ვისთვის წერს მუსიკას ვაჟა აზარაშვილის ათი წლის შვილიშვილი და რატომ აპირებს ის „აჯანყებას“
კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის უფროსი შვილიშვილი, თეკლა, აზარაშვილების ოჯახში ყველაზე პრივილეგირებული წევრია – მართალია, სულ ახლახან სახლში პატარა ძამიკო მიუყვანეს, მაგრამ პოზიციებს მაინც არ თმობს – ცნობილი ბაბუა ყველაზე მეტად მას ანებივრებს, თუმცა, თავადაც ისეთი ყოჩაღია და იმდენ სფეროში სცდის თავის ძალებს, რომ „პრიზებსაც“ დამსახურებულად იღებს. თეკლა უკვე ხშირად მონაწილეობს კონცერტებში, მისი ოცნებებიც დიდ ხელოვნებას უკავშირდება – ძალიან უნდა, რომ ცნობილი პიანისტი გახდეს, რომში კოლიზეუმი მოინახულოს და მეფეებისა და დედოფლების კოშკებში მოხვდეს.
– მე ვარ თეკლა გოგსაძე, ვაჟა აზარაშვილის შვილიშვილი. უკვე 10 წლის გავხდი და ვსწავლობ ბაგებში, „ახალ სკოლაში“. კიდევ ვსწავლობ ანასტასია ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზიაში, ვუკრავ როიალზე, დავდივარ სოლფეჯიოსა და სიმღერაზე, ეხლა შევდივარ ცეკვაზე სუხიშვილებთან და თან ვსწავლობ რუსულსა და ინგლისურს.
– ამდენ რამეს როგორ ასწრებ? გაკვეთილებისთვის გრჩება დრო?
– როგორც ბებიაჩემი ამბობს, თუ ადამიანი ყოჩაღია, ყველაფერი უნდა მოასწროს, ამიტომ მტანჯავენ ასე (იცინის). სახლში სულ მეუბნებიან, რომ განათლებული და განვითარებული გოგო უნდა გავიზარდო. თუ არ ვისწავლი, ეზოს მხვეტავი გამოვალ. ხანდახან წავიზარმაცებ ხოლმე და მერე იწყება ბებიას „დიქტატურა“. ერთ დღესაც, ვეღარ მოვითმენ და ავჯანყდები (იცინის), ბებომ ზუსტად იცის, რა ხდება სკოლაში, ის არის ჩემი კონტროლიორი, მზვერავი, ვერაფერს გამოაპარებ. თავისი ჩიტები ჰყავს, ვისაც ამბები მიაქვს მასთან, მაგრამ ამ ჩიტების ვინაობა ჯერ ვერ დავადგინე. ის, ვინც არასდროს არ მეუბნება საყვედურს და არ მიბრაზდება, არის ბაბუა, რომელიც ყველაზე მეტად მანებივრებს.
– სკოლაში რა ნიშნებს იღებ?
– ათებს, ხანდახან ცხრებსაც, გააჩნია საგანს. ეხლა ფრანგული შემოგვემატა და რთული მგონია, ძალიან კარგად ვსწავლობ მათემატიკას, ინგლისურს. მათემატიკაში ისეთი მაგარი ვარ, მილიონებსაც კი კარგად გავუგე. ყველაზე რთული არის ქართული. არა, რთული კი არაა, ძალიან ბევრ წასაკითხს გვაძლევენ, იმდენს გვავარჯიშებენ, რომ ბავშვები ვიღლებით. ამ ზაფხულს იმდენი რამე წავიკითხე, სულ წიგნები მეჭირა ხელში. გეგმა მქონდა და შევასრულე. ჩემმა მეგობრებმაც ბევრი რამე წაიკითხეს, ასე მითხრეს ახლახან.
– სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?
– დიახ, მაგრამ ძირითადად გოგონებთან ვმეგობრობ, ბიჭებთან მეგობრობა არ გამომდის. ძალიან ცელქები არიან და სულ გვაბრაზებენ. მოგვბეზრდა მაგათი დაცინვა და სულ კონფლიქტები მოგვდის, თან კლასში ოთხი გოგო ვართ და უმცირესობის გამო ძალიან გვჯაბნიან ბიჭები.
– შენმა მეგობრებმა იციან, ცნობილი კომპოზიტორის შვილიშვილი რომ ხარ?
