ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ძაღლი მაჩუქა ახლობელმა, რომელსაც ეჭვი მაქვს, რომ ჩვენს ოჯახში ცხოვრება არ მოეწონა. ყოველდღე რაღაც საოცრებებს აკეთებს, ოჯახის წევრები ჭკუიდან გადაგვიყვანა. იქნებ, გვითხრათ, ეს რის გამო მოხდა – ჩვენთან არ მოსწონს, თუ გარკვეული ჯიშის ძაღლებს ახასიათებთ მსგავსი რამ?
პასუხი: როცა ძაღლი და ადამიანი ერთ სახლში ცხოვრობენ, ერთიც და მეორეც კმაყოფილი უნდა იყოს ამით. ერთმანეთთან მეგობრული კონტაქტი უნდა ჰქონდეთ და მათ შორის ურთიერთგაგება იგრძნობოდეს. როცა ადამიანი არასპორტულია, იღვიძებს დღის 2 საათზე, იძინებს ღამის 3 საათზე და ჰყავს სპორტული ტიპის ძაღლი, რომელიც პატრონს ყოველდღე, დილის 9 საათზე გააღვიძებს საყელურით პირში, გამასეირნეო, ამან შეიძლება, ძაღლის მფლობელი ბოლოს ინფარქტამდეც კი მიიყვანოს. შესაბამისად, ვერ შედგება მათი თანაცხოვრება. ამიტომ, ჯერ ჯიში უნდა შეირჩეს კანონზომიერად და მერე მისი სწორი აღზრდა დაიწყოთ. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ძაღლი თქვენს ოჯახში თავს ბედნიერად გრძნობდეს. როცა ძაღლი ჯანმრთელი, კარგად ნაკვები და თქვენთან თანაცხოვრებით ბედნიერია, ის თავის ფუნქციას ყოველთვის ხუთიანზე შეასრულებს. თუ ძაღლს რაიმე პრობლემა აქვს, არ უქმნით დისკომფორტს, არ კვებავთ სათანადოდ, რაც ორგანიზმში ბევრ ცვლილებას იწვევს, მას აღარც ოჯახის ნორმალურად დაცვა უნდა, არც ნადირობა, არც თქვენი კომპანიონობა და არც სხვა რამ.
კითხვა: სამოსამსახურეო ძაღლს თუ შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება?
პასუხი: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლები ძირითადად ისეთ კატეგორიას ეკუთვნის, რომელსაც ჩვენს თავს და ქონებას ვანდობთ, ასეთებია: კანე კორსო, როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან პატრონის დაცვაზე, შედარებით უცხო ადამიანებისადმი გულგრილობასა და უნდობლობას იჩენენ. არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. არ გამოხატავს აგრესიას თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები. დაუპატიჟებელ სტუმარს კი შეიძლება ისეთი ზიანი მიაყენოს, ვეღარ ააწყონ ადამიანი. ნებისმიერი სამოსამსახურეო ძაღლის აყვანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია, თუ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უყვარს, ძაღლი პროფესიონალთან აღზარდოს. მართალია, ძაღლმა გენეტიკურად იცის, რომ ტერიტორია და პატრონი უნდა დაიცვას, მაგრამ გენეტიკურად ის არ იცის, რა შემთხვევაში უნდა დაიცვას და რა შემთხვევაში – არა. მიმართულება აუცილებლად უნდა მისცეს სპეციალისტმა. თუ ძაღლი დასაცავად გჭირდებათ, ის ყოველთვის პატრონის გვერდით უნდა იყოს და შეეძლოს მოყვარის მტრისგან გარჩევა. ან, როგორც კინოლოგები ეძახიან, პატრონზე იყოს დარობოტებული. ელოდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ პატრონის ბრძანებას და როგორც კი მიიღებს, უნდა შეასრულოს, ან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა მოიმოქმედოს. ეს უკვე ჯიშებიდან გამომდინარე ხდება.