩვია მაღალ ხელოვნებას. ეს გემოვნებიან და განათლებულ ადამიანებზეა გათვლილი, ვინც იცის მისი ფასი. ამიტომ იშვიათად მიკვეთავენ. ეს არ არის „სვაროვსკის“ შუშა, რომელმაც მთელი მსოფლიო წალეკა, მაშინ, როდესაც არსებობს ქართული მინანქარი, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ აქვს. ყველაზე ძნელი სამუშაოდ მაინც მინერალი სარდიონი, ონიქსი, აქატია... მათი სიმტკიცის კოეფიციენტი ექვსი-შვიდია, მაშინ, როცა ნიჟარის – ორი-სამია, თუმცა აქ კამეასთან შედარებით ცოტა მარტივად არის საქმე. ოსტატს შეუძლია, რა ფერიც უნდა, ის გამოიყენოს, ტიხარიც შეცვალოს. ნიჟარის ფერებს კი ვერ შეცვლი. გინდა-არ გინდა, შენი ნამუშევარი უნდა ჩაატიო, გამოსახულება წინასწარ ისე უნდა განსაზღვრო, რომ ესა თუ ის შტრიხი იმ სისქეში მოექცეს.

– წარმომიდგენია, რა სიამოვნებაა მასზე მუშაობა, მით უმეტეს, შედეგი.

– ეს ისეთი აზარტია, ვერ წარმოიდგენთ, ნარკოტიკივითაა. თავიდან არის ცარიელი ფირფიტა, იწყებ მუშაობას, ნელ-ნელა ამოდის ნაკეთობა და იბადება რაღაც ქმნილება. ერმიტაჟიდან კამეების ასლები მაქვს წამოღებული, რომლისგანაც ბევრს ვსწავლობ. აგრეთვე, ვეცნობი ლიტერატურას. სულ შემოქმედებით ძიებაში ხარ, ისწრაფვი იმისკენ, რომ უფრო და უფრო უკეთესი გააკეთო და არ დაიშტამპო. ოცდაათი წელია, ამ დარგში ვმუშაობ და იცით, კიდევ რამდენია სასწავლი და გასაკეთებელი? ხელოვნება ხომ ამოუწურავია.

– თქვენ მიერ შესრულებული მინიატურული მაცხოვრის პორტრეტი იმდენად შთამბეჭდავია, განსაკუთრებით განათების ფონზე, რომ დარწმუნებული ვარ, ვინც ნახავს, ყველას მოუნდება ასეთი ნამუშევარი სახლში ჰქონდეს.

– მაცხოვრის პორტრეტულ კამეას თავისი ისტორია აქვს. აფხაზეთის ომის დროს შვეიცარიაში წაიღეს გალერეაში საჩვენებლად, სადაც ჩემი სამუშაოდ მიწვევის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. არ ვიცი, დაკარგეს თუ გააჩუქეს, მაგრამ ერთმა ღვთისნიერმა ქართველმა ჟურნალისტმა ის ვიღაცის ოჯახში ნახა და უთქვამს: ამ კამეის პატრონი ქართველი კაცი ბესო დარჯანიაა, რომელსაც ქვა დაკარგული ჰგონია. გაჭირვების დროს სამსახურის შოვნა უნდოდა და ვიღაცას გამოატანაო. სამი წლის წინ დამიბრუნდა. ამიტომ ვერ გავყიდი, ჩემი რელიკვიაა.

– თქვენს გალერეაში მინანქარზე საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი – სამკაულები, სურათები. სიმართლე გითხრათ, ასეთი ჯერ არსად მინახავს. მინანქარზე აქაც მუშაობენ?

– გალერეის ქვემოთ პატარა სტუდია მაქვს, რომელიც მოწყობილია უსაფრთხოების ტექნიკის გათვალისწინებით. ასეთი არსად არის. მინანქარზე მუშაობის დროს გამოიყოფა მძიმე მეტალის ორთქლი, რომ არ ჩანს და არ იკბინება, ჰგონიათ, არაფერიაო. ყოფილი ბიოქიმიკოსი ვარ და ვიცი, ამ მომწამლავ ნივთიერებებთან მუშაობა და დაყენებული მაქვს გამწოვი. მისი მტვერი ძალიან მავნებელია და ადამიანი რომ შეისუნთქავს, ფილტვებში რჩება, არც იხსნება და უკანაც არ გამოიდევნება. ფაქტობრივად, ფილტვების ამოლესვა ხდება. საპრიალებელი ხელსაწყოც ისეა ჩემთან გაკეთებული, ერთი ნამცეცი მტვერი არ გამოიდევნება. შუშის ქვეშ უნდა შეყო ხელი და ისე აპრიალო. ჩემი შვილიც აქ მუშაობს და როგორც ის იქნება დაცული, ისე ყველა სხვა მოწაფე უნდა იყოს დაცული.

თხუთმეტი წელი ვმუშაობდი შარდენის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ ვერცხლის სახელოსნოში. მივედი და ბიჭებს ვუთხარი: ოქრომჭედელი არ ვარ, კამეის სპეციალისტი ვარ. თუ გავაკეთებ კამეას, თქვენ მისი ჩასმა მოგიწევთ. მე თუ შეკვეთები მექნება, თქვენც საქმე მოგემატებათ-მეთქი. საქმიანად მივუდექი. ერთ კვირაში თანხმობა მივიღე. იმ პერიოდში, გაზეთში, სადაც საპრივატიზაციო და გასაყიდ შენობებზე განცხადებებს აქვეყნებდნენ, შემთხვევით ვნახე განცხადება – აუქციონის წესით ლესელიძეზე იყიდება ფართი. მოხდა ისე, რომ ტენდერში გავიმარჯვე. სასწრაფოდ ვისესხე ფული და შევიძინე. აქ იყო ერთი დაბინძურებული სკვერი. დანარჩენი ერთმა შეძლებულმა ადამიანმა იყიდა. რაღაცის დაშენება უნდოდა. უფლება მივეცი, სამაგიეროდ კი, ეს ჩონჩხი გამიკეთა. ის კაცი რომ არა, ალბათ, ამასაც ვერ შევძლებდი. გალერეას ძალიან კარგი სახელი აქვს. იციან, რომ აქ არავინ არავის მოატყუებს. ჩვენთან არ არის სერიული ნამუშევრები. თითო ცალი მოაქვთ. აქ არის წარმოდგენილი ყველაზე ძლიერი ქართველი მხატვრების, საავტორო, ექსკლუზიური ნამუშევრები.