– როგორ არ იციან, მაგრამ მაგას ვინ აქცევს ყურადღებას. ჩემს კლასში ბევრი ცნობილის შვილი სწავლობს, აფხაზეთის უფროსი რომ იყო, ნადარეიშვილი, იმისი შვილიშვილი, ჩემი კლასელები იყვნენ გიორგი ბარამიძისა და ზურაბ ჟვანიას შვილები, მაგრამ ეგენი ჩემთან აღარ სწავლობენ, ჩემთან სწავლობს ერთი ბიზნესმენის შვილი, რომელიც რაღაცნაირად მოკლეს. ჩემმა მეგობრებმა, შეიძლება, ბაბუას შემოქმედება არ იციან ზეპირად, მაგრამ კომპოზიტორი რომ არის და სიმღერებს წერს, ეს როგორ არ იციან. თან, ბაბუას ორი კარგი სიმღერა თბილისზეა და ეს ყველამ კარგად იცის.
– ხომ არ იცი, როგორ წერს ბაბუა სიმღერებს?
– ეგ მეც სულ მაინტერესებდა, კომპოზიტორები ყველას გვიმალავენ, როდის მოდის მუზა. მერე გავიგე, რომ ბაბუაც ისე წერს, როგორც სხვა კომპოზიტორები წერენ: შეიკეტება თავის ოთახში და თავისი მუზაც მოუვა. თუ კარგი მუზა მოუვიდა, მუსიკაც კარგი გამოდის. ერთი-ორჯერ მეც ვცადე მუსიკის დაწერა, მაგრამ არ გამომივიდა. სანამ გავიზრდები, ბაბუა, ალბათ, მასწავლის, ოღონდ, თუ ნოტები არ იცი და ნიჭი არ გაქვს, მუსიკას მარტო მუზით ვერ დაწერ. მე, ბაბუასგან განსხვავებით, ოთახში არ ვიკეტებოდი და აქ, დიდ ოთახში, ჩემთვის ვწერდი მუსიკას. ისეთს ვერ დავწერდი, როგორსაც ბაბუა წერს, მაგრამ... მას უნდა, რომ კომპოზიტორი გავხდე, მაგრამ მე ჯერ ვერ გავიგე, ვინ უნდა გამოვიდე, ის კი ვიცი, რომ ცნობილი უნდა ვიყო.
– რატომ, კარგია, როცა ცნობილი ხარ?
– კარგია, მაგრამ ძალიან ცნობილი არ უნდა იყო, როცა მთელი ქვეყანა გიცნობს, ათას ჭორებს იგონებენ შენზე და განერვიულებენ. აი, მაიკლ ჯექსონს მთელი მსოფლიო რომ იცნობდა, იმიტომ ჭორაობდა ყველა მასზე, ბაბუა მასეთი ცნობილი რომ არაა, თავიც რომ მოიკლან, მასეთ რამეებს ვერ დააბრალებენ. მე ეს არ მომწონს ცნობილობის, მირჩევნია, ისე ვიყო, როგორც დედა და მამა არიან.
– სად მუშაობენ დედა და მამა?
– დედა ოპერაში და კონსერვატორიაში, მამიკო კი ისეთ ადგილზე მუშაობს, რომ სულ არქიტექტორი მგონია, მაგრამ არქიტექტორი არ არის, რაღაც მაგდაგვარია, ქალაქებს აშენებს – მამიკომ ააშენა სიღნაღი, ეხლა აკეთებენ ბათუმს, მერე თელავზე გადავლენ და ბოლოს თბილისსაც მივხედავო. ალბათ, ეს ქალაქებიც ისეთი ლამაზი გამოუვათ, როგორიც გამოუვიდათ სიღნაღი.
– მე სიღნაღი მიხეილ სააკაშვილის აშენებული მეგონა...
– სულ ტყუილად გგონიათ, ის მარტო ჩავიდა იქ და გახსნა, მამიკომ და მისმა მეგობრებმა ააშენეს...
– მე მგონი, ბაბუას მიშა სააკაშვილი მაინცდამაინც არ მოსწონს.
– ხო, მე მგონი, ასეა, მე ვურჩევ ხოლმე, რომ იქნებ, სხვა თვალით შეხედოს და მოეწონოს, მაგრამ მაინც არ მოსწონს. ტელევიზორში რომ დაინახავს, გინებას იწყებს, ისიც, მაგის ჯინაზე, სულ ტელევიზორშია. ჩემი აზრით, ბაბუას მიშა მას შემდეგ არ მოსწონს, რაც კომპოზიტორთა სახლი ჩამოართვეს. მოეწონა კომპოზიტორთა სახლი და ბუნება და იმიტომ უნდოდა თავისთვის, მაგრამ მაინც არ ისვენებს იქ, სულ უცხოეთში უყვარს სიარული. ეგ სახლი თურმე კომპოზიტორებმა თავიანთი ნაშრომი ფულით გააკეთეს, თურმე, გაყიდვა უნდათ მაგ სახლის ვიღაცეებს, მაგრამ ბაბუ ამბობს, ვერ გაყიდიანო. იმ სახლში მეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ეხლა ვეღარ დავდივართ – რაც მიშამ ჩამოგვართვა, ხაშურში და ბაღდათში ვისვენებ.
