კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხიბლავს ქალებს მაესტრო მორისი და რა ანტიდეპრესანტი საშუალებით მკურნალობს ის მათ

ცეკვა ოდითგანვე ადამიანის ინტერესის საგანი იყო. კაცობრიობამ წერასა და კითხვაზე ადრე, ფერხულში ჩაბმა და კაცელკოატლებისა და არალეების საამებელი როკვა ისწავლა. მუსიკოსები იმასაც ღაღადებენ: „პირველად იყო მუსიკაო”. ფაქტია, რომ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის მიმართ ინტერესი არ ცხრება. ცეკვა სერიოზული თერაპიული საშუალებაცაა განტვირთვისა და გუნების გამოკეთებისთვის. ამბობენ, წყვილთა ყველა ცეკვას სექსუალური მიზიდულობა უდევს საფუძვლადო. ცეკვისას აღძრულ ემოციებსა და მის მიერ მოტანილ სიკეთეებზე სასაუბროდ ლათინოამერიკული ცეკვების ცნობილ შემსრულებელს – მაესტრო მორისს სტუდიაში ვეწვიეთ.



მაესტრო მორისი: ცეკვა 12 წლის ასაკიდან დავიწყე, მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ ამის განსაკუთრებული ნიჭი მქონდა. ცეკვა ჩემთვის სულის მდგომარეობაა, ჰარმონიის მიღწევის, შინაგანის გამოხატვის ხერხი და არა – უბრალოდ, კარგი პლასტიკა ან ილეთების ცოდნის დემონსტრაცია. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მინდოდა, მოცეკვავე გავმხდარიყავი და ქართული ცეკვების შესწავლა. პიონერთა სასახლეშიც კი მივედი ცეკვის წრეზე. არ მიმიღეს, მიღება მესამე კლასიდან იყო, მე მეხუთე კლასში ვიყავი და ჯგუფის ფონზე ძალიან დიდი ვჩანდი. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ჩემს სკოლაში ცეკვის ახალგაზრდა პედაგოგები მოვიდნენ, ნიჭიერ ბავშვებს არჩევდნენ. ხელოვნების მუშაკთა სახლში სამეჯლისო ცეკვების სკოლა-სტუდია გახსნეს, მეც მივედი. აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.

რა თქმა უნდა, ჩემი ყურადღება უფრო ლათინოამერიკულმა ცეკვებმა მიიპყრო. მას მერე, დაახლოებით, 7 წლის განმავლობაში, აღარ ვცეკვავდი ლათინოამერიკულ ცეკვებს, თავი დავანებე, სხვა ჟანრმა გამიტაცა. 1987 წელს „ბრეიქ დანსში“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი.

სხვათა შორის, ამ ცეკვებს გოგონებიც ცეკვავდნენ რუსეთში. მე მაშინ საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი, რუსეთში ვცხოვრობდი.

საერთოდ, რუსეთში ცეკვა, სპორტული ცეკვები, სპორტი ძალიან პოპულარულია. ჩემი უფროსებიც და ჯარისკაცებიც ჩემი საქმიანობის დიდი დამფასებლები და გულშემატკივრები იყვნენ. არტისტული, საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობდი: ცეკვა, კონცერტები, კონკურსები, საღამოები... ასე, ცეკვა-თამაშით დამთავრდა ჩემი ჯარისკაცობა (იცინის).

ხელოვნებასთან საერთოდაც ახლოს ვარ. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული.

– ემოციური ადამიანი ხართ?

– ემოციური ვარ საკმაოდ, როგორც ქართველების უმეტესობა. ალბათ, თავადაც ხედავთ. მგრძნობიარე, ტემპერამენტიანი ადამიანებისთვის ლათინოამერიკული ცეკვების შესრულება გაცილებით უფრო ადვილია. თუმცა, გააჩნია მოცეკვავესაც.

– როგორ შეიძლება ცივმა და თავშეკავებულმა ადამიანმა ასეთივე გზნებით იცეკვოს, როგორც თავად ამ ცეკვის შემქმნელმა ერმა? ტრანსფორმაცია ხდება ცეკვის დროს?

– რასაკვირველია, ტრანსფორმაცია ხდება. უნდა იპოვო საკუთარ თავში ძალა და ნიჭი, რომ გარდაისახო. მაგრამ, ცეკვა არის სულის ამოძახილი, შინაგანი მდგომარეობა. განწყობა ცეკვაში განსხეულდება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მათ შორის ცეკვაშიც. უემოციოდ ამ ცეკვების შესრულება ძალიან ძნელია. თუ შენგან პოზიტივი არ მოდის, ბობოქარი განცდები, გზნება, ვერ იცეკვებ. თავადაც მიცეკვია და სხვასაც ვამჩნევ, როცა ასე, უსულგულოდ ცეკვავს. კიდევ ვიმეორებ, ტექნიკურად კარგად შესრულებულ ილეთებს, უნდა ახლდეს რაღაც ისეთი, რაც პარტნიორში, მაყურებელში საპასუხო რეაქციას გამოიწვევს. მეორე მხრივ, გადაჭარბებული, ზედმეტი განცდით ცეკვაც თავისებური პროფანაციაა და არასერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს მის მიმართ. 

– რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?

– ძირითადად, ეს ხდება კონკურსებზე, სადაც შეჯიბრება პრინციპია, ან კიდევ, ასე, ახალგაზრდა, გამოუცდელ კონკურსანტებს ემართებათ. ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ ზედმეტი ემოციაც და ემოციის ნაკლებობაც დაძაბულობაა. ასეთ დროს წყვილი ძირითადად მსაჯისთვის, ჟიურისთვის ცეკვავს. სულ ფიქრობს, არ წაიბორძიკოს, რამე არ შეეშალოს, ზუსტად შეასრულოს ილეთი. თავისთავად, კონკურსი შინაგან დაჭიმულობას წარმოშობს ბევრ ადამიანში, ამიტომ კონკურსანტები სუფთა ტექნიკურ შესრულებაზე ფიქრობენ და არა იმაზე, მათ სახეზე, თვალებში რას კითხულობს სხვა.

– რატომ, ქართველ მამაკაცებს ირონიული დამოკიდებულება აქვთ ცეკვის მიმართ?

– არა, რატომ ირონიული და აგდებული. ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობი მამაკაციც აღფრთოვანებულია ჩემი ცეკვის სტილით, ტექნიკით, პლასტიკით, თავისთავად, ცეკვებით. პირიქით, შურდათ კიდეც ჩემი: „რა მაგარია, ყველა გოგო შენ გეცეკვებაო” (იცინის). მე ხომ ამ ცეკვების ცოდნა დედის მუცლიდან არ დამყოლია, ყველაფერს სწავლა სჭირდება, დრო და საფუძვლიანი მიდგომა. ქართველი მამაკაცების უმრავლესობას, კომპლექსი უფრო აქვს. საერთოდ, ქართველი მამაკაცები სპორტს, ცეკვას ნაკლებად მისდევენ. რაღაცნაირად ეუხერხულებათ, თუნდაც წვეულებაზე ცეკვა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს მამრობითი სქესის წარმომადგენლებიც მომრავლდნენ ჩვენს სტუდიაში (იცინის). 

– თქვენთვის ძალიან მძიმე და რთულ მომენტში თუ გიცეკვიათ?

– კი, ყოფილა ასეთი. დედა გარდამეცვალა, საშინლად განვიცდიდი. ისე მოხდა, რომ მაშინ ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო ცეკვის სტუდია იყო. ჰოდა, მეც ვცეკვავდი, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ვერ აგიწერთ, რა ძნელია, შენი მწუხარება მოვალეობით დათრგუნო. საქმე და საჭიროება შენ პირად ტრაგედიას არ ცნობს. მაგრამ ამ შემთხვევაში მთლიანად მიეცე ცეკვას, მთელი არსებით, სულით და გულით, წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ არსებობს. ეს შესრულების მანერას ყოველთვის ეტყობა, თვალებს ეტყობა. ცეკვა ერთგვარი ტრანსია, სხვა განზომილებაა, როცა ცეკვავ, თითქოს ირგვლივ აღარაფერი არსებობს, მარტო შენთვის ცეკვავ, შენი სიამოვნებისთვის – შენი ფიქრით, შენი დარდით. თუ პროფესიონალი ხარ, უნდა გარდაისახო, რაღაც გარღვევა მოახდინო. სხვათა შორის, ახალს ნამდვილად არაფერს ვამბობ, მაგრამ მოცეკვავეს აუცილებლად სჭირდება არტისტიზმი, პლასტიკასთან ერთად ცეკვის გათავისებაც უნდა შეეძლოს. 

– ადრე ცეკვები, ძირითადად, სარიტუალო და სატრფიალო ხასიათის იყო. თქვენ გიცეკვიათ ქალის მოსახიბლად?

– რამდენჯერაც გნებავთ და წარმატებითაც. სხვასაც უცეკვია ჩემთვის. რასაკვირველია, ცეკვის ერთ-ერთი დანიშნულება ოდითგანვე კეკლუცობა, გაპრანჭვა, საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლა იყო. ეს ყველა ცეკვაში დევს. მსოფლიოს ხალხთა ცეკვების უმეტესობაში გრძნობა, ვნება, ლტოლვა, საკუთარი სხეულისა და პლასტიკის წარმოჩენის სურვილი ერთმანეთშია გადახლართული. ერსაც გააჩნია, ზოგში მეტად ცეცხლოვანი გამოხატულება აქვს, ზოგში ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ცეკვა ძალიან გრაციოზულია, დინამიკური და ამავე დროს მოკრძალებული, ნაზი, მასში აშკარაა ძალიან დიდი ეროტიზმი, ოღონდ ფარული. საერთოდ მიმაჩნია, რომ ასეთი მრავალფეროვანი, განსხვავებული, ჭრელი ეთნოცეკვები არავის აქვს, უნიკალურია. ასეთი სხვაობა ხასიათში, ამხელა ექსპრესია, სინაზე, თან უზომოდ დიდი პატივისცემა, და ამავდროულად, ერთმანეთის ნდომა და სურვილი, მგონია, მარტო ჩვენს ცეკვაშია. ლათინოამერიკულ ცეკვაში სექსუალობა უფრო აშკარაა, თუმცა აუცილებელი არაა, პარტნიორს მიწებებულივით აეკრა და ისე იცეკვო. ლათინურ ცეკვებში წამყვანი, აქტიური – მამაკაცია.

