როგორ და რისგან უნდა დავიცვათ ასაკიანი ცხოველები
საიდუმლოა არ არის ის ფაქტი, რომ ძაღლის სიცოცხლის ყველა პერიოდი ხასიათდება განსაკუთრებული თავისებურებებით. ესენია: კვების თავისებურებები, გასეირნება, ფიზიკური დატვირთვა, თამაში და ვეტერინართან ვიზიტის სიხშირე. ასაკოვანი ძაღლების მოვლისას, ხშირია სხვადასხვა დაავადების შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია სიბერესთან. ძაღლის პატრონთა უმრავლესობა უბრალოდ არ აქცევს სათანადო ყურადღებას დაბერებული ცხოველის მდგომარეობას და ფიქრობს, რატომ უნდა უმკურნალოს ისედაც ბებერ ცხოველს, ვითომდა, ამას აზრი არ აქვსო. სამწუხაროდ, ისინი მკურნალობას ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლიობის შემცირებას ამჯობინებენ. ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი.
– რა არის იმისთვის საჭირო, რომ ცხოველმა ხანგრძლივად და ჯანმრთელად იცხოვროს?
– იმისთვის რომ, თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ხანგრძლივად და ჯანმრთელად იცხოვროს, რეკომენდებულია, უფროსი ასაკის ძაღლები ყოველ 6 თვეში ერთხელ მიიყვანოთ ვეტერინართან. ეს უზრუნველყოფს ისეთი დაავადებების დროულ დიაგნოსტირებას, რაც დამახასიათებელია აღნიშნული ასაკისთვის. ასეთი დაავადებების ჯგუფს განეკუთვნება: გულ-სისხლძარღვთა საყრდენ-მამოძრავებელი და გამრავლების სისტემებს დაავადებები, ასევე სხვადასხვა ონკოლოგიური პროცესების განვითარება. ექიმთან მისვლამდე აუცილებლად უნდა მიაქციოს პატრონმა ყურადღება ცხოველის მდგომარეობას, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიები ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით. თუ ცხოველს აღენიშნება ქოშინი, ხანდახან წამოახველებს და ულურჯდება ენა, კიბეზე ასვლისას ან ხანგრძლივი სეირნობისას, ეს მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე. ამ დროს აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი, რადგან აღნიშნული სიმპტომებით მიმდინარეობს გულის სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, როგორიცაა: გულის სარქველოვანი აპარატის ენდო-კარდიოზები, სხვადასხვა კარდიომიოპათიები, გულის კუნთის გადაგვარება.
აღნიშნული პათოლოგიების უმრავლესობა განეკუთვნება შეუქცევად პროცესებს და საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რაც კორექტირებას უკეთებს გულის მუშაობას და ამცირებს დაავადების განვითარების ინტენსიობას.
– კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– კოჭლობის, კიდურების სისუსტის და ბარბაცით სიარულისას, ადგილი აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიებს და საჭიროა ვეტერინართან ვიზიტი, რომელიც დასვამს დიაგნოზს, თუ რისი ბრალია აღნიშნული პრობლემა და დანიშნავს სათანადო მკურნალობას.
არასტერილიზებულ ძუს, არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა ის შეჯვარებული, ხშირად ენდომეტრიტები უვითარდება, რაც ნიშნავს საშვილოსნოს ანთებას, და შეიძლება ის გადავიდეს სეპტიკურ ჩირქოვან ფორმაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექსტრემალური ქირურგიული მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველის სიცოცხლეს ემუქრება სერიოზული საფრთხე.
– აღნიშნულ პათოლოგიას რა ნიშნები ახასიათებს?
– თუ ცხოველი მოწყენილია, აქვს გახშირებული შარდვა მცირე რაოდენობის შარდით, საშოდან მღვრიე ფერის მოწითალო, მოვარდისფრო, ხან ყავისფერი გამონადენი შეენიშნება დამახასიათებელი სპეციფიკური არასასიამოვნო სუნით, ამ დროს აუცილებელია, რაც შეიძლება, სწრაფად მიმართოთ ვეტერინარს. დიდი რაოდენობით ჩირქის დაგროვებისას, შეიძლება ყოველი წამი ძვირფასი იყოს თქვენი ძაღლისთვის.
სამწუხაროდ, გამრავლების სისტემის დაავადებები ასაკოვან ცხოველებში ხვადებშიც გვხვდება. ესენია: პროსტატიტები, ადენომები, წინამდებარე ჯირკვლის კისტები. აღნიშნული პროცესები მიმდინარეობს გაძნელებული და მტკივნეული შარდვით, შარდის შეკავებით, სისხლიანი ყავისფერი შარდით. ყველა ზემოთ აღნიშნული პათოლოგია ეკუთვნის ჰორმონდამოკიდებულ პათოლოგიებს. აქედან გამომდინარე, მათი მკურნალობისას, საჭირო ხდება ცხოველის კასტრაცია.
მიაქციეთ ყურადღება ძაღლის პირის ღრუს მდგომარეობას. თუ მას უჭირს მშრალი საკვების მიღება, პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის, ეს მიუთითებს, რომ თქვენს ძაღლს აქვს კბილებზე ქვები, რაც აუცილებლად უნდა მოსცილდეს. სპეციალისტის მიერ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კბილის ქვებს, რადგან ამ დროს ხშირია ღრძილების ანთება და პარადონტოზით გართულებები, რასაც მეტად სავალალო შედეგამდე მივყავართ.
თანამედროვე ვეტერინარიაში მეტად აქტუალური ხდება ონკოლოგიური დაავადებები, რადგან მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ამიტომ, საჭიროა, აღნიშნულ პათოლოგიებს დიდი ყურადღება დაეთმოს ასაკოვან ცხოველებში. დაბერებულ ძაღლებში განსაკუთრებით ხშირია სარძევე ჯირკვლის სიმსივნური ხასიათის დაავადებები. უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც ადრე შევამჩნევთ სიმსივნურ პროცესს, მით მეტი შანსია ცხოველის გამოჯანმრთელების. მაგრამ, ხშირია ასევე შინაგანი ორგანოების სიმსივნური პროცესები, რისი სიმპტომებიც არასპეციფიკურია და საჭიროებს სხვადასხვა გამოკვლევას. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი დავადებები არ იკურნება თავისთავად და ასაკოვანი ცხოველის დახმარება შეუძლია მხოლოდ პატრონსა და ვეტერინარს. ამიტომ, აუცილებელია, დროულად მივმართოთ სპეციალისტს, რომლის დახმარებითაც გავუხანგრძლივებთ ცხოველს სიცოცხლეს.