მკერდი ქალის მთავარი სამკაულია
ეს რომ მართლაც ასეა, ამაში, ალბათ, ყველაზე მორიდებული მამაკაციც კი დაგვეთანხმება. ამ სამკაულს კი მოვლა და ყურადღება სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ თავად იგრძნოთ თავი მომხიბვლელ, მიმზიდველ და სასურველ ქალად. თანაც, ხანდახან ისე სასურველია ხოლმე ცოტა ღრმად ამოჭრილი დეკოლტე...
გთავაზობთ 10 საკმაოდ ადვილად შესასრულებელ რჩევას, რათა თქვენი მკერდი ახალგაზრდულად და ეფექტურად „გამოიყურებოდეს:
1. იარეთ მხრებში გამართულმა
ლამაზი, მკვრივი მკერდისა და დეკოლტეზე გადატკეცილი კანის მთავარი საფუძველია გამართული სიარული. მას, ვინც ამ მთავარ წესს ივიწყებს და მხრებში მოხრილი დადის, მკერდი ჩავარდნილი აქვს, კანი დეკოლტეზე კი – მოშვებული.
2. ნებისმიერი ვარჯიში შეასრულეთ ბიუსტჰალტერით
გახსოვდეთ, რომ სწრაფი სიარულის დროსაც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო აქტიურ ვარჯიშებზე), ბიუსტჰალტერის იგნორირება ასმაგად აძლიერებს მკერდის იოგებისა და კანის დატვირთვას, რის შედეგადაც დუნდება ელასტიკურობა და მკერდი „იჩუტება“.
3. არ გაირუჯოთ დამცავი კრემის გარეშე
წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჩნდებათ არაესთეტიკური და უსიამოვნო პიგმენტური ლაქები, რაც მომენტალურად „გასცემს“ თქვენს ასაკს. დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია შემოდგომის მზეზე გარუჯვის დროსაც, რადგან მზის სხივების გავლენა ამ სეზონზეც საკმაოდ სახიფათოა.
4. თავი დაანებეთ მოწევას
დამტკიცებულია, რომ მწეველი ქალები არ გამოირჩევიან მკერდის სიმკვრივით. ქიმიკატები, რომლებსაც თამბაქო შეიცავს, შლის და ანგრევს ელასტინს – „კარკასს“, რომელიც პასუხს აგებს მკერდის სიმკვრივეზე; გარდა ამისა, აჭკნობს და აუფერულებს კანს.
5. გააკეთეთ აჭიმვები
ეს ყველაზე მარტივი და ადვილად შესასრულებელი მეთოდია იმისთვის, რომ მკერდის „ტონუსი“ შეინარჩუნოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეში 10 აჭიმვა, თუ ამას სისტემატურად გააკეთებთ, რამდენიმე კვირაში აშკარა შედეგს გიჩვენებთ. ცურვა და წყლის პროცედურები ამ მხრივ მეორე ადგილზეა.
6. გააკონტროლეთ მკერდის მდგომარეობა ძილის დროს
ბევრი ექიმი ურჩევს ქალებს ბიუსტჰალტერის გარეშე ძილს, მაგრამ, ცნობილი ამერიკელი მეცნიერი „ჯანმრთელი მკერდის ცენტრის“ დირექტორი საკრამენტოში, ერნი ბოდაი, მიიჩნევს: „ღრმა ნაოჭები და ნაკეცები მკერდსა და დეკოლტეზე ჩნდება იმის გამო, რომ ქალებს მარცხენა ან მარჯვენა მკერდზე უყვართ ძილი (და არა გულაღმა). ნაოჭებისა და ნაკეცების გაჩენისგან კი დაგიცავთ ბიუსტჰალტერი, თუმცა დილით რამდენიმე საათით მოგიწევთ მისი გახდა, რადგან მკერდს „ამოსუნთქვა“ სჭირდება. დღის განმავლობაში ბიუსტჰალტერი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მკერდზე მკვრივად მომდგარი მტკიცე ქსოვილის მაისურით.
7. ყურადღება მიაქციეთ კვებას
ლამაზ მკერდს სწორი „კვება“ სჭირდება. ამიტომ, აქტიურად შეიტანეთ თქვენს მენიუში სტაფილო და პომიდორი, რადგან A ვიტამინი იცავს კანს გამოშრობისა და ნაოჭების გაჩენისგან. ასევე, ამ მიზნით ძალიან სასარგებლოა ისპანახი და ასკილი, რადგან მათში შემავალი ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმს, გამოიმუშავოს კოლაგენი, რაც კანის სიმკვრივეზე აგებს პასუხს.
8. გამოიყენეთ კრემი დეკოლტესთვის
ცნობილია, რომ ყელი, დეკოლტე და მკერდი სახეზე არანაკლებ მოვლას მოითხოვს. დაიწყეთ სკრაბით – ის კანიდან მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს. მსუბუქი ჰიდრომასაჟი (სასურველია, ცივი წყლით) გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. ბოლოს კი წაისვით სპეციალურად დეკოლტესთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი. წასმის მიმართულება უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ – მკერდიდან ნიკაპამდე, შემდეგ კი წრიული მოძრაობით ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი 5 წუთის განმავლობაში.
თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური კრემი დეკოლტესთვის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თვალის გელი ან მკვებავი მგრძნობიარე კანისთვის.
9. არ იშიმშილოთ
მკერდის ცხიმოვანი უჯრედები ძალიან სწრაფად იშლება და „დნება“. ამიტომ, სწრაფად გახდომის დროს კანი იჭიმება და ჩნდება ბზარები (სტრიები). ამიტომ, გახსოვდეთ: არავითარი შიმშილი! გახდომა გსურთ?! ამას ვარჯიშებითა და მსუყე საკვების შეზღუდვით მიაღწიეთ.
10. მიმართეთ ხალხურ რეცეპტებს
სპეციალური კრემების პარალელურად, გაანებივრეთ თქვენი კერდი და დეკოლტე „დესერტით“ ბებიების ზანდუკიდან: კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, წაისვით ეს მასა ყელიდან მკერდის ჩათვლით, დაიფინეთ ცხელი პირსახოცი (შეგიძლიათ, უთოთი გააცხელოთ) და დაწექით მაგარ ზედაპირიან საწოლზე უბალიშოდ, ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი.