კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეძლებს პუტინი პრეზიდენტობის მეორედ მსურველი მედვედევის გზიდან ჩამოშორებას და რატომ ეპატიჟებიან რუსეთს ნატოში


ფაქტია, რომ დასავლეთი რფ-ის ლიდერად პრეზიდენტ მედვედევს აღიარებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რფ-ის რეალური მმართველი პრემიერ-მინისტრი პუტინია და მედვედევის პრეზიდენტობის ფუნქცია პუტინის ხელისუფლების პირველ პირად დაბრუნების უზრუნველყოფაა. მეორე მხრივ, სულ ახლახან რფ-ის პრეზიდენტმა პრეზიდენტის სკამზე მეორედ დაჯდომის სურვილი ხმამაღლა გამოთქვა, თანაც შემდეგი „სოუსით“: ჩემ მიერ დაწყებული გარდაქმნების ბოლომდე მიყვანა ერთ საპრეზიდენტო ვადაში შეუძლებელიაო. შესაძლოა, საპრეზიდენტო მადა მისადმი დასავლეთის გამოკვეთილმა სიმპათიამაც გაუღვიძა, რამაც ჩვენ გვაფიქრებინა, რომ დასავლეთი მედვედევს მეორე გორბაჩოვად ამზადებს. თუკი ოციოდე წლის წინათ დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის დაშლა იდგა, ხომ არ მომწიფდა დასავლეთი ახლა უკვე რფ-ის დასაშლელადაც? თემაზე პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გვესაუბრება.



– მედვედევის ხელით ხომ არ აპირებს დასავლეთი რუსეთის ფედერაციის ერთიანობისა და პუტინის ერთპიროვნული ძალაუფლების შელახვას?

– გორბაჩოვი იმისთვის კი არ მოამზადეს, რომ საბჭოთა კავშირი დაეშალა?! ეს მას თავისი უჭკუობით მოუვიდა. ამიტომაც, პირიქით, დასავლეთს მიაჩნია, რომ მედვედევი უფრო ჭკვიანია და ასეთ სისულელეს არ გააკეთებს, ანუ არ დაშლის რუსეთს. დასავლეთისთვის რუსეთის დაშლა სრული კატასტროფა იქნება, ჩვენთვის ხომ საერთოდ – სიკვდილი, იმიტომ რომ მაშინ ჩრდილო კავკასიაში გაიმარჯვებს ფუნდამენტალიზმი, აგრესიული ისლამი, რომელიც ისე მიგვახრჩობს, ვერც ნატო გვიშველის და ვერც ვერავინ. ვოლგისპირეთიც, ალბათ, ისლამს დარჩება, თუმცა შორეული აღმოსავლეთი – იაპონიას ან ჩინეთს. ციმბირს, ალბათ, ისევ შუა აზიის ქვეყნები წაიღებენ, რადგან ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ადგილი არ ჰყოფნით. ინტერნეტში წავიკითხე, რომ ნოვოსიბირსკსა თუ ირკუტსკში სამჯერ მეტი მეჩეთია, ვიდრე მართლმადიდებლური ტაძარი. დასავლეთს, თავის დროზე, საბჭოთა კავშირის დაშლა არ უნდოდა ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ერთმანეთს დაერევითო და ასეც მოხდა; მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ, რადგან არ გაქვთ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, დამყარდება ავტორიტარული რეჟიმები, შეიქმნება პოლიციური სახელმწიფოებიო და ასეც მოხდა. დასავლეთი იმედოვნებდა, რომ გორბაჩოვის მეშვეობით ვაშინგტონიდან ადვილად შეძლებდნენ, ემართათ საბჭოთა კავშირის ნაწილები, ანუ დემოკრატიას ვაშინგტონიდან მართავდნენ მოსკოვის მეშვეობით. ეს გეგმა არასერიოზული და გულუბრყვილო აღმოჩნდა და ყველაფერი გამართლდა, რისაც ეშინოდათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში.

– აბა, რისთვის სჭირდებოდათ გორბაჩოვი?