– გამოდის, რომ შენც არ მოგწონს პრეზიდენტი.
– მე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, „კურიერს“ მანამდე არ ვუყურებ, სანამ ამინდი არ დაიწყება, არც ერთი პოლიტიკოსი არ ვიცი, პრეზიდენტის გარდა. ვერ გავიგე, ამდენი რა აჩხუბებთ. ხან არჩევნებზე ჩხუბობენ, ხან – ხმებზე.. არა, არა, საერთოდ არ მომწონს ეგ სამსახური, ამქვეყნად პოლიტიკოსობის გარდა არაფერი რომ არ არსებობდეს, პოლიტიკოსი მაინც არ გამოვალ.
– შენ ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
– ბევრი რამე მომწონს, მაგალითად, პიანისტობა. ყოველ წელს ვუკრავ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. კიდევ, მინდა, ვიყო მოცეკვავეც, ბავშვები მასწავლებლობანას ვთამაშობთ ხოლმე და მომწონს ეგ საქმე, მაგრამ მე ვერ გამოვალ მასწავლებელი – მარტო თამაში კარგია, სინამდვილეში რომ უნდა მოუარო მარტომ ათ ცელქ ბიჭს, ვერ შევძლებ. თუ ეხლა სუხიშვილებში კარგად ვიცეკვე, შეიძლება მოცეკვავეც გავხდე.
– უცხოეთში ხომ არ აპირებ წასვლას?
– დროებით მინდა, რომ წავიდე ამერიკაში და საფრანგეთში. მინდა ვნახო რომის კოლიზეუმი. იქნებ იქ ძველ რომაელებსაც მივაგნო. ფილმებში მინახავს, რომ იქაურობა ძალიან ლამაზია. მინდა, ვნახო ძველი კოშკები, სადაც ცხოვრობდნენ მეფეები, დედოფლები და მათი შვილები. თავისუფლების ქანდაკებაზე მინდა ავიდე... ნეტავ, მამიკოს კარგი პრემია მისცენ და, ხომ წამიყვანდა ამერიკაში?! (იცინის) ამ სურვილს ჯერჯერობით ვერავინ მისრულებს. ისევ მამიკომ უნდა მიშველოს. ბაბუამ თვეში სამი-ოთხი სიმღერაც რომ დაწეროს, მაგდენ ფულს მაინც ვერ მოაგროვებს. თვითონაც ძლივს წავიდა პარიზში. მაშინ, როცა თავისუფალ ქვეყანაში არ ვცხოვრობდით, ალბათ, ძალიან ცუდი იყო: ხალხი ვერსად ვერ დადიოდა, ქართველს აუცილებლად ქართველი უნდა შეერთო ცოლად, ეხლა კი, თავისუფლები რომ ვართ, თუ გინდა ზანგზე გათხოვდები და თუ გინდა ანტრაქტიდელზე.
– თეკლა, ამ სახლში ყველაზე მეტად ვინ განებივრებს?
– ბაბუა. სადაც არ უნდა წავიდეს, ჩემთვის რაღაცეები მოაქვს, ეხლა დაბადების დღეზე ასი ლარიც კი მაჩუქა. ორივეს ძალიან გვიყვარს შოკოლადები და სულ მოაქვს ხოლმე ჩემთვის, ბებია გვიმალავს ხოლმე შოკოლადს, მაგრამ მე ყველა სამალავი ვიცი და მაინც ვპოულობ, ხანდახან ბაბუს კონკურენციას ვუწევ და მის შოკოლადსაც მივირთმევ (იცინის). ბებია ამაზეც ბრაზობს, სულ მეჩხუბება – მსუნაგი ნუ ხარო, მე მიყვარს გემრიელი საჭმელები, როცა კონცერტზე კარგად დავუკრავ, მხოლოდ ამის შემდეგ წამიყვანს ხოლმე ბებია სახინკლეში, სადაც ხინკალსაც ვჭამ, ქაბაბსაც და მწვადსაც. ბებო ამბობს, რომ ქრთამისტი ვარ და მარტო იმ კონცერტებზე მიყვარს წასვლა, რომლის შემდეგაც გემრიელი ბანკეტი იმართება. ისე არც ტყუის – როცა კონცერტია ვკითხულობ ხოლმე, ბანკეტი იქნება-მეთქი? ერთ ბანკეტზე მარტო ჩხირებიანი მოცუცქნული ბუტერბროდები მოიტანეს და საერთოდ არ მომეწონა, სულ მშიერი დავრჩი (იცინის).
თამუნა სამადაშვილი