მარიამ კახელიშვილი “საბავშვო ევროვიზიაზე„ წარდგება
სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს ღირსებას უნიჭიერესი მარიამ კახელიშვილი დაიცავს. მარიამი მაყურებელმა პროექტ „ნიჭიერით“ გაიცნო და ახლა ის უკვე მთელი ევროპის დასაპყრობად ემზადება. ქასთინგის შედეგად, სადაც „ევროვიზიაზე“ წასვლის მსურველებმა თერთმეტი ნომერი წარმოადგინეს, მარიამი შეირჩა სიმღერით „მარი დარი“, რომელიც მომღერალს გიგა კუხიანიძემ დაუწერა. სხვათა შორის, სწორედ გიგაა მარიამის პროდიუსერი და სიმღერის ტექსტის ავტორიც. „ევროვიზიაზე“ მომღერალი 10 ნოემბერს გაემგზავრება, ფინალური კონცერტი კი მინსკში 20 ნოემბერს შედგება. კონცერტზე მარიამი იმ ნომერს აჩვენებს, რომელიც აქ ნახა მაყურებელმა. დიზაინერ მარიკა ქურდობაძის კაბაში გამოწყობილი უსაყვარლესი მარიამი ეცდება, თავისი საოცარი ნიჭითა და მხიარული სიმღერით გამარჯვება მოიპოვოს. ჟურნალის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ გოგონას.