კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყურებდა ჯემალ ღაღანიძე ფილმებს უკუღმა და ვის უტარებდნენ ის და მისი ძმა კონცერტებს


„ჩემთან წარმატება ადვილად და იმ დროს მოვიდა, როცა უნდა მოსულიყო. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დავბერდი, თუმცა, შინაგანად ვგრძნობ, რომ კიდევ ბევრი როლის თამაში შემიძლია“, – ამბობს მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე აგერ უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, საინტერესო სახეებს ქმნის. ამ ადამიანში ყველა დადებითი თვისება და უზადო ნიჭი ერთად არის თავმოყრილი. ცხოვრების გზაზე, სადაც უამრავი წარმატებული როლი და პირადი ბედნიერება ფეხდაფეხ მოჰყვებოდა, არასდროს წაბორძიკებულა და სინამდვილეში არც არასდროს „უჯამბაზია“. მსახიობის შემოქმედებით გზას ახლა მისი ერთადერთი შვილიშვილი – სანდრო ღაღანიძე აგრძელებს, რომელმაც, ბაბუის მსგავსად, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიმკვიდრა ადგილი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ამ თეატრში მოხვედრა კი ყოველთვის ერთეულების ხვედრი იყო. ჩვენ დღეს ღაღანიძეების ოჯახის კარს შევაღებთ და მათ საოჯახო ალბომს დაგათვალიერებინებთ.

– ადამიანს, რაც დრო გადის, მით უფრო გენატრება შენი წარსული. კინოკადრებივით თვალწინ გაგირბენს დრო, როდესაც ბავშვი, ახალგაზრდა იყავი; მშობლები, ახლობელი ადამიანები, მეგობრები ყველა გვერდით გყავდა და მათთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდი. ეს ნოსტალგია ხომ თქვენც გაქვთ. გვიამბეთ თქვენ შესახებ.

– ძალიან მეტიჩარა, აქტიური ბავშვი ვყოფილვარ – ხან ვცეკვავდი, ხან ვმღეროდი, ხან ვიღაცას ვბაძავდი. მსახიობობაზე არ მიოცნებია, მაგრამ, მახსოვს, საბავშვო ბაღში და სკოლაში თოჯინებისა და ჩრდილების თეატრი რომ შემოდიოდა და სპექტაკლებს ატარებდნენ, რამხელა შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. იქიდან ჩამიჯდა თეატრის სიყვარული და ბოლოს ჩემი ცხოვრება თეატრს დავუკავშირე. საბავშვო ბაღის ეზოში დეკორაციებით დატვირთულ მანქანას რომ დავინახავდი, მივდევდი და გახარებული ხმამაღლა გავიძახოდი: თეატრი! თეატრი!.. დედა მე და ჩემს ძმას ხშირად გვატარებდა სხვადასხვა თეატრში. მაშინ მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრები იყო. ჩემი სკოლის ძმაკაცები რომ მხვდებიან, მეუბნებიან: ყველაზე ბედნიერი კაცი ხარ. მეშვიდე კლასიდან რაც ჩაიფიქრე, ის დღევანდლამდე მოიტანე, შენი ოცნება აისრულეო. ჩვენი სკოლის დირექტორი ძლიერი მათემატიკოსი იყო და მთელი სკოლა მათემატიკური პროფილით მიჰყავდა. ჩემზე და ჩემს ძმაზე იტყოდა: ნოდარი ჩემი მოსწავლეა, ეს კი არ ვიცი, ვინ არის. ამას ოღონდ ფანდური და გარმონი მიეციო და... ჩემი ძმა ინჟინერი გამოვიდა, თუმცა, ის უფრო მსახიობობდა, ვიდრე მე – სკოლის დადგმებში მონაწილეობდა. ერთი სიტყვით, საშუალო სკოლას რომ ვამთავრებდი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, თეატრალურ ინსტიტუტში შევსულიყავი. მაშინ თერთმეტი კლასი იყო. უცბად გავიგე, რომ თეატრალურში წელიწად-ნახევრის ინტერვალით იღებდნენ. იმ წელს, როცა სკოლა უნდა დამემთავრებინა, თეატრალურის გამოცდები არ ემთხვეოდა. საგონებელში ჩავვარდი. მამაჩემს ვუთხარი: გინდა თუ არა, სასწრაფოდ საშუალო სკოლის ატესტატი უნდა მიშოვო-მეთქი. ცხადია, მამაჩემი ის კაცი არ იყო, ყალბ ატესტატებზე და დიპლომებზე წასულიყო და რაღაც მაქინაციები გაეკეთებინა. უპატიოსნესი ადამიანი იყო. წლების განმავლობაში ცეკავშირის მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. ერთი მეგობარი ჰყავდა, უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ ჯანაშვილი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საინგილოში ქართული სკოლის გახსნაში. ის სკოლა ათწლიანი იყო. ამ კაცმა თქვა: სახლ-კარი მაქვს, ნორმალური პირობები ექნება. რა მოხდება, ერთი წლით რომ წავიდეს? ატესტატით ჩამოვა და ჩააბარებსო. ეს აზრი ოჯახში ყველას მოეწონა, მაგრამ მაინც ფიქრობდნენ, ამდენ ხანს მარტო როგორ უნდა ვყოფილიყავი. თქვენ გამიშვით და მე ვიცი, როგორც ვიქნები-მეთქი. ეს იყო 1952 წელი – ჩემს ბიოგრაფიაში ყველაზე ნათელი პერიოდი. მაშინ ძალიან ცუდ დამოკიდებულებაში იყვნენ ქართველები და აზერბაიჯანელები. საინგილო საკმაოდ ჩამორჩენილ მხარედ ითვლებოდა, მერე განვითარდა. ჩამოვედი და ჩავაბარე თეატრალურში. ოთხი წელი ვისწავლე. ჩემი პედაგოგი გიგა ლორთქიფანიძე იყო. შემდეგ რუსთაველის თეატრში გამანაწილეს. 54 წელია, ამ თეატრის მსახიობი ვარ. მხოლოდ ერთხელ ვითამაშე მიწვევით ვარსიმაშვილის თეატრში.

