კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეიძლება, გამოიწვიოს გინურას ლპობა და სად უნდა ამყოფოთ ჰეცერპატა ყვავილობისას


ზოგიერთი მცენარე ბინაში კარგად ხარობს და ბაღში შეიძლება დაიღუპოს, ზოგიერთი კი, პირიქით არის. თუ როგორ და სად უნდა გავახაროთ გინურა და ჰეცერპატა, ამას ბატონ ამირან ბიწაძისგან გავიგებთ, რომელსაც ხშირად უწევს ბაღების მოწყობა და კარგად იცის, სად რომელი მცენარე უკეთ ხარობს.


– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა გინურა და გვირჩევთ თუ არა მის გახარებას?

– ის მარადმწვანე, ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა, დაახლოებით, ერთი მეტრი სიმაღლის იზრდება და ულამაზესი ფოთლები აქვს. ამ მცენარის გახარებას გირჩევთ, რადგან ჩვენს პირობებში ნაკლებად პრეტენზიულია. ის იოლად ეგუება საქართველოს კლიმატსა და პირობებს.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გახარება ბაღში?

– გინურა მხოლოდ ქოთნის პირობებში ხარობს და ამიტომ გარე კლიმატში მის გაზრდას არ გირჩევთ.

– რით მრავლდება ეს მცენარე და რომელ სეზონზეა უმჯობესი მისი გამრავლება?

– გინურა მრავლდება ტოტით და თესლით. მისი გამრავლება შეგიძლიათ, გვიან შემოდგომით, როდესაც მცენარე იწყებს დასვენებას. ეს ხდება მხოლოდ ნოემბერში. მისი დათესვა შეიძლება თებერვალში, დაბალ ქოთანში, რომლის სიმაღლე 5-10 სანტიმეტრი იქნება. რაც შეეხება გადარგვას, ეს შესაძლებელია, როდესაც მცენარეს უკვე 4-5 ფოთოლი ექნება. მას ესაჭიროება კაშკაშა სინათლე, ვერ იტანს მზის მწველ სხივებს. ნუ ეცდებით, მცენარის მზეზე დადგმას, თორემ დაიღუპება.

– რა ტემპერატურაზე ხარობს გინურა?

– ზაფხულში მცენარეს ესაჭიროება 18-22 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 15-20 გრადუსი. უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე მცენარე ზრდას აჩერებს და იძინებს.

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყათ გინურა?

– ზაფხულში მცენარე ორ დღეში ერთხელ უნდა მორწყათ, ზამთარში კი 5 დღეში ერთხელ. ახლა ტემპერატურამ კლება დაიწყო, ამიტომ შედარებით შეამცირეთ მორწყვის სიხშირეც.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ მას?

– გინურა საკმაოდ მგრძნობიარე მცენარეა. შეიძლება, არასწორად შერჩეულმა ნიადაგმა მცენარის ლპობა გამოიწვიოს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ მის ნიადაგს, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდეს: თითო წილი ტორფი და ქვიშა, ერთი წილი ჩვეულებრივი მიწა და ნახევარი წილი ნაკელი.

– რამდენად გვირჩევთ მცენარისთვის დამატებითი სასუქის მიცემას და რა მავნებელი შეიძლება დაესიოს მას?

– გაზაფხულიდან შეგიძლიათ, გინურას მინერალური სასუქიც მიაწოდოთ. ამით ნიადაგი უკეთესი გახდება და მცენარის ზრდაც მშვენივრად დაიწყება. რაც შეეხება მავნებლებს, გინურას ამის საშიშროება მხოლოდ შემოდგომით ექნება. თუ თქვენს მცენარეს ფარიანა გაუჩნდა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ აკტელიკი, ან უფრო მარტივი საშუალება – მიწაზე ცოტაოდენი დუსტი მოაყარეთ. გაითვალისწინეთ ერთი რამ: მცენარის ლარნაკზე ნუ დატოვებთ წყალს, რადგან სწორედ ამ მიზეზით შეიძლება, გაჩნდეს პარაზიტი, რომელიც არასასურველია მცენარისთვის.

– როდის უნდა ველოდოთ გინურას ყვავილობას და როგორ მოვუაროთ ამ დროს?

– ამ მცენარეს ყვავილობა ეწყება ივნისიდან და ოქტომბრის ბოლომდე ყვავის. ასე რომ, თქვენ ნამდვილად არ გექნებათ მისი ყვავილობის დანაკლისი. ამ დროს სასურველია, დაახლოებით, 20 გრადუს სითბოში ამყოფოთ და სწორი მორწყვის რეჟიმი შეურჩიოთ. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენი გინურა მშვენივრად გაიხარებს ბინაში და ყვავილებითაც გაგილამაზებთ ოთახს.

– რას გვეტყვით ჰეცერპატას შესახებ?

– ეს მცენარე ტროპიკებში იზრდება, ის ნახევრად პალმისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა.

– ამ მცენარის გახარება თუ შეგვიძლია ბაღებში?

– დიახ, თუმცა ზამთარში შეიძლება, მისთვის დამატებითი მოვლა დაგჭირდეთ. ამ დროს მცენარეს სჭირდება დამხმარე ნათურა, რომლის საშუალებითაც არ შეწყდება ფოტოსინთეზი.

– ზაფხულში ხომ არ სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება?

– ზაფხულში ჰეცერპატა დიდ ყურადღებას ნამდვილად არ ითხოვს. მთავარია, დადგათ განათებულ ადგილას და მორწყათ მისთვის შესაფერისი ტემპით.

– რა სიხშირით მოვრწყათ?

– ზაფხულში მას სჭირდება ხშირი მორწყვა, მაგალითად, დღეში ორჯერ, ხოლო ზამთრის პირობებში საკმარისი იქნება 10 დღეში ერთხელ წყლის დასხმა.

– ტემპერატურის მხრივ ხომ არ არის ეს მცენარე მომთხოვნი?

– ზაფხულში ნუ შეგეშინდებათ, თუ ტემპერატურა მაღალი იქნება, ჰეცერპატა ცხელ დღეებს იოლად გადაიტანს, რადგან 45 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს. ზამთარში სითბო უყვარს, ამიტომ ბინაში, თუ შესაძლებელი იქნება, შეუქმენით 25-28 გრადუსიანი გარემო.

– სად შეიძლება, ამ მცენარის შეძენა?

– საქართველოში მის თესლს ვერ შეიძენთ, თუმცა შეგიძლიათ იყიდოთ ჰეცერპატას ნერგი. ეს მცენარე საკმაოდ ძვირად ღირებულია, მისი ფასი დამოკიდებულია, მის სიმაღლეზე. ამიტომ ეცადეთ, გაზარდოთ დიდი და თქვენ საკმაოდ ძვირად ღირებული მცენარის პატრონი გახდებით. აფრიკულ მედიცინაში მისი ფოთლები ძალიან მნიშვნელოვანი წამალია.

– ყვავილობს თუ არა მცენარე და თუ ემტერება პარაზიტები?

– ჰეცერპატას მავნებლები არ ესევა, თუმცა ყვავილობის დროს მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ დროს უნდა შეურჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მაღალი იქნება ტემპერატურა. ნიადაგის მხრივ, მცენარე მომთხოვნი არ არის. მასში უნდა შედიოდეს: ქვიშა, ტორფი და მიწა.


скачать dle 11.3