– მახსოვს, 70-80-იან წლებში ძალიან მოდური იყო კამეის ბეჭდები, საყურე, გულსაბნევები, თბილისში თითქმის ყველა ქალს ეკეთა. როგორც ჩანს, მაშინ დაინტერესდით ამ საქმით.

– საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო კამეა. მაშინ ოცდაექვსი წლის ვიყავი. მე და ჩემი მომავალი მეუღლე რუსთაველზე ვსეირნობდით. ჩვენკენ ქალბატონი მოდიოდა. ჩემმა მომავალმა მეუღლემ თქვა: შეხედე, რა ლამაზი გულსაბნევი უკეთიაო. მივხვდი, რომ ეს იყო ნიჟარაზე შესრულებული ქალის პორტრეტი. რადგან მოეწონა, გულში ჩავიდე, რომ უნდა გავუკეთო-მეთქი. ყველაზე მეტად ხეზე კვეთა მიყვარდა, ქართულ ტიპაჟებს ვთლიდი. მაშინ მოდაში იყო აფრიკული, ხუჭუჭთმიანი ქალისა და მამაკაცის ფიგურები, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. სტუდენტი ვიყავი და შესაბამისი თანხა რომ არ მქონდა საჩუქრებისთვის ვიღებდი ხეს, ვთლიდი მსგავს ფიგურებს, მერე ვაშავებდი და დაბადების დღეებზე თუ მივდიოდი, მიმქონდა. გიჟდებოდნენ, ისე მოსწონდათ. მოკლედ, გადავწყვიტე, ჩემი საცოლისთვის გულსაბნევი გამეკეთებინა. მეორე დღეს ჩემს მეგობარს ნიჟარა წავართვი, რომელსაც საფერფლედ იყენებდა. ნიჟარის დახერხვაც არ ვიცოდი, ჩაქუჩით გავტეხე და მოვქლიბე, თან, ვფიქრობდი – იმ დონის ნამუშევარი თუა, რომ ვაჩუქო, არ დამცინონ-მეთქი. პეკინზე ერთი საოქრომჭედლო იყო. მივიტანე და ერთ ცნობილ ოქრომჭედელს ვკითხე: რაღაც მაჩუქეს და მაინტერესებს, რა ღირებულება აქვს, რომ მეც იგივე დონის საჩუქარი გავუკეთო-მეთქი. ვერ გავბედე მეთქვა, ჩემი გაკეთებულია-მეთქი. რამდენი გინდაო, მკითხა. არ ვყიდი-მეთქი. ბოლოს რომ მიხვდა, მართლა არ ვყიდდი, რაღაც მიჩხაპნ-მოჩხაპნა და ჩემს დამტვრეულ ნიჟარაზე მეუბნება, პლასტმასიაო. ნიჟარა რომ იყოს, მაშინ რა ეღირებოდა-მეთქი? ას ორმოცდაათი მანეთიო. იცით, მაშინ ეს რამხელა ფული იყო? გრამი ოქრო 17 მანეთი ღირდა. გახარებული წამოვედი, ჩავასმევინე ოქროში და ეს იყო პირველი საქორწილო საჩუქარი. ცოლის ნათესაობაში რომ გაიგეს, ბესო კამეებს აკეთებსო, დამესივნენ, ხან ვის გავუკეთე, ხან – ვის.

– კიდევ გვიამბეთ საინტერესო ისტორია.

– გალერეა რომ გაიხსნა ერთი აზერბაიჯანელი ქალი მოვიდა და მეუბნება: ბესო-ჯან, რამდენი ხანია გეძებ. კამეა მინდა შეგიკვეთო, ძალიან „ვიპუკლი როზოვიო“. ესე იგი ამობურცული და ვარდისფერიო. კი ბატონო. ესკიზი ვაჩვენე, რომელი მოგწონთ-მეთქი. აი, ეს მომწონს, მაგრამ ძალიან „ვიპუკლი“ მინდაო და ხელი დაადო ნიჟარის ამოწეულ, ხორკლიან ადგილს. ვუხსნი: ქალბატონო, ძალიან ამობურცულია და უშნო გამოვა, ცოტა ნაზი რელიეფით გავაკეთებ-მეთქი. ეს ნაზი რელიეფი ვერ გავაგებინე რას ნიშნავდა, გაიძახის – „ვიპუკლი“ მინდაო. მოკლედ, შეჯდა ამ „ვიპუკლიზე“. ვფიქრობ, ახლა, სხვანაირად როგორ გავაგებინო-მეთქი და ვეუბნები: ხომ გინდა, რომ კარგი გამოვიდეს. აი, ცოტა „პუკლის“ გავაკეთებ და უკეთესი იქნება-მეთქი. სხვათა შორის, თქვენ გეცინებათ და იმას არ გაუცინია. ეს „ვიპუკლი“ და „პუკლი“ ერთმანეთს დაუკავშირა და ბედნიერი წავიდა.


скачать dle 11.3