– არადა, თითქოს ქალი ძალიან აქტიური და ცეცხლოვანია ამ ცეკვებში. 

– აქტიურია, მაგრამ არა წამყვანი. უამრავი ილეთია ლათინურ ცეკვებში. შეგიძლია, თავადაც მოიგონო მოძრაობები. მე საერთოდ, იმპროვიზაციის მომხრე ვარ. დადგმულ ცეკვას ბევრად მირჩევნია თავისუფალი, ლაღი, იმწუთიერი ცეკვა. დადგმული ცეკვები არ მიყვარს. წინასწარ გაზეპირებულ ილეთებზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რა გრძნობით ვცეკვავ. ცეკვაში ადამიანის ხასიათი, პიროვნული მეც ჩანს. ყველა მაინც ინდივიდუალურად ცეკვავს, თუმცა ზოგადი მონახაზი იგივეა. წეღან ვთქვი, ცეკვა ერთგვარი ტრანსია-მეთქი. ალბათ, სარიტუალო დანიშნულებაც ამიტომ ჰქონდა. არის მომენტი, როცა განსაკუთრებულად კარგად ცეკვავ, თითქოს რაღაც ზებუნებრივთან, კოსმოსთან ამყარებ კავშირს.

– თქვენ გაგჩენიათ ლტოლვა პარტნიორის მიმართ?

– დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ ლათინოამერიკული ცეკვების შემსრულებელი წყვილი უმრავლეს შემთხვევაში ცოლ-ქმარი ხდება. პრაქტიკაში, ეს კარგად აპრობირებული ამბავია (იცინის). თავად ცეკვის სტილია ისეთი, რომ გიბიძგებს ამისკენ. დისტანცია მოცეკვავეებს შორის ძალიან მცირეა. ქართული ცეკვისგან განსხვავებით, იქ ერთმანეთს ეხებიან, ეალერსებიან, ერთმანეთს ეკვრიან. შეუძლებელია, ამან, გარკვეულწილად, ურთიერთლტოლვა არ დაბადოს ადამიანებში. თანაც, დიდი ხნის პარტნიორობა წყვილში გარკვეულ შეჩვევას იწვევს. ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ რაც ვცეკვავ, ჩემი მუდმივი პარტნიორი ჩემი დაა. ბავშვობაში ჩემი მეწყვილე რომ ვნახე, საშინლად არ მომეწონა ვიზუალურად. თორმეტი წლის ბიჭი ვიყავი და ასეთ რამეებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ჩემთვის. გადავწყვიტე, ჩემს დასთან მეცეკვა და ასე შევრჩით ერთმანეთს, თორემ ჩემი მეწყვილე ჩემი მეუღლე იქნებოდა უეჭველად. 

 ცეკვა მართლა სერიოზული თერაპიაა დეპრესიიდან გამოსაყვანად, ზოგჯერ წამლებით მკურნალობაზე კარგი ეფექტიც აქვს. ჯერ ერთი, მოძრაობ, ენერგიას ხარჯავ, მთელი არსებით ცეკვავ და გრძნობ საკუთარ სხეულს; მერე ერთობი, ადამიანებთან ურთიერთობას ამყარებ, რაც ყველასთვის ძალიან საჭიროა. 

– აღმოსავლური ან მსოფლიოს ხალხთა ცეკვების შესრულება არ გიცდიათ?

– სიმართლე გითხრათ, არა. როცა ადამიანი მოცეკვავე ხარ ყველა სახის ცეკვას ადვილად სწავლობ. ამას ნიჭი უნდა, თუ ნიჭი არ გაქვს, ვერ გიშველის ყველაზე თავდადებული შრომაც კი, რაღაც ეტაპზე გაჩერდები. ძალიან საინტერესო ცეკვაა ფლამენკო, ესპანელი ბოშების ცეკვები, აკადემიური ევროპული სახეობები... თუმცა, ყველაზე მეტად მაინც არგენტინული „ტანგო“ და „სალსა“ მიყვარს, რომელსაც ფანტასტიკური, რთული და ჩახვეული მოძრაობები აქვს.

აღმოსავლურ ცეკვებს რაც შეეხება, ეს მარტო ფოლკლორი არ არის. ეს მათი ცხოვრების სტილი და ფილოსოფიაა, რომლითაც ბავშვობიდან იზრდებიან, მაგალითად, ინდოეთსა და არაბეთში. თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაზე ახლოს ქართველისთვის, საკუთარის შემდეგ, ლათინოამერიკული ცეკვებია. ვერ ვხვდები, რატომ გიჟდებიან „რივერდანსზე“, უბრალოდ, კარგი წყობა და რიტმი აქვს, ჩემთვის პირადად ძალიან ერთფეროვანი და არასანახაობრივია.

 

скачать dle 11.3