მუზებდაფრთხობილები
მართალია, ვერ ვიტყვით, რომ თბილისელებს ისე ზედმიწევნით მოუგვარეს პრობლემები, რომ ახლა მათ მხოლოდ ამაღლებული თემები აწუხებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, დედაქალაქის საკრებულოს ამ თემაზე სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს. ისიც გვახსოვს, რომ თბილისელმა კანონმდებლებმა გარემოვაჭრეები და დევნილები საკრებულოს სხდომას არ დაასწრეს, სხვათა შორის, მეტად პროზაული მოტივით (თუმცა ისიცაა, თუ ამ მოტივს ზემოდან და ოდნავ მარჯვნიდან შეხედავ, შესაძლოა, პოეტურადაც კი მოგეჩვენოს) – სანიტარული დღეაო. ჩვენ, ბუნებრივია, არც ისე გულუბრყვილოები ვართ, დავიჯეროთ, რომ მართლაც ჰიგიენისადმი გამორჩეული სიყვარული იყო საკრებულოს შენობაში დევნილთა და გარემოვაჭრეთა არშეშვების მიზეზი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საკრებულომ, უფრო ზუსტად, საკრებულოურმა უმრავლესობამ, მათი მოსმენა არ ისურვა.
ამის მიუხედავადაც, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით აგერ უკვე მეოთხედ უნდა ჩატარდეს ლიტერატურული კონკურსი „გალა“. ხუთკაციანი ჟიურიც შეირჩა და ნომინაციებიც, კერძოდ: „სამაგიდო წიგნი“, „თარგმნილი წიგნი“, „საბავშვო წიგნი“, „წიგნის მხატვრობა“ და „წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი“ (აშკარაა, არ მისდევენ პრეზიდენტის შეგონებას, „მთლიანად ინგლისურენოვანი ქვეყანა უნდა გავხდეთო“. დროა, ლიტშედევრები ინგლისურად შევქმნათ). გამარჯვებულებს ჯილდოებიც ელით: ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლი და ერთჯერადი 4 000-ლარიანი ფულადი პრემია! დაჯილდოების ცერემონიალიც პომპეზური იქნება და, რა თქმა უნდა, თბილისობაზე გაიმართება. აქედან გამომდინარე კი, თავად განსაჯეთ, ასეთი პოეტური დილემებით შეპყრობილ საკრებულოს, აბა, სად ეცალა სხდომაზე გარემოვაჭრეთა და დევნილთა შესაშვებად?! ხომ დაუფრთხებოდათ მუზები?!