დამშვენებული
სწავლა სიკვდილამდე
არა იმიტომ, რომ „მამა დავიწყებოდა“, მხოლოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ „სამყაროში ინფორმაციის ენა არის ინგლისური“ (ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან), პირველმა პირმა ბრძანა, რომ ვერც ერთი ბაკალავრი, ვისაც ინგლისური არ ეცოდინება, დიპლომს თვალითაც ვერ ნახავს (სულაც ყურებით რომ დადგეს). რაც მთავარია, უკვე ზრდასრულთა წასახალისებლად (რომლებსაც დიპლომებს უკვე ვეღარ ჩამოართმევენ, თუმცა, ესეც მონდომების საქმეა, თუ მოისურვეს, მშვენივრადაც ჩამოართმევენ და ზედაც მადლობას ათქმევინებენ), ის პედაგოგები და პოლიციელები, რომლებმაც ინგლისური იციან, 200-200-ლარიან დანამატებს „დაირტყამენ“ (წახალისების მიზნით, შესაძლოა, ასეც მოვიქცეთ: პენსიის ოდენობაც ინგლისური ენის ცოდნის ხარისხის მიხედვით განვსაზღვროთ; აბა, ვის დაჰკარგვია სტაჟი და დამსახურება?!). ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვერც ვერასდროს გავიგებთ, თუ რა ინფორმაცია უნდა მოიზიდოს ინგლისურად, მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა (რომლისთვისაც ქართულის ცოდნა სავსებით საკმარისია) და ჯერჯერობით არც ის გაუმხელიათ, თუ ვინ უნდა შეამოწმოს პედაგოგ-პოლიციელთა ინგლისურის ცოდნის დონე, სამაგიეროდ, დაგვიდგინეს, რომ „ჩვენ მთლიანად უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ლაპარაკობს ინგლისურად“ (ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან). უფრო მეტიც, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ბათუმში 150-მეტრიან ძეგლს ვდგამთ ქართული ენის ძეგლად, მაგრამ, ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ენაზე სხვა ქვეყანა არ ლაპარაკობს“! პრეზიდენტის გამოსვლის ამ ეპიზოდიდან ნათლად ჩანს, თუ რატომ არ სწყალობდა ის საკუთარი პრეზიდენტობის აისიდანვე მშობლიურ ენას საერთაშორისო ტრიბუნებზე გამოსვლისას (სავარაუდოდ, იმ ტრიბუნის ღირსად არ მიაჩნდა ენა, რომელზეც „ჩვენ გარდა სხვა ქვეყანა არ ლაპარაკობს“, და მერე რა, რომ, თუნდაც, ვაჟა-ფშაველა ლაპარაკობდა). აქედან გამომდინარე კი, სრულიად გაუგებარია, რატომ ამშვენებს პირველი პირის სამუშაო კაბინეტს ილია ჭავჭავაძის პორტრეტი, თუკი ილიას ფორმულის („მამული, ენა, სარწმუნოება“) თითქმის არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება?!
მეორე მხრივ, მართალია, სწორება ინგლისურის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების ენის, შესწავლაზეა, მაგრამ, ვეჭვობ, საქმე გაცილებით მარტივადაა: ჩვენ უნდა გავხდეთ მთლიანად ინგლისურენოვანი ქვეყანა, იმ პროზაული მიზნით, რომ ჩამოსულ ტურისტს კომფორტი შევუქმნათ.