მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს ტრადესკანცია?
პასუხი: ეს მცენარე კარგად იზრდება როგორც თბილ, ასევე, გრილ და ნათელ ოთახში. ზაფხულში სასურველია, სუფთა ჰაერზე გაიტანოთ. ზამთარში ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ და ოთახში მინიმუმ 10 გრადუსი უნდა იყოს ტემპერატურა. ტრადესკანციას ასევე, მოსწონს დაკიდულ ქოთანში გახარება. ზაფხულში მორწყეთ მცენარე ხშირად, კარგია წყლის შეპკურებაც. ზამთარში ნაკლებად სჭირდება წყალი. მარტიდან სექტემბრის ჩათვლით თვეში ორჯერ გამოკვებეთ მინერალური სასუქებით.
კითხვა: როგორ მოვუარო პასლენს?
პასუხი: დადგით მცენარე მზიან ადგილას, თავს ცუდად გრძნობს ძალიან თბილ ოთახში. ზაფხულში მცენარე აუცილებლად გარეთ გაიტანეთ, ზამთარში კი გრილ ოთახში ამყოფეთ. ამ დროს იშვიათად მორწყეთ. სითბოში ხშირად უნდა შეაპკუროთ წყალი და გააკონტროლოთ, რომ მიწის კომი არ გამოშრეს. შემოდგომაზე, როდესაც მცენარე ფოთოლცვენას დაიწყებს, სასურველია, გაკრიჭოთ და ნათელ ადგილას დადგათ. აპრილიდან დაიწყეთ ინტენსიურად მორწყვა და თვეში ერთხელ მიწა ყვავილების ნაკელით გაანოყიერეთ.
კითხვა: როგორი სინათლე სჭირდება ბეგონიას?
პასუხი: ამ მცენარეს სჭირდება გაფანტული სინათლე, ზაფხულში არ უყვარს მწველი მზის სხივები. ჰაერი უნდა იყოს ნესტიანი, ტენიანობის შესანარჩუნებლად ქოთანს გვერდით დაუდგით წყლით სავსე ჭურჭელი. ის კარგად ეგუება ოთახის პირობებს და მშვენივრადაც ხარობს.
კითხვა: როგორ გავამრავლოთ ციკასი და როგორ ნიადაგს ითხოვს მცენარე?
პასუხი: ეს მცენარე იოლად მრავლდება თესლით და ამონაყრითაც. ორივე საშუალება სირთულეს არ შეგიქმნით. ამიტომ გაამრავლეთ, რომელი საშუალებაც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. ის მშვენიერი ოთახის მცენარეა. თუ ციკასი მომცრო ზომის ჭურჭელში გაქვთ, მაშინ კარგ დრენაჟიან ნიადაგში უნდა იყოს ჩარგული. გადარგვისას, ფესვები არ უნდა შეაჭრათ. ჭურჭელში ჭარბი ტენი ფესვების ლპობას იწვევს. გახსოვდეთ, რომ ეს მცენარე გარე გრუნტშიც კარგად ხარობს, უყვარს ნოყიერი ნიადაგი და არ არის პრეტენზიული.