პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ობამამ საბავშვო მოთხრობების წერა დაიწყო
2010 წლის ნოემბერში გასაყიდად გამოვა წიგნი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეციალურად ბავშვებისთვის დაწერა. კრებულში შესულია 13 მოთხრობა გამოჩენილი ამერიკელების – ჯორჯ ვაშინგტონის, ამერიკის სუპერლიგაში პირველი შავკანიანი ბეისბოლის მოთამაშის, – ჯეკი რობინსონის და სხვათა ცხოვრების შესახებ. წიგნის ილუსტრაციებზე გამოსახულნი არიან ობამას ქალიშვილები, მალია და საშა. აღსანიშნავია, რომ საბავშვო მოთხრობების კრებული ობამამ გაპრეზიდენტებამდე დაწერა, თუმცა მისი გამოცემა მხოლოდ ახლა ხორციელდება. წიგნი 500-ათასიანი ტირაჟით გაიყიდება. ვარაუდობენ, რომ ობამას ახალი მოთხრობების წიგნი ისევე გახდება ბესთსელერი, როგორც მისი წინა ორი ნაწარმოები – „ოცნებები მამაჩემზე“ და „იმედის თავხედობა“.
ოზი ოსბორნმა დიმიტრი მედვედევს დაბადების დღე მიულოცა
ლეგენდარული როკ-ჯგუფ „ბლექ საბათის“ ასევე ლეგენდარულმა ყოფილმა სოლისტმა და ამჟამად სოლო-შემსრულებელმა ოზი ოსბორნმა რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს, 45-ე დაბადების დღე მიულოცა. მუსიკოსის მცირე ვიდეომილოცვა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ ჩაიწერა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა. ოზიმ მედვედევს ინგლისურად მიმართა: „გამარჯობა, მისტერ პრეზიდენტ! მე ოზი ვარ და გილოცავ დაბადების დღეს!“ გარდა ამისა, ოსბორნმა თავის პოსტერზე და ახალ ალბომზე დატოვა ავტოგრაფები სპეციალურად მედვედევისთვის, რომელიც მძიმე როკის დიდი თაყვანისმცემელია. ვიდეომიმართვა ოზის მოსკოვში ყოფნის პერიოდში ჩაიწერა, ხოლო მედვედევმა თავისი დაბადების დღე, სოჭში, საკუთარ რეზიდენცია „ბოჩაროვ რუჩეიში“ მეგობრებისა და ნათესავების ვიწრო წრეში აღნიშნა.
ტონი ბლერის მემუარების წიგნში არარსებული ფაქტები აღმოაჩინეს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის ახლახან გამოსულ მემუარების წიგნში „მოგზაურობა“, სცენარისტმა პიტერ მორგანმა რამდენიმე უზუსტობა აღმოაჩინა. კერძოდ, წიგნში მოყვანილი დიალოგი, რომელიც ტონი ბლერსა და დედოფალ ელისაბეთ მეორეს შორის იყო გამართული, სინამდვილეში იმეორებდა დიალოგს ფილმიდან „დედოფალი“. წიგნში მოტანილ დიალოგში, დედოფალი ეუბნება ბლერს, რომ იგი მისი მეათე პრემიერია, პირველი კი იყო ჩერჩილი. მორგანი ირწმუნება, რომ ეს დიალოგი მან თავიდან ბოლომდე გამოიგონა სპეციალურად ფილმისთვის და უკვირს ის ფაქტი, რომ ის წიგნში მოხვდა, რადგან ტონი ბლერი ირწმუნება, რომ მას არ უნახავს ფილმი „დედოფალი“.
„შოპინგ-ტური“ ვლადიმირ პუტინთან ერთად
ახლახან, რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ თავის ფურცლებზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის „შოპინგ-ტურების“ შესახებ გავრცელებული სტატია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ იტალიელი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის მსგავსად, პუტინი ცნობილი ბრენდ-მაღაზიების ხშირი სტუმარია და, გაზეთის ვერსიით, ძვირად ღირებული ბრენდებით იმოსება: კოსტიუმი „ბრიონი“ – 5 ათასი დოლარი; ფეხსაცმელი „ფერაგამო“ – 2 ათასი დოლარი; ლაბადა „ნინა რიჩი“ – 2,5 ათასი დოლარი; ქუდი „ზილი“ – 2 ათასი დოლარი; მზის სათვალე „კარტიე“ – 700 დოლარი და „პატეკ ფილიპის“ მაჯის საათი – 60 ათასი დოლარი.
საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის მეუღლის ცხოვრებაზე დაწერილი სკანდალური წიგნი გამოიცა
15 სექტემბერს საფრანგეთის წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა წიგნი „კარლა: საიდუმლო ცხოვრება“, რომელიც კარლა ბრუნის ცხოვრების სკანდალურ ფაქტებს ეხება. წიგნის ავტორი ჟურნალისტი ბესმა ლაურია, რომელმაც მანამდე ზინედინ ზიდანის შესახებ ანალოგიური წიგნი დაწერა. წიგნის შექმნაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია საფრანგეთის პირველ ლედის, სამაგიეროდ, წიგნის ფურცლებიდან მკითხველი გაიგებს, თუ როდის გაიკეთა მან პირველი პლასტიკური ოპერაცია და რამდენი საყვარელი ჰყავდა, სანამ ნიკოლა სარკოზის შეხვდებოდა. წიგნს უკვე „სკანდალური ნაშრომის“ არაოფიციალური ტიტული მიაკუთვნეს.