– რომ ერთპარტიული სისტემა შეცვლილიყო მრავალპარტიულით, რაც ნიშნავს, რომ ტოტალიტარიზმი შეცვლილიყო დემოკრატიით და სოციალისტური ეკონომიკა გარდაქმნილიყო კაპიტალისტურ ეკონომიკად. ამ გულუბრყვილო იდეის ასრულება შეუძლებელი იყო და, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. დღეს კი გაცილებით უარესი სიტუაცია შეიქმნება რუსეთის დაშლით, თუმცა, ადრე თუ გვიან, რუსეთის დაშლა გარდაუვალია. ამდენად, იმის თქმა, რომ მედვედევის პრეზიდენტად მეორედ დასმა რუსეთის დასაშლელად უნდათ, არასწორია. მაგრამ უნებურად შესაძლოა, იგივე მოხდეს, რაც გორბაჩოვის დროს მოხდა, რასაც დასავლეთისთვის უარესი შედეგი მოჰყვება. დღეს ისლამსა და დასავლეთს შორის დგას რუსეთი, რომელიც თავს იწონებს იმით, რომ ევრაზია ვართ, ჩვენი მოსახლეობის მესამედი მუსლიმანია და ისინი ყველაზე წესიერები არიანო, თუმცა როგორ არიან ყველაზე წესიერები, იმის გათვალისწინებით, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, გაუგებარია. ფაქტია, რომ დღეს ჩრდილოკავკასიელი ისლამისტები ებრძვიან რუსეთს და, როდესაც რუსეთი აღარ იქნება, ისინი დაუპირისპირდებიან დასავლეთს.

– და მეზობლებს, მათ შორის, ჩვენც?

– დიახ, თუ ძალიან ბევრს ვიძახებთ, ევროპელები ვართო, მათ ევროპელი ამ ტერიტორიაზე არ სჭირდებათ, არადა ჩვენ, როგორც ყველი ხაჭაპურში, ისე ვართ ჩაჭედილი ამ ისლამურ სამყაროში. ამდენად, დასავლეთში ყველამ იცის, რომ მათ გაცილებით უფრო სჭირდებათ მოკავშირედ რუსეთი, რათა ის საფრთხეს უქმნიდეს ისლამურ სახელმწიფოებს და არა მათ. რუსეთის დაშლის შემთხვევაში კი, დასავლეთი მიიღებს გაძლიერებულ ისლამს და ეკონომიკურად გაძლიერებულ ჩინეთს, რომელიც წაიღებს რუსეთის დიდ ნაწილს. ვიმეორებ, ჩინეთის შემაკავებელი ფაქტორი მაინც რუსეთია. ასე რომ, სწორედ აგრესიული ისლამისა და ჩინეთის შესაჩერებლად სჭირდება დასავლეთს რუსეთი, თორემ, აბა, მეტი ვინ შეაჩერებს მათ?! დასავლეთი?! ჩვენმა გაზეთებმა, რატომღაც, დაცინვით დაწერეს ამის შესახებ, ვატიკანში გამოსულა წამყვანი მღვდელმთავარი და უთქვამს, ევროპაშიც ისლამი იმარჯვებს და ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება, ბევრი ბავშვი გააჩინოთ, იქნებ რაოდენობრივად მაინც ვაჯობოთო. დღეს ევროპელები უკვე რაოდენობრივადაც აგებენ ისლამთან და ევროპის ისლამიზაცია ხდება. ვინც სერიოზულ დასავლურ ჟურნალებს კითხულობს, იცის, რომ დასავლეთს არ უნდა რუსეთის დაშლა, მათ უნდათ რუსეთის ეკონომიკურად გაძლიერება.

– მაგრამ ეკონომიკურად ძლიერი რუსეთი რომ ავტომატურად ნიშნავს სამხედრო მიმართულებით გაძლიერებულ რუსეთსაც?

– მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს, მაგრამ ყველაზე საინტერესო სხვა რამაა. მოსაზრებას, იქნებ ნატოში მიგვეწვია რუსეთიო, ანგელა მერკელმა უპასუხა, გაგვიხარდება, მაგრამ ეს თვითონ რუსეთის გადასაწყვეტიაო. ესე იგი, ლამის ნატოს სახვეწარი გაუხდა რუსეთის მიწვევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატოში ერთიანი სამხედრო კონტროლია, რთული სათქმელია, მოინდომებს თუ არა რუსეთი, მისი ყველა სამხედრო საიდუმლოებები გაიგონ, ისევე, როგორც, მოუნდება თუ არა ამერიკას, რუსეთმა გაიგოს მისი სამხედრო საიდუმლოება. ამდენად, ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ გააკეთა, ცოტა არ იყოს, ცინიკური განცხადება ჩვენი მისამართით ნატოელმა მაღალჩინოსანმა. თავს იკლავთ ნატოში შესვლაზე და ხომ ხედავთ, ვერ შედიხართ, ამიტომ რუსეთში შედით, რუსეთს მივიღებთ ნატოში და თქვენც ნატოში აღმოჩნდებითო. სხვათა შორის, ამ განცხადებას აქვს წინაპირობა, კერძოდ, წლების წინათ, რამდენიმე სპეციალისტი ვისხედით ამერიკის საელჩოში და, სწორედ მაშინ დაიწყო პირველად ლაპარაკი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ამერიკის მაშინდელმა ელჩმა თქვა, თუ ნატოში გინდათ, ისტორიულად ხომ თურქეთის ნაწილი იყავით, დაბრუნდით თურქეთში და ავტომატურად გახდებით ნატოს წევრიო. ერთ-ერთმა ჩვენგანმა წამოიკნავლა, ჩვენ ხომ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვსო, მაგრამ ამერიკელმა გაიკვირვა, ნატო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა და რა შუაშია სარწმუნოებაო. თუ მაშინ ამ არგუმენტის თქმის საშუალება მაინც იყო, რუსეთთან დაკავშირებით, ეს არგუმენტიც აღარ გვექნება. ეს ლირიკული გადახვევა იყო, ისევ ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთ: რუსეთში ორი წლის შემდეგ იქნება საპრეზიდენტო არჩევნები.

– და ყველასთვის მოულოდნელად, მედვედევს გაუჩნდა მეორედ გაპრეზიდენტების ამბიცია.

– აღმოჩნდა, რომ გაუტკბა და არ შეიძლება, არ გაგიტკბეს, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ. მედვედევმა თქვა, იმდენი რამ დავიწყე, რომ დარჩენილ ორ წელიწადში ვერ დავამთავრებ გარდაქმნასო და ამან ყველას გორბაჩოვი და „პერესტროიკა“ გაგვახსენა. მოდი, გავიხსენოთ, როგორ იქმნებოდა დასავლეთში, თავის დროზე, გორბაჩოვის მითი: გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გორბაჩოვი საბჭოთა სოფლის მეურნეობას კურირებდა.

– ასე მახსოვს, რომ გორბაჩოვი სტუდენტობამდე „ექსკავატორშჩიკად“ მუშაობდა?

– ჩვენი მეზობელი იყო, კრასნოდარელია, სოფელში გაზრდილი, განსხვავებით ელცინისგან, რომელიც სვერდლოვსკში, ინდუსტრიულ ზონაში დაიბადა და მუშა იყო. ერთი მუშა, მეორე – გლეხი. მოკლედ, გორბაჩოვი თავის მეუღლესთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში ვენახების დასათვალიერებლად. მარტო ჩავიდა. თვითონ იჯდა მანქანის საჭესთან და სოფლიდან სოფელში დადიოდნენ. ცხადია, იქაური კონტრდაზვერვა ძალიან დაინტერესდებოდა და მის თითოეულ ნაბიჯს ადევნებდნენ თვალს. ვერაფერი რომ ვერ იპოვეს, გაოგნდნენ. შემდეგ წელს ისევ მეუღლესთან ერთად ლონდონში გაფრინდა. დასეირნობდნენ ლონდონში და, როდესაც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ აღმოჩნდნენ, გორბაჩოვმა რეზიდენციის დათვალიერება მოინდომა. აუხსნეს, რომ მარგარეტ ტეტჩერი არ იმყოფებოდა რეზიდენციაში, მაგრამ დაიჟინა, მით უმეტეს, სტუმრად კი არ მივდივარ, მინდა, ვნახო, როგორ არის მოწყობილი რეზიდენციის ოფიციალური ნაწილიო. გაგიჟდა ლონდონის პრესა, რადგან ეს სითავხედის უმაღლესი დონე იყო. ბოლოს ტეტჩერმა თქვა, შეუშვით, ოღონდ უყურეთ, რამე აპარატურა არ დადგასო, რა თქმა უნდა, ეს იუმორით დასძინა. თურმე მართლაც დათვალიერება უნდოდა.

– რატომ ჩაითვალა, რომ გორბაჩოვი პირველი საბჭოთა დემოკრატი იყო? მხოლოდ იმიტომ, რომ ვენახები და პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია დაათვალიერა დაუპატიჟებლად?