– სკოლის პერიოდიდან რა გახსენდებათ?

– მეშვიდე კლასში დამრიგებელი მყავდა – ელენე აბაშიძე. ერთხელ, გავაბრაზე და კლასიდან გამაგდო. მივუბრუნდი და ვუთხარი: დადგება დრო და თეატრში ჩემს საყურებლად ბილეთების რიგში დაგინახავთ-მეთქი. მართლაც, ასრულდა ჩემი სიტყვები. „ხანუმა“ დავდგით. ბილეთები არ იშოვებოდა, ისეთი ამბავი იყო. შვილს უთქვამს – ჯემალი ხომ შენი მოწაფე იყო, მიდი და სთხოვეო. მაგასთან მაინც არ მივალ, რაც არ უნდა მოხდეს, დამუქრებულიაო.

საინგილოდან რომ მოვდიოდი, ყველას დავპირდი, რომ სპექტაკლს ან რაიმე ფილმს ჩავიტანდი ჩემი მონაწილეობით. ჩავედი და ჩავიტანე ფილმი „ჩირიკი და ჩიკოტელა“ და „ლაზარე“. მერე ჩვენი თეატრი ჩავიყვანე და „გვადი ბიგვა“ ვითამაშეთ. იშვიათი შემთხვევა იყო საინგილოში, რომ ქართული თეატრი ჩასულიყო.

– ქუჩა და უბანი ახალგაზრდა კაცისთვის ყველა დროში აქტუალური იყო, მაგრამ თქვენი თაობის ბიჭებში განსაკუთრებული მნიშვნელობაც ჰქონდა. გიზიდავდათ ქუჩური ცხოვრება?

– ეს სახლი მამაჩემის აშენებულია. როცა აშენებას იწყებდა, ყველა ეკითხებოდა: სად მიდიხარ, ტყეში აშენებ სახლსო?! აქ არაფერი არ იყო. სადაც ახლა სპორტის სასახლეა, ერთი დიდი ბაზარი იყო, „ბაზრის უბანს“ ეძახდნენ. ხომ წარმოგიდგენია, როგორი უბანი იქნებოდა? ათასი ჯურის ადამიანი იყრიდა თავს. მე და ჩემი ძმა ცოტა აწყვეტილი ბიჭები ვიყავით. ომის პერიოდი იყო, რაღაც უცხოს დავინახავდით, ვიღაცას რაღაცაში გადავუცვლიდით და სულ იმ ბაზარში დავხეტიალობდით. ასეთი ქუჩური ცხოვრება გავლილი მაქვს. სად იყო ამდენი გასართობი, დღეს რომ არის! ჩვენ თვითონ ვიგონებდით რაღაც თამაშებს და ასე ვერთობოდით. საითკენ წავიდოდა ჩემი გზა, გავყვებოდი ბოლომდე ქუჩას თუ სხვა რამეს ავირჩევდი, არ ვიცი. საბედნიეროდ, გადავრჩი. ვიღაცას ვიღაც უყვარდა, შენ რატომ შეხედე იმას, მე მიყვარს, შენ გიყვარს... ასეთი გარჩევები სულ იყო, მაგრამ სროლები, დაჭრები და მკვლელობები არ ყოფილა. ჯიბეებს გვიჩხრეკდნენ უფროსები, ქვები ან რაღაც ისეთი ხომ არ უდევთო. მერე გვეტყოდნენ: აბა, ახლა მიდით და მუშტით იჩხუბეთო. ჩვენ წინ 61-ე საშუალო სკოლაა და მის წინ „სამაკატკებით“ დავდიოდით. ყველას არ ჰქონდა მისი ყიდვის საშუალება და ჩვენ თვითონ ვაწყობდით ფიცრებით. ერთი მეზობლის ბავშვი იყო, რომელსაც ერთი დანჯღრეული ველოსიპედი ჰყავდა. დედამისი საპარიკმახეროში მუშაობდა. ერთ დღეს, გამოვიარე და დავინახე, ეს ველოსიპედი ეზოში დგას. ვიფიქრე, ცოტას „გავიკატავებ“-მეთქი. თურმე, დამინახა. ფანჯრიდან მეძახის – თავი დაანებე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო. ყველა ხმარობდა ამ სიტყვას და ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია. მოვიდა, ერთი მაგრა მიქოთა და გადმომაგდო ველოსიპედიდან. ხელში სამართებელი ეჭირა, ხელი გააქნია და სახეში არ მომხვდა?! ვიგრძენი, რომ ლოყაზე რაღაც თბილად ჩამომდის. ენით შევეხე და ენა ლოყიდან გამომივარდა. სისხლი მომდის, არ ჩერდება. მერე ჩვენც შევრიგდით და მშობლებიც შერიგდნენ. დროთა განმავლობაში ეს ჭრილობა ზემოთ ავიდა და ყურის არეში დაიმალა, თორემ, ლოყაზე დიდი „შრამი“ მქონდა.

– როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ომის პერიოდში, რასაკვირველია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ, ყველა ოჯახი თავისებურად განიცდიდა, შიშის ქვეშ იყო, აგროვებდა სარჩო-სანოვაგეს, სახლიდან რაღაც გაჰქონდა და ყიდდა, ან რაღაცას რაღაცაზე ცვლიდა, რომ ლუკმაპური ეშოვა. როგორია ომის პერიოდის ღაღანიძეების ოჯახის ისტორია?

– მთელი ოთხი წელი ომიანობაში გავატარეთ. ფანჯრებზე მარლები გვქონდა აკრული – მინები თუ დაიმსხვრეოდა ნამსხვრევებს არ დავეზიანებინეთ. ჩამოგვართვეს რადიომიმღებები. ომი რომ დასრულდა, ყველას დაუბრუნეს. ჩვენი სკოლა ჰოსპიტლად გადააკეთეს და დაჭრილები ჩამოჰყავდათ. სკოლის სპორტულ დარბაზში კედელზე ეკრანი ჩამოკიდეს და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ფილმები მოჰქონდათ. ბავშვები ვიპარებოდით, ეკრანის უკან შევძვრებოდით და უკუღმა ვუყურებდით ფილმს. მერე მე და ჩემი ძმა ვმღეროდით – დაჭრილებს კონცერტებს ვუტარებდით. გავიდა მრავალი წელი. თეატრში ადგილკომის თავმჯდომარე ვიყავი. სამამულო ომის დამთავრების 30 წლისთავი იყო და მოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები – ომის მონაწილეები თუ გყავთ, გთხოვთ, სია წარმოგვიდგინეთ, უნდა დავაჯილდოვოთო. ჩვენი მსახიობებიდან და ტექნიკური პერსონალიდან ბევრი აღმოჩნდა ომის ვეტერანი. საუბარში წამომცდა – სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილები რომ იყვნენ, მე და ჩემი ძმა მათ ვუმღეროდით, ვამხიარულებდით-მეთქი. მერე, რატომ არ შეიყვანეთ თქვენი თავი სიაშიო. რას ამბობთ, მაშინ შვიდი წლის ბავშვი ვიყავი-მეთქი, მაგრამ, მეც დამაჯილდოვეს, როგორც ომის მონაწილე. სიცილით ვკვდებოდი. აი, ასეთი სიტუაცია იყო. მატერიალურადაც ძალიან გვიჭირდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დედაჩემს ჩვენთვის საჭმელი მაინც სულ ჰქონდა. ხალხი ძალიან ედგა ერთმანეთს გვერდში. სადაც ახლა სასტუმრო „აჭარაა“, ჩემი მამიდები ცხოვრობდნენ. ამოვიდოდნენ, ყველა ერთად შეიკრიბებოდა და კერძებს ამზადებდნენ. ასე გაგვქონდა თავი. ზოგს რა გაჰქონდა სახლიდან გასაყიდად, ზოგს – რა. ერთი პატეფონი გვქონდა. დედაჩემს ხელი დაუვლია და გასაყიდად გაუტანია. მამაჩემი რომ მოვიდა, შეამჩნია, რომ პატეფონი არ არის და მაშინვე დააბრუნებინა. დავიხოცოთ შიმშილით, მაგრამ სახლიდან არაფერი გაიტანოთო, – გვითხრა.

– ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი გასტროლებზე. რა ეპიზოდს გაიხსენებთ?

– გასტროლები გვქონდა კიევში და, რატომღაც მანქანებით წასვლა მოვინდომეთ. სამი მანქანით წავედით – გურამ საღარაძისა და კახი კავსაძის „ვოლგებით“ და ჩვენთან ერთი დირიჟორი იყო – იმის მანქანით. მაშინ კახის მეუღლე, ბელა მირიანაშვილი ცოცხალი იყო და ბავშვებთან ერთად ისიც წამოვიდა. მეც ჩემი ცოლ-შვილით ვიყავი. დამთავრდა გასტროლები. მოვდივართ. კიევიდან არ ვიყავით გამოსული, რომ საშინელ ავარიაში მოვყევით, ისეთ საშინელში, არ გვეგონა, თუ გადავრჩებოდით. სამივე მანქანა მაგრად დაგველეწა. ყველაფერი აქეთ-იქით ყრია, ჩემმა ცოლმა დაინახა ხატი, რომელიც ჩემოდნიდან გადმოვარდა, აიღო და თქვა: აი, ამან გადაგვარჩინაო. ყველაფერი დალეწილი იყო და ხატს ერთი ბზარიც არ ჰქონდა. კახის მანქანა საერთოდ ამოტრიალდა. ოთხი საათი კიევის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა გაჩერებული იყო. საბედნიეროდ, მანქანები დაიქოქა, მინებზე ზეწრები, მუყაოს ქაღალდები ავაფარეთ და წამოვედით. გზაში ყველა გვეკითხებოდა, რა დაგემართათო. სამი მანქანა ერთნაირად იყო დამტვრეული. რაღაც ხომ უნდა გვეპასუხა და მოვიგონეთ, ვითომ კინოგადაღება იყო. ასე ჩავედით ოდესამდე და მერე იქიდან გემით წამოვედით.

– როგორც ვიცი, გვიან დაოჯახდით. სად იპოვეთ თქვენი ცხოვრების მეგზური?

– 33 წლის ვიყავი, რომ დავქორწინდი. ჩემმა მეგობარმა გოგონა მოიყვანა თეატრში სპექტაკლზე და სპექტაკლის დასრულების შემდეგ გამაცნო. ერთხელ, ორჯერ და – მერე გულში ჩამივარდა. შეიძლება, თვითონ არაფერს ფიქრობდა, მაგრამ მე სერიოზულად დავადგი თვალი. ცოლის შერთვა იმდენად დაგვიანებულად მიმაჩნდა, ქორწილი რომ გვქონდა, მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, სადარბაზოში შევვარდი და ლენას ჩუმად ვეძახდი, ჩქარა გადმოდი მანქანიდან-მეთქი. ვიმალებოდი, ხალხმა არ თქვას, რაღა დროს ამის ცოლიაო. ცხოვრება ამ სახლში დავიწყეთ. ვინაიდან ორი ძმა ვიყავით, მშობლებმა ბინა შუაზე გაგვიყვეს. რასაც ამ სახლში ხედავთ, თანდათან შევიძინეთ. საერთოდ არაფერი გვქონდა. მაშინ არ აქცევდნენ ყურადღებას ავეჯსა და სხვა ნივთებს. ჩემი მშობლები, სოფლიდან ჩამოსული ადამიანები, ჩვენს აღზრდაზე იყვნენ გადართულები. გასტროლებზე სიარული რომ დავიწყე, ყველაფერი იქიდან ჩამოვიტანე. მერე შეგვეძინა ქალიშვილი. ძალიან გვინდოდა მეორე შვილიც, მაგრამ ამასობაში დრო უცებ გავიდა. ნათიას სწავლა უნდოდა, ბევრ ყურადღებას საჭიროებდა და ჩვენც მთლიანად მასზე გადავერთეთ. ნათია პიანისტია. მრავალი წელი გერმანიაში მოღვაწეობდა და წელს ჩამოვიდა.


скачать dle 11.3