რა ინტრიგებია ჩახლართული ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის გარშემო და როგორ გადაწყვეტენ ნაფიცი მსაჯულები მის ბედს
19 ოქტომბერს რეჟისორი გიორგი ლიფონავა ასრულებს ახალი სამსერიანი სატელევიზიო ფილმის გადაღებას. მიშა მშვილდაძის სცენარის მიხედვით დაწყებული ფილმი შემქმნელებს უკვე უტოვებს იმედს, რომ ის აუცილებლად გახდება წარმატებული, რადგან ისეთ ახალ თემას ეხება, როგორიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია. სცენარისტისთვის, როგორც ჩანს, ეს თემა ინსპირაციის მიზეზად იქცა და შეიქმნა ფილმი, სადაც მთავარი გმირები სწორედ ნაფიცი მსაჯულები არიან. განსხვავებული ასაკის, პროფესიის, სოციალური მდგომარეობის, ხასიათის ადამიანები წყვეტენ ერთი პიროვნების, მსჯავრდებულის ბედს, რომელსაც ბრალი საშინელ, ენით აუწერელ დანაშაულში ედება. ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გაარკვიონ, მართლა მოკლა თუ არა ახალგაზრდა კაცმა ფეხმძიმე მეუღლე. საინტერესოა, რომ ფილმის დასაწყისში თორმეტი ნაფიცი მსაჯული, რომელიც შეირჩა ამ პროცესისთვის, აბსოლუტურად არ არიან დაინტერესებული თემით და ერთი სული აქვთ, როდის მოიხდიან მოვალეობას, დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებსა და ოჯახებს. მაგრამ, პროცესი იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდება მათთვის, რომ თორმეტივე მთელი არსებით შეუდგა სიმართლის დადგენას. ფილმში მონაწილეობენ: ნიკა კუჭავა, ბაია დვალიშვილი, თემო გოგიძე, ვახო ჩაჩანიძე, თამარ ქოთილაიძე, ქეთი ასათიანი, ვალერი ყორშია, ნუგზარ ჩიქოვანი, გაგა ჩიხლაძე და სხვები. ფილმი 21 ან 22 სექტემბერს გავა „რუსთავი 2-ის“ ეთერში და სამივე სერიას თანმიმდევრობით ვნახავთ ყოველ საღამოს.