– დემოკრატიას, მოგეხსენებათ, ორი მნიშვნელობა აქვს. ფართო გაგებით, ის გულისხმობს სხვადასხვა თავისუფლებებს, მეორე მხრივ, საბჭოთა სისტემა დემოკრატიის მეორე გაგებას ნერგავდა: ყველა თანაბარია, არავინაა პრივილეგირებულიო. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საბჭოთა სისტემაში დიდი ბობოლები სხვანაირად ცხოვრობენ, ხალხი კი – სხვანაირად. საბჭოთა ლიდერები არც იღიმებოდნენ, სულ მოღუშულები დადიოდნენ. გორბაჩოვის სახით კი დასავლეთმა ნახა საბჭოთა ბობოლა, რომელიც იქცეოდა ისე, როგორც ჩვეულებრივი კაცი ქუჩიდან და ამ გაგებით აღიქვეს დემოკრატად. სხვათა შორის, თავის დროზე ხრუშჩოვი ღორების მწყემსი იყო, მაგრამ შემდეგ ბობოლასავით იქცეოდა, თუმცა ორი კლასის განათლება ჰქონდა.

– მაინც ღორების მწყემსად დარჩა.

– მივყვეთ გორბაჩოვის მითის შექმნის ისტორიას: როგორც კი 1985 წელს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველი პირი გახდა, პირველ ვიზიტად ლონდონში ჩავიდა. ამჯერად მას მარგარეტ ტეტჩერი ელოდებოდა. მიდის ესკორტი და მარგარეტ ტეტჩერი ათვალიერებინებს გორბაჩოვსა და მის მეუღლეს ლონდონს, საერთოდ, მანამდე საბჭოთა ბობოლები არასდროს ინტერესდებოდნენ ღირსშესანიშნაობებით. ტეტჩერი მუჰამედ ალფაედის უნივერმაღზე ეუბნება, რომ ეს მსოფლიოს ყველაზე ბრწყინვალე უნივერმაღიაო. მაშინვე აყვირდა რაისა გორბაჩოვა, გააჩერეთ, დათვალიერება მინდაო, არადა, რა დროს უნივერმაღის დათვალიერებაა, როდესაც ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიხარ?! გააჩერებინა და დაიწყო სიარული სართულიდან სართულზე. მთელი დასავლური პრესა იქ იყო, რადგან ქალბატონმა გორბაჩოვამ დაარღვია ყველა წესი. მაგრამ ამაზე ბრიტანელები არ აღშფოთებულან, პირიქით, ეს დემოკრატიის სიმბოლოდ მიიღეს და დაასკვნეს, რომ გორბაჩოვების წყვილი არის ახალი საბჭოთა ლიდერის განსახიერება. ხშირად გაიგონებთ, რომ გორბაჩოვი იყიდეს ამერიკელებმაო, მაგრამ ეს ტიპური საბჭოური მსჯელობაა. გორბაჩოვს ვერ იყიდდნენ, ის საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო. ასეთი დონის ხალხი კი არ იყიდება, იქ სხვა რამეში იყო საქმე. ტეტჩერმა გორბაჩოვი აეროპორტში გააცილა და თქვა, ამ კაცთან მე ვილაპარაკებო. ამის შემდეგ ისინი სისტემატურად ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ რეიგანი ჩავიდა მოსკოვში და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა. მოკლედ, გორბაჩოვი ტეტჩერისა და რეიგანის პროტეჟე გახდა. მათ პირდაპირ არ დაუნგრევიათ საბჭოთა კავშირი. გორბაჩოვს აუხსნეს, რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ვერ გაუძლებდა და, თუ არ უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ეუბნებოდნენ. გაეშვა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა და დანარჩენებთან ახალი ხელშეკრულებები დაედო, რომ დემოკრატიული პროცესები დაწყებულიყო. გორბაჩოვს ჭკუა არ ეყო, მიმხვდარიყო, რომ კომუნისტური სისტემა ვერ გაუძლებდა ასეთ ტრანსფორმაციას: დემოკრატია და საბჭოთა წყობა შეუთავსებელი იყო.

– ზუსტად ისე გამოგვივიდა ყველას, უნახავებმა რა ნახესო.

– რასაკვირველია და დაიწყო სრული ანარქია. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ რკინის ხელით იმართებოდა და, თუ რკინის ხელი არ არის, ვერ იმართება საერთოდ. მაშინ დასავლეთში ამას ვერ მიხვდნენ. მაგრამ დღეს ეს პროცესები დეტალურად აქვთ შესწავლილი და იმავე შეცდომას აღარ გაიმეორებენ. თუმცა თვალშისაცემია, რომ ობამა ცდილობდა მედვედევის გამორჩევას და პუტინთან დაპირისპირებას. ფაქტია, რომ მედვედევი დასავლეთის ფავორიტია.

– მაგრამ აჯობებს მედვედევი პუტინს? აშკარად არ არის პუტინის წონითი კატეგორიის.

– მაგრამ ბოლო ერთი თვეა, პუტინმა ტონი შეიცვალა. დასავლელი ანალიტიკოსები მის თითოეულ სიტყვას სწავლობენ და მათაც შეამჩნიეს, პუტინმა უცბად დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა დავუბრუნდეთ ლიბერალიზაციის პერიოდს, ანუ იმ პერიოდს, რომელიც თვითონ მოსპო. ანალიტიკური დასავლური პრესა წერს, რომ პუტინი ცდილობს, ილაპარაკოს იმავე ტონით, როგორითაც მედვედევი ლაპარაკობს. თუკი ერთი წლის წინათ, თუნდაც ზამთარში, მედვედევი იღებდა პუტინის თამაშის წესებს, ახლა პირიქითაა, თამაში მედვედევის მოედანზე გადავიდა. როგორც ჩანს, პუტინს ძალიან ეცა თვალშიც და ყურშიც, რომ დასავლეთის ფავორიტი მედვედევია და აშკარაა, პუტინს არავითარ შემთხვევაში არ აძლევს ხელს დასავლეთთან კონფრონტაცია. მართალია, დასავლეთი დამოკიდებულია რუსეთზე გაზით თუ უსაფრთხოებით, მაგრამ ტექნოლოგიებით რუსეთია დამოკიდებული დასავლეთზე. უდიდესი დასავლური ინვესტიციებია დღეს რუსეთში, რუსული კომპანიების უმეტესი ნაწილი უკვე დასავლეთის ხელშია.

– თუ ჩვენი რუსეთის ხელშია, რუსეთის კი – დასავლეთის, ესე იგი, ჩვენი მაინც ადსავლეთის ხელში ყოფილა?

– ირიბი გზით ასე გამოდის.

– პუტინის ნდობა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მედვედევის მოედანზე თამაშობს?

– ჯერ ერთი, თვითონ რუსებს პუტინი უფრო მოსწონთ, ვიდრე მედვედევი და შეიძლება, დასავლეთს ამიტომაც მოსწონს მედვედევი. რუსები გამოკითხვებში იდეალურ მმართველად მაინც სტალინს ასახელებენ და პუტინიც ცდილობს, სტალინის სტილში მართოს, რამდენადაც შეუძლია.

– და, ალბათ, რამდენადაც სიმაღლე აძლევს საშუალებას.

– ნამდვილად. შეიძლება თუ არა ნდობა? საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ რუსეთში საშინელი ქაოსი დაიწყო, ჩვენზე უარეს დღეში იყვნენ. მეეჭვება, კიდევ ერთხელ წავიდნენ იმ წრეზე. მეორე მხრივ, პუტინი ხედავს, რომ რუსეთსა და დასავლეთს ერთმანეთი სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ბოლომდე ვერ ენდობიან. ძველი თაობის დასავლელებისთვის რუსეთი არის დათვი, უხეში ძალა, მაგრამ ახალი თაობისთვის რუსები არიან ფულის მფანტველი ადამიანები. ეს ჩვენთან დარჩათ რუსებს ძველი იმიჯი.

– იმ ჯარში, ჩვენს დასარბევად რომ გამოუშვეს, სულ ძველიმიჯიანები არ იყვნენ?

– დიახ, დასავლეთში ეს ჯარისკაცები არ უნახავთ.

– რა კარგი იქნებოდა, გაცვლა რომ შეიძლებოდეს, მათ რუსის ეს ძველიმიჯიანი ჯარისკაცები ნახონ, ჩვენ – ფულის ფანტია ახალი რუსები?

– რომ ჩვენს კურორტებზე დაფანტონ ფული.

– როგორც მივხვდი, ჩვენ მხოლოდ დასავლეთის გონიერების იმედად ვართ?

– დემოკრატიის დამყარება ბუშის ადმინისტრაციის ლოზუნგი იყო და ყველამ ვნახეთ, როგორც დამთავრდა. ობამა კი ამბობს, თუ ასე მოსწონთ ცხოვრება, იცხოვრონ, მე რუსეთთან პარტნიორობა მინდა და მის საქმეებში ვერ ჩავერევიო. სიმართლე გითხრათ, პირადად მე რუსეთში დემოკრატიის გამარჯვების არ მჯერა: ელცინის დროს დემოკრატია სრული ქაოსით დამთავრდა.


скачать dle